27 ივლისი, შაბათი, 2024

შემოქმედის ხვედრი ტოტალიტარულ სახელმწიფოში (ტიციან ტაბიძის ცხოვრების მაგალითზე)

spot_img
ნანა აფრიდონიძე
ინტერნაციონალური მაარიფის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი

 

 

1921 წლის 25 თებერვლის მოვლენები, ყველაზე მძიმე ხელოვანი ადამიანებისათვის აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ლიტერატურაში „მწერლობის მოთვინიერება“, რომელიც თავის გადარჩენის ერთადერთი გზა ხდება. ეპოქის მსხვერპლი გახდა „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი ლიდერი ტიციან ტაბიძე შემოქმედმა ეპოქის მარწუხებს თავი ვერ დააღწია, მის შემოქმედებაში ვხვდებით დიქოტომურ დამოკიდებულებას საბჭოთა კავშირის მიმართ. ერთი მხრივ, მწერალი თითქოსდა გაურბის ტოტალიტარულ რეჟიმს, მეორე მხრივ, ვხვდებით ისეთ ლექსებს, სადაც უშუალოდ ჩანს მწერლის სიმპატია სისტემის და ბელადის მიმართ. ბუნებრივია, დაისმის კითხვა – ეს იყო ოდენ თავის გადარჩენის ერთდერთი საშუალება, თუ მართლაც ამყარებდა ტიციანი იმედებს ახალ რეალობაზე? სამეცნიერო ლიტერატურაში, აღნიშნულ თემაზე, აზრთა სხვადასხვაობაა. მაგალითად, მკვლევარი სოსო სიგუა ბრალს დებს ცისფერყანწელებს ბოლშევიკებთან ურთიერთობაში, მაგრამ, რაც დაემხო დემოკრატიული საქართველო და ქვეყანაში ბოლშევიკები გაბატონდნენ, გრიგოლ რობაქიძე ისევე როგორც მთელი ,,ცისფერი ორდენი“ დათანხმდა რუსეთის ხელისუფებასთან თანამშრომბლობას. პაოლო იაშვილი თეთრი ცხენითა და ეგზალტირებული ლექსით შეეგება მე-11 არმიის სარდლებს“ (ქართველი მწერლები სკოლაში. თბილისი : გამომცემლობა ,,დია” , 2009.). თუმცა, სანამ ამ ბრალდებას რეალობად ჩავთვლიდეთ უნდა ვნახოთ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ერთი წერილი, სადაც ცხადად ჩანს, რომ ბოლშევიკების შემოსვლას ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი არ შეჰგებებიან, მათ თავიანთი მამულიშვილური ვალი მოიხადეს პირნათლად.

აქედან ჩანს, რომ ტიციან ტაბიძისათვის არ ყოფილა მისაღები წითელი ტერორი, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მის შემოქმედებაში მაინც ჩანს ამ სისტემისადმი აღვლენილი დითირამბები. ამასთან დაკავშირებით თავად ტიციან ტაბიძე ავტობიოგრაფიაში წერს: „საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველივე დღეებიდან დაიწყო ლიტერატურული რიგების შეცვლა. ჩემი პირველი დიდი საბჭოური ნამუშევარია „რიონი-პორტი“ ორპირის ბუნების ფონზე, სადაც ხალხი გადაგვარდა ტროპიკული მალარიისაგან, მე აღვწერ საბჭოთა ხელისუფლების გიგანტურ სამუშაოებს, რომელმაც ახალ სოციალისტურ საფუძველზე შეცვალა ქვეყნის სახე და ცხოვრება“ (ქართველი მწერლები სკოლაში. თბილისი: გამომცემლობა ,,დია”, 2009.).

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტ.ტაბიძემ ახალი წყობილების დამყარების ჟამს მოსინჯა კალამი ბელადის მისამართით, თუმცა ვთვლით, რომ ეს გააზრებული აქტი არ უნდა იყოს, ვინაიდან ამ პერიოდში არაერთი მწერალი წერს ამ ტიპის ლექსებს, თუმცა მომდევნო პერიოდში ეს თვითგადარჩენის საშუალება გახდა. ისიც ფაქტია, რომ საბოლოოდ, სტალინმა და ბერიამ ტიციანს არ აპატიეს გაორება და 1937 წლის რეპრესიებმა საბოლოოდ გადაწყვიტა შემოქმედის ბედი.

ტიციან ტაბიძის ,,რიონ-პორტი“, როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, მისი ერთ-ერთი დიდი საბჭოური ქმნილებაა, ლექსში, რომელიც 1928 წელს დაიწერა, ერთმანეთს სიმბოლურად უპირისპირდება ძველი და ახალი რეალობა. მწერალი ძველ სამყაროსთან მიმართებით ამბობს: ,,დღეს ძველი ქვეყნის პანაშვიდია“,  ახალი სამყაროს კარიბჭესთან კი დგას საბჭოთა ბელადი სტალინი. პოემაში სტალინის სახელი არსად არის მოხსენებული, თუმცა მკითხველისთვის მარტივად მისახვედრია:

„ამხაგანებო,

მეზობლებო,

სახლისკაცებო!…

მინდა შორიდან,

მოგესალმოთ

ძმა- ამხანაგი

მაინც თქვენი ვარ,

თქვენი მიწის…

ვიცი კითხულობთ

თქვენ ჩემს ლექსებს

და ეს წერილი წასაკითხავად

სახლში მოგივათ“ [ტაბიძე ტ ,,რიონ-პორტი]

ბოლშევიკების მე-9 ყრილობაზე ლავრენტი ბერია ტიციან ტაბიძეს საგანგებოდ უხდის მადლობას, ამ პოემის გამო. როგორც ჩანს ბერია დიდად აღაფრთოვანა პოეტურად გადმოცემულმა ფაზისმა და საბჭოთა კავშირში მიმდინარე გიგანტურმა სამუშაოებმა. აღნიშნულ პოემაში ტიციან ტაბიძე სტალინს მესიად სახავს, რომელსაც შესწევს ძალა ახალი სამყარო შექმნას ორპირის მიდამოებში. მწერალი ბედნიერია, რომ მდინარე რიონი მოსახლეობას ვეღარ გაანადგურებს, რადგან საბჭოთა სამყარომ ტექნოკრატიული სივრცე მოიტანა, რომელშიდაც ყველა ადამიანს ბედნიერება ელის.

,,ჩვენი ბავშვობის ოცნება ახდა

ვხედავთ ორპირში ორთქლმავალ გემებს

ახლოს გაგვიარს ეზო და სახლთან

და საბჭოეთის მზეს მიგვაგებებს“ [ტაბიძე ტ ,,რიონ-პორტი]

პოემაში მოხმობილია „ჰიპოკრატეს ფიცი“, რომლის მიზანი უნდა იყოს აჩვენოს ძველი კოლხეთის კვდომისა და გადაგვარების სურათები და ამ ფონზე კიდევ უფრო შთამბეჭდავად დახატოს მისი განახლების პროცესი.

ჩვენი მიზანია ვიკვლიოთ ამ პოემამ ტიციანი „მოათვინიერა“ თუ მართლაც მოსწონდა ის რეჟიმი, რომელიც საბჭოთა კავშირმა მოიტანა. ამის დასადგენად მეთოდოლოგიურად ორი რამ დაგვეხმარება 1. თავად ტექსტი, 2. ზოგადად, ეპოქალური ფონი. ვიმსჯელოთ ჯერ ამ უკანასკნელზე. 1917 წლის რევოლუციამ საზოგადოებაში იმედის  ნაპერწკალი გააჩინა,  რევოლუცია ყოველთვის ასოცირდება ცვლილებებთან. გავიხსენოთ გალაკტიონ ტაბიძე, ის 1917 წლის თებერვლის რევოლუციას აღტაცებით შეეგება „დროშები ჩქარა“, რადგან რევოლუციაში დიდ იმედს ხედავდა. „რევოლუციაში იგი ხედავდა იმ ძალას, რომელიც ხალხს ეროვნულ და სოციალურ თავისუფლებას მოუპოვებდა და ძველ, დახავსებულ ყოფას დააამხობდა“(ნიკოლეიშვილი, ავთანდილ. მე-20 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები. ქუთაისი: გამომცემლობა ,,მოწამეთა” , 2017.)

ერთი მხრივ შეიძლება ასეთი იმედი ჰქონდა ტიციან ტაბიძესაც საბჭოთა კავშირის მიმართ. ზემოთ განხილული ლექსის შინაარსსაც თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ნაძალადევი არაფერია. ნათლად ჩანს ტიციანის დიდი იმედები, თუ როგორ შეიძლება ტოტალიტარულმა ქვეყანამ და მისმა ბელადმა გამოგვიყვანოს მრავალწლიანი მარწუხებიდან. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ტიციანი რევოლუციას რწმენითა და იმედით შეეგება, მას სწამდა, რომ ეს უკანასკნელი ადამიანს ტექნოკრატიულ სივრცესთან ზიარების საშუალებას მისცემდა, რეალურად, ასეც მოხდა, მაგრამ მსხვერპლად შემოქმედებითი თავისუფლება შეეწირა.პოემაში რომ ნაძალადევი არაფერია მოწმობს ნინო მაყაშვილის ერთი მოგონებაც: „როცა დასავლეთ საქართველოში ჭაობების ამოშრობა დაიწყეს, მაშინვ იქით გაემზზავრა, უხაროდა, რომ მალარიას, მისი ქვეყნის სატკივარს ბოლო მოეღებოდა… წიგნებს ყიდულებდა და სწავლობდა როგორ გაეხარებინა ციტრუსები,  რუკაც კი შეადგინა,სადაც შეიძლებოდა ჩაის გაშენება“ (ტაბიძე, ნინო. ტიციანი და მისი მეგობრები . თბილისი, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო” , 1985.)

ნებელობითი აქტი შემდეგ თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება ხდება ტიციან ტაბიძის შემოქმედებაში, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ბელადს ლექსს მიუძღვნის.

„ასე ვიფიცავთ მის მზეს და მთვარეს

და დაულოცავთ მას მშობელ დედას

ჰყვაოდეს ჩვენი საბჭოთა მხარე

სანამდის სტალინს დიდ ბურჯად ხედავს“

(ტაბიძე 1936,14)

ამ სტრიქონებს აშკარად ეტყობა ნაძალადევი ტონი, სავარაუდოდ, ტიციან ტაბიძემ თავის გადასარჩენად შექმნა ეს ლექსი. აკაკი ბაქრაძე წერს ,,ვიც საბჭოთა ლიტერატურის განვითარებას თვალს გააყოლებს, დაინახავს როგორ იყო გაჩაღებული ჩვენში ლენინიადა, სტალინიადა და ბერიადა, იწერებოდა  უანგარიშო და ულევი ლექსი, მოთხრობა პიესა, რომანი. მწერალთა პლენუმებსა და ყრილობებზე იკითხებოდა საგანგებო მოხსენებები“(ბაქრაძე, აკაკი. მწერლობის მოთვინიერება . თბილისი: გამომცემლობა ,,გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2019.).

დაისმის კითხვა რა აწერინებდათ მათ ამგვარ ტექსტებს, პასუხი მრავალგვარი შეიძლება იყოს, თუნდაც სიკვდილის შიში, საკუთარი ოჯახის და ახლო ნათესავების გადარჩენის დიდი სურვილი. პირველ წლებთან შედარებით 30-იანი წლებიდან ტიციან ტაბიძე ეპოქამ უკვე „მოათვინიერა“ გავიხსენოთ ტ.ტაბიძის შემდეგი ლექსი „ნუ გაიკვირვებ“.

„დაფასთან ვდგავარ და ვშლი ძველ ლექსებს,

ცარცით კი არა სისხლით რომ ვწერდი

საბჭოთა მიწა!გიკოცნო ფესვებს

ახალ ცხოვრების ვარ ალავერდი“

(ტაბიძე; 1928)

ლექსში ტიციანი თითქოსდა აჯამებს თავის განვლილ ცხოვრებას, მკითხველს გვაგრძნობინებს, რომ ახლა სხვა ეპოქა წამოეწია, მწერლობა და ცხოვრება ძალიან გართულდა, ორი გზიდან ირჩევს იმას, რომელიც მას ფიზიკურად გადაარჩენს, თუმცა, სულიერ განადგურებამდე მიიყვანს. ტიციანმა ეს კარგად იცის, ამიტომ ამბობს, რომ ახალი ცხოვრების ალავერდია, მას ამ მძიმე რეალობაში პოეზია აძლებინებს.

ამ სტრიქონებს ეხმიანება მიხეილ ჯავახიშვილი: „ქართული კალამი ორეულია გოლგოთის ჯვრისა, ხოლო მისი პატრონი ყოველთვის ჰგავდა იმ მთაზე აღმავალ მაცხოვარს“. ეს სიტყვები კარგად გამოხატავენ იმ მძიმე მდგომარებას, რაც 30-იანმა წლებმა დიდი სიმძაფრით მოიტანა.

1937 წელს, ვიდრე სისხლიანი რეპრესიების პერიოდი დადგება, ტიციან ტაბიძე ჟურნალ მნათობის ფურცლებზე წერს: საბჭოთა სასამართლომ გამოუტანა სამართლიანი განაჩენი მავნებლების, ჯაშუშების და კონტრრერევულუციურ ტროცკისტულ ბანდას, სასამართლოს განაჩენიგანაჩენია ხალხისა, რომელიც დაუნდობელია თავისი მოსისხლე მტრების, სოციალისტური სამშობლოს გამცემლებისა და გამყიდველების მიმართ. ასეთივე სისასტიკით უნდა დაისაჯონ კონტრრევოლუციური ტროცკიზმის ქართველი ნაბოლარები(მნათობი 1937წ.) ძნელია ამ სიტყვების ავტორად ტიციან ტაბიძის წარმოდგენა, თუმცა ტიციანი კარგად აცნობიერებს, რომ ყალბი ჟესტი უნდა გახდეს თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალება. ჰუმანური ადამიანისათვის არასდროს იქნება ადამიანთა სიკვდილი მისაღები, თუმცა ეს უკიდურესი გზაა, გზა და ბრძოლა ხორციელი გადარჩენისა. ვფიქრობთ, რომ ამგვარი მოსაზრებები ტიციან ტაბიძის შესახებ მოცემულობას მაინც არ ცვლის. ამ ციტატას საგანგებოდ ეხება ლაშა ბაქრაძე, „დისკურსიებში“, რომელიც ტიციანს მიჯნავს ბერიასაგან.

ტიციანი მოსალოდნელ რეალობას კარგად აანალიზებს, მან მომავალი სიკვდილამდე 10 წლით ადრე განსჭვრიტა, როდესაც შექმნა ლექსი „სერგეი ესენინს“, ეს ლექსი მრავალმხრივ არის  საინტერესო, როგორც ნინო მაყაშვილის მოგონებებიდან ირკვევა ტიციანისთვისაც განსაკუთრებულად ძვირფასი ყოფილა: „იმ ღამეს შინ დაბრუნებულმა ტიციანმა დაწერა ლექსი ,,სერგეი ესენინს“ ზოგიერთ ლექსს ტიციანი ერთი ამოსუნთქვით წერდა, „სერგეი ესენინი“ ერთ-ერთი ასეთი ლექსთაგანია“ (ტაბიძე, ნინო. ტიციანი და მისი მეგობრები . თბილისი : გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო” , 1985.). 

ყურადღებას იბყრობს ბოლო პასაჟი ლექსისა

„ამხანაგებო თუ ღრმა ღელეში

ჩვენი თავებიც სადმე დაგორდეს

ყველამ იცოდეს – სხვა პოეტებში

ესენინ ჰყავდა ძმად ცისფერ ორდენს..!

(ტიციან ტაბიძე; 1927)

უნდა აღინიშნოს, რომ ეს რიგით პირველი ლექსია, სადაც გაისმის ტიციანის წინასწარმეტყველება, მალე მას მოჰყვება ლექსი „მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე“. ტიციანმა იგრძნო საბედისწერო ჟამი, თან საკმაოდ ადრე, რაც შემოქმედებით მემკვიდრეობაშიც აისახა.

„არ გამოვლილა ხომ პოეზია, მუზები ცისკრის კარებს აღებენ, მხოლოდ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწია, ჩვენც ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ“ – კიდევ ერთი მონაკვეთი ლექსიდან სერგეი ესენინ

ავი წინათგრძნობა სრულდება, ტიციან ტაბიძე შეიწირა ახალმა ცხოვრებამ.

იგი ბევრს ეცადა გაეძლო ყოფითი რეალობისთვის, მაგრამ პაოლოს სიკვდილის შემდეგ სულიერად გატყდა. საბჭოთა კავშირმა, 1937 წლიდან, ტაბუ დაადო მის სახელს, თუმცა, საბედნიეროდ 1954 წელს კვლავ აღდგა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები