დონარი (ეკა) გორგილაძე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების
წამყვანი მასწავლებელი
საკლასო ოთახი არის დინამიური გარემო, რომელიც სხვადასხვა უნარისა და შესაძლებლობის მოსწავლეებს აერთიანებს. იყო ეფექტური მასწავლებელი მოითხოვს შემოქმედებითი და ინოვაციური სწავლების სტრატეგიების განხორციელებას, რათა დააკმაყოფილო მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები.
როგორც კი მოსწავლე-მასწავლებელი საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, დისტანციური სწავლების შემდეგ, გაკვეთილების გადახალისებისთვის განვიხილე სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც ორგანიზებულია მასწავლებლების დასახმარებლად. გადავხედე სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მასწავლებლების მიერ დაგეგმილ და ჩატარებულ აქტივობა-ღონისძიებებს და არსებული გამოცდილების პილოტირება ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან ვცადე.
არასწორად დაგეგმილმა აქტივობამ შეიძლება უფსკრული გააჩინოს მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის. ჩვენ ვითვალისწინებთ მოსწავლეების შესაძლებლობების სხვადასხვა დონეს და მხარს ვუჭერთ მათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა ეფექტური სტრატეგიები გამოიყენონ, რათა კლასში საუკეთესო შედეგი მიიღონ და სწავლის მაღალი მოტივაცია უზრუნველყონ. ქვემოთ განხილული გამოწვევები და ამოცანები დადგენილია შესაბამის დონეზე და შექმნილია მოსწავლეთა ჩართულობისათვის.
აქტივობა 1. „სამი ყუთი“
დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს ხშირად არ უნდათ დავალებების დაწერა, კარგი იქნება გადავახალისოთ დავალების ფორმა, მაგალითად, მოსწავლეებს მივცეთ თავისუფლება, გამოთქვან ნებისმიერი აზრი. შევთავაზოთ მათ, გამოიყენონ რითმები, მხატვრული ხერხები, მივცეთ საშუალება გაასულიერონ საგნები, მისცენ ახალი სიცოცხლე.
„სამი ყუთი“ — პერსონაჟი, თვისება, პრობლემა. თითოეულ ყუთში პატარა ფურცლებია, რომლებზეც დაწერილია პერსონაჟის სახელები, თვისებები და პრობლემა, რომლის მოგვარების გზებიც უნდა მოიფიქრონ მოსწავლეებმა. აქტივობაზე მუშაობა შეიძლება ჯგუფურად, წყვილებში, ინდივიდუალურად. თითოეული ყუთიდან თითო ფურცელი უნდა ამოიღონ და მოიფიქრონ ამბავი, პრობლემის მოგვარების გზები. მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად სახალისოა და სიამოვნებით ასრულებენ. უვითარდებათ წერის, აზროვნების, ფიქრის უნარი.
მათ საშუალება აქვთ, დავალება შეასრულონ უნარების შესაბამისად, მოკლე ჩანაწერით და ნახატით ან მხოლოდ ნახატით. ნამუშევარს წარადგენენ კლასის წინაშე.
აქტივობა 2. „სახალისო წარწერა“
წავახალისოთ მოსწავლეები, იფიქრონ და აღწერონ, გააკეთონ სასაცილო წარწერები ფოტოებზე, რომლებსაც მასწავლებელი წინასწარ დაამზადებს გაკვეთილის თემის შესაბამისად. ვთხოვოთ, წარწერები ფოტოების ქვემოთ გააკეთონ, დასვან მიმანიშნებელი ისარი. გამოვიყენოთ უბრალო ქაღალდი, შევკრათ ფურცლები ბუკლეტებად, მუყაოს ქაღალდის ყდის დამატებით და შეიკვრება ალბომი, სხვადასხვა ფოტომასალით და საინტერესო, სახალისო წარწერით. ბუკლეტებს/ალბომებს კლასში თვალსაჩინო ადგილი მივუჩინოთ.
აქტივობა მოსწავლეებში ავითარებს ფანტაზიის, ახლის შექმნის, ფიქრისა და მსჯელობის, ფოტოსა და ტექსტის დასათაურების, კომიქსის შექმნის უნარს, მოსწავლე თავისებურად აღიქვამს და გადაახალისებს ინფორმაციას.
აქტივობა 3. „ფოტო რითმა“
დასაწყისში ბავშვებს უჭირთ ლექსში რითმების მოძებნა და დაწყვილება. რითმების შესწავლას სახალისო აქტივობით მარტივად შეძლებენ და დაიმახსოვრებენ. მოვიძიოთ ფოტოები, რომლებიც ირითმება, მაგალითად: სერი-ქერი, გული-ყური. მოსწავლეებმა ფოტოები რითმების მიხედვით უნდა დააწყვილონ. კარგია ასევე რითმების დასრულება, მაგალითად: ქორ…, ღორ…
აქტივობა 4. „საიდუმლო ყუთი“
მასწავლებელს ფერად ყუთში წინასწარ აქვს გამზადებული ასახსნელ ან უკვე ნასწავლ თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა საგანი ან წარწერა ფურცელზე, მაგალითად, თემა — „თხა და გიგო“, საგნები ან წარწერა შეიძლება იყოს: თხა, წიგნი, გიგო, ჯირკი, სოფლის მოედანი. ერთ-ერთი მოსწავლე წაიკითხავს და სამი წინადადებით უნდა ახსნას, თუ რა არის ეს. შეიძლება, ტექსტიდან გამომდინარე, თვისებებზე ისაუბროს — ზარმაცია, წიგნი უკუღმა უდევს… და ა.შ. მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ, რას ხსნის. აქტივობაში ჩართულია ყველა დონის მოსწავლე.
ამ აქტივობით მოსწავლეებს უმაღლდებათ მოტივაცია ასახსნელი თუ ახსნილი ტექსტის მიმართ. ცდილობენ, ზუსტად ჩამოაყალიბონ საგნის თვისებები. გაკვეთილი სახალისოა, მოსწავლეები კი მისი აქტიური მონაწილეები არიან.
აქტივობა 5. „წყალბურთი“
ბავშვების უმრავლესობას მოსწონს თამაშით სწავლა, ამ ასაკში კეთებით და თამაშით უკეთ სწავლობენ. ეს არის ასევე აკადემიური პერიოდი, როდესაც ბავშვები „იძულებული“ არიან მიიღონ გარკვეული სახის ცოდნა და სამუდამოდ შეინახონ მეხსიერებაში. იშვიათია მოსწავლე, რომელსაც მათემატიკა, არითმეტიკა მოსწონს. კარგია, თუ მასწავლებელი ახლებურად, განსხვავებული რაკურსით შეახედებს მოსწავლეს ამ საგანს.
მარტივი შეკრება და გამოკლება, გამრავლება და გაყოფა, ალბათ, ყველაზე დამღლელია მოსწავლეებისთვის. გთავაზობთ ამოცანებისა და გამოსახულებების კეთებას თამაშის მეთოდით. ავიღოთ მსუბუქი (რეზინის) ბურთი, გავყოთ რამდენიმე ნაწილად და ჩავწეროთ რიცხვები, მოქმედებებთან ერთად. მეტი სიხალასისთვის იატაკზე გავაკეთოთ ზღვის, ოკეანის იმიტაცია, მოთამაშეებს გადავუგდოთ ბურთი, რომელიც ჰაერში უნდა დაიჭირონ. ვიპოვოთ ბურთზე ის მონაკვეთი, რომელზეც მოთამაშეს ცერა თითი მოუხვდა, დაიმახსოვროს ეს რიცხვი. შემდეგ სხვა მოთამაშეს გადავუგდოთ და ბოლოს დამახსოვრებული რიცხვები შევკრიბოთ ან გამოვაკლოთ. შეიძლება გავზარდოთ რიცხვები, გამოვიყენოთ გამრავლება ან გაყოფა. ამ უბრალო თამაშს შეუძლია მათემატიკის დამღლელი გაკვეთილი სპორტულ გართობად აქციოს.
აქტივობა 6. „ტვინსატეხი ბარათები“
მოსწავლემ კლასის წინაშე შეასრულოს მასწავლებლის მიერ ბარათებზე დაწერილი დავალება.
დროთა განმავლობაში, მოსწავლეებს თვითონ შეეძლებათ მოიფიქრონ მსგავსი კითხვა/დავალება, მაგალითად: 1. დაასახელე რიცხვი, რომლის ერთეულის ციფრი არის 8-ის ნახევარი, ათეულის ციფრი კი მასზე 3-ით ნაკლებია? 2. დაასახელე რიცხვი, რომელიც მიიღება განახევრებული 60-ისა და გაორმაგებული 15-ის შეკრებით. მასწავლებელს შეუძლია მოიფიქროს მსგავსი ტიპის დავალებები. ამ აქტივობით მოსწავლეებს ფიქრის, აზროვნების უნარი უვითარდებათ. შერეული უნარების მქონე მოსწავლეებისთვის მზადდება დიფერენცირებული ბარათები.
აქტივობა 7. „პეპლები და ყვავილები“
მიზანი შეკრებისა და გამოკლების ტექნიკის კონსოლიდაცია. დაფის ერთ მხარეს გავაკრათ ნახატები პეპლების გამოსახულებით, რომლებზეც მათემატიკური მოქმედებები წერია. დაფის მეორე მხარეს ხატია ყვავილები, რომლებზეც მათემატიკური მოქმედებების პასუხები წერია.
მოსწავლე/წყვილი/ჯგუფი ასრულებს მოქმედებებს და სწორად გადასვამს პეპლებს, პასუხის შესაბამის ყვავილებზე. აღნიშნული აქტივობა სახალისოა, მოსწავლეები მაღალი მოტივაციით ასრულებენ დავალებებს.
მოსწავლეები, რომლებიც არ არიან მოტივირებული და გულგრილი არიან სწავლის მიმართ, პედაგოგებისთვის რთული გამოწვევაა და მათი მხრიდან მრავალმხრივ სამუშაოს მოითხოვს. მასწავლებელი უნდა ცდილობდეს, კლასში პოზიტიური გარემო შექმნას, რომ სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო იყოს. განსხვავებული სირთულის დავალებების გამოყენება კარგია მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.
აქტივობების მიზანია სხვადასხვა უნარისა და შესაძლებლობების მოსწავლეების თანაბარ სიტუაციაში ჩაყენება. ყველა მოსწავლეს აქვს უნარი, ისწავლოს და იყოს წარმატებული, ამისთვის მასწავლებლები მუდმივად უნდა იძიებდნენ საჭირო ინფორმაციასა და შესაბამის რესურსებს.