6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

შემოქმედებითობის ფუნქციური უნარის განვითარება ხელოვნების გაკვეთილზე

spot_img

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა გამოკვეთს ექვს ფუნქციურ უნარსა და მასთან დაკავშირებულ კოგნიტურ (ლათ. cognitio – შემეცნება, ცოდნა) ოპერაციებს.

დღეს გამორჩევით ვისაუბრებთ ერთ-ერთ ფუნქციურ უნარზე – შემოქმედებითობაზე.

ზოგადად, წარმოუდგენელია, ხელოვნების პედაგოგმა გვერდი აუაროს რომელიმე გაკვეთილისა თუ აქტივობის განხორციელების დროს ამ უნარს.

რაც შეეხება კოგნიტურ ოპერაციებს, მათზე სპეციალური ყურადღების გამახვილების გარეშე სამიზნე ცნებების (საგანმანათლებლო გრძელვადიანი მიზნების) განვითარება ვერ მოხერხდება.

ახლა კი მეტად დავაკონკრეტოთ შემოქმედებითობასთან დაკავშირებით ინფორმაცია. კომპლექსური დავალება, თავისი ბუნებით, შემოქმედებით-შემეცნებითი პროდუქტია და როგორ მოვახერხებთ მის შექმნას, თუ შემოქმედებით უნარს არ განვუვითარებთ მოსწავლეებს?

შემოქმედებითობას აქვს ოთხი მახასიათებელი:

  1. თავისუფლად აზროვნება, რომელიც შემდეგ კოგნიტურ ოპერაციებს გულისხმობს: ა) კითხვების დასმა და ბ) იდეების გენერირება; პრობლემის გადაჭრის გზების დასახელება; ალტერნატიული პასუხების ძიება და პრობლემის გადაჭრის გზების შემოთავაზება.
  2. ფლექსიურობა (ლათ. flectere – ხრა: მოხრა, მიხრა), რომელიც გულისხმობს შემდეგ კოგნიტურ ოპერაციებს: ა) პრობლემის დანახვა და შეფასება სხვადასხვა პერსპექტივიდან და ბ) მიდგომების მრავალფეროვნება.
  3. ორიგინალობა, რომელიც შემდეგ კოგნიტურ ოპერაციებს გულისხმობს: ა) უნიკალური და ახალი იდეის გენერირება და ბ) სხვადასხვა ელემენტისგან უნიკალური კომბინაციების შექმნა.
  4. ეტალებზე ყურადღების გამახვილება, რომელიც შემდეგ კოგნიტურ ოპერაციას გულისხმობს: იდეების განვითარება და გამდიდრება დეტალიზაციის ხარჯზე.

აქვე დავძენ, რომ ფუნქციურ უნარებზე მუშაობა არ ხდება იზოლირებულად. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მოსწავლეს მათი სინერგიული (ბერძნ. Synergia – თანამშრომლობა, ხელშეწყობა) გამოყენება უწევს.

ფუნქციურ-კომპონენტური უნარები და საკითხი/საკითხები ერთმანეთთან კავშირშია. ფუნქციურ კომპონენტური უნარები (მათ შორის, შემოქმედებითობაც) საკითხის ღრმად გააზრების საშუალებას წარმოადგენს, თუმცა, მეორე მხრივ, საკითხი/საკითხები თავად წარმოადგენს მათი განვითარების საშუალებას.

ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, ფუნქციური უნარების განვითარებაზე ზრუნვა სასწავლო პროცესს დინამიკურს ხდის და სწავლას ცხოვრებასთან აახლოვებს. ეს უკვე ნიშნავს მოსწავლეზე ორიენტირებასა და შედეგების მიღებას. მომდევნო სასწავლო წელს ზუსტად შემოქმედებითობასთან მიმართებაში ვაპირებ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას, რომლის ანგარიშსაც, სავარაუდოდ, დეკემბერში გავუზიარებ კოლეგებს.

წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ბმულს თექის მძივების დამზადება, რომლის მოსმენა 8 წუთზე ოდნავ მეტს წაგართმევთ, თუმცა, აქვე დავძენ, რომ ამგვარი აქტივობა მოსწავლეს, გარდა შემოქმედებითობისა, სხვა ფუნქციურ უნარებსაც უვითარებს, სახელდობრ:

  • კრიტიკული გააზრება (ვთქვათ, ვარაუდის გამოთქმა, ხომ არ აჯობებს თექის მძივში ფერების მონაცვლეობა კონტრასტულად?);
  • კომუნიკაცია (ვთქვათ, ინფორმაციის ნათლად გაზიარება თანაკლასელზე/თანატოლზე/დაინტერესებულ პირზე, როგორ მომზადდეს თექის მძივი);
  • თანამშრომლობა (ვთქვათ, მძივის ბურთულების შექმნისას, მოსწავლეები ერთმანეთს ჩაენაცვლონ ან დელეგირებულად შექმნან სხვადასხვა აქსესუარი/დეტალი);
  • მოქალაქეობა (ვთქვათ, მომზადებული თექის მძივის საჩუქრად გადაცემა დამსახურებული ადამიანისთვის);
  • ხასიათის ნებელობა/ნებისყოფა (ვთქვათ, თექის მძივების სერიული წარმოების დაგეგმვა).

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სწავლა კეთებით ეფექტიანი მეთოდია და ამ მეთოდის გამოყენებისას ვითარდება შემოქმედებითობის უნარი, რომლის გარეშეც სრულფასოვანი მოქალაქეობრივი პოზიციონირება წარმოუდგენელია.

ხათუნა გურული – თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები