ბაია მაჩიტიძე
სსიპ ქუთაისის №33 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი
ადამიანის სწავლა-სწავლების, აღზრდისა და პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი რთულია და მთელი სიცოცხლის მანძილზე უწყვეტად მიმდინარეობს, ბევრ სხავადასხვა ასპექტს მოიცავს. ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი წერით მეტყველებას უჭირავს. წერითი კომუნიკაციის უნარის გამომუშავება-განვითარება არ არის იოლი და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მკაფიოდ ვკითხულობთ, რომ „სახელმწიფო ენის შესწავლამ მოზარდს უნდა განუვითაროს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) საქართველოს სახელმწიფო ენაზე/ენებზე. ამ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების შესწავლის მიზანია მოსწავლეებში მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური აღქმისა და შეფასების, საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოხატვის, კითხვისა და სხვადასხვა შინაარსის ტექსტების შექმნის უნარის განვითარება; ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გრძნობის აღძვრა; მოსწავლეთა წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის განვითარება“ (ესგ 20218-24 – მუხლი:45).
წერით მეტყველებაში შედის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი უნარი – შემოქმედებითი წერა, რომელიც, წერით მეტყველებასთან ერთად, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასაც გულისხმობს. თუ ამ უნარის განვითარებაზე მუშაობას დაწყებითი კლასებიდანვე დავიწყებთ, სასურველ შედეგს უფრო მალე მივაღწევთ, რადგან ამ ასაკობრივ კატეგორიაში მყოფი ბავშვები იოლად ახერხებენ უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
გაგიზიარებთ არაფორმალური განათლების ფარგლებში გამოყენებულ რამდენიმე აქტივობას. აღსანიშნავია, რომ ეს აქტივობები შეიძლება მასწავლებელმა, ჩვეულებრივ, გამოიყენოს ფორმალური განათლების დროს.
დაწყებით საფეხურზე შევქმენი კლუბი, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან პრაქტიკულ აქტივობებს და გულისხმობს მოსწავლეებში შემოქმედებითი წერის უნარის განვითარებასა და წიგნიერებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. კლუბის შექმნის მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი წერის უნარის ამაღლება იყო. დასახული მიზნის შესაბამისი გეგმა შევადგინე და შევუდექით მუშაობას. მეცადინეობები ტარდებოდა თვეში ორჯერ.
განვახორციელეთ რამდენიმე აქტივობა:
- პერსონაჟისთვის წერილის მიწერა
მოსწავლეებმა გაიხსენეს და განამტკიცეს წერილის წერის სტრუქტურა, შეარჩიეს სასურველი პერსონაჟი და მისწერეს წერილი. წარმოდგენილი წერილები საინტერესოდ იყო გაფორმებული. აქტივობა მოსწავლეებისთვის საინტერესო, სახალისო და შედეგზე ორიენტირებული აღმოჩნდა.
- სურათების მიხედვით წერა
მოსწავლეებმა სამუშაო ჯგუფურად შეასრულეს. დავურიგე სიუჟეტური სახის ნახატები, რის მიხედვითაც უნდა შეედგინათ მოთხრობა. ასევე, დავურიგე კითხვები, რომელიც უფრო გამარტივებულად დაწერაში დაეხმარებოდათ. მოსწავლეებმა საინტერესო ნაშრომები წარმოადგინეს.
- აპლიკაცია ,,დაწერე რამე“ – თხზულების წერა
USAID-ის მიერ მომზადებული აპლიკაცია ,,დაწერე რამე“ მეტად ეფექტურად შეიძლება ჩართო და გამოიყენო სასწავლო პროცესში. აქ მოსწავლეს საშუალება აქვს აირჩიოს სასურველი პერსონაჟი, თვისება და პრობლემა. აღნიშნული საყრდენებიდან გამომდინარე, იგი ქმნის თხზულებას. შესაძლებელია თხზულება ელექტრონულად შექმნა, კომპიუტერში ან ფურცელზე.
- წარმოდგენის შექმნა/შერჩეული სიტყვებით ამბის შეთხზვა
მოსწავლეებს ჯერ გარკვეულ წარმოდგენას ვუქმნით იმ საკითხზე, რომელზეც გვსურს მატი შემოქმედებითი ძალების გააქტიურება. შემდეგ ვაწვდით რამდენიმე საკვანძო სიტყვას, რომელთა გამოყენებით უნდა ააგოს ტექსტი.
- ბუნების წიაღში გასეირნება და ჩანაწერების წარმოება
მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ბუნებაში გასეირნება. თუ არის შესაძლებელი, წავიყვანოთ ბუნებაში, ვთხოვოთ, დააკვირდნენ ხეების შრიალს, წყლის ჩუხჩუხს, ჩიტების ხმაურს, მწერების მოძრაობას და გააკეთონ ჩანაწერები.
მაგ.: რა იგრძნეს თვითონ, როცა მოტეხილ ხეს/ტოტს შეხედეს;
რას იტყოდა ან რას იგრძნობდა ის, საუბარი რომ შეეძლოს;
რა შეიძლება იფიქრონ ხეებმა? მწერებმა? ჩიტებმა?
⇒ დაწყებით საფეხურზე, მსგავსი სახის აქტივობების სისტემატური გამოყენებით, მოსწავლეებში ვითარდება შემოქმედებითი წერის უნარი;
⇒ ისინი ხალისით ასრულებენ და შესაბამისად, მაღლდება მოტივაცია და ჩართულობა;
⇒ აგრეთვე, ხელს უწყობს წიგნიერებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
ესგ-2018-24წწ.