9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ყოფაქცევის კულტურა – ეთიკის გაკვეთილები სკოლაში

spot_img
?✔️დღეს, მუდმივი სწავლისა და განვითარების გარდა, მაღალი პროფესიონალიზმის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია სოციალური ცვლილებებისა და ცოდნის ზრდის სწრაფი ტემპისთვის ფეხის აწყობა, რამაც უდავოდ დიდი გავლენა იქონია მასწავლებლის პროფესიულ როლზე. ასეთ სწრაფად ცვალებად სამყაროს, მომავალში, ადვილად რომ მოვერგოთ, უფრო კომპლექსურები, შემოქმედებითები, პრაქტიკულები და მოქნილები უნდა ვიყოთ, რათა ახალ სიტუაციებში რთული პრობლემების ახლებურად გადაჭრის გზების პოვნა არ გაგვიჭირდეს.
?✔️მოსწავლე საზოგადოებისთვის მისაღებ პიროვნებად რომ ჩამოყალიბდეს, სკოლაში, ეტაპობრივად, სწავლებასთან ერთად, მის აღზრდა-განვითარებას ყოფაქცევის კულტურის გათავისება და ზნეობრიობის ფორმირება უნდა დაედოს საფუძვლად. ბავშვები, რომლებიც სკოლაში მოდიან, განსხვავებულები არიან თავიანთი ინდივიდუალობით, გრძნობებით, ურთიერთობებით, ღირებულებებითა და სულიერი წონასწორობით. განსხვავდებიან არა მარტო გარეგნობით, არამედ აღზრდის პრინციპებითაც, ვინაიდან ისინი სხვადასხვა გარემოდან, ოჯახებიდან მოდიან. ვიცით, რომ აღზრდა ადამიანის შეცვლას გულისხმობს, ადრე თუ გვიან, ნებისმიერი ადამიანი შეიცვლება, თუკი მას სიყვარულით, მოთმინებით და მრავალჯერადი მცდელობით შევასწავლით ქცევის ნორმებს (ეტიკეტს), მივიღებთ დახვეწილ, საზოგადოებისათვის მისაღებ პიროვნებას. სწორედ ამიტომ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღზრდის საკითხებს გარკვეული ადგილი უკავია.
?✔️დამრიგებელი, კლასის საათზე, უნდა ახერხებდეს, მოსწავლეებს გააზრებულად მიაწოდოს ცნება მოქალაქეობა, ესაუბროს ქცევის კულტურისა და იმ უფლება-მოვალეობების შესახებ, რომელიც ადამიანთა ისეთ საერთო ღირებულებებს ეფუძნება, როგორიცაა: შემწყნარებლობა, პატივისცემა, თანაგრძნობა, პასუხისმგებლობა, მეგობრობა, ტოლერანტობა და ა.შ.

 

?✔️მოსწავლეთა კულტურული და მორალური ფორმირების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით შეიქმნა დამსახურებული პედაგოგის,

ლიანა ბედინაძის ნაშრომი „ყოფაქცევის კულტურა“, რომელიც ეყრდნობა ლოურენს კოლბერგისა და დიმიტრი უზნაძის პრინციპებს, ითვალისწინებს რა წინაკონვენციული მორალური დონის სტადიას, სადაც მორალური შეფასება საკუთრივ ინდივიდშია.

ნაშრომი მოიცავს წიგნიერების, სოციალურ-მოქალაქეობრივი და ეთიკური წიგნიერებისა და სემიოტიკური წიგნიერების კომპეტენციებს, სტანდარტთან შესაბამისობაში, დაწყებით კლასებში, ხოლო მისი გამოყენების მნიშვნელოვანი პირობაა, მოზარდებს მისცეს არა მხოლოდ ცოდნა ზნეობის შესახებ, არამედ ღირებულად აქციოს ისინი. მოცემული მასალა ეხმარება მოსწავლეს, დაწყებითი საფეხურიდანვე, ეზიაროს ეთიკურ ღირებულებებს როგორც საკუთარი თავის, ოჯახის, საზოგადოების, ისე ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. კლასის საათზე წიგნთან მუშაობა მოსწავლეს უბიძგებს, საკუთარი მოსაზრება, მოცემული თემების ირგვლივ, გამოხატოს წერილობით, ხატვით, კითხვებზე პასუხით, როლური თამაშით, მსჯელობით დისპუტებზე, შეხვედრებზე, პრეზენტაციებზე დ ა.შ. სწავლების მეთოდები, რომლებიც მოსწავლის აღზრდისკენაა მიმართული, ეხმარება მას, ისწავლოს რა არის ადამიანის ღირსების საზომი, რა არის ყოფიერება, რა წესებსა და ნორმებს ემყარება ადამიანთა ცხოვრების წესი, რა საერთო ღირებულებებს ეფუძნება მათი არსებობა ბუნებაში.

„ყოფაქცევის კულტურაში“, ზნეობრივი ფორმირებისათვის, დაწყებითი საფეხურიდანვე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიწოდებული მასალა – პრაქტიკული სავარჯიშოები, აქტივობები, რომელიც გარკვეული დოზით, ასაკობრივ განვითარებასთან შესაბამისობაშია, მოზარდებს საშუალებას აძლევს, შეიცნონ საკუთარი თავი, ისწავლონ „მე“-ს მართვა.

?✔️არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც პედაგოგიკაში განუსაზღვრელი უფლებით სარგებლობს, ეს არის სიტყვა „უნდა“. მასწავლებელმა – „უნდა აუხსნას“, „უნდა შთააგონოს“, „უნდა შეაფასოს“, „უნდა გამოიყენოს“, „უნდა აღზარდოს“და სხვ. მაგრამ პედაგოგიკის თეორიაში, ზოგჯერ, არ არის პასუხი იმაზე, თუ როგორ და რა გზით, რა საშუალებებით აკეთოს მასწავლებელმა ესა თუ ის საქმე. წარმოდგენილი სახელმძღვანელოები – „ყოფაქცევის კულტურა“ (სამ დონედ) – „უნდას“ განხორციელებაში პატარა წვლილის შეტანის მცდელობაა, რომელიც ეფუძნება პედაგოგიკის თეორიაში ცნობილ დებულებას, რომ მიზნის მიღწევა მხოლოდ ბავშვებთან ცოცხალი ურთიერთობით, კომპლექსური მიდგომით, სიყვარულით, თანამშრომლობითა და პრაქტიკული საქმიანობითაა შესაძლებელი.
?✔️სახელმძღვანელოში 33 სასაუბრო თემაა მოცემული, რომელიც აცნობს ზოგადად კულტურის ცნებას, ეტიკეტსა და ზნეობრიობის ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა: სიკეთე და ბოროტება, სინდისი და პატიოსნება, მტრობა და მეგობრობა, შური და ძალადობა… ასწავლის ქცევის წესებს: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სუფრასთან, ოჯახში, ტრანსპორტში… უხსნის, თუ რას ნიშნავს დელიკატურობა, ჩაცმის კულტურა, კარგი და ცუდი მანერები, ურთიერთობის კულტურა; უღვივებს პატრიოტულ სულისკვეთებას, ასწავლის დედაშვილურ დამოკიდებულებას, უფროსებისადმი პატივისცემას, შრომის სიყვარულს, გმირობასა და სხვა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს. ყველა თემას/გაკვეთილს ახლავს გამოჩენილ ადამიანთა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ბრძნული გამონათქვამები, მოსაზრებები, რომლებიც უშუალოდ აღზრდის თემასთანაა დაკავშირებული, უხვადაა ამონარიდები ბავშვთა საყოველთაო კონვენციიდან.

წიგნის მიზანი:

? მოსწავლეთა ფორმირება ეთიკური ნორმის ფარგლებში;
? ქცევის წესების გაცნობა და შესწავლა;
? სამოქალაქო ეტიკეტის მნიშვნელობის გათავისება და შესწავლა;
? მოსწავლეთა აღზრდა კულტურულ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით.

ამოცანები:

? ზნეობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
? კრიტიკული აზროვნების განვითარება;
? პიროვნულ სოციალური ფასეულობების ჩამოყალიბება;
? თვითაღზრდისა და თვითკონტროლის გაცნობიერება.
?✔️მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ სტანდარტების გათვალისწინებით და მათი დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, 2020-2025 წლების სასწავლო საგნების ჩამონათვალში უნდა შეტანილ იქნეს „ყოფაქცევის კულტურა“, როგორც კლასგარეშე სახელმძღვანელო. წიგნი რამდენიმე სკოლაში გადიოდა აპრობაციას, თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში ჩატარებულმა კვლევებმა საინტერესო შედეგი აჩვენა. წლების განმავლობაში, აღნიშნული ნაშრომი წარდგენილი გახლდათ საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიაში, მკვლევარ პედაგოგთა ცენტრის მე-7 კონფერენციაზე, აგრეთვე ერევანში, საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს კონფერენციაზე (IREX-ის კონკურსზე სწავლების პროგრამების შემუშავებისა და მასწავლებელთა ტრენინგის ფარგლებში), სადაც სამი ქვეყნის – სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პედაგოგები იყვნენ მიწვეული. „ყოფაქცევის კულტურა“ (მოსწავლის წიგნი და მისი სწავლების მეთოდიკა) აღიარებულ იქნა, როგორც საინტერესო ინოვაციური მიგნება პედაგოგიკაში; გაშუქდა ჟურნალში „მასწავლებელი“.

წიგნის ავტორი ლიანა ბედინაძე მონაწილებდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის კონკურსში, სადაც, მის მიერ შექმნილ სხვა ნაშრომებთან ერთად, წარადგინა „ყოფაქცევის კულტურა“ – მოსწავლის წიგნი, რისთვისაც დაჯილდოვდა საპატიო სიგელით და იაკობ გოგებაშვილის მედლით.

ქალბატონი ლიანა არა ერთხელ გამხდარა წლის საუკეთესო პედაგოგი. მისი ნაყოფიერი მოღვაწეობის შედეგია დამხმარე სახელმძღვანელო მასალები – სასკოლო სცენარები და მათი შექმნის მეთოდიკა, სახელწოდებით „ენა ბურჯია ერისა“, მათემატიკური სააზროვნო ლექს-ამოცანები „ისწავლე და იხალისე არდადეგებზე“, ტესტები ქართულ ენასა და მათემატიკაში, რომელიც შედგენილია ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით და თვითშეფასების პრინციპზეა აგებული.
უნდა აღინიშნოს ასოციაცია „მცოდნელის“ (პრეზიდენტი – მეგი ქურდაძე) როლი წიგნის გამოცემის საქმეში.
წიგნის (მე-3 დონე) რედაქტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ბატონი გია მურღულია; მე-2 დონე, რედაქტორი – საზოგადოებრივი აკადემიის აკადემიკოსი, პედაგოგიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ხათუნა შტააძე; პირველი დონე, რედაქტორები – ფილოლოგი, სერტიფიცირებული პედაგოგი ირმა ბაჯელიძე და ოთარ ქურდაძე.
წინაპართ უთქვამთ: „ხნული იყოსო სწორი და ღრმა“ – ამ პრინციპის დაცვა არც პედაგოგებს გვაწყენდა, ჩვენ ხომ ცოდნის, ზნეობის და ქცევის ხნულს ვავლებთ თითოეული მოსწავლის გონებასა და გულში. პედაგოგის შრომა ხშირად დაუფასებელია, ვფიქრობთ, სწორედ ასეთი პედაგოგია დასაფასებელი, მას უნდა ჰქონდეს წიგნის გამოცემაში ხელშეწყობა განათლების სამინისტროსგან, თანადგომა სკოლის დირექტორებისგან, ვინაიდან საქმე, რომელსაც ქალბატონი ლიანა ბედინაძე ეწევა, უდიდეს ძალისხმევასთან და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. პიროვნების აღზრდა კი, ზნეობრივი ღირებულებებით, ყველა პედაგოგის უმთავრესი ამოცანა უნდა გახდეს.

წიგნის შესაძენად დაგვიკავშირდით: 

ასოციაცია მცოდნელი – სიახლეთა კვლევის ცენტრი
მისამართი ბაქოს ქუჩა 1 (24-ე საჯარო სკოლის ეზოში) თბილისი
ტელეფონი: 599 400 021, 557 272 472

ელ ფოსტა: infomtsodneli@gmail.com

ვებ გვერდი: www.mtsodneli.com

ფეისბუქგვერდი: https://www.facebook.com/mtsodneli

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები