27 ივლისი, შაბათი, 2024

ყვითელაშვილის პირველი მედალი

spot_img

ქართველმა ფიგურულად მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა გამორჩეული წარმატება მოიპოვა – სოჭში „გრან პრის“ მეექვსე ეტაპი მოიგო. ესაა პირველი შემთხვევა ქართული ფიგურული ციგურაობისთვის, როცა ამ რანგის შეჯიბრება მოვიგეთ. ორდღიანი დაძაბული ასპარეზობის შემდეგ ყვითელაშვილმა 266.33 ქულით გაიმარჯვა და გაუსწრო რუს და იაპონელ კონკურენტებს.

მართალია, გამოსვლის ბოლოს ყვითელაშვილმა ტექნიკური შეცდომაც დაუშვა და დაეცა კიდეც, თუმცა, ფრენკ სინატრას მუსიკის ფონზე, მაინც შთამბეჭდავი დადგმა შესთავაზა მაყურებელს: ორმაგი „ტულუპი“, „ოთხიანი და სამიანი ტულუპების“  კომბინაცია, სამმაგი „აქსელი“ – ეს ურთულესი ილეთები ერთად ვიხილეთ მის დადგმაში.

„მაღალი კლასის ბრძოლა იყო. დღეს ყველაფერი არ გამომივიდა, მაგრამ მოვინდომე. რა თქმა უნდა, საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ასვლა რომ შევძელი. ვგრძნობ თუ არა, რომ ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიას ვწერ? სიმართლე გითხრათ, ჯერ ბოლომდე ვერ გავიაზრე, აქ, სოჭში რას მივაღწიე. ალბათ, ამას დროთა განმავლობაში მივხვდები, მაგრამ ოქროს მოგება ძალიან მიხარია“ ,  – განაცხადა ყვითელაშვილმა.

მისი გამარჯვება რუსებს მწარედ მოხვდათ გულზე. საქმე ისაა, რომ ყვითელაშვილი მოსკოვშია დაბადებულ-გაზრდილი და 2016 წლამდე მათი სახელით გამოდიოდა. იქ მას ასევე რუსეთში მცხოვრები ქართველი მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე ავარჯიშებდა, 2016 წლიდან კი ყვითელაშვილი საქართველოში გადმოვიდა. ალბათ, რუსებზე განსაკუთრებით იმან იქონია გავლენა, რომ ჩვენმა მოციგურავემ საგრძნობი უპირატესობით ჩამოიტოვა რუსთა ნაკრების ლიდერი მიხაილ კოლიადა. „თუთბერიძის“ „შეუმჩნეველმა“ მოსწავლემ მორის ყვითელაშვილმა მოულოდნელად ჩამოიტოვა ჩვენი ნაკრების ლიდერები თვით მიხეილ კოლიადას ჩათვლით. იქნებ არ ღირდა ყვითელაშვილის გაშვება? თუთბერიძის მოსწავლემ სოჭში მსოფლიოს პრიზიორის ტრიუმფი ჩაშალა. არადა, იყო დრო, როცა ყვითელაშვილი „არ გამოადგა“ რუსეთის ნაკრებს და მანაც სპორტული მოქალაქეობა გამოიცვალა. 2016 წალმდე ის რუსეთის სახელით გამოდიოდა. როგორც ჩანს, რუსეთს არ უნდა გაეშვა ეს „ნიჭიერი სპორტსმენი“ – საკმაოდ მწარე მათრახი გადაკრა რუსულმა Championat.com  თუთბერიძეს.

შეგახსენებთ, რომ ყვითელაშვილი პიონჩანის ოლიმოიადაზე გამოვიდა, სულ მალე კი – თებერვალში პეკინის ზამთრის თამაშებშიც ისრიალებს. შარშან ავსტრიაში მან ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა, რაც საქართველოსთვის ვაჟთა ინდივიდუალურ პირველობაში ამ რანგის ტურნირების ასევე პირველი ჯილდო იყო.

სოჭში დებიუტი ჰქონდა ჩვენს კიდევ ერთ წარმომადგენელ ნიკა ეგაძეს, ვინც პირველად გამოვიდა უფროსთა შეჯიბრებაში და საბოლოოდ მე-11 ადგილი ერგო. პირველ დღეს მან ცუდად ისრიალა მოკლე პროგრამაში, მაგრამ მეორე დღეს რადიკალურად განსხვავებულად გამოვიდა თავისუფალ პროგრამაში – ორი ოთხმაგი ნახტომი და სხვადასხვა სირთულის სამმაგი ხტომები შემოგვთავაზა. მსაჯებმა მისი გამოსვლის ტექნიკური ნაწილი 89.18 ქულით შეაფასეს, რაც ტურნირზე მეორე შედეგი აღმოჩნდა ამ სეგმენტში, ახალბედას კვალობაზე კი მართლაც კარგი შედეგია. მით უფრო – ასეთი დონის კონკურენციაში.

ირაკლი თავაძე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები