26 სექტემბერი, სამშაბათი, 2023

შემეცნებითი აქტივობა მუსიკაში

spot_img

ნათია ჯანელიძე 

სსიპ ქ.ქუთაისის № 35 საჯაროს სკოლის მუსიკის მასწავლებელი

 

 

მუსიკა სამყაროს უნივერსალური ენაა ,რომელიც სიცოცხლის გაჩენის დღიდან არსებობს. ის ყველას ესმის, ამ ენაზე ყველა საუბრობს. ის საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდა ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთისგან ეროვნებით ,რჯულით, წარმოდგენებით განსხვავდებოდნენ. ეს სულიერი განწყობილება თავისი აბსტრაქტული ფრთებით მოივლიდა მთელ მსოფლიოს, ადამიანის სულსა და გონებაში გადატრიალებას აწყობდა და საბოლოოდ აყალიბებდა მას პიროვნებად, რომელმაც იცის სრულყოფილებისა და თავისუფლების არსი. მას არ გააჩნია სივრცე, დრო , მანძილი, არ ექვემდებარება სამყაროს კანონებს. ამისდა მიუხედავად ის წერს ისტორიას, ქმნის აწმყოს, სრულყოფს მომავალს. ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, ბევრი ამას ვერ ამჩნევს და მუსიკას მეორეხარისხოვან საგნად აღიქვამს, რომელიც მხოლოდ ცეკვასა და თამაშს მოიცავს. ეს ის პრობლემაა,რომლის წინაშედაც მუსიკის მასწავლებლები ვდგავართ. ჩემი ვალდებულება და მიზანია რომ მოსწავლეს გავაცნო მუსიკის საფუძვლები და ამით მათში განვავითარო შემოქმედებითი, აღქმითი უნარები , რომლებიც მნიშვნელოვანია მათი მომავლისა და პიროვნებებად ჩამოყალიბებისთვის.

თანამედროვე ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლის ფუნქციურ-კოგნიტური უნარების განვითარება და მცდელობა ავიყვანოთ იგი სამიზნე ცნების მიმართებით და აბსტრაქტულ დონეზე, რომელზეც ის წარმატებით ფლობს XXI საუკუნის საკვანძო კომპეტენციებს. ჩემი პროფესიული მოვალეობაა დავანახო საზოგადოებას მუსიკის როლი და მნიშვნელობა, როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურზე მყოფი მოსწავლის კოგნიტური განვითარებისთვის და მოვიყვანო სისრულეში ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნა. საჯარო შემეცნებითი აქტივობები და ამ აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობა, ერთ-ერთი კარგი საშუალებაა დავანახოთ სხვებს, თუ რა ცოდნას იღებენ ისინი მუსიკის გაკვეთილიდან და როგორ ახდენენ ამ ცოდნის რეალიზაციას.

აქტივობა, რომელზეც თქვენი ყურადღების შეჩერებას ვგეგმავ, შედგება კომპლექსურ დავალებათა მთელი ნაკრებისგან, რომელიც ჩავატარე მეექვსე კლასის ორ პარალელ ჯგუფში. თავდაპირველად, მსგავსი ტიპის შემეცნებითი ღონისძიება 4 წლის წინ, მეოთხე კლასში განვახორციელე. აღსანიშნავია ის, რომ  ღონისძიებამ ინტერესი გამოიწვია არა მარტო დამსწრე საზოგადოებაში, არამედ მოსწავლეებშიც, რომლებსაც სურდათ რომ ნაწილი ყოფილიყვნენ იმ მთელი რიგი აქტივობებისა, რომელიც მიმართულია მათი უნარ-ჩვევების განვითარებაზე, როგორიცაა აღქმითი, შემეცნებითი და შემოქმედებითი.

იქიდან გამომდინარე, რომ მაქვს გრძელვადიანი მიზანი, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტულ კლასებს, არამედ ყველა იმ კლასსა და მოსწავლეს მოიცავს, რომლებსაც ვასწავლი, აქ წარმოდგენილი ღონისძიება, ამ გრძელვადიანი მიზნის ერთ-ერთი რგოლია და მოითხოვს მუდმივ სიახლეებს, ახალ აქტივობებს, ახალ იდეებს და ა.შ. სამწუხაროდ, კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ჩემი მიზნის განხორციელება დროებით შეფერხდა, თუმცა წელს შევძელი და გავაგრძელე აქტივობათა ჯაჭვი, რომლის ერთ-ერთი რგოლი აღნიშნული ღონისძიებაა.

ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნაა პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა. იმისთვის რომ მოსწავლეებში გამეზარდა ცნობისმოყვარეობა, ჯანსაღი კონკურენციის სურვილი და მოტივაცია, შეჯიბრის თითოეულ ტურში გამოვიყენე საჭირო ინვენტარი, ზარის ღილაკი, ილუსტრირებული ფურცლები, კროსვორდები, პროექტორის და ლეპტოპის დახმარებით Power Point დ ა. შ.

იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს საკუთარი ცოდნის რეალიზაცია, აუცილებელია მას შევუქმნათ შესაბამისი გარემო. ეჭვგარეშეა რომ ექსტრემალური სიტუაცია ზოგჯერ დაბნეულობას იწვევს, თუმცა გუნდური მუშაობის დროს თითოეულ წევრს ემატება გუნდური პასუხისმგებლობა, რა დროსაც ვნებათაღელვა თანაბრად ნაწილდება მონაწილეებზე და ბავშვები სწავლობენ მთავარს, რასაც ურთიერთთანამშრომლობა ჰქვია. შეჯიბრის პირველი ტური ჩატარდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ორივე გუნდი ისმენდა კითხვას და ზარის ღილაკზე ხელის სწრაფად დაჭერით იმარჯვებდა ის, ვინც პირველი გააჟღერებდა კითხვაზე სწორ პასუხს. კითხვები შეეხებოდა მე-5 – მე-6 კლასში განვლილ მასალას (იხ. დანართი 1), რომლის გადასამეორებლადაც მათ 2 თვე მივეცი. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრი ორ გუნდს შორის მაღალი კონკურენციის ფონზე მიმდინარეობდა, ბავშვებმა წარმატებით შეძლეს საკუთარი ცოდნის მობილიზება.

             

შევეცადე მთელი შეჯიბრი დამეტვირთა აქტივობებით, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმის მიხედვით, თუ ადამიანის რა უნარებია საჭირო მათ შესასრულებლად. ამისთვის შეჯიბრის მეორე ტურში შემოვიტანე პირველი ტურისგან განსხვავებული აქტივობა- კროსვორდები, რომლებიც LearningApps.org პლატფორმაზე შევქმენი (იხ. ფოტოები). ბავშვებს დავურიგე ფურცლები, რომლებზეც კროსვორდისთვის გამზადებული იყო კითხვები. ამ აქტივობის მიზანი იყო გამომეცადა მოსწავლეებში მუსიკალური ლექსიკის მარაგი და გონებამახვილობა, რომელიც სიტყვების თამაშში და ურთიერთდაკავშირებაში ვლინდება.

       

შეჯიბრების მესამე ტური დავუთმე კლასიკური მუსიკის მოსმენასა და გამოცნობას.კლასიკური მუსიკა ის კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც ხელს უწყობს მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას, მოსწავლეებში მუსიკის მოსმენისა და შინაარსის წვდომის უნარის ჩვევის გამომუშავებას. ამ აქტივობის მიზანია ,რომ ბავშვებმა მუსიკალური ინტონაციების ამოცნობისა და წარმოსახვითი უნარების განვითარების შედეგად შეძლონ ამა თუ იმ ნაწარმოების შინაარსის გააზრება და მსოფლიო მუსიკალური საგანძურის სწორად შეფასება და დაფასება. მოსწავლეებმა მოისმინეს სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები, რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია საგაკვეთილო პროცესში და ზარზე ხელის სწრაფად დაჭერის შემდეგ დაასახელეს, როგორც მოსმენილი ნაწარმოების სახელწოდება, ასევე კომპოზიტორის ვინაობა. ამ დავალების საშუალებით მოვისმინეთ და გავიხსენეთ ისეთი გენიალური ნაწარმოებები, როგორებიცაა: ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“, ჯუზეპე ვერდის ოპერა „აიდა“, ოთარ თაქთაქიშვილის „მინდია“ და ა.შ. მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი ნაწარმოები ბავშვებმა პირველივე ნოტებიდანვე გამოიცნეს და გუნდის თითოეული წევრი აქტიურად იყო ჩართული პროცესში. ამ აქტივობით მინდოდა დამენახებინა, რომ ჩემი მოსწავლეები არა მხოლოდ თეორიული ცოდნით შემოიფარგლებიან, არამედ ყალიბდებიან გემოვნებიან მსმენელებად.

შემდეგი დავალება იყო სერგეი პროკოფიევის სიმფონიური ზღაპრიდან
„პეტია და მგელი“. მოსწავლეებს დავურიგე ილუსტრაციებით გაფორმებული ფურცლები, რომელზეც მოცემული იყო ზღაპრის პერსონაჟები, რომლებსაც ხელში უჭირავთ მუსიკალური საკრავები. მოსწავლეების დავალება იყო, რაც შეიძლება სწრაფად გამოეცნოთ, რომელ პერსონაჟს რომელი საკრავის ხმა განასახიერებს და დაესახელებინათ, რომელი მათგანი შედის სიმებიან, ჩასაბერ და დასარტყამ საკრავთა ჯგუფში. ამ დავალების მიზანი იყო ნაწარმოების გახსენება, საკრავთა ამოცნობა და დაჯგუფება.

ბოლო აქტივობა იყო ე.წ. ბლიც-ტური. თითო ჯგუფიდან ბავშვებმა აირჩიეს სამ-სამი მოსწავლე. მათი მოვალეობა იყო, ერთი წუთის განმავლობაში ეპასუხათ რაც შეიძლება მეტი კითხვისთვის. აღნიშნული დავალების შესასრულებლად, აუცილებელია გონების სისხარტე, სრული მობილიზება და ემოციების კონტროლი, რომელიც არასწორი პასუხის შემთხვევაში არ გაძლევს დანებების საშუალებას. რა თქმა უნდა იყო შეცდომები, თუმცა, საბედნიეროდ, ბავშვებმა შეძლეს და უპასუხეს 20-25 კითხვას 30 კითხვიდან. მოსწავლეთა შედეგებმა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია დამსწრე საზოგადოების მხრიდან.

   

 

ჟიურიმ, რომელიც სკოლის დირექციისგან და მასწვალებლებისგან შედგებოდა, ქულების დათვლის საფუძველზე, გამოავლინა, რომ ორივე ჯგუფს თანაბარი ქულების რაოდენობა ჰქონდა დაგროვებული. ბავშვებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და შეჯიბრის წარმატებით დასრულება მიულოცეს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ აქტივობებს შეჯიბრის სახე მივეცი, ჩემი მიზანი არ ყოფილა, გამარჯვებულის და დამარცხებულის გამოვლენა. თითოეულ ტურს ხან ერთი გუნდისთვის მოჰქონდა წარმატება, ხან მეორესთვის, ცხოვრებაც ხომ ასეა, ხან ვიმარჯვებთ, ხან ვმარცხდებით, თუმცა ყოველი მარცხისას რაღაც ახალს ვსწავლობთ. მთავარია, რომ მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ის ცოდნა, რომელსაც მხოლოდ დიდი შრომის შედეგად ვიღებთ. მათთვის მუსიკა მეორეხარისხოვანი საგანი კი არა, გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ გაკვეთილი. ვიმედოვნებ, ეს აქტივობა დარჩება მათ მეხსიერებაში, სხვებისთვის კი მუსიკის გაკვეთილისადმი მეტი პასუხისმგებლობისა და ინტერესის გაღვივების წყაროდ იქცევა.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები