ყველა სკოლა ღია და კორონავირუსისგან უსაფრთხო უნდა იყოს

523

დღეს სკოლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა მაშინ, როდესაც ევროპის რეგიონში ფართოდაა გავრცელებული კორონავირუსის დელტა შტამი, ამავე დროს, მილიონობით სკოლის მოსწავლე სკოლებს უბრუნდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო ვირუსის გავრცელების მინიმიზაციისთვის საჭირო ზომების მიღებით.

აღნიშნული ზომები მოიცავს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში, სამიზნე ჯგუფებს შორის, მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვას და მათ ვაქცინაციას, მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად. ამის გარდა, უნდა აიცრან 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის კოვიდ-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება – საკლასო ოთახების უკეთესი განიავება, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფა, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფა, ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირება.

პანდემიამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესის კატასტროფული შეფერხება, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ევროპის რეგიონში შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში. ბავშვთა განათლების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური უნარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, სკოლებმა ხელი შეუწყონ ბავშვებს, ბედნიერები და საზოგადოების პროდუქტიული წევრები იყვნენ, – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს ჰენრი კლუგე, – გარკვეული პერიოდის შემდეგ პანდემია დავიწყებას მიეცემა, თუმცა მანამდე ჩვენი მთავარი ამოცანა ბავშვებისთვის სკოლის შენობაში, უსაფრთხო გარემოში განათლების მიცემა უნდა იყოს. არ უნდა წავართვათ შესაძლებლობები, რომლებსაც იმსახურებენ. ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, სკოლები არ დაკეტონ, ხოლო ყველა სკოლას მოვუწოდებთ, აამოქმედონ კორონავისურისა და მისი სხვადასხვა ვარიანტების გავრცელების რისკის შესამცირებლად საჭირო ზომები.

სწრაფად გავრცელებადმა „დელტა“ ვარიანტმა წლევანდელ სასწავლო სეზონს ახალი გამოწვევები გაუჩინა. საზოგადოებაში კორონავირუსის შემთხვევების მატება სკოლაში მისი გავრცელების ალბათობასაც ზრდის. შესაბამისად, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ვირუსის გავრცელების შემცირებაში.

არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მწვავე დაავადებისა და სიკვდილის რისკებს. ამიტომაც, როცა ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, ყველა უნდა აიცრას და ჩაიტაროს ვაქცინაციის სრული კურსი.

ვაქცინაცია ვირუსისგან ჩვენი დაცვის საუკეთესო საშუალებაა. პანდემიის დასასრულებლად სწრაფად და თანაბრად უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მასშტაბი ყველა ქვეყანაში. ეს გულისხმობს მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინის წარმოების მხარდაჭერას, ვაქცინის დოზების გაზიარებას და მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფების დახმარებას. ასევე, უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის აპრობირებული ზომების გატარება, როგორიცაა: ტესტირება, იდენტიფიცირება, მიკვლევა, იზოლირება და კარანტინში მოთავსება,“ – აღნიშნა ჰანს კლუგემ.

გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილე ფილიპე კორი ამბობს, რომ ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ იმაში, რომ ჩვენს რეგიონში სკოლები გაიხსნას. დაუშვებელია, ბავშვები და მოზარდები დადგნენ იმ რისკის წინაშე, რომ კიდევ ერთი სასწავლო წელი გაუცდეთ. ვაქცინაცია და დამცავი ზომები ერთად დაგვეხმარება იმაში, რომ აღარ მოგვიწიოს პანდემიის ბნელ დღეებში დაბრუნება, როცა ადამიანებს ლოკდაუნის, ბავშვებს კი სასწავლო პროცესის შეფერხების ატანა უწევდათ. ბავშვები პანდემიის ჩუმი მსხვერპლი რიან და მათმა ყველაზე დაუცველმა ჯგუფებმა ყველაზე დიდი დარტყმა მიიღეს. კორონავირუსის პანდემიამდე რეგიონის ყველაზე დაუცველი ბავშვები სკოლაში ისედაც არ დადიოდნენ ან, თუ დადიოდნენ, თანატოლებს სწავლაში ჩამორჩებოდნენ.“

შორენა ხმალაძე ახალციხის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, მან კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა: ახლა ჩვენი, მასწავლებლების პასუხისმგებლობა, განათლების გადაცემასთან ერთად, ჩვენი მოსწავლეების ჯანმრთელობის დაცვაც გახდა. სრულფასოვანი და კარგი განათლებისთვის აუცილებელია, რომ საკლასო ოთახებში დაბრუნების არ გვეშინოდეს. მჯერა, თითოეული ჩვენგანი იაზრებს ამას და ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში“ – აღნიშნა მან.

„სკოლა გაცილებით მეტია, ვიდრე შენობა. ეს არის სწავლის, უსაფრთხოებისა და თამაშისთვის განკუთვნილი ადგილი ჩვენს საზოგადოებაში. როცა სკოლები იკეტება, ბავშვები მოკლებულნი არიან სწავლისა და მეგობრებთან ერთად ყოფნის შესაძლებლობას და სახლში ყოფნისას შესაძლოა ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. პანდემიამ ისედაც მიუღებელი სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სკოლები გაიხსნას და დარჩეს ღია უსაფრთხოების ნორმების დაცვით.“ – აცხადებს ფილიპ კორი.

ექსპერტების რეკომენდაციები

სკოლების ღიაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდმა და იუნესკომ დაამტკიცეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის ტექნიკური მრჩევლების ჯგუფის მიერ კოვიდ-19-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული, რვა რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციები განკუთვნილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრი ქვეყნისთვის და ითვალისწინებს შემდეგს:

1️⃣ სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება.

2️⃣ შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია.

3️⃣ შემუშავდეს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები.

4️⃣ დაცული იქნას ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა.

5️⃣ დაცული იქნან ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ბავშვები.

6️⃣ გაუმჯობდეს სასკოლო გარემო.

7️⃣ ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

8️⃣ აქტიურად განხორციელდეს ვაქცინაცია, რათა ბავშვები სკოლებში შევინარჩუნოთ.

დატოვეთ კომენტარი