„ღმერთო, ულხინე ყველა ბავშვს ქვეყანაზე…“

406

ბავშვებო! ალბათ, ბევრს წაგიკითხავთ ანა გავალდას წიგნი „35 კილო იმედი“, რადგან უმრავლესობისთვის საყვარელი ფრაზით: „ვერ ვიტან სკოლას!“ – ასე იწყება. საკუთარ თავგადასავალს პირველ პირში გვიამბობს პატარა ბიჭუნა, რომელსაც სწავლამ ცხოვრება გაუმწარა. მას მერე, რაც აღმოაჩინა, რომ სკოლაში მხოლოდ პირველ დღეს კი არა, ყოველდღე უნდა ევლო, მის გარშემო ყველაფერი თავდაყირა დადგა. ერთადერთი ნათელი წერტილი საგანმანათლებლო სისტემაში მისთვის მარი მასწავლებელი აღმოჩნდა. ეეეეჰ, ბავშვებო, ზუსტად ვიცი, რა ხდება თქვენს სახლებში. ძალიან ძნელია, როცა სკოლის გახსენებაზე მუცელი გტკივდება… მეც გამომიცდია ეს, გარდა ამისა, წინ გიდევთ გაზაფხულის მიწურულს ჩამოწერილი კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის უზარმაზარი სია, თოფურიასა და სკანავის სავარჯიშოები. ახლა რა გაუძლებს მასწავლებლების დამცინავ ტონსა და ირონიულ გამოხედვას, როდესაც მათი დასმული საბედისწერო კითხვა: „რა წაიკითხე ზაფხულის არდადეგებზე?“, „რამდენი ამოცანა გამოიყვანე?“ ხასიათს მოგიწამლავთ! კი მესმის, როგორია „მოსამზადებელი გაკვეთილების ოხვრა“, მაგრამ ეცადეთ, ხასიათი არ მოიწამლოთ, სამყაროს სხვა თვალით შეხედეთ და ცხოვრება გაიადვილეთ! თქვენ კი მასწავლებლებო! უცნაური ხალხი ვართ დიდები… ძალიან უცნაური… ჯერ მარტო ის რად ღირს, მახრჩობელა გველის მიერ ჩაყლაპულ სპილოს რომ დახატავენ ბავშვები და ქუდი გვგონია… ჰმ… გვიხსნიან, გვიხსნიან, მაგრამ მაინც ვერაფერს გვაგებინებენ, მერე დაიღლებიან და ჩაიქნევენ ხელს, აბა, რა იქნება… თან შიშიც შეეპარებათ გულში – ვაითუ, როცა გავიზრდები, მეც ასეთ ბრიყვად გადავიქცეო… ვერ შევედავები – საფრთხე მართლაც არსებობს, მაგრამ თუ მოვახერხებთ და სულის სიღრმეში მიმალულ პატარა ბიჭს გადავარჩენთ, ეს არ დაგვემართება. არ მითხრათ ახლა – შეუძლებელიაო. აი, ეგზიუპერმა ხომ გადაარჩინა. ჩვენც უნდა ვეცადოთ და გამოგვივა. თანაც ამას, იცით, როდის მივხვდებით? ქანცგაწყვეტილს, უილაჯოსა და სასოწარკვეთილს პატარა უფლისწული რომ გამოგვეცხადება და ნიავივით სუსტი ხმით შეგვეხვეწება, ბატკანი დამიხატეო. მაშინ ვიგრძნობთ, რომ ბავშვობა ისევ ცოცხლობს ჩვენში. კარგა ხნის წინ გადაგდებულ ფანქარსაც ავიღებთ და დიდი ამბავი, თუ სასაცილო ნახატები გამოგვივა – ოქროსკულულებიანი პრინცი ზუსტად დაინახავს, რომ არანაირი ქუდი ეს არ არის – გველს სპილო გადაუსანსლავს და უძრავად გაწოლილა.

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, ერთად ვზეიმობთ დიდებიც და პატარებიც. იმედია, გავუგებთ ერთმანეთს… ყოველ შემთხვევაში, ხელს არ ჩავიქნევთ, თუ ჩვენ შორის შემთხვევით „შავმა კატამ“ გაირბინა. გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდებო, ნუ დაბერდებით! ბავშვებო, ნაადრევად ნუ დაბრძენდებით! ისეთი თაობა მოდის, მგონი საგანგაშო არაფერი გვაქვს. თქვენი იმედი გვაქვს სანდროებო, ნინოებო, გიორგებო, ნიკოებო, თამარებო… თქვენ უნდა დაეხმაროთ წაქცეულს ადგომაში, თქვენ მოუბანოთ წყლულები ჭრილობებიდან და თქვენ უნდა ჩამორეცხოთ ის შეურაცხყოფა, რომელიც თავის დროზე ყველა თაობის წარმომადგენელს მიაყენეს. შეუძლებელი არაფერია. უნდა ეცადოთ და გამოგივათ. დიდობა ძნელია, როცა მიხვდებით, რომ დიდობა სულაც არ არის კარგი, მაშინ ეძიეთ თქვენში ბავშვი და თუ აღმოაჩენთ, იცოდეთ, თქვენ ცოცხლობთ! სკოლის დამთავრების აღსანიშნავად ერთ-ერთ მოსწავლეს, კომაროველ მარიამ არუსტაშვილს პერანგზე პეპი გრძელწინდა ეხატა, აი ის, წვიმაში რომ ყვავილებს რწყავს… გამიხარდა, რომ პეპის მიმდევარი გამოუჩნდა. თქვენთან ერთი სათხოვარი მექნება: „არასოდეს გაიზარდოთ იმაზე დიდები, რომ შეგრცხვეთ წვიმაში ყვავილების მორწყვა“.

სულ მალე არდადეგები დაიწყება და სოფელში წავალ, – რომ მკითხოთ, რა მიგიხარია იმ შენს სოფელში, რა დაგხვდება ისეთიო, არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ. იქნებ ის, რომ იქ მდინარეა, ჩემი საყვარელი ბროლია! მართლაცდა რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი?!“ – ეს სიტყვები მწერალ რეზო ინანიშვილს ეკუთვნის, მწერალს, რომელიც დიდსა თუ პატარას ერთნაირად უყვარს და თავისად მიაჩნია. იცით, როგორ ჰყვება ამბავს? აი, ბავშვებმა იცით ხოლმე, ჩამოგვისხდებით, მოგვიყვებით ხან იმ მთისას, ხან ბარისას, ჩვეულებრივს, ისეთს არაფერს, მაგრამ მაინც თქვენთვის მნიშვნელოვანს, საიდუმლოს, ფასეულს, დამაფიქრებელს… მოუთმენლად ველოდებით თქვენს მოყოლილ ამბებს. და ბოლოს, კვლავ რეზო ინანიშვილს მოვუხმობ: „ღმერთო, ულხინე ყველა ბავშვს ქვეყანაზე!“

თქვენი გულშემატკივარი,

უბრალოდ მასწავლებელი

ლია გოგოხია

დატოვეთ კომენტარი