„დროა ისეთი, მოგერიდება და ვეღარავის შეაწუხებ თანაგანცდისთვის, მაგრამ 42-ე სკოლის დუმილი გურამ დევდარიანის გარდაცვალებისას ნამდვილად ვერ იქნება ოქრო. 21 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იგი აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლას და მთელი ეპოქა შექმნა. უტყუარია საზოგადოების ალღო — დაერქვა კიდეც დამსახურებულად დევდარიანის სკოლა. აქ დისციპლინა, ჯანსაღი ურთიერთობები, მომთხოვნელობა და პროფესიონალიზმი იყო უმთავრესი ღირებულებები.
ბატონმა გურამმა მოახერხა და იმ პოლიტიკურად დაძაბულ, ეკონომიკურად შევიწროებულ წლებში სასწავლო პროცესი არ დარღვეულა… და იყო ასე – სიმპათია-ანტიპათიები ყველას თავისთვის უნდა დაეტოვებინა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ როგორი „შინიდან“ მოდიოდა, კლასში ყველა ღიმილით უნდა შესულიყო.
42-ე სკოლას მან საძირკველი გაუმყარა, საზოგადოების ნდობა მოაპოვებინა.
ბატონმა გურამმა საქმით დაადასტურა მნიშვნელოვანი რამ, თუ მოინდომებ, აუწყობელ სისტემაშიც გაარღვევ ჯებირს, გამოტოვებ რომელიღაც მიუღებელ ქვეპუნქტს და მაინც მიაღწევ მიზანს, რომელიც, მის შემთხვევაში, ნიჭიერებით გამორჩეული კონტინგენტის მსახურება იყო.
მადლიერების გრძნობით ვემშვიდობებით ბატონ გურამს!
42-ე სკოლის ყოველი მომდევნო გამარჯვება მისი ხსოვნის უკვდავყოფაც იქნება.“
ამ სიტყვებით გამოემშვიდობა 42-ე საჯარო სკოლის პედკოლექტივი ბატონ გურამ დევდარიანს, რომელიც გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა.
ამ რთულ და, შეიძლება ითქვას, ძნელბედობის ჟამს, რომელიც ქვეყანას და განათლების სისტემას უდგას, ვერც რედაქცია აუვლის გვერდს ბატონი გურამის გარდაცვალების ამბავს. ამიტომ, გვინდა მკითხველს მოვუყვეთ ადამიანზე, რომელმაც №42 საჯარო სკოლაში მართლაც მთელი ეპოქა შექმნა და როგორც სკოლის კოლექტივი ამბობს, „საქმით დაადასტურა მნიშვნელოვანი რამ, რომ თუ მოინდომებ, აუწყობელ სისტემაშიც გაარღვევ ჯებირს, გამოტოვებ რომელიღაც მიუღებელ ქვეპუნქტს და მაინც მიაღწევ მიზანს, რომელიც, მის შემთხვევაში, ნიჭიერებით გამორჩეული კონტინგენტის მსახურება იყო.“
რა თვისებებით იყო გამორჩეული გურამ დევდარიანი, როგორი იყო თანმშრომლებთან და მოსწავლეებთან, ამის შესახებ მისი ყოფილი მოადგილე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან პატაშური გვიყვება, იხსენებს თანამშრომლობის 6-წლიან, ძალიან ნაყოფიერ და მის ცხოვრებაში მართლაც უმნიშვნელოვანეს პერიოდს.
„მისი პიროვნული თვისებებიდან, პირველ რიგში, გამოვყოფ იმას, რომ ბატონი გურამი ძალიან მოკრძალებული ადამიანი იყო. 42-ე სკოლამ, მისი დირექტორობის პერიოდში, ბევრ წარმატებას მიაღწია. საერთაშორისო ოლიმპიადებიდან სკოლის მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით ბრუნდებოდნენ, მაგრამ არასოდეს ბატონი გურამი თვითონ არ მიყვებოდა მათ უცხოეთში. იმიტომ კი არა, რომ პასუხისმგებლობას გაურბოდა, არამედ იმიტომ, რომ ის ყოველთვის საგნის მასწავლებლებს უთმობდა ამ უპირატესობას. მოგეხსენებათ, მაშინ იოლი არ იყო საზღვარგარეთ გამგზავრება, მაგრამ ამ პრივილეგიით არასოდეს უსარგებლია. ალბათ, მის ნაცვლად, ბევრი თავად ჩაუდგებოდა ამ ღონისძიებას სათავეში და მოივლიდა მსოფლიოს. ამის გარდა, ამ პიროვნების სახელთან ყოველთვის ასოცირდება ობიექტურობა და პრინციპულობა, საოცარი პირდაპირობა. ვინც უნდა ყოფილიყო ადამიანი, რა წარმომავლობით ან გავლენით მოსარგებლე, საჭიროების შემთხვევაში, არასოდეს იხევდა უკან მისთვის სიმართლე ეთქვა და ადეკვატური ზომები მიეღო მასთან მიმართებაში. ასეთი მომენტი მახსენდება – ჩვენს სკოლაში სწავლობდა ერთ-ერთი მინისტრის მოადგილის შვილი, რომელსაც სერიოზული დისციპლინური გადაცდომა ჰქონდა. ბატონმა გურამმა დაუყოვნებლივ დაიბარა მინისტრის მოადგილე სკოლაში, მისი შვილის პირადი საქმე იღლიაში „ამოჩარა“ და სკოლიდან გაისტუმრა. ჩვენ გაოცებული ვუყურებდით, ხომ შეიძლებოდა, გავლენის მქონე ადამიანს მისთვის რამე „დაეშავებინა“ – ცუდი რამ გაეკეთებინა. თუმცა, ეს მოსაზრება არათუ აშინებდა, სასაცილოდ არ ჰყოფნიდა. ვინც კი იცნობდა გურამ დევდარიანს, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ მის დასახასიათებლად ყველაზე შესამჩნევი სამი თვისება გამოვიყენო: ობიექტურობა, პრინციპულობა და პირდაპირობა.“
ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ დირექტორს არასდროს უყვარდა თავის გამოჩენა და თურმე, არც ინტერვიუზე თანხმდებოდა ვინმეს. სკოლისთვის და მოსწავლეებისთვის კი თავდაუზოგავად აკეთებდა ყველაფერს, ხანდახან შეუძლებელსაც კი. ამის მაგალითად ქალბატონი რუსუდანი ასეთ შემთხვევას იხსენებს: „ალბათ იცით, რომ 42-ე სკოლა სოლოლაკში, მთავრობის სახლის ზემოთ, ჩაიკოვსკის ქუჩაზე მდებარეობს. ძველისძველი შენობაა. შევარდნაძის დროს (მაშინ შენობა სერიოზულ ავარიულ მდგომარეობაში იყო), მავანმა მისი წართმევა მოინდომა და მიზეზად სწორედ ავარიულობა სახელდებოდა. დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ ჭორი გავრცელდა, რომ აპირებდნენ შენობის დანგრევას და მის ადგილზე სასტუმროს აშენებას. რომ იტყვიან, ბატონმა გურამმა რკინის ქალამნები ჩაიცვა და ინსტანციიდან ინსტანციაში დაიწყო სიარული შენობის გადასარჩენად. დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა. რა ხერხებით და გზებით, არ ვიცი, მაგრამ არ დათმო სკოლის შენობა. პირველ რიგში, სკოლას რკინის და ხის ბიჯები შეუყენა, გაამაგრა. შემდეგ, გერმანიის საელჩოს დახმარებით, სკოლას სერიოზული სარემონტო სამუშაოები ჩაუტარა. ბატონმა გურამმა შეძლო სკოლის შენობის შენარჩუნება და მეტიც, დღეს თუ სკოლა თავის ფუძეზე დგას და საქმიანობას აგრძელებს, ეს მისი დამსახურებაა.“
მასთან ექვსწლიან თანამშრომლობას არც ქალბატონი რუსუდანისთვის ჩაუვლია უკვალოდ. ამბობს, რომ ამ ადამიანში აღმოაჩინა ბევრი ისეთი თვისება, რომელიც შემდეგ ცხოვრების კრედოდ დაიდო, ის გახდა მაგალითი, როგორი უნდა იყოს ადამიანი, ხელმძღვანელი პირი. „ამ ადამიანში აღმოვაჩინე მუშაობის მთავარი პრინციპი: მიუკერძოებლობა, რომელიც წლებია მომყვება. სწორედ მან მიმაჩვია, რომ თუ ობიექტური ხარ, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელი, აუცილებლად მოვა წარმატება, რადგან მიკერძოება იწვევს კოლექტივის დაშლას და ე.წ. დაჯგუფებების გაჩენას. რაც მთავარია, აუცილებლად უნდა დააფასო პროფესიონალიზმი!“
ბატონმა გურამმა, დირექტორობის პერიოდში, მძიმე ოპერაცია გაიკეთა და მისი ჯანმრთელობა სერიოზულად შეირყა. ოპერაციის შემდეგ კიდევ ორი წელი იმუშავა სკოლაში, შემდეგ წავიდა; სკოლა დატოვა ქალბატონმა რუსუდანმაც, მაგრამ თან წაიღო ბატონ გურამთან თანამშრომლობის მოგონებებით სავსე პერიოდი, რომელიც არასოდეს დატოვებს მის მეხსიერებას, რადგან ასეთი დირექტორი, ხელმძღავნელი, მით უფრო იმ პერიოდში, იშვიათი იყო, ალბათ, სულ რამდენიმე – „გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 42-ე სკოლა სწორედ გურამ დევდარიანის დირექტორობის შედეგად იქცა იმ წარმატებულ და სახელოვან სკოლად, რომელიც დღესაც მოწინავეთა რიგებშია. მისი ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა საშაბათო სკოლას. მოგეხსენებათ, რომ 42-ე სკოლაში სწავლა მეშვიდე კლასიდან იწყება და მოსწავლეთა მიღება გამოცდით ხდება. ამიტომ, მან გახსნა საშაბათო სკოლა, რომელიც, რეალურად, მოსამზადებელი განყოფილების ფუნქციას ასრულებდა და დღემდე ფუნქციონირებს. ეს მოდელი შემდეგ სხვა სკოლებმაც გადაიღეს. რაც მთავარია, მიღების დროს ობიექტურობის მაღალი ხარისხი იყო დაცული. არავინ იცოდა ვისი ნაშრომი სწორდებოდა, ერთგვარი დაშიფვრა ხდებოდა და როცა ნაშრომი გასწორდებოდა და შეფასდებოდა, მერე შემოეკვრებოდა ნაწერს თავფურცელი და გამსწორებელიც მაშინ იგებდა, ვისი ნაშრომი შეაფასა. ამიტომაც, მოსწავლეთა მიღების დროს, გამორიცხული იყო ე.წ. ჩაწყობა. ამაში ყოველთვის იყვნენ დარწმუნებული მშობლებიც. სწორედ ამის შედეგი იყო სკოლის წარმატება და კონკურსებში მოსწავლეთა მიღწევებიც.“
როგორი იყო ბატონი გურამი მოსწავლეებთან? ქალბატონი რუსუდანი ამბობს, რომ განსაკუთრებულ ნიჭს თუ შენიშნავდა მოსწავლეში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული იყო და ბევრი საქმე ჰქონდა, ამ მოსწავლისთვის დამატებით სამეცადინო დროს მაინც პოულობდა. ასეთი ზრუნვის მიუხედავად კი, დისტანცია ყოველთვის არსებობდა დირექტორსა და მოსწავლეებს შორის, უფრო კი, რიდი და ხათრი ჰქონდათ მისი მოსწავლეებს.
დღევანდელი გადმოსახედიდან, გურამ დევდარიანი ნამდვილად საუკეთესო საგანმანათლებლო ლიდერად უნდა ვაღიაროთ, რადგან პროფესიონალიზმთან ერთად, ის ზედმიწევნით კარგად იცნობდა სასწავლო პროცესს. მას დიდი გამოცდილება ჰქონდა როგორც მასწავლებელს, სასწავლო ნაწილის გამგეს, სამინისტროსა და რაიონული განყოფილების ინსპექტორს და როგორც დირექტორს. ამ პოზიციებზე მიღებული გამოცდილების შერწყმამ კი, უდავოდ, საუკეთესო ლიდერად ჩამოაყალიბა.
ქალბატონი რუსუდანი მისთვის დამახასიათებელ ფრაზებსაც იხსენებს: „როდესაც რამე მოეწონებოდა და კმაყოფილი იყო რაიმე ქმედებით, აუცილებლად გეტყოდა ამ ფრაზებს: „აგაშენა ღმერთმა“, „აშენდა შენი ოჯახი“. ამბობს, რომ ვისაც კი ოდესმე გურამ დევდარიანთან შეხება ჰქონია, მისი დავიწყება წარმოუდგენელია. რაც შეეხება თანამედროვე განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს, რუსუდან პატაშურის აზრით, დღეს, ბატონი გურამისთვის ბევრი რამ მიუღებელი იქნებოდა, ალბათ, უფრო კრიტიკულად შეხედავდა რეალობას და არც მოერიდებოდა საკუთარი აზრის გამოხატვა, რადგან ბუნებით, ობიექტურობასთან ერთად, ძალიან თავისუფალი ადამიანი იყო.