უკვე მეორე წელია საჯარო სკოლები ელექტრონული ჟურნალით მუშაობენ. პედაგოგთა ძირითადი მასისთვის მისი მოხმარება სირთულეს აღარ წარმოადგენს, რასაც ხელი დანერგვის დასაწყისშივე გამართულმა ვებინარებმაც შეუწყო. მისი ორივე ვარიანტი, როგორც ზოგადი, გლობალური, ისე ცალკეული მოდულების სახით შექმნილი ინსტრუქციები, ილუსტრირებული პდფ ფაილები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე EL.ge. ჩვენი გაზეთის დღევანდელ ნომერში გვინდა პორტალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციონალზე ვისაუბროთ, რომელიც ინკლუზიური განათლების პედაგოგებსა და ფსიქოლოგებს ეხებათ.
ჩვენმა მკითხველმა იცის რაოდენ გამორჩეულად შრომატევადი და სპეციფიკურია სპეცმასწავლებლის ფუნქცია სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია მისი სისტემატური კომუნიკაცია მშობელთან, სასურველი შედეგის მისაღწევად; ინტერნეტში ბევრი საინტერესო რესურსის მოძიებაც შეიძლება, რაც მათ ამ რთულ გზაზე დაეხმარებოდა, მაგრამ მათი ამობეჭდვა ფინანსებთანაა დაკავშირებული და რაც მთავარია, სპეცმასწავლებლებს აქამდე არც სასკოლო ჟურნალში უმუშავიათ და ელექტრონული ჟურნალი ხომ მათთვის სრულიად უცხოა. მთავარი სირთულეც სწორედ ესაა. როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროექტების მენეჯერი ლადო იმედაძე გვარწმუნებს, ელჟურნალში მუშაობა ძალიან ადვილი ასათვისებელია და იგი შესამჩნევად შეამსუბუქებს სპეცმასწავლებლის შრომას, პირველ რიგში იმით, რომ მას შეეძლება, მუდმივ კონტაქტზე იყოს მშობელთან/სსსმ მოსწავლესთან და დინამიკაში დააკვირდეს მისი განვითარების პროცესს. ბატონი ლადო ამბობს, რომ მნიშვნელოვანი სიახლეა ინკლუზიური განათლების სპეციალისტისა და ფსიქოლოგის როლის ასახვა არა მხოლოდ ჟურნალში, არამედ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ისქულში; ეს ორი სისტემა სრულ თანხვედრაშია — როცა სკოლა ისქულში დაამატებს პედაგოგს/სპეცპედაგოგს, ფსიქოლოგს, ავტომატურად ექმნებათ მათ მომხმარებელი (ტელეფონით ეგზავნებათ შეტყობინება), რომლითაც შედიან ჟურნალში. თუმცა მომხმარებლის შექმნა საკმარისი არ არის, საჭიროა მისი განაწილება საგაკვეთილო ბადეში. ამ პროცედურას ისქულში სკოლის ადმინისტრატორი ასრულებს. ცხადია, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს უკავშირებენ სსსმ ბავშვებს, რომლებისთვისაც სპეცპედაგოგების მიერ შემუშავებული (საჭიროების შემთხვევაში) ინდივიდუალურ გეგმის მიხედვით, ისქულში ცალკე კეთდება შესაბამისი სპეციალური განრიგი, რომელშიც აუცილებლად ჩანს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, მასწავლებელი თუ ფსიქოლოგი. მომდევნო 24 საათში, როცა მოხდება სინქრონიზაცია, ყველაფერი ეს აისახება ელექტრონულ ჟურნალში.
ფსიქოლოგებისა და სპეცმასწავლებლების როლსა და ხედვებზე საუბრისას ლადო იმედაძე განმარტავს, რომ „პირველ რიგში, ეს გულისხმობს მათ სპეციფიურ ხედვას/წვდომას სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე ზოგადად და არა მხოლოდ ინდგეგმით მიმდინარე გაკვეთილზე, მათ შეუძლიათ აკონტროლონ ბავშვის აკადემიური მოსწრება, ნახონ ქულები, რომლებსაც საგნების პედაგოგები უწერენ სსსმ მოსწავლეს, ასევე ნახონ რა დავალებები მისცეს სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა. ცხადია, ლაპარაკია დათვალიერების რეჟიმზე, იმიტომ რომ, სპეცპედაგოგებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ინფორმაცია, რა ხდება მოცემულ მომენტში და რა ცვლილებაა დინამიკაში. „როგორც ფსიქოლოგი, ვფიქრობ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი სსსმ მოსწავლესთან მომუშავისთვის, არაფერია. ამიტომ, ელჟურნალის მეშვეობით, მოსწავლესთან დაკავშირებული ყველანაირი ცვლილება მათთვის ხელმისაწვდომია.“
ვებინარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა დავალებები. სხვა პედაგოგებისგან განსხვავებით, სპეცპედაგოგს დავალების მხოლოდ გაცემა შეუძლია. შესრულებულ დავალებას იგი ვერ შეაფასებს. ელ. ჟურნალის ერთ-ერთი მოდული დავალების მოდულია. სპეცმასწავლებელი შედის ამ მოდულში და გადადის დირექტორიაში „სსსმ“, სპეციალური ღილაკით იძახებს ფუნქციონალს, სადაც არის შესავსები ველები, როდის რომელი გაკვეთილის დავალებაა, როდის იქნება მისი შესრულების/ჩაბარების ბოლო თარიღი და ა.შ. მას შეუძლია, დავალების გაცემის პროცესში მიაწოდოს მოსწავლეს რაიმე სახის ინფორმაცია, აუტვირთოს მისი აზრით საჭირო რაიმე ფაილები, დაუწეროს კომენტარი და ა.შ. როგორც ვთქვით, სპეცპედაგოგი მხოლოდ ასე მონაწილეობს „დავალების“ მოდულში, შეფასება და ქულების დაწერა მისი პრეროგატივა არ არის, თუმცა შეუძლია გამოთქვას საკუთარი მოსაზრება კონკრეტულ ქულებთან დაკავშირებით, კოლეგასთან, მაგრამ მის გაზიარება-არგაზიარებაში საგნის პედაგოგი სრულიად თავისუფალია.
„თიმსში მოცემული დავალებები არ ჩანს, ისქულში/ჟურნალში“ — ამ ფრაზას ხშირად გაიგებთ პედაგოგებისგან. ბატონი ლადოს განმარტება ამ საკითხზე ასეთია: „ჩვენთან მართლაც დამკვიდრდა ეს არასწორი აზრი. ისქულში არ ხდება დავალებების გაცემა, დავალებების გაცემა ხდება ან თიმსის, ან ელ. ჟურნალის მეშვეობით (როგორც უფრო მოსახერხებელია პედაგოგისთვის). თიმსი და ჟურნალი აბსოლუტურად დამოუკიდებელი პლატფორმებია, თუმცა ერთმანეთთან გარკვეული კავშირი, რა თქმა უნდა, აქვთ. გასაგებია, რომ თიმსის მეშვეობით ხორციელდება საგაკვეთილო პროცესი, ხოლო ელ. ჟურნალით — სასწავლო პროცესის სხვადასხვაგვარი მართვა, მაგრამ ისინი აბსოლუტურად დამოუკიდებელი სისტემებია, შესაბამისად, დავალების შექმნაც და გაცემაც, ასევე მათი მიღება ხდება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.“
ვებინარის მნიშვნელოვანი თემაა ასევე სსსმ მოსწავლისთვის გაკვეთილს მიღმა აქტივობების ჩანიშვნა ელექტრონულ ჟურნალში. სპეცმასწავლებელს ამის საშუალებას აძლევს ჟურნალი და აი, როგორ: ჟურნალში არის „კალენდრის მოდული“, სადაც სპეციალურ პედაგოგს შეუძლია ჩაუნიშნოს ნებისმიერი ტიპის ღონისძიება არა მარტო სსსმ მოსწავლეს/მოსწავლეებს, არამედ მშობელსაც, შეუძლია ერთადაც მოიწვიოს ისინი. ამისთვის ხდება კონტექსტური მენიუს გამოძახება, საიდანაც ვირჩევთ კატეგორიას „სხვა“ ინკლუზიური განათლების პედაგოგმა თავად იცის რა აქტივობა შესთავაზოს მოსწავლეებს, ამ გადაწყვეტილებაში იგი სრულიად თავისუფალია, შეუძლია სახელი დაარქვას, დანიშნოს თარიღი, დრო და ინფორმაციას მხოლოდ ამ კონკრეტულ სპეცპედაგოგზე მიბმული სსსმ მოსწავლეები დაინახავენ. თუ ჩვეულებრივი მასწავლებელი, ამავე დროს, სპეცმასწავლებელიცაა, იგი სპეციალური ღილაკით გადადის კალენდრის მოდულით „სსსმ“-ზე და, ასე ვთქვათ, გაფილტვრის შემდეგ გამოუჩნდება თავისი სსსმ მოსწავლე/მოსწავლეების განრიგი. აქვე უნდა ითქვას, რომ რა პერიოდულობით აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი სპეცმასწავლებელმა და ფსიქოლოგმა, ეს დადგენილი ან განსაზღვრული არ არის. მათ არავინ აიძულებთ ყოველდღე შეასრულონ რაღაც მოქმედებები ჟურნალში, ამის აუცილებლობა, ალბათ, ობიექტურადაც არ იქნება სსსმ ბავშვებთან მიმართებით. თუმცა, არც არავინ უშლის ამის გაკეთებას. იგივეა დავალების გაცემა-არგაცემის შემთხვევაშიც — ყველაფერი ეს ნებაყოფლობითია და დამოკიდებულია თავად პედაგოგზე.
ვიდრე მოკლედ შევაჯამებდეთ ზემოთ ნათქვამს, მინდა გითხრათ, რომ საბაზისო ცოდნა ელჟურნალში მუშაობისთვის ერთნაირია სპეცპედაგოგისა და ფსიქოლოგისთვის, პროცესში რაღაც დიფერენციაცია, ცხადია, არის, ფსიქოლოგი თავისი პეციალობის კუთხით მუშაობს ჟურნალში, მაგრამ ხედვა, დაშვება და როლები ერთი დი იგივეა. მათ შორის სხვაობა არ არის. მოკლედ კი, სპეცპედაგოგი ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით თვალყურს ადევნებს:
⇒ კონკრეტული სსსმ მოსწავლის დასწრებას, მოსწრებას, საგაკვეთილო ბადეს და გაცემულ დავალებებს თითოეულ საგანში;
⇒ შეუძლია თავად გასცეს და მიიღოს კონკრეტული დავალებები ელჟურნალის დავალებების მოდულიდან;
⇒ შეუძლია ჩანიშნოს ჟურნალში ნებისმიერი ტიპის აქტივობა, როცა თავად ჩათვლის საჭიროდ და მოიწვიოს სსსმ მოსწავლე ან მშობელი ან ორივე ერთად;
⇒ ინკლუზიური განათლების სპეციალისტს აქვს საშუალება ე.წ. „ჩატის“ მოდულის მეშვეობით, რომელიც ინტეგრირებულია ელ. ჟურნალში, კომუნიკაცია ჰქონდეს მშობელთან, სსსმ მოსწავლესთან და გარკვეულ შემთხვევებში ადმინისტრაციასთანაც. ამის შესახებ ჯერ კიდევ პირველ ვებინარზე იყო საუბარი. მშობელსაც შეუძლია მისი გამოყენება. ჩატში მიწერილი ინფორმაცია თავფურცელშივე გამოუჩნდება ადრესატს, როგორც ახალშემოსული შტყობინება.
რაკი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მშობლის როლი ინკლუზიურ განათლებაში, მისი სისტემატური კომუნიკაცია პედაგოგთან და თვალყურის მიდევნება შვილის ყოველდღიური წინსვლისა თუ სხვადასხვა ტიპის შეფერხებისათვის, რამდენიმე მშობელს ვკითხეთ აზრი. ერთი მშობლის პასუხი ასეთი იყო: „ფაქტობრივად, ჟურნალში სტატისტიკური ინფორმაცია იტვირთება — განრიგი, ცხრილი, დასწრება, დავალებები, რაც მასწავლებლის მიერ გაწეული სამუშაოს კონტროლს უფრო ჰგავს“; რამდენიმემ კი ჩვენგან გაიგო ასეთი ჟურნალის არსებობის შესახებ. ბატონი ლადოს აზრით კი: „მშობლის ჩართულობის გარეშე ეს მუშაობა განწირულია, ამიტომ აუცილებელია მათი ინფორმირება. რაკი ცენტრალიზებულად ამის გაკეთება შეუძლებელია, საჭიროა თავად სკოლა, სპეცპედაგოგები დაინტერესდნენ, შეხვდნენ თავიანთი მოსწავლეების მშობლებს და გაარკვიონ ისინი, როგორ ითანამშრომლონ, ელჟურნალის მეშვეობით, რადგან მხოლოდ პედაგოგის ძალისხმევა, რაგინდ მაღალპროფესიულიც უნდა იყოს, შედეგს ვერ გამოიღებს. თავად მშობლებს კი ვეტყვი, რომ ისინიც უნდა გააქტიურდნენ, ტექნიკურად აქ არაფერია რთული — პირველ რიგში, საჭიროა მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ასახული იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (ისქული), ტელეფონის ნომრის მითითებით, სათანადო კოდის მიღების შემდეგ კი, პირადი ნომრით დარეგისტრირდება ელჟურნალში, სადაც ხელმისაწვდომი იქნება მისი მხარე და სადაც აისახება ინფორმაცია მხოლოდ მისი შვილის შესახებ.
გარდა ამისა, მინდა დავარწმუნო სსსმ მოსწავლეთა მშობლები, რომ ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ყველა მათი მოსაზრება თუ წინადადება ამა თუ იმ მოდულთან დაკავშირებით, განვიხილოთ პრეტენზიები თუ შენიშვნები. ამასთან ერთად, მინდა ვთხოვო, ნახონ ძველი ვებინარები, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ბევრ, მათთვის საინტერესო საკითხზე.“
ჩვენი მხრივ მხოლოდ იმას დავამატებ, რომ სხვა წყაროებთან ერთად, ჩვენს გაზეთსაც შეუძლია დახმარება გაუწიოს ზოგადად, ინკლუზიური განათლების საკითხით (მათ შორის, ელჟურნალთან მიმართებით) დაინტერესებულ მშობლებს (და არა მხოლოდ მათ) ამ სფეროში გამოცდილი სპეციალისტების ჩართულობით, მათი რჩევებითა თუ რეკომენდაციებით.
ანა ფირცხალაიშვილი