27 ივლისი, შაბათი, 2024

შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი – მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს სამეცნიერო და კულტურულ ცხოვრებაში

spot_img

პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს (International Comparative Literature Congress) მასპინძლობს. კონგრესზე, რომელშიც 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს, თავი მოიყარეს მსოფლიოს წამყვანმა ლიტერატურათმცოდნეებმა, კრიტიკოსებმა, კულტუროლოგებმა, მთარგმნელებმა, გამომცემლებმა, მწერლებმა. კონგრესის პლენარული მომხსენებლები, როგორც წესი, წარმოადგენენ მსოფლიოს წამყვან ლიტერატურულ ცენტრებს. ეს ტრადიცია არც თბილისში დაირღვა – ხუთი დღის განმავლობაში პლენარულ მომხსენებებს წარადგენენ მეცნიერები პრინსტონის, კემბრიჯის, ტოკიოს, ლუბლიანას უნივერსიტეტებიდან. ამ ხნის მანძილზე თბილისი იქნება ლიტერატურის ქალაქი.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ წელს წილად გვხვდა ასეთი ფართომასშტაბიანი კონგრესის ჩატარება, რომელიც პირველად იმართება რეგიონში. ვფიქრობთ, ეს დაეხმარება არა მხოლოდ ჩვენს მწერლებს, პოეტებს, კრიტიკოსებს, რომ უფრო მეტად წარმოჩნდეს ქართული ლიტერატურა, პოეზია მსოფლიოში, არამედ, ზოგადად, ქვეყნის პოზიციონირებისთვის არის საჭირო და აუცილებელი,“ – განაცხადა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ფორუმი, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, სამ წელიწადში ერთხელ იმართება, როგორც წესი, ძლიერ ქვეყნებსა და წამყვან საუნივერსიტეტო ცენტრებში. კონგრესს სხვადასხვა დროს მასპინძლობდნენ ვენეცია, ტოკიო, პარიზი, ვენა, მაკაუ და სხვა ქალაქები, რომელთა რიგებსაც 2022 წელს თბილისიც შეუერთდა.

საბჭოს საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოდან წარდგენილმა წინადადებამ გაიმარჯვა, 2019 წელს იქნა მიღებული. ეს ნამდვილად დიდი მნიშვნელობის მოვლენაა და დიდი ნდობაა, ვინაიდან შედარებითი ლიტერატურის კონგრესი მიიჩნევა ყველაზე მასშტაბურ და კომპეტენტურ სამეცნიერო და კულტურულ ფორუმად ლიტერატურისა და კრიტიკის სფეროში.

კონგრესის (International Comparative Literature Congress) მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა: „მჯერა, რომ კონგრესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის, არამედ მთლიანად ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, სადაც შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო კონგრესი იმართება.

მინდა ხაზი გავუსვა წლევანდელი კონგრესის თემას – „მსოფლიოს ლიტერატურის გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური”, რომელიც მართლაც შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა განხილულ იქნეს თანამედროვე მსოფლიოსა და ქართული ლიტერატურის საკითხები. რაც შეეხება საერთაშორისო კონგრესის განსხვავებულ ფორმატს, იგი მორგებულია ქართული ლიტერატურის ინტერნაციონალიზაციის მასშტაბების გაზრდასა და ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაციაზე.

დარწმუნებული ვარ, შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო კონგრესი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს სამეცნიერო და კულტურულ ცხოვრებაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზადაა მხარი დაუჭიროს ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებებს, რათა ხელი შეუწყოს დარგის პროფესიონალებისა და ექსპერტების ჩართულობას და მათ გაერთიანებას მთელი მსოფლიოდან.

გისურვებთ წარმატებულ ღონისძიებებსა და ნაყოფიერ დისკუსიებს კონგრესის ფარგლებში!“

თსუ-ს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორმა ირმა რატიანი ამ მნიშვნელოვან მოვლენას ქართული ლიტერატურათმცოდნეობის სკოლის დიდ გამარჯვებად მიიჩნევს. „კონგრესი საშუალებას მისცემს ქართველ ლიტერატორებს, ლიტერატორათმცოდნეებს და მწერლებს, რომ მათი შემოქმედება იყოს უფრო მეტად ინტერნაციონალიზებული და უფრო მეტად გატანილი საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც ახლა პირველადი მნიშვნელობის საქმეა ქართული მწერლობისთვის და ზოგადად კულტურისთვის. კონგრესს სტუმრობენ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტიკოსები, მთარგმნელები და მწერლები. აუცილებლად უნდა დავასახელო ფრანგი ავტორი ჟან ლუკ კოატალემი, რომელსაც თბილისში გადაეცემა გონკურის პრემია და იმან ჰუმაიდანი, რომელიც უკვე ცნობილია ქართველი მკითხველებისთვის და რომელიც კონგრესის ფარგლებში ძალიან საინტერესო ლექციას შემოგვთავაზებს“.

პარიზში მცხოვრები ლიბანელი მწერალი ქალი იმან ჰუმაიდანი უკვე მეორედ ეწვია საქართველოს: „წელს უკვე ისე ვგრძნობ თავს საქართველოში, როგორც საკუთარ სახლში. აღფრთოვანებული ვარ იმ სტუმართმოყვარეობით და კეთილგანწყობით, იმ კავშირით, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობაში იგრძნობა. ეს არის ის, რაც ლიტერატურას და მხოლოდ ლიტერატურას შეუძლია,“ – განაცხადა იმან ჰუმაიდანმა.

კონგრესი 1955 წელს ვენეციაში გაიმართა პირველად, ბოლო კონგრესს კი ჩინეთმა, მაკაუმ, უმასპინძლა. კონგრესის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილებას საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, მრავალ ქვეყანას შორის, საქართველომ გაიმარჯვა.

„მთავარი მიზანი ამ კონგრესისა არის მცირე ერების ლიტერატურის შესწავლა გლობალიზაციის პირობებში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. ქართული ლიტერატურა, როგორც მცირერიცხოვანი ერის ლიტერატურა, მსოფლიო ლიტერატურის საგანძურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთანავე მინდა ცალკე გამოვყო აფხაზური და ოსური ლიტერატურის საკითხიც,“ – განაცხადა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა, თსუ-ს პროფესორმა, ჯაბა სამუშიამ.

2022 წლის კონგრესის თემა – „მსოფლიო ლიტერატურების გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები“ – კარგად მოერგო არა მარტო ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურათმცოდნეობის პრობლემებს, არამედ საერთაშორისო სტანდარტსაც. კონგრესის განსაკუთრებულობა მის მასშტაბურობაშია, ფორმატი ითვალისწინებს როგორც ინტერდისციპლინურ მოხსენებებს, ისე სხვადასხვა სახის ვორკშოპებისა და თემატური შეხვედრების ჩატარებას ადგილობრივი მწერლობისა და კულტურის უკეთ გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით.

კონგრესზე, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში ტარდება (დელეგატთა ნაწილი თბილისს ესტუმრა, ხოლო ნაწილი ონლაინ ფორმატში იმუშავებს), რეგისტრირებული არიან მონაწილეები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.

ფორუმის ფარგლებში, თბილისს  შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი სანდრა ბერდმანი ესტუმრა, რომელმაც აღნიშნა: „მოუთმენლად ველი ბევრი რამის გაგებას ლიტერატურის შესახებ, რომელზეც ჯერ არ მსმენია. ქართული ლიტერატურული კულტურის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მაქვს. ამიტომაც ახალი ხმებისა და ადამიანთა ნამუშევრების შესახებ მოსმენას დიდი ინტერესით ველი.“

მრავალსაუკუნოვან ქართულ მწერლობას ბევრი აქვს სათქმელი მსოფლიოს ლიტერატურული საზოგადოების წინაშე და ამ სათქმელის არსი, შესაძლოა, ასეც ჩამოყალიბდეს: ქართული მწერლობის გარეშე ვერ დასრულდება მსოფლიოს ლიტერატურული რუკა. ამ ღონისძიების თბილისში ჩატარება მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული მწერლობის ინტერნაციონალიზაციის მასშტაბებს.

„მაქვს პატივი, სიტყვით გამოვიდე, ვისაუბრო ომის ლიტერატურაზე, მშვიდობასა და ომზე; თუ როგორ აისახა ქართულ ლიტერატურაში ეს ყველაფერი. მითუმეტეს ბოლო დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომია. პლანეტა გახდა უფრო სწრაფი ინფორმაციის მიმღები და, ამავე დროს, სწრაფად იწერება ლიტერატურული ნაწარმოებებიც. ლიტერატურას ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ხელი შეუწყოს დღეს ყველა პროგრესული იდეის განვითარებას, მხარში ამოუდგეს ადამიანს, დაიფაროს ადამიანი, დაიცვას მისი უფლებები და გაუფრთხილდეს იმ საშინელებაში, რომელსაც ჰქვია ომი. ლიტერატურა იმახსოვრებს დროს სხვანაირად. განსაკუთრებით ის ლიტერატურა იგებს, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, არამედ, საუბრობს ადამიანზე,“ – აღნიშნა მწერალმა გურამ ოდიშარიამ.

კონგრესის ერთობლივად ჩატარების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი, 2020 წელს, თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ და შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის (ICLA) პრეზიდენტმა, შერმან უილკოქსმა მოაწერეს.

კონგრესის უშუალო ორგანიზატორები არიან: შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაცია, შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაცია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.

მხარდამჭერი ორგანიზაციებია: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, აგრეთვე, თბილისში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურები.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები