მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები ციფრებში არც თუ სახარბიელოდ აისახა – აპლიკანტთა 74-მა პროცენტმა (სულ 32 ათასი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, რომელთა შორის 10 ათასი მასწავლებლობის მსურველია) 60-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, შესაბამისად, კომპეტენცია წარმატებით მხოლოდ 26-მა პროცენტმა დაადასტურა. თუმცა, მათთვის (და არამხოლოდ მათთვის) სახელმწიფომ გამონაკლისის სახით, წელს, ნოემბრში სასერტიფიკაციო გამოცდები ისევ დაუშვა, რეგისტრაციაც გამოაცხადა და შედეგების გასაუმჯობესებლად კიდევ ერთი შანსი მისცა დაბალქულიან პრაქტიკოს მასწავლებლებს და იმ ადამიანებს, ვისაც მასწავლებლის პროფესიაში შემოსვლა სურთ ბედი სცადონ და საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურონ.
და თუ მაინც ვერ გაიუმჯობესებს პრაქტიკოსი მასწავლებელი შედეგს, რა შესაძლებლობები აქვს მას წლის ბოლომდე სტატუსის ასამაღლებლად? – შევეცადეთ ამ კითხვაზე პასუხი და რჩევები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილისგან, მანანა რატიანისგან მიგვეღო. მასთან ინტერვიუში ასევე, შემოგთავაზებთ გამოცდების შედეგების შეფასებას და სავარაუდო სტატისტიკას, თუ რამდენი მასწავლებელი შეძლებს სტატუსის ამაღლებას; შეიტყობთ, თუ როგორ წარიმართა ვაკანსიების შევსების პროცესი და რომელ მიმართულებებზეა კადრების დიდი დეფიციტი; პრაქტიკოსი მასწავლებლები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ რა აქტივობებით შეუძლიათ დარჩენილი კრედიტების შევსება.
– როგორ შეაფასებთ ზაფხულის გამოცდის შედეგებს, ცნობილია, რომ აპლიკანტთა 74-მა პროცენტმა 60-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა.
– ზაფხულში გამოცდაზე მასწავლებლობის მსურველი ბევრად მეტი გავიდა, ვიდრე წინა წლებში. მოქმედი მასწავლებლების მხრიდანაც ძალიან დიდი აქტიურობა იყო. შედეგებიც განსხვავებული აჩვენეს იმის და მიხედვით, ვის რა გამოცდილება და რა წინარე ცოდნა ჰქონდათ. პროცესებიც მოლოდინის მიხედვით წარიმართა და საინტერესო შედეგები დაფიქსირდა. რაც მთავარია, ძალიან სასიხარულოა, რომ წლევანდელმა გამოცდებმა სისტემისადმი მზარდი ინტერესი დაგვანახა – საკმაოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა მასწავლებლის პროფესიისადმი. ეს ტენდენცია, ერთმნიშვნელოვნად, დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ადამიანების მხრიდან ამ პროფესიისადმი ინტერესის ზრდა და ბევრი მასწავლებლობის მსურველის გაჩენა, მაღალ კონკურენციას და, ავტომატურად, სისტემაში მაღალი ხარისხის კადრების შემოსვლას ნიშნავს. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი, დადებითად უნდა აისახოს სწავლა-სწავლების ხარისხზე. სწორებაც სწორედ ამაზეა, გავამართლოთ მოსწავლეების მოლოდინი, როგორ გახდნენ კონკურენტუნარიანები 21-ე საუკუნეში, შესაბამისი უნარები მოსწავლეებში სწორედ მასწავლებლებმა უნდა განავითარონ. ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი პედაგოგებს და კვალიფიკაციის ამაღლებაში დავეხმაროთ. ამ პროცესში ის მასწავლებლებლებიც გვეხმარებიან, რომლებსაც წლებია კვალიფიკაცია დადასტურებული აქვთ – ახლა ისინი დამწყებ, ახალბედა მასწავლებლებს გვერდში დაუდგებიან.
– 32 ათასი აპლიკანტიდან, 10 ათასი მასწავლებლობის მსურველი იყო. თუ არის ცნობილი, რამდენმა შეძლო კომპეტენციის დადასტურება და დაწესებული 60-პროცენტიანი ზღვრის გადალახვა?
– როცა ვსაუბრობთ მაღალი შედეგის მაჩვენებლ 26, 2 პროცენტზე, რომელმაც წარმატებით დაადასტურა კომპეტენცია და მაქსიმალური 10 ქულა მიიღო, მათ შორის, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია სწორედ მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტების. მათ, რომ ჰქონოდათ იმის შესძლებლობა, უფრო დაბალი კრედიტები ან ნაწილობრივი კრედიტები მიეღოთ, რა თქმა უნდა, მათი რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, მასწავლებლობის მსურველს აუცილებლად 60-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადაელახა, რომ გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩათვლოდა. ჩვენთვის მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ, ვინ შემოდის პროფესიაში, ამიტომაც გვჭირდება, რომ მას საგნობრივი კომპეტენცია აუცილებლად ჰქონდეს დადასტურებული, შემდეგ უკვე, პროფესიული განვითარების გზაზე, მათ სხვა მიმართულებებით დავეხმარებით.
როგორც გითხარით, 26-მა პროცენტმა წარმატებით დაადასტურა კომპეტენცია და ზღვარი სრულად გადალახა 60-პროცენტიანი შედეგით. ვფიქრობ, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ერთი ან ორი ქულა დააკლდა, უკვე იციან სად აქვთ სისუსტეები და შეძლებენ საკუთარ თავზე მუშაობს, რომ ნოემბერში, განმეორებით დანიშნულ გამოცდაზე, უკეთესი შედეგები აჩვენონ. ამისთვის სამი თვე ექნებათ და, შესაბამისად, შედეგების გაუმჯობესებას ველოდებით. რეალურად, ეს შესაძლებელია, თუ მართლაც გადაწყევტილი აქვთ პროფესიაში შემოსვლა და შემთხვევით არ მოხვდნენ გამოცდაზე.
– ბევრს მიაჩნია, რომ უსამართლობაა, როცა მასწავლებლობის მსურველი გამოცდაზე უმაღლეს ქულას იღებს, მოქმედი მასწავლებელი – მინიმალურს და მსურველი მაინც სისტემის მიღმა რჩება. რას უპასუხებთ ამ კითხვის ადრესატებს?
– შემიძლია გითხრათ თუ რა იდგა იმ ლოგიკის უკან, როცა მოქმედი მასწავლებლებისთვის ნაწილობრივი კრედიტების სისტემა ავამოქმედეთ. ამით ჩვენ მოქმედ მასწავლებლებს პროფესიული განვითარების საშუალება მივეცით (სახელმწიფო უქმნის ყველა პირობას). შესაბამისად, ნაწილობრივი კრედიტქულის დაგროვების შემთხვევაში, პედაგოგი პროფესიული განვითარების სხვა აქტივობებში უნდა ჩართულიყო და ამით გაეუმჯობესებინა კომპეტენციები. რადგან გარე პირს (არამოქმედ მასწავლებელს) არ აქვს ამის შესაძლებლობა. მას გამოცდაზე მაქსიმალური 10 ქულა დავუწესეთ, მოქმედ მასწავლებელს კი – დაბალი ზღვარი და მივეცით საშუალება, ნაწილობრივ კრედიტქულების დაგროვების შემთხვევაში, ტრენინგების გავლით, სხვისი გამოცდილების მოსმენით, სამუშაო შეხვედრებში ჩართვით, სხვა მასწავლებლებთან ერთად პროექტებში მონაწილეობით ემუშავა საკუთარ თავზე და კომპეტენციების გაუმჯობესებაზე. სწორედ ეს მიზანი იდგა დაგროვებითი სისტემის შემოღების უკან. აქედან გამომდინარე, მასწავლებელს, რომელიც გამოცდაზე ნაკლებ კრედიტქულას მიიღებდა, მეტი აქტივობის განხორციელება მოუწევდა, რომ სტატუსი აემაღლებინა (გამხდარიყო უფროსი) და რაც უფრო მაღალ ქულას აიღებდა – ნაკლები აქტივობა რჩებოდა განსახორციელებლად. სწორედ ამიტომ გვყავს ეს მასწავლებლები ერთ სივრცეში, რომ ფოკუსირებულად დავეხმაროთ და მივცეთ პროფესიული განვითარების საშუალება.
რაც შეხება ახალ შემოსულ კადრებს, რადგან ისინი ამ სივრცეში არ არიან და მათთვის შესაბამისი თანხები ვერ იხარჯება, ვთხოვთ, სისტემაში უკვე დადასტურებული კომპეტენციით შემოვიდნენ. ამის გარდა, პროფესიაში შემოსვლა, მხოლოდ 60-კრედიტიანი პროგრამის გავლის შედეგად არ ხდება, რადგან კანონში არსებობს ჩანაწერი, რომ პროფესიაში შემოსვლის მსურველს, შეუძლია ჯერ სისტემაში შემოვიდეს და შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, დაადასტუროს კომპეტენცია. შესაძლებელია, სკოლაში მაძიებლის სახით დაიწყოს მუშაობა და დისტანციური კურსის პარალელურად, რომელშიც უკვე დასაქმებული მაძიებელი ავტომატურად ერთვება, დაადასტუროს საგნობრივი კომპეტენცია. მაძიებელს მხოლოდ ამის შემდეგ უღიარდება მასწავლებლობის კვალიფიკაცია და შეძლებს გახდეს უფროსი მასწავლებელი.
როდესაც პროცენტულ რაოდენობაზე ვსაუბრობდით, ვთქვით, რომ შემომსვლელების 26-ზე ცოტა მეტმა პროცენტმა გადალახა ბარიერი და სრულად მოაგროვა კრედიტები, თუმცა, ამის გარდა, დაფიქსირდა მოქმედი მასწავლებლების 55 პროცენტი, რომელმაც კომპეტენცია ნაწილობრივ დაადასტურა და მოიპოვა 1, 4, 7 კრედიტი – დარეგისტრირებული 22 ათასამდე მოქმედი მასწავლებელიდან ნახევარმა შეძლო კომპეტენციის ნაწილობრივი დადსტურება.
– აქვე მინდა გკითხოთ, პრაქტიკოს მასწავლებლებს, იანვრამდე, რა შესაძლებლობებითა და აქტივობებით შეუძლიათ დარჩენილი კრედიტების შევსება?
– მასწავლებლებს აქვთ მოლოდინი, რომ ტრენინგებით შეივსებენ დარჩენილ კრედიტქულებს, მაგრამ, მინდა ვუთხრა, რომ ერთი სემესტრის განმავლობაში შესაძლებელია გაიარო მხოლოდ ერთი, ორი ან სამი კრედიტის შესაბამისი ტრენინგი. ამდენად, მათ არ გამოადგებათ მხოლოდ ტრენინგების იმედად ყოფნა. უმჯობესია, ჩახედონ აქტივობების ცხრილს, რომელიც საშუალებას მისცემს, ზუსტად დაინახონ, რა ტიპის დამატებითი აქტივობებით შეძლებენ დანაკლისი კრედიტების შევსებას. რაც მთავარია, მხოლოდ ცხრილს არ შეხედონ (ცხრილი 1 იხილეთ ინტერვიუს ბოლოში). ვურჩევ, წაიკითხონ ის კრიტერიუმები, რომლითაც თითოეული აქტივობა ფასდება. ეს კრიტერიუმები 2015 წლიდან მოქმედებს და ცენტრის ვებგვერდზეა (tcdp.ge)განთავსებული (შეფასების კრიტერიუმები). ამ კრიტერიუმების მიხედვით დაგეგმონ აქტივობები, თავიანთ მოსწავლეებთან ერთად, და გადაწყვიტონ რას განახორციელებენ – იქნება ეს პროექტი, ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში თუ სხვა აქტივობა, რაც პრაქტიკოსს კრედიქტულის მოპოვების საშუალებას მისცემს.
რაც შეეხება შეფასების ვადებს, დეკემბერში სკოლა უკვე დაიწყებს მათ შეფასებას და ჩვენ იანვრის თვე გვექნება სტატუსის მისანიჭებლად. 31 იანვარი უკვე დათქმაა, როცა ყველას უნდა ჰქონდეს სტატუსი მინიჭებული. ხოლო ვინც ამ დროის შემდეგ, მაინც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით დარჩება, მას სკოლა, საჭიროებიდან გამომდინარე, კონტრაქტს გაუფორმებს.
– როგორც ვიცით, მოიხსნა კრედიტების დაგროვების ზღვარი – მასწავლებელს უფლება აქვს, ერთი წლის განმავლობაში, 5 კრედიტზე მეტი დააგროვოს.
– რეალისტები რომ ვიყოთ, ერთი სემესტრის განმავლობაში წარმოუდგენელიც კი არის 5 კრედიტზე მეტის დაგროვება. თუ მასწავლებელს თითო-თითო კრედიტი აქვს დაგროვილი გამოცდაზე და დანარჩენი ერთ სემესტრში უნდა შეავსოს, ამას ის ვერ მოახერხებს და თუ მაინც მოახერხა, ეს უკვე ძალიან დიდ ეჭვს გააჩენს, რომ ყველანაირი ფურცელი გაყალბებულია და რეალურად არ არის შესრულებული. რამდენი პროექტი შეიძლება მოასწროს მასწავლებელმა რამდენიმე თვეში? მათ, ფაქტობრივად, ოქტომბერი და ნოემბერი რჩებათ აქტივობების განსახორციელებლად, რადგან დეკემბერში უკვე შეფასების ჯგუფმა უნდა შეაფასოს. ამიტომ ვიყოთ რეალისტები, თუ ასეთი დაბალი ქულები აქვს მასწავლებელს და უკვე დაგროვილზე ბევრად მეტის დაგროვება სჭირდება, უმჯობესია, დარეგისტრირდეს საშემოდგომო გამოცდაზე და განმეორებით სცადოს შედეგის გაუმჯობესება, ვიდრე რამდენიმე თვეში შეეცადოს 17 კრედიტქულის დაგროვებას.
ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა – დაბალი კრედიტის მქონე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ყველაზე მარტივი გზა სტატუსის შესაცვლელად საშემოდგო გამოცდაზე გასვლა და შედეგის გაუმჯობესებაა. თუმცა, მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ გადამწყვეტია ბოლო გამოცდაზე მიღებული შედეგი, რადგან წინა შედეგი ბათილდება. ეს წესი იმიტომ ამოქმედდა, რომ დაუშვებელია მასწავლებელი შემდეგ მცდელობაზე თავისი კომპეტენციის შედეგს იუარესებდეს, პირიქით, ვფიქრობთ, მან წინა ჯერზე მიღებული შედეგი უნდა გააუმჯობესოს.
– გაზაფხულზე, თქვენთან ინტერვიუში ცნობილი გახდა, რომ იმ უფროსი მასწავლებლებისთვის, რომლებსაც სტატუსის ცვლილებისთვის მხოლოდ გარე დაკვირვების გავლა დარჩათ, შემოდგომაზე, სექტემბერში, დამატებით გამოაცხადებდით გარე დაკვირვებას და მათ შანსს მისცემდით.
– დიახ, უფროსი მასწავლებლებისთვის, როგორც შევპირდით, სექტემბერში გამოცხადდება გარე დაკვირვება. მათ მიეცემათ საშუალება, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (რადგან მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია), გაიარონ გარედაკვირვება. ბუნებრივია, ეტაპობრივად ჩავრთვათ მათ პროცესში, მაგრამ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ უპირატეს მდგომარეობაში არავის არ ჩავაყენებთ. მნიშვნელობა არ ექნება, თუ ვინ გაივლის პირველად და ვინ ბოლოს – მაისში, სტატუსს ერთდროულად მივანიჭებთ. ყველას თანაბარ პირობებში ვაყენებთ, უბრალოდ, იმ რაოდენობიდან გამომდინარე, რომელიც გარედაკვირვების პოტენციური მსურველია, ერთდროულად ვერ შევძლებთ გარედაკვირვების პროცესში ჩართვას. თავისთავად, ძალიან სასიხარულოა, რომ ამდენი უფროსი მასწავლებელი ემზადება წამყვანის სტატუსისთვის. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ყველა შეძლებს გარეედაკვირვების პროცესში ჩართვას და იმედია, სტატუსის ამაღლებასაც.
– როგორ წარიმართა ვაკანსიების შევსების პროცესი?
– ეს პროცესები ძალიან საინტერესოდ წავიდა. პირველი ამოცანა სამინისტროსთვის იყო იმ მასწავლებლების რაოდენობის შემცირება, რომლებიც სისტემაში არასრული განაკვეთით მუშაობდნენ. ამას დაემთხვა ისიც, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებელს სრულად უნდა შევსებოდათ საათების რაოდენობა და ამის შემდეგ უნდა განაწილებულიყო პრაქტიკოსებისა და მაძიებლებისთვის დარჩენილი საათები. მოგეხსენებათ, ვაკანსიები და მასწავლებლების დეფიციტი, იმ პენსიონერი მასწავლებლების სისტემიდან გასვლამ გამოიწვია, რომლებმაც დაწესებული ჯილდოთი ისარგებლეს.
40 ათასამდე საათი ადგილობრივმა კადრებმა აითვისეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მასწავლებლები აქამდე სრულად ვერ იღებდნენ ანაზღაურებას. სასიხარულოა, რომ მათ მიეცათ შესაძლებლობა, საათები დაემატებინათ და გაეუმჯობესებინათ მატერიალური მდგომარეობა. ამ ფაქტს, მხოლოდ და მხოლოდ, მივესალმებით და ვულოცავთ მათ. მეორე, მნიშვნელოვანი პროცესი, რაც ჯილდოს დაწესებას მოჰყვა, არის ის, რომ, დაახლოებით, 4 ათასამდე ვაკანსია გამოცხადდა. კადრების შესარჩევად ჩატარდა კონკურსი და 2650-მდე ახალი კადრი უკვე შევიდა სკოლაში. თუმცა, იმის გამო, რომ ზოგან ვერ შეირჩა მასწავლებელი, ზოგან კონკურსი ჩავარდა ან არ მივიდა მსურველი, ვაკანსიები შეუვსებელი დარჩა. გვქონდა ფაქტები, როცა სხვა სკოლის მასწავლებელს ჰქონდა შემოტანილი განაცხადი ვაკანსიაზე და ხდებოდა გადანაცვლება, ახლა იმ სკოლებსაც გამოუჩნდა ვაკანსიები, ვისი კადრიც სხვა სკოლაში წავიდა. სწორედ ასეთი გადანაცვლებების გამო, დღეს ისევ გამოცხადებულია 1500 ვაკანსია . ველოდებით მეორე ეტაპს, როცა ვაკანსიების შესავსები კონკურსები დასრულდება და სრული სურათი გვეცოდინება – რამდენი ადამიანი შევიდა სისტემაში, მათ შორის რამდენია უფროსი და რამდენი მაძიებელი. ჯერ სტატისტიკაზე საუბარი ნაადრევია.
– გამოიკვეთა თუ არა მიმართულებები ან რეგიონები, სადაც კადრების უფრო მეტი დეფიციტი გაჩნდა?
– რა თქმა უნდა, და ამის მოლოდინი გვქონდა, რადგან წინასწარ გავაკეთეთ მოდელირება, რეალურად რომ შეგვეფასებინა სიტუაცია და რისკები. გადაწყვეტილებებსაც ამის შესაბამისად ვიღებდით. იანვარში ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპს კიდევ უფრო მომზადებულები შევხვდებით. ველოდებით, რომ იმ მასწავლებლების სისტემიდან გასვლა, რომლებიც დეკემბრის პერიოდშიც ისარგებლებენ ჯილდოთი, ისევ გააჩენს ვაკანსიებს სკოლაში.
გეოგრაფიული ლოკაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დეფიციტი უფრო მეტია მაღალმთიანი სოფლის სკოლებში, საიდანაც, სამწუხაროდ, ინტენსიურად მიმდინარეობს მიგრაციული პროცესები. ადგილზე, ფაქტობრივად, კადრები აღარ არიან. ამის გარდა, სკოლებში ბავშვების რაოდენობაც მცირდება, ამასთანავე იმ ახალგაზრდების რაოდენობაც, რომლებიც პოტენციურად შეიძლება მასწავლებლები გამხდარიყვნენ. ისინი ტოვებენ სოფლებს და ქალაქში ჩამოდიან საცხოვრებლად და დასასაქმებლად. პირველი, რასაც ველოდით, ეს იყო და ასეც აღმოჩნდა. კონკურსი, ზოგადად, ძალიან მაღალი იყო ქალაქებში – ერთ ვაკანსიაზე, დაახლოებით, 70-150 მსურველი დარეგისტრირდა. ძალიან დიდი და რთული პროცესების გავლა დასჭირდათ კომისიებს იმისათვის, რომ მოკლე პერიოდში სრულად დაეფარათ და ყველას გასაუბრებოდნენ. მადლობა მინდა გადავუხადო სკოლებს იმისთვის, რომ ძალიან მოკლე ვადაში ორგანიზებულად ჩაატარეს გასაუბრებები.
მეორე პრობლემა, რომელიც წარმოიშვა და ამაზე აუცილებლად მინდა ყურადღება გავამახვილო, გარკვეულ მიმართულებებში შექმნილი დეფიციტია. პირველ რიგში, ესენია: საბუნებისმეტყველო მიმართულების საგნები, მათ შორის, განსაკუთრებით, ფიზიკაში აღმოჩნდა დიდი დეფიციტი. მეორე ნაწილი, სადაც, ასევე, დიდი დეფიციტი შეგვექმნა, არის სპორტის მასწავლებლებისა და ხელოვნების მიმართულება. აღმოჩნდა, რომ ძალიან ცოტაა ისეთი კადრი, რომელიც ამ საგნებში ასწავლის – ზოგადად, ვისაც აქვს საშუალება, რომ მასწავლებლად დასაქმდეს ამ მიმართულებით. რასაკვირველია, პრობლემის მოსაგვარებლად, სამინისტროსთან ერთად, გარკვეულ ნაბიჯებს გადავდგამთ და აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს.
– თუ გამოიკვეთა ნშემთხვევები, როცა გასაუბრებაზე კომისია ან დირექცია გამოცხადებულ ვაკანსიაზე კადრს იმ უპირატესობით ირჩევდა, რომ ის გამოცდილი მასწავლებელია და არა საუკეთესო პოტენციურ მასწავლებელს – მაძიებელს, რომელიც შესაძლოა სისტემისთვის მართლა დანაკარგი აღმოჩნდეს?
– პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სკოლები მასწავლებლებიდან თუ ვერ შეარჩევდნენ კადრს, შემდეგ ხდებოდა შერჩევა მაძიებლებიდან. მაგრამ თუ მაძიებელი ბევრად უფრო ჯობდა გასაუბრებაზე მისულ მასწავლებლობის შესაძლებლობის მქონე კადრს, არჩევანს მის სასარგებლოდ აკეთებდნენ. სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ, ვაკანსიების საერთო რაოდენობაზე, საშუალოდ, 20-დან 25 პროცენტამდე მაძიებლები მოდის, რაც იმას გულისხმობს, რომ სკოლებმა მეტი აქცენტი კვალიფიკაციასა და კომპეტენციებზე გააკეთეს, თუმცა, ახალბედებსაც მისცეს საშუალება, რომ შემოსულიყვნენ სისტემაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასწავლებლად შემოვიდა, ასევე, ბევრი ახალბედა მასწავლებელი, რომელმაც ახლახან დაამთავრა მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა, ან კადრი, რომელსაც უნივერსიტეტის ბოლო კურსზე გამოცდის ჩაბარების საშუალება მიეცა და, ხშირ შემთხვევაში, მათი გამოცდილებაც მხოლოდ პრაქტიკაზე ყოფნით შემოიზღუდა. ასე რომ, ბევრი ახალი კადრი – ბევრი ახალგაზრდა – შემოვიდა სისტემაში. გასაუბრებებზეც სკოლა, კვალიფიკაციასთან ერთად, დაინტერესებული იყო ადამიანის ღირებულებებითაც – როგორ ხედავენ ისინი პროცესებს და რამდენად ღირებულია მასწავლებლობის მსურველისთვის თითოეული მოსწავლე და საკლასო ოთახი.
– როგორია სავარაუდო სტატისტიკა – რამდენი მასწავლებელი შეიცვლის სატატუსს?
– 4100-მა მასწავლებელმა უკვე შეიცვალა სტატუსი და გახდა უფროსი. ეს ის მასწავლებლები არიან, რომლებსაც გამოცდის გარეშე ჰქონდათ სკოლებიდან წარდგინება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მათ მივანიჭეთ სტატუსი. ახლა უკვე გამოცდების შედეგებზე გადავალთ (გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა გადმოაგზავნა შედეგები). გამოვაცხადებთ ვადებს იმისათვის, რომ სკოლებმა წარმოადგინონ ის პედაგოგები, რომლებიც გამოცდების შედეგად ელიან სტატუსის ცვლილებას. ასევე, ვმუშაობთ უფროსი მასწავლებლების სტატუსის ცვლილებაზეც, რომლებმაც წამყვანობა უნდა მიიღონ და ძალიან ახლო მომავალში მათ ამ სტატუსს მივანიჭებთ, ასევე, სისტემაში გვეყოლებიან ახალი მენტორებიც. ოქტომბრის ბოლოს, ზუსტი ციფრები გვეცოდინება, რამდენმა მასწავლებელმა შეძლო სტატუსის გაუმჯობესება ზაფხულის გამოცდების შედეგად და ასევე, ახალი შემოსული მასწავლებლების რაოდენობაც და როგორ განაწილდნენ ისინი – უფროს მასწავლებლად თუ მაძიებლად.
სტატუსის მინიჭების მეორე ეტაპი იანვარში განხორციელდება, სასწავლო წლის ბოლოს კი, გარედაკვირვების შედეგებით დავასრულებთ და უფროს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსს მივანიჭებთ.
– დაბოლოს, როგორი წელი ელით მასწავლებლებს და რა რჩევებს მისცემთ მათ?
– წლევანდელი წელი სკოლებისთვის ძალიან განსხვავებული იქნება. გასაუბრებებს რომ ვესწრებოდი, იყო შემთხვევები, როცა დირექტორები ძალიან ნერვიულობდნენ, აპლიკანტებზე მეტადაც. მაგალითად, შევხვდი დირექტორს, რომელიც სკოლაში ორი ვადითაა არჩეული (12 წელია მუშაობს). მან მითხრა, რომ ძალიან ღელავდა, როგორ ჩაივლიდა შესარჩევი კონკურსი-გასაუბრება. ამის მიზეზი ის იყო, რომ 12 წლის განმავლობაში, მას არც ერთხელ არ ჰქონია სკოლაში ვაკანსია გამოცხადებული და მისთვის ასეთი კონკურსი სიახლე აღმოჩნდა. კონკრეტული შემთხვევის გარდა, ვაკანსიების გამოცხადება და მასთან დაკავშირებული პროცესები ბევრი სკოლისთვის აღმოჩნდა სიახლე, რადგან აქამდე სკოლა ჩაკეტილი სისტემა იყო, სადაც ძალიან მცირე ცვლილებები ხდებოდა და ცოტა ვაკანსია ჩნდებოდა. ამიტომ წელს სკოლები, მოდით ასე ვთქვათ, ამ კუთხითაც, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. სკოლა, ერთიანი ინსტიტუციაა, რომელიც შემდგარია უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობით, ახალი კადრების შესვლა მეტ მხარდაჭერს ითხოვს მისგან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალი სასწავლო წელი საინტერესოც იქნება და მეტი პასუხისმგებლობის მომთხოვნიც – გამოცდილ მასწავლებლებსა და ახლბედა მასწავლებლებს შორის კავშირი უნდა შედგეს და გამოცდილმა კადრებმა ახალგაზრდებს დიდი მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ, თუმცა, არამარტო მასწავლებლებმა – დირექციამ/ ადმინისტრაციამ, მოსწავლეებმა და მშობლებმაც კი. მათ ეს თანადგომა აუცილებლად დასჭირდებათ, რადგან საკმაოდ რთულია ახალ გარემოსთან შეგუება, მით უფრო, როცა ამის გამოცდილება თითქმის არ გაქვს.
მინდა, დიდი წარმატებები ვუსურვო სკოლებს და მასწავლებლებს, წინ ბევრი რეფორმა გვაქვს დაგეგმილი და ამ პროცესებში მათი გვერდში დგომა ჩვენც ისევე გვჭირდება, როგორც მათ ჩვენგან. ყველანაირად ვეცდებით, ვითანამშრომლოთ თითოეულ სკოლასთან და მასწავლებელთან.
ესაუბრა ლალი ჯელაძე
ცხრილი 1
პრაქტიკოსი მასწავლებლის დამატებითი აქტივობების/საქმიანობების ჩამონათვალი, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება
საგნობრივი მიმართულება | კრედიტქულები | პროფესიული მიმართულება | კრედიტქულები |
საგნისა და საგნობრივი მეთოდიკის ტრენინგების გავლა | 1
(25 საათი) |
პროფესიული უნარების ტრენინგების გავლა | 1
(25 საათი) |
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა[1] | 0,5 | წლის განმავლობაში საკლუბო მუშაობის წარმართვა | 1 |
კონკურსებისათვის, ოლიმპიადებისათვის, შეჯიბრებებისათვის (მ. შ. სპორტული და სახელოვნებო) მოსწავლის/ მოსწავლეების მომზადება | 0,5 | სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სასწავლო წლის განმავლობაში | 1-2 |
სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის წარმართვა | 0,5 | სოციალური პროექტები | 0,5 |
სემესტრის განმავლობაში ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში | 0,5 | სემესტრის განმავლობაში ფასილიტატორობა | 1.5 |
სემესტრის განმავლობაში მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრობა (გარდა ფასილიტატორისა) | 0.5
|
სახელმწიფო ენის კურსის გავლა, დადასტურებული ენის ფლობის დონის სერტიფიკატით | 2 (ერთი დონე) |
[1]კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები. ამასთან, აღნიშნული საქმიანობით წლის მანძილზე დასაგროვებელი კრედიტქულების რაოდენობა არ უნდა აღმატებოდეს 0,5 კრედიტქულას. მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში შეძნილი ცოდნის სასწავლო პროცესში გადატანა.
⇒ რეკომენდებულია მასწავლებელმა კრედიტქულები დააგროვოს მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელებით. კრედიტქულების მისანიჭებლად მასწავლებლის შეფასების ჯგუფი ეფუძნება შეფასების სტანდარტიზებულ ინსტრუმენტს.
⇒ მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ.
სრული ვესრიის სანახავად გახსენით ბმული (სქემა)