გაეროს ბავშვთა ფონდი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად, აგრძელებს ბავშვთა უფლებების საკითხებზე რელიგიურ ლიდერებთან თანამშრომლობას. საქართველოში მოქმედი შვიდი რელიგიური დენომინაციის 17 წარმომადგენლისთვის ჩატარდა ორდღიანი სემინარი, სადაც განიხილეს ბავშვის უფლებების კონვენციისა და ბავშვის უფლებების კოდექსის მთავარი პრინციპები და დებულებები, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
„ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს რელიგიურ ლიდერებთან. კიდევ შვიდი რელიგიური დენომინაცია შეურთდა გაეროს ბავშვთა ფონდს, ბავშვთა უფლებების წარმოჩენასა და დაცვაში. ოჯახები, თემები, ბავშვები და ახალგაზრდები ისარგებლებენ ბავშვთა უფლებების შესახებ რელიგიური ლიდერების ფასეული რჩევებით.“ – ამბობს ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.
ზაზა ვაშაყმაძე, რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე: „რელიგიური ორგანიზაციები, როგორც მოგეხსენებათ, უშუალო კონტაქტში არიან საზოგადოების ფართო ფენებთან, მათ შორის ახალგაზრდა თაობასთან, ბავშვებთან და შესაბამისად, ეს სემინარი ჩვენთვის საინტერესო იყო. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯი იმაში მდგომარეობს, რომ მათი უშუალო ჩართულობით, ეს კანონმდებლობა რაც შეიძლება, წარმატებულად აღსრულდეს რეალურად, პრაქტიკაში.“
კახაბერ ჩხაიძე, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის პასტორი: „დღეს მოვისმინეთ საინტერესო ლექციები, მოხსენებები ბავშვთა უფლებების დაცვაზე, ბავშვებზე ძალადობასა და მათ სწორ აღზრდაზე, რაც ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო ჩვენთვის.“
ტარიელ პაპინაშვილი, სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი მდივანი: „ამ საკითხებით ჩვენც დაინტერესებული ვართ, რომ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ არა მარტო ბავშვებს, მათ მშობლებსაც. ჩვენი ბავშვები ჩვენი ეკლესიების მომავალი არიან, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ოჯახების მომავალი.“
მამა ზურაბ კაკაჩიშვილი, საქართველოს კათოლიკური ეკლესიის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი: „ძალიან სასარგებლო ინფორმაცია მივიღე, რომელსაც გამოვიყენებ ჯერ თანამშრომლებისთვის, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ბავშვებთან, შემდეგ ეს მივა ბავშვებამდე და მათ ეცოდინებათ თავიანთი უფლებები. ასევე, გამოვიყენებ ქადაგების დროს, როდესაც მე შემიძლია, მრევლს ავუხსნა და ვესაუბრო როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს იმ უფლებებზე, რაც ბავშვებს აქვთ.“
გაეროს ბავშვთა ფონდმა უკვე რამდენიმე სემინარი ჩაატარა ბავშვის უფლებების შესახებ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებისა და საქართველოს მუსლიმთა რელიგიური თემებისთვის. შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ბავშვის უფლებების კონვენციისა და ბავშვის უფლებების კოდექსის მთავარი პრინციპები და დებულებები; ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების სტადიები და ბავშვზე ძალადობის გავლენა; ახალგაზრდებში დეპრესიის, შფოთვისა და თვითმკვლელობის პრევენციისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა; ახალგაზრდების კანონთან კონფლიქტში შესვლის პრევენცია და ბავშვთა კორონავირუსის პანდემიისგან დაცვა.
ერთ-ერთი სემინარი, 3-4 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, გორში გაიმართა, მთავარი თემა, ისევ და ისევ, ბავშვთა უფლებები და რელიგიური ლიდერების როლი იყო, ამ უფლებების დაცვის პოპულარიზებაში. აღინიშნა, რომ რელიგიურ ლიდერებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებში. ისინი ახლოს იმყოფებიან თემებთან, ბავშვებთან და ოჯახებთან. შესაბამისად მათ შეუძლიათ, მიაღწიონ დადებით ცვლილებებს საზოგადოებაში ბავშვის უფლებების პოპულარიზებით.
მოწვეულმა ფსიქოლოგმა და ჯანდაცვის ექსპერტმა ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორებიცაა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში, COVID-19-ის პანდემიის გავლენა ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, ვაქცინაცია, ბრაზის და შფოთვის მართვა და ა.შ.
როგორც ღასან ხალილი ამბობს, რელიგიურ ლიდერებთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რათა სრულფასოვნად აღსრულდეს საქართველოს ბავშვთა უფლებების კოდექსი და ბავშვის უფლებათა კონვენცია.
ამ დოკუმენტებმა მთელ მსოფლიოში შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც – ისინი განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები არიან და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. გვახსოვდეს, რომ ბავშვთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცედურა უნდა განხორციელდეს მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
ყველა უფლება – ყველა ბავშვისთვის!