27 ივლისი, შაბათი, 2024

შეიცვლება თუ არა პედაგოგისთვის დანამატის გაცემის წესი – ინიცირებული კანონპროექტი სტატუსის მქონე მასწავლებლების ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არსებული შეზღუდვების მოხსნას გულისხმობს

spot_img

 

დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტს ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, რომლის ავტორი სერგო რატიანია.

 განმარტებით ბარათში ხაზგასმულია პროექტის მიღების მიზეზი და პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პროექტი.

არსებული ზოგადი მდგომარეობა

2017 წლის 1-ლი იანვრიდან სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი ეძლევა მასწავლებელს, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის, წამყვანი მასწავლებლის ან მენტორის სტატუსი და შესაბამის საფეხურზე ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ- ერთ საგანს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან სქემაში განაწილდა ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №74 დადგენილებით დამტკიცებული წესით. ხელფასის გაანგარიშების წესი არ ითვალისწინებს სტატუსის მქონე პედაგოგის უპირატეს პოზიციაში ყოფნას. შესაბამისად, ამ კატეგორიის მასწავლებელი სრულად იმ შემთხვევაში იღებს სტატუსის დანამატს, თუ მისი კვირეული დატვირთვა 13 (დაწყებითი I-IV კლასი) და 15 ( საბაზო და საშუალო საფეხური) საათს შეადგენს, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება როგორც პროფესიული განვითარების მოტივაციაზე, ასევე განათლების ხარისხზეც და, თავის მხრივ, აფერხებს მოტივაციის ზრდას პედაგოგების პროფესიული განვითარების პროცესში.

,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №126/ნ ბრძანების მოქმედი რედაქციის მიხედვით სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის გაცემისას დადგენილია შეზღუდვები. კერძოდ, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი გამოითვლება შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით – დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლისათვის შესაბამისი სრული ოდენობების 13-თან შეფარდებით, ხოლო დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლისათვის – შესაბამისი სრული ოდენობების 15-თან შეფარდებით.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებული 2018/19 სასწავლო წლის დასაწყისში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მითითებული საგაკვეთილო დატვირთვის ოფიციალური მონაცემების შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, 26401 სტატუსის მქონე პედაგოგია დასაქმებული. აქედან, საჯარო სკოლებში 25800-მდე მასწავლებელი მუშაობს და მათ შორის სრული დანამატის მისაღებად საჭირო საათების რაოდენობა 5869 პედაგოგს აქვს, რაც საჯარო სკოლებში დასაქმებულ სტატუსის მქონე მასწავლებელთა საერთო რაოდენობის, დაახლოებით 23% -ს შეადგენს.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის მასშტაბით სტატუსის სრული ოდენობის თანამდებობრივი სარგოს დანამატს უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მქონე 13 და 15-საათიანი დატვირთვით მომუშავე პედაგოგები იღებენ, უფროსის სტატუსის მქონე 25200-მდე პედაგოგიდან სრული დატვირთვით 5724 მუშაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ 320- ლარიანი დანამატი სწორედ ამდენივეს ეძლევა, დასაქმებული წამყვანის სტატუსის მქონე 494 პედაგოგიდან – 136-ს (700-ლარიანი დანამატით), ხოლო 39 მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლიდან შესაბამისი დატვირთვით 9 პედაგოგი მუშაობს (1000-ლარიანი დანამატით).

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საჭიროა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში №126/ნ (2015 წლის 28 სექტემბერი) – ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“- სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის ნაწილში შეზღუდვების მოხსნა, რის გამოც ინიცირებულია დადგენილების პროექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სტატუსის მქონე წარმატებული და კომპეტენტური პედაგოგებისთვის კანონით გათვალისწინებული დანამატის სრული ოდენობის გაცემა.“

დადგენილების მიღების აუცილებლობა

 არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა იქედან გამომდინარეობს, რომ დღეისათვის არ არსებობს სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის საათების განაწილების პროცესში უპირატესი მდგომარეობა, აუცილებელია მიღებულ იქნეს დადგენილების პროექტი, რომელიც მოაწესრიგებს სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის ბრძანებით გათვალისწინებული დანამატის სრული ოდენობით გაცემის საკითხს.

მოსალოდნელი შედეგები:

პროექტის მიღების შედეგად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №126/ნ ბრძანებაში მოიხსნება ის შეზღუდვები, რომლებიც დაწესებულია სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს სტატუსის მქონე პედაგოგების დანამატის გაცემის სამართლიან წესს, რომელიც ორიენტირებული იქნება მასწავლებლის კვალიფიკაციაზე.

მოსალოდნელი ფინანსური შედეგები

დადგენილების პროექტი ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით დასაქმებული სტატუსის მქონე მასწავლებლების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ საჭირო რაოდენობის საათობრივი დატვირთვა სკოლებში, რათა მიიღონ სარგოზე გათვალისწინებული დანამატი სრული ოდენობით. ასეთი პედაგოგების რაოდენობაა ,19845. ის ითვალისწინებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №126/ნ ბრძანებაში თანამდებობრივ სარგოზე გათვალისწინებული დანამატის გაცემის თაობაზე არსებული შეზღუდვების გაუქმებას, რაც გააუმჯობესებს სტატუსის მქონე მასწავლებლების ფინანსურ მდგომარეობას.

ზემოთ აღნიშნული N126/ნ ბრძანების მიხედვით უფროსი მასწავლებლისთვის დანამატის ოდენობა შეადგენს 320 ლარს, წამყვანი მასწავლებისთვის – 700 ლარს, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის – 1000 ლარს. სტატუსის სრული დანამატის გარეშე დარჩენილია სულ 19845 პედაგოგი, რომელთა დანამატის წლიური თანხა გამოიანგარიშება შემდეგნაირად:

საქართველოს მასშტაბით არსებული მონაცემებით უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს 25846 პედაგოგს, აქედან საჯარო სკოლაში დასაქმებულია 25181. აღნიშნული 25181 პედაგოგიდან სრული ოდენობის დანამატს იღებს მხოლოდ 5724 პედაგოგი, ანუ სტატუსის შესაბამისი დანამატის შევსება სჭირდება 19457 პედაგოგს.

19457 (უფროს პედაგოგთა რაოდენობა) X 320 (დანამატის ოდენობა) X 12 (თვე) = 74714880 ლარი.

წამყვანი მასწავლებლის რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 514-ია, საჯარო სკოლაში დასაქმებულია 494, მათ შორის სტატუსის სრული ოდენობის დანამატის შესაბამის ანაზღაურებას იღებს 136, დანამატის შევსება ჭირდება 358-ს.

358 X 700 X 12 = 3007200 ლარი

მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგთა რაოდენობაა 41, საჯარო სკოლაში დასაქმებულია 39, სტატუსის სრული ოდენობის დანამატის შესაბამის ანაზღაურებას იღებს მხოლოდ 9.

30 X 1000 X 12 = 360000 ლარი

სტატუსის სრული დანამატის გარეშე დარჩენილი 19845 პედაგოგის დანამატის წლიური თანხა შეადგენს 77722080 ლარს, თუმცა დადგენილების ამოქმედების შემთხვევაში აღნიშნული თანხის დამატება საჭირო არ გახდება, რადგან 19845 პედაგოგი დანამატის არასრულ ოდენობას, საათების შესაბამისად, დღესაც იღებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილების პროექტი სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს გაზრდის, თუმცა ამის გამოანგარიშება ამ მომენტისთვის შეუძლებელია, რადგან მონაცემები საათობრივი დატვირთვის შესახებ მუდმივად ცვალებადია, მათ შორის, პედაგოგთა საათობრივი დატვირთვა ცვალებადია სასწავლო წლის მიხედვით. ასევე, 2019-20 სასწავლო წლისთვის პედაგოგთა პროფესიული და კარიერული სქემის შესაბამისად სავარაუდოა სტატუსის მქონე პედაგოგების რაოდენობის ზრდა. თუმცა არსებული მონაცემების მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებული 2017-18 სასწავლო წლის პედაგოგთა აკადემიური წლის საათობრივი დატვირთვის ანალიზის საფუძველზე სტატუსის შესაბამისი დანამატისათვის გაცემული თანხა სრული ოდენობის დანამატის გასაცემად საჭირო თანხის დაახლოებით ნახევარია. 2018-19 სასწავლო წლისათვის, 2017-18 სასწავლო წლის მონაცემების ანალოგიით, აღნიშნული განსხვავება შეადგენს, დაახლოებით, დარიცხულ 40 მილიონ ლარს.

პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: სერგო რატიანი და სერგი კაპანაძე.

 

p.s.

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა სერგო რატიანის ინიცირებულ სერტიფიცირებული მასწავლებლების დანამატის გაცემის წესის ცვლილებას მხარი არ დაუჭირა.

„არასწორია ასეთი განაწილება თანხების და გამოიწვევს დემოტივაციას. ჩვენ იგივე იმ გაცხადებული 6%-ის ფარგლებში, გვაქვს განსაზღვრული როგორი უნდა იყოს ჯამში პედაგოგის თანამდებობრივი სარგო, ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი როცა დამტკიცდება ცვლილება საბიუჯეტო კოდექსში. ჩვენ ჯამში საჯარო სკოლებში, გვყავს 23 265 სტატუსიანი მასწავლებელი, რაც საერთო ჯამის 40 %-ია, აქედან სრული დატვირთვით არის 18 582 მასწავლებელი და ეს არის 80%. ეს გახლავთ ბოლო ინფორმაცია განათლების საინფორმაციო სისტემის ბაზებიდან“. განაცხადა ნათია ზედგინიძემ.

„საჭიროა სამართლიანი და მოტივირებული წესის შემუშავება, რომელიც გულისხმობს სქემით განსაზღვრული მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობით გაცემას, თუ თავად პედაგოგი არ განაცხადებს უარს, დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხურების შესაბამისად შეთავაზებული 13 და 15-საათიანი განაკვეთით დატვირთვაზე“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განმარტებით, დადგენილების პროექტის მხარდაჭერა მიზანშეუწონელია, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრი საკადრო ცვლილებები, რაც ამ ეტაპზე დაუშვებელია. მისი თქმით, ჯერ უნდა გაირკვეს, რამდენი პედაგოგი მოისურვებს სტატუსის დადასტურებას.

24 მაისს მთავრდება იმ პედაგოგთა რეგისტრაციის პროცესი, ვისაც კომპეტენციების დადასტურების სურვილი აქვს. ყველა პრაქტიკოს მასწავლებელს მივმართავ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ეს იქნება არაერთჯერადად. შემოდგომაზე, ასევე, მათ ექნებათ გამოცდაზე მეორედ გასვლის შესაძლებლობა. ზაფხულის პერიოდში კი, თუკი წარმატებით ვერ გაივლიან პირველ საკვალიფიკაციო ეტაპებს, შეუძლიათ მოითხოვონ ტექნიკური მხარდაჭერა მასწავლებელთა სახლის მხრიდან. ყველა ეს ცვლილება არის კოლეგიალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული, რომ პედაგოგებს მაქსიმალურად ხელი შეეწყოთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები