4 დეკემბერი, ორშაბათი, 2023

შევქმნათ კეთილგანწყობილი, მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემო უნივერსალური დიზაინის პრინციპების გამოყენებით

spot_img

ანა კაკულია

სსიპ თბილისის 147-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოზარდი სწავლობს, იღებს სხვადასხვა სახის გამოცდილებას, გამოუმუშავდება უნარ-ჩვევები, ექმნება დამოკიდებულებები, უყალიბდება ღირებულებები და ემზადება სრულყოფილი, ქმედუნარიანი მომავლისთვის, არის მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია ის, როგორ გარემოში გაატარებს ამ პერიოდს მოზარდი.

მოსწავლე დღის დიდ ნაწილს სკოლაში, მასწავლებელთა და თანაკლასელთა გარემოცვაში ატარებს. იგი აქ იღებს ინფორმაციას აკადემიურ ცოდნასა თუ სოციალურ ურთიერთობებზე. ამ ინფორმაციას კი, რომელიც შემდგომში ცოდნად და ჩვევად გადაიქცევა, მოსწავლის ქვეცნობიერი უპირობოდ იყენებს დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შექმნისა და ჩამოყალიბებისთვის.

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი არის გზამკვლევი ყველა თანამდებობის მასწავლებლისთის, სადაც გაწერილია ყველა ინდიკატორი, რომლებიც ხელს შეგვიწყობს, დავეხმაროთ მოსწავლეებს, გახდნენ კარგი, სრულფასოვანი და თვითრეალიზებული მოქალაქეები. სწორედ ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთი ინდიკატორი: „მოსწავლისადმი კეთილგანწყობილი, მამოტივირებელი გარემოს შექმნა უნივერსალური დიზაინის პრინციპების გამოყენებით“.

როგორ შეძლოს მასწავლებელმა კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა სასწავლო პროცესში, რომელიც იქნება მოსწავლის მოტივაციის წყარო?

ადამიანი, ამ შემთხვევაში, მოზარდი, თავისი თანდაყოლილი ბუნებით მიისწრაფვის განვითარებისკენ.ცნობიერების ზრდის ამ გზაზე მას უნდა მიეცეს თავისუფალი, მაგრამ უფროსის (მასწავლებლის) მიერ კარგად ორგანიზებული ქმედების შესაძლებლობა.

ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, კარლ როჯერსის აზრით, მოსწავლის განვითარებისთვის უფროსის (მასწავლებლის) მხრიდან  სამი პირობის შესრულებაა მნიშვნელოვანი: გულწრფელობა, კეთილგანწყობა და ემპათია. მხოლოდ ამ პირობების დაცვითაა შესაძლებელი, მიეცეს მოსწავლეს თვითრეალიზაციის სურვილი. მისი თქმით, უპირობო დადებითი განწყობა ბავშვის მიმართ აუცილებლობას წარმოადგენს აღზრდის პროცესში. მოსწავლეს არ უნდა სჭირდებოდეს, თავი გამოიჩინოს კარგი საქციელით,რათა დაიმსახუროს მასწავლებლის სიყვარული.

აბრაამ მასლოუს „პირამიდის“ თანახმად, თუ მოსწავლეს არ აქვს ფიზიოლოგიური, უსაფრთხოების, სიყვარულის, დაფასების მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული, იგი ვერ მიაღწევს „პირამიდის“ მწვერვალზე მოთავსებულ თვითრეალიზაციამდე.  აქედან გამომდინარე, აუცილებელია, მოსწავლე რეალიზდეს უსაფრთხო, სიყვარულითა და პატივისცემით აღსავსე გარემოში.

ლევ ვიგოტსკის თეორიის მიხედვით კი, მოზარდი ვითარდება სოციალურად აქტიურ სამყაროში და მის ირგვლივ  მყოფი ადამიანები თამაშობენ განსაკუთრებულ როლს მათ ცხოვრებაში. ისინი წარმოადგენენ შუამავალს მოზარდსა და დანარჩენ სამყაროს შორის, ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია ადამიანების (მასწავლებლების) დამოკიდებულება ინტერვენციის დროს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ვიგოტსკი გვთავაზობს „სკაფოლდინგის“(ხარაჩო) მეთოდს. იგი ხაზს უსვამს მასწავლებლის როლს ამ მეთოდის გამოყენებისას – მან მოსწავლეს ისე უნდა გაუწიოს დახმარება, რომ მისი დამოკიდებულება აღსავსე იყოს გამხნევებით, მოტივაციის გაღვივებით, მან უნდა მოირგოს მრჩევლისა და მხარდამჭერი მასწავლებლის როლი.

როგორც ვხედავთ, მიუხედავად განსხვავებული თეორიებისა, ნებისმიერი მათგანის ნაშრომში ვაწყდებით ერთ მთავარ ფაქტორს – მასწავლებლის დამოკიდებულება უნდა იყოს უპირობოდ კეთილგანწყობილი და ემსახურებოდეს მათთვის კეთილგანწყობილი, მამოტივირებელი გარემოს შექმნას.

მაშასადამე:

⇒ ვიყოთ გულწრფელი საკუთარ განცდებსა და რეაქციებში მოსწავლესთან ურთიერთობისას- გვიყვარდეს ისინი, გვქონდეს მიმღებლობა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოვხატოთ წყენაც. ვაგრძნობინოთ, რომ მათი  ქცევა მნიშვნელოვანია ჩვენთვის;

⇒ ვიყოთ ემპათიური-შევძლოთ, თავი წარმოვიდგინოთ მათ ადგილას და ისე შევხედოთ არსებულ სიტუაციას თუ წამოჭრილ პრობლემას;

⇒ გამოვხატოთ კეთილგანწყობა-სწავლა-სწავლებისას კეთილგანწყობის გამოვლენა უზრუნველყოფს მოსწავლეთა მოტივაციისა და დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას სწავლისა და სასწავლო პროცესის მიმართ. თუ მოსწავლეთა სოციო-ემოციური მდგომარეობა სტაბილურია, მაშინ სასწავლო პროცესი უფრო ნაყოფიერი და პროდუქტიულია.

უნივერსალური დიზაინის პრინციპის გამოყენება კი, რომელიც დამყარებულია სამ მთავარ პრინციპზე: 1.ჩართულობა და კეთილგანწყობილი გარემო; 2. მულტიმოდალური მიდგომა; 3.გამოხატვის თავისუფლება –  სასწავლო პროცესს ამრავალფეროვნებს, ახალისებს და მეტად საინტერესოს ხდის მას.

რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ მასწავლებლებმა?

  1. შევარჩიოთ ახალი მასალა მოსწავლეთა ინტერესთა სფეროდან;
  2. გავითვალისწინოთ ასაკობრივი თავისებურება და წინარე ცოდნა;
  3. ახსნისას შევიტანოთ სიმარტივე და სიცხადე. მივცეთ კონკრეტული ინსტრუქციები;
  4. გავზარდოთ ინფორმაციის აღქმადობა მულტიმოდალური რესურსების გამოყენებით: ვიზუალური, აუდიალური, კინესთეტიკური;
  5. უზრუნველვყოთ მასალის/დავალების ხელმისაწვდომობა;
  6. დავსახოთ მაღალი მოლოდინები;
  7. შეთავაზებული აქტივობა გავხადოთ მოქნილი სხვადასხვა ხერხებისა და საშუალებების გამოყენებით;
  8. გავამახვილოთ ყურადღება მოსწავლის მიერ უშეცდომოდ შესრულებულ აქტივობაზე/დავალებაზე. ამ მიდგომით თვითშეფასების ამაღლებას შევუწყობთ ხელს;
  9. მივცეთ დავალების შერჩევის საშუალება, რომელიც განუვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას;
  10. მივცეთ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გადაჭრან სხვადასხვა ამოცანა;
  11. ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების კრიტერიუმების შედგენაში.

სწავლა-სწავლების პროცესში ქცევითი მიმართულება:

  1. წავახალისოთ მათი ყველა სასურველი ქცევა;
  2. არასასურველი ქცევის შემთხვევაში გავაკრიტიკოთ თვითონ ქცევა და არა მოსწავლე;
  3. მივიღოთ და, ამასთანავე, ვასწავლოთ, მიიღონ განსხვავებული შეხედულებები;
  4. მოვუსმინოთ და ვასწავლოთ მოსმენა;
  5. შევიმუშაოთ ქცევის წესები, რომლის შექმნაშიც მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას;

6 . ვიზრუნოთ მათზე და ვასწავლოთ(მაგალითის მიცემით), იზრუნონ ერთმანეთზე;

  1. კარგად გავიცნოთ/გავაცნოთ ერთმანეთს მოსწავლეები და მათი კულტურული მემკვიდრეობა;
  2. გავიცნოთ მშობლები, გავიგოთ მათი წარმოდგენები;
  3. ვიყოთ და ვასწავლოთ იყონ თავაზიანები;
  4. ვიყოთ მოდელი მათ მიერ ნებისმიერი სასურველი ქცევის განხორციელების სურვილის შემთხვევაში.

მაშასადამე, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომით, თანასწორუფლებიანობის დაცვით,  სიღრმისეული სწავლებით, უნივერსალური პრინციპების გამოყენებით შევძლებთ მოსწავლისთვის კეთილგანწყობილი და მამოტივირებელი გარემოს შექმნას, რაც, მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტით, სასწავლო პროცესის ერთ-ერთ კომპონენტადაა განსაზღვრული.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. განათლების ფსიქოლოგია, ანიტა ვულფოლკი.pdf
  2. Rogers, C. (1951). Client-Centered Therapy: Its Current Practice, Implications and Theory. London: Constable
  3. Teaching languages to young learners. Lynne Cameron. Cambridge University press.2001

4.Vygotsky’s Sociocultural Theory Of Cognitive Development

  1. Climbing Maslow’s Pyramid: Things I Wish I’d Known At 18, 28, 38 and… Kindle Edition
  2. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
  3. ეროვნული სასწავლო გეგმა.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები