რუბრიკის სტუმარია ანა აბესაძე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი და მოწვეული ლექტორი, მმართველობის გლობალური კოორდინატორი საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision International-ში
– ანა, უცხოეთში მრავალწლიანი უმაღლესი განათლების მიღებისა და სამუშაო გამოცდილების შემდეგ სამშობლოში ბრუნდებით, გვიამბეთ, თქვენი საქმიანობის შესახებ
– უცხოეთში დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით, სამი განსხვავებული მიმართულებით მიწევს მუშაობა, რაც დაბალანსებულ და საინტერესო ჰარმონიას ქმნის ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.
ჩემთვის დიდი პატივია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, განსაკუთრებით კი, რექტორთან, ბატონ მამუკა თავხელიძესთან მუშაობა. მისთვის მთავარი ამოსავალი სტუდენტის კეთილდღეობაა და ყოველთვის მზადაა, ჩადოს უნივერსიტეტის რესურსები იმ საქმიანობაში, რომელიც ერთი სტუდენტის ცხოვრებაში მაინც მოახდენს სასიკეთო ცვლილებას. ჩემი, როგორც მრჩევლის, მთავარ საქმიანობას იმ ინიციატივებზე მუშაობა წარმოადგენს, რომელიც სარგებელს მოუტანს უნივერსიტეტს და ჩვენს სტუდენტებს. ამავე უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი, ბიზნესინგლისურის ლექციებს ვკითხულობ, რაც სტუდენტებს ენის გაუმჯობესებაში ეხმარება, კარიერული და სამუშაო მიზნებისთვის, ასევე, შეხვედრებისა თუ მოლაპარაკებების წარმოების დროს.
ამასთანავე, ვმუშაობ გლობალური მმართველობის საკითხებზე მსოფლიოს ერთ-ერთი და უკვე ჩემი ფავორიტი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის — World Vision International — სათავო ოფისისთვის ლონდონში, რომელიც ხუთ კონტინენტს მოიცავს და ასზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს.
– უცხოეთთან თქვენი ურთიერთობა პროგრამა FLEX-ის ფარგლებში დაიწყო. ბავშვობის ოცნება, ამერიკაში სასწავლებლად წასულიყავით, რეალობად აქციეთ. რამდენად რთული იყო გზა მშობლიური ტყიბულის №1 საჯარო სკოლიდან ტეხასის დასავლეთ მაგნოლიის სკოლამდე?
– ნებისმიერი წარმატების უკან დიდი შრომა და იმედგაცრუება დგას, რომელიც უმეტესად არ ჩანს, რადგან საზოგადოებას, ძირითადად, მხოლოდ გამარჯვებებს ვუზიარებთ ხოლმე. მიზნის მიღწევამდე გასავლელი გზა ხშირად მოსაწყენი და უიმედოც კია, იმ თანმიმდევრულობისა თუ ერთი და იმავეს კეთების გამო, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში, საკუთარ თავზე მუშაობისას, ვაწყდებით და რომელიც, ამავდროულად, აუცილებელია წარმატების გზაზე. სწორედ ასე გამოიყურებოდა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ამერიკაში, ვდგებოდი დილის 5 საათზე და ვიწყებდი ყოველდღიურ ბრძოლას როგორც ახალ ქვეყანაში, ასევე ამერიკულ სკოლაში თავის ღირსეულად დასამკვიდრებლად. თუმცა, ქვეყნის სიყვარულმა და არაჩვეულებრივმა მასპინძელმა ოჯახმა ეს პროცესი საგრძნობლად გამიადვილა.
სწავლის გარდა, აქტიურად ჩავერთე სხვადასხვა საგანმანათლებლო კლუბებში, გავხდი სკოლის გაზეთის რედაქტორი, ხოლო აკადემიური წარჩინებისთვის, ავტომატურად, მოვხვდი ეროვნული ღირსების საზოგადოებაში (National Honor Society). რაც შეეხება პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჯილდოს (ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა), იყო მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელი მადლობა და სიკეთის „უკან დაბრუნების“ მცდელობა აშშ-ის დეპარტამენტისთვის.
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მაგისტრატურაზე, ამერიკის ოცეულში მყოფმა წამყვანმა უნივერსიტეტმა (Rice University) მიგიღოთ, თუმცა, სწავლა ტალინის უნივერსიტეტში გააგრძელეთ. რამ განაპირობა არჩევანი?
– რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე რაისის უნივერსიტეტში სწავლას დავთანხმდებოდი, შემატყობინეს, რომ მაგისტრატურის სრული სტიპენდია მივიღე ტალინის უნივერსიტეტში, რომელიც დაფინანსებული იყო ევროკომისიის მიერ და, დამატებით, სტუდენტობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავდა. რადგან ამერიკაში უკვე მქონდა განათლება მიღებული, გამოცდილების მრავალფეროვნებისთვის, ამჯერად, ევროპაში სწავლა ვარჩიე. გადაწყვეტილება ნამდვილად არ მინანია, ვფიქრობ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. უნივერსიტეტმა შესაძლებლობა მომცა, დამატებით მომეპოვებინა შიდა სტიპენდია აკადემიური მიღწევებისთვის და, ასევე, დამნიშნა ტალინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად. ძალიან ვამაყობ იმ ფაქტითაც, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ, ესტონეთის პრეზიდენტმა მიმიწვია მიღებაზე, როგორც ერთ-ერთი წარჩინებული კურსდამთავრებული.
– გვიამბე ამერიკულ უმაღლეს სკოლაში სწავლის გამოცდილებაზე, როგორია სკოლიდან უნივერსიტეტში მოხვედრის/ჩარიცხვის პროცესი და რა კუთხით შეადარებ საქართველოს უნივერსიტეტში მიღების პროცესს?
– ამერიკის უმაღლეს სკოლაში სწავლის გამოცდილება ჩემთვის სრულიად განსხვავებული იყო. აკადემიურ ასპექტთან ერთად, მოვიხიბლე იმ კლასგარეშე კლუბების სიმრავლით, რომლებიც მოსწავლეებს პრაქტიკულ უნარებსა და პროფესიულ ცნობისმოყვარეობას უვითარებს. კარიერული სერვისების დახმარებით, ამერიკული სკოლები ადრეული ასაკიდან აცნობენ მოსწავლეებს სხვადასხვა პროფესიებს და, ფსიქოლოგიური ტესტების, კარიერული ქოუჩებისა თუ სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევენ. ასევე, მინდა ყურადღება გავამახვილო ამერიკულ სკოლებში სპორტისადმი სერიოზულ დამოკიდებულებაზე. სასკოლო სპორტი იმდენად მნიშვნელოვნად აღიქმება, რომ გუნდში პროფესიონალურად მოთამაშე მოსწავლეებს აქვთ შანსი, უნივერსიტეტებში სწავლის სრული დაფინანსება მიიღონ იმ პირობით, რომ საკუთარი ალმა მატერის გუნდში ითამაშებენ. ყოველთვის მქონდა შინაგანი პროტესტის გრძნობა ქართული ეროვნული გამოცდების მიმართ, რადგან მაქვს განცდა, რომ მხოლოდ რამდენიმე საათი და გამოცდა წყვეტს უნივერსიტეტში ჩაბარების ბედს, ამერიკაში კი ეს უფრო ჰოლისტიკური პროცესია და მხოლოდ გამოცდაზე ნამდვილად არ არის დაფუძნებული. ის, ასევე, ემყარება აპლიკაციას, რომელშიც, შესაძლებლობა გაქვს, ჩაწერო განვლილი 12 წლის საქმიანობა სკოლაში, მიღწევები, მოხალისეობრივი აქტივობები და ა.შ. ის ფაქტი, რომ ამერიკელ მოსწავლეს სხვადასხვა სახის გრანტის მოპოვების უფლება აქვს, მათ შორის სპორტული, ბევრ რამეზე მეტყველებს. იქ ყველა სახის შრომა ფასდება და ყველა სახის ნიჭს აქვს გასაქანი. ალბათ, ამიტომაც ჰქვია მას „ოცნებების ახდენის ქვეყანა“.
– ანა, გაგვიზიარე ამერიკის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება, რა კონკრეტულ სერვისებს სთავაზობს სტუდენტებს ამერიკული უნივერსიტეტები და რა როლს თამაშობს ეს სერვისები სტუდენტების აკადემიურ წარმატებაში?
– გლობალურად აღიარებულია და მე მხოლოდ განვმეორდები, რომ აშშ-ს განათლების სისტემა სტუდენტებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს პიროვნული, პროფესიული და აკადემიური ზრდისთვის. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ორი მნიშვნელოვანი მომსახურება, რაც, საბედნიეროდ, საქართველოშიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს: ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისები, რომლებიც სწავლის განმავლობაში უფასოდ ემსახურება სტუდენტებს, მათი აკადემიური, ემოციური თუ პიროვნული განვითარების ხელშესაწყობად. ამერიკაში დიდ ყურადღებას აქცევენ სტუდენტის მენტალურ ჯანმრთელობას, რადგან კარგად აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ ეს აკადემიური წინსვლის ერთ-ერთი დიდი ხელშემწყობი ფაქტორია. უნივერსიტეტები სტუდენტებს ფსიქოლოგიურ კონსულტაციებსა და სხვადასხვა სახის ტრენინგებს სთავაზობენ, მათი ემოციური კეთილდღეობისთვის.
რატომღაც სტუდენტობის პერიოდში მეგონა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები აკადემიურად ძლიერ სტუდენტებს არ ექმნებოდათ, თუმცა, იქ მუშაობის გამოცდილებამ დამანახა, რომ პირიქითაც შეიძლება მოხდეს. უნივერსიტეტთან ადაპტაცია ახალგაზრდებისთვის დიდ სტრესს წარმოადგენს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დიდი აკადემიური მოლოდინების თუ სხვა სახის წნეხის ქვეშ იმყოფება. სხვა მენტალურ პრობლემებთან ერთად, პერფექციონიზმი, პროკრასტინაცია, დაბალი თვითშეფასება და გამოცდის შფოთვა წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რაც იქ მუშაობის დროს ვიხილე.
ასევე, არანაკლებ მომხიბლა კურსდამთავრებულთა ქსელის ეფექტურმა მუშაობამ, რომელიც საუკეთესო კავშირის პლატფორმაა დამამთავრებელ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, ფაკულტეტსა და დამსაქმებლებს შორის. ამერიკულ უნივერსიტეტებს სრულად აქვთ გაანალიზებული კურსდამთავრებულთა ქსელის მნიშვნელობა როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე სტუდენტისთვის. კურსდამთავრებულთა ასოციაციები მუდმივად ცდილობენ, დროის საჭიროებების საპასუხოდ განაახლონ და გააუმჯობესონ კურსდამთავრებულთა ჩართულობის სტრატეგიები, გამოიყენონ ტექნოლოგიები მათთან ეფექტურად დასაკავშირებლად და რაც ყველაზე მთავარია, დააფასონ კურსდამთავრებული, როგორც ინდივიდი. მაგალითად, Texas A&M University თავის კურსდამთავრებულებს მათ საჭიროებებზე მორგებულ ისეთ ღირებულ მომსახურებებს სთავაზობს, რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრება აკავშირებს მათ საკუთარ ალმა მატერთან. უფასო კარიერული სერვისები, ყოველწლიური შეკრებები, საკონტაქტო ღონისძიებები პროფესიული წრის გასაფართოებლად, კავშირი ერთმანეთთან/წამყვან დამსაქმებლებთან და სხვა რესურსებთან წვდომა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრობის ბენეფიტების.
– ანა, თქვენი დახმარებით, ტყიბულის №1 საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს დაენიშნა სტიპენდია…
– აშშ-ში ყოფნის დროს, შევხვდი უამრავ კეთილშობილ ადამიანს, რომელთა დახმარებითაც, სხვადასხვა სახის შესაძლებლობები შევქმენით ქართველი ახალგაზრდებისთვის. ყველაზე მეტად მახარებს ის აქტივობები, რომლებიც ჩემს მშობლიურ ქალაქს, ტყიბულს უკავშირდება. ტყიბულის №1 სკოლის ორ მოსწავლეს ყოველთვიური სტიპენდია დავუნიშნეთ, 1 აკადემიური წლის განმავლობაში, რითაც, ვფიქრობ, დამატებითი მოტივაცია შევძინეთ მათ. ამ შესაძლებლობით, ასევე, მინდოდა მადლობა გადამეხადა ჩემი მშობლიური სკოლისთვის და იმ არაჩვეულებრივი კოლექტივისთვის, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში.
– განათლების ადმინისტრირების კუთხით, ხუთ ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება გაქვთ, გაწეული წვლილისა და პროფესიონალიზმისთვის დაჯილდოებული ხართ აშშ-ს დეპარტამენტის მადლობის წერილით და მშვიდობის კორპუსის ნომინაციით — „მასპინძელი ქვეყნის გმირი“. კონკრეტულად, რომელ ქვეყნებში და რა სახის პროექტებზე გიწევდათ მუშაობა?
– ჩემი უცხო ქვეყნებში მიღებული სამუშაო გამოცდილება, ძირითადად, არაფორმალურ და ასევე, საერთაშორისო განათლების ადმინისტრირების სფეროს უკავშირდება. საქართველოს გარდა, ვიმუშავე თურქეთში, ბულგარეთში, ესტონეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
თურქეთსა და ბულგარეთში ცხოვრების დროს, ორგანიზაციებში ევროკომისიის დაფინანსებულ პროექტებზე ვმუშაობდი, ხოლო ესტონეთში — საელჩოსა და ტალინის უნივერსიტეტში, რომელსაც ჩემი სტუდენტობის საუკეთესო მოგონებები უკავშირდება. განსაკუთრებით გამოვარჩევდი აშშ-ს, სადაც პროფესიულად ყველაზე მეტად და სწრაფად გავიზარდე. საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორის როლი ძალიან ბევრის მომცემი იყო, ამერიკელ სტუდენტებთან ურთიერთობითა და იმ გარემოებით, რომ სრულიად ახალი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასტიპენდიო პროგრამის დაარსებაში მივიღე მონაწილეობა, ჩემს კოლეგებთან ერთად.
საქართველოში ყოფნის პერიოდში გამორჩეულად შთამაგონებელი იყო გლოუს ელჩების პროგრამის კოორდინატორად მუშაობა, რადგან შეხება მქონდა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდა ლიდერ გოგონებთან, რომელთაც ვეხმარებოდით, საკუთარი თემებისთვის „პოზიტიური ცვლილებების აგენტები“ ყოფილიყვნენ. ამ პერიოდში გაწეული წვლილისთვის, მშვიდობის კორპუსის მოხალისეების ინიციატივით, „მასპინძელი ქვეყნის გმირის“ ნომინაცია მომანიჭეს.
– შესაძლებლობა მოგეცათ, ყოფილიყავით მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური საგანმანათლებლო კონფერენციების — NSPA და NAFSA — ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მიწვეული სპიკერი, მოგვიყევით ამ გამოცდილებაზე.
– 3 წლის წინ რომ გეკითხათ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ კუთხით ასეთი შესაძლებლობები მომეცემოდა. ამერიკაში ყოფნის დროს, წილად მერგო პატივი, ვყოფილიყავი მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური სასტიპენდიო კონფერენციის მიწვეული სპიკერი, რომელიც 700-მდე პროფესიონალს მასპინძლობს, სასტიპენდიო და უმაღლესი განათლების დარგში. პირველ წელს ვესწრებოდი, თანამშრომლებთან ერთად, როგორც რიგითი მონაწილე, ხოლო მეორე წელს თავად მიმიწვიეს მომხსენებლად. რაც შეეხება NAFSA-ს, საერთაშორისო განათლების სფეროში მსოფლიოს წამყვანი და ყველაზე მასშტაბური ასოციაციაა, რომელიც 10 000-ზე მეტ წევრსა და 3500-ზე მეტ ინსტიტუტს 150-ზე მეტ ქვეყანაში ემსახურება. ძალიან მწყდებოდა გული, რომ ჩემი ამერიკული კარიერის პერიოდში, NAFSA-ს ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მომეცა. ვინც საერთაშორისო განათლების სფეროშია, ძალიან კარგად იცის ამ ასოციაციის მასშტაბურობა და მნიშვნელოვნება. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ერთი წლის შემდეგ, საქართველოდან ჩავერთვებოდი კონფერენციაზე მიწვეულ სპიკერად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან, რათა გამეზიარებინა ჩვენი ხედვები, გამოცდილება და მცირე წვლილი შემეტანა ამ დიდ საქმეში.
კონფერენციის მუშაობაში, მომხსენებლად, უნივერსიტეტის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფასილიტატორმა, მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის საერთაშორისო განათლების მენეჯმენტის პროგრამის თავმჯდომარემ, პროფესორმა, დევიდ ვიკიმ, რომელმაც 2022 წლის 20-21 იანვარს, თბილისში გამართულ ორდღიან კონფერენციაზე, მოისმინა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ ინტერნაციონალიზაციის სფეროში გაწეული საქმიანობა და საჭიროდ მიიჩნია, პანდემიის ფონზე მიღწეული ამ შედეგებისა და გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარება.
პროფესიონალის ვიზით (H1B), მიწვევით, მუშაობდით ამერიკის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში. წარმატებული კარიერის გაგრძელების ნაცვლად, საქართველოში დაბრუნება არჩიეთ და ქართველი ახალგაზრდებისთვის პოზიტიური ცვლილებების აგენტი გახდით. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით: „…ცხოვრებას ნამდვილად საქართველოში ვაპირებ. როგორც ვიცი, საზღვარგარეთ განათლებას ქართული სამუშაო ბაზარი აფასებს. ალბათ მეც გამიმართლებს “.
– რა რეალობა დაგხვდათ საქართველოში და რამდენად ახერხებთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზებას ქართულ სამუშაო ბაზარზე?
– დიახ, ცხოვრებამ შესანიშნავი შანსი მომცა, მემუშავა H1B ვიზით, ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის (Texas A&M University) ფონდისთვის, აშშ-ში. სამწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ (რომლის კიდევ სამი წლით გახანგრძლივება შემეძლო), ორ ვაკანსიაზე გავაგზავნე განაცხადი, თუმცა, ინტერვიუსთვის მზადებისას, ვიგრძენი მოტივაციის სრული სიცარიელე ყველაფერზე, რაც სამსახურს ან იქ დარჩენას უკავშირდებოდა. მივხვდი, რომ უკვე საქართველოში დაბრუნების დრო იყო. მინდოდა, იქ მიღებული გამოცდილება ქართული რეალობისთვის მომერგო, ახალგაზრდებისთვის უფრო მასშტაბურ შესაძლებლობებზე წვდომის მისაცემად, რასაც ჯერჯერობით წარმატებით ვახერხებ, რექტორის მრჩევლის ამპლუაში.
ჩემი დაბრუნება, პირველ რიგში, განპირობებული იყო საყვარელ ადამიანებთან ახლოს ყოფნის სურვილით, რომელთა ნახვა ყოველდღიურ რეჟიმში დიდი ბედნიერებაა. თუმცა, მთავარი მოტივაცია ქვეყნის სასიკეთოდ იმ ინვესტიციის უკან დაბრუნების სურვილია, რომელიც აშშ-ის დეპარტამენტმა და ევროკავშირმა ჩადო ჩემს განათლებაში იმ იმედით, რომ არათუ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი ქვეყნის მომავალს წაადგებოდა. ამერიკაში ხშირად მიგრძვნია დანაშაულის გრძნობა, პროფესიული მოღვაწეობის სხვა ქვეყანაში განხორციელების გამო, თუმცა, იმასაც ვაცნობიერებდი, რომ იქ მიღებული გამოცდილება გამორჩეულად გამოსადეგი იქნებოდა ჩემი ქვეყნისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მე იმ ადგილას მოვხვდი, სადაც ამ ეტაპზე თავი წარმომედგინა, საქართველოს რეალობა დასაქმების ბაზარზე საკმაოდ მძიმეა. ჩამოსვლამდე, ბევრი მარწმუნებდა, რომ აქ ჩამოსვლა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა. ყველაზე რთული უიმედო ახალგაზრდის ნახვაა, რომელიც მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავს საკუთარ ქვეყანაში. „ტვინების გადინების“ პრობლემის მოსაგვარებლად თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი პატარა როლი უნდა ვითამაშოთ. მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და გულით მოვუწოდო დამსაქმებლებს, უფრო ღიად შეხვდნენ ახალგაზრდებს, რომლებმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღეს და, იქ უზრუნველი მომავლის შექმნის ნაცვლად, საკუთარ სამშობლოში დაბრუნების რისკი აიღეს თავზე. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არა მგონია, რომელიმე საღად მოაზროვნე ადამიანმა, საკუთარ ქვეყანაში ნორმალური პირობების ფონზე ცხოვრებას, ემიგრაციაში ყოფნა არჩიოს.
– ხომ არ ნანობთ საქართველოში დაბრუნებას?
– ჩემი აზრით, არჩევანის სინანული – ეს უბრალოდ ჩვენი აღქმის საკითხია. ჩვენ ყველა განვსხვავდებით ჩვენი სურვილებით, მისწრაფებებითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით, შესაბამისად, ის, რაც ჩემთვის სწორია, შესაძლოა სხვისთვის შეცდომა იყოს. აქ დაბრუნებით, ჩემი გულის ხმა და გონება ჰარმონიაშია და ეს მარწმუნებს, რომ ამ ეტაპზე ნამდვილად სწორ ადგილას ვარ. ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო ის შესაძლებლობები, რაც აქ, ახლა მაქვს და არ დავკარგო დრო იმაზე ფიქრით, თუ რა იქნებოდა, იქ რომ დავრჩენილიყავი.
ესაუბრა მაკა ყიფიანი