მაია მენთეშაშვილი
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ჩემო საყვარელო კურსდამთავრებულებო, მინდა, მოგონება სკოლაზე გულში სითბოს გიღვრიდეთ, ბედნიერ წუთებთან ასოცირდებოდეს. ის ცხოვრების წიგნიდან ამოგლეჯილ ფურცლებს კი არა, ათასი თავგადასავლით გახალისებულ პერიოდს უნდა ჰგავდეს. იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება… მაშინ, როცა ეს დღე დადგა ჩემს ცხოვრებაში, საკუთარ თავს დავუსვი კითხვა — ახლა რა იქნება? მეგონა, ჩემი თავის ბატონ-პატრონი გავხდი-მეთქი, ახლა აღარავინ მეტყვის, რა დროს შენს ჭკუაზე სიარულია, ჯერ პატარა ხარ, არ იცნობ ცხოვრებასო და ა.შ… ჩემს თაობას უფრო გვტუქსავდნენ, ვიდრე გვარიგებდნენ, რაღაცნაირად ჩარჩოებში იყო მოქცეული ჩვენი და უფროსი თაობის დამოკიდებულებები, ცოტა ტაბუდადებულიც; ამ გადმოსახედიდან მეჩვენება, ცხოვრებას ნაკლებად ან არასწორად გვასწავლიდნენ, ან როგორ უნდა ესწავლებინათ?! ყველას გასავლელი გზა ინდივიდუალური და განსხვავებულია. ის სხვა დრო იყო, რადიკალურად განსხვავებული დღევანდელობისგან — აზროვნებითაც, ურთიერთობებითაც… მოკლედ, ამის გახსენებით იმის თქმა მინდა, რომ სკოლამ, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა გასწავლოს, თუ როგორ იცხოვრო. მაკედონელისა არ იყოს, ჩვენი მშობლები გვანიჭებენ სიცოცხლეს და განათლება გვაძლევს იმას, რაც ცხოვრებას აზრს ანიჭებს.
ლიტერატურა რომ თავშესაფარია, მგონი, ამის ახსნა აღარ გჭირდებათ. მე კი მოკრძალებულად მინდა გზა დაგილოცოთ ცხოვრების დიდ და საინტერესო გზაზე ლიტერატურის დახმარებით; დიახ, რაოდენ უჩვეულოც არ უნდა იყოს, გავკადნიერდები და ქართველ მწერლებთან ერთად მინდა თქვენი ცხოვრების გააზრებაში კიდევ ერთხელ „ჩაგიტაროთ“ ღია გაკვეთილი… მაშ ასე, ჩემო მოსწავლეებო, და არა მარტო ჩემო მოსწავლეებო! არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ „ესე ყოველი ცხორებაი, ვითარცა ყვავილი ველთაი წარმავალ არს და დაუდგრომელ“; არასოდეს დაივიწყოთ ის, რომ ამ წუთისოფლის გამლამაზებლად ვართ ჩვენ მოვლენილი და არა წუთისოფლის დასაპყრობად. ამას მაინც ვერ მოვახერხებთ; „რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა,
არც კაცი ვარგა, რომ სოფელში მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს“.
ლიტერატურამ გვასწავლა, რომ უნდა გვიყვარდეს მოყვასი, კეთილს მივუგებდეთ მას, თუ მტერს ვერ შევიყვარებთ, ბოროტს მაინც ნუ ვუსურვებთ. კაენის ცოდვა ნუ გაგვითელავს ღირსებას და ავმაღლდეთ საკუთარ მერკანტილურ სურვილებზე. არ დაგავიწყდეთ, „ცა მიწიდან იწყება“. ეს მიწა ჯილდოდ გადმოგვეცა. „პატარძალსავით მორთული“ სამშობლო გვაქვს და „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა, ქართულითა ენითა, ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“. რუსთაველი აქ დაიბადა და ქართულ ენას სიამაყე და ძალა მისცა. გახსოვთ, რამდენი რამ გვასწავლა?! რომელი ერთი გავიხსენოთ?! „კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის“, და გვითხრა, სახელოვანი სიკვდილი გერჩიოს უგვან სიცოცხლესო; ან სხვას დაეხმარე, ან ცოცხალ-მკვდარს დაემსგავსებიო, გაგვახსენა: „სიყვარული აღგვამაღლებს“, ცხოვრებას არ გაეთელინოთო. სახელის მოხვეჭის მნიშვნელობაზე, დიდ სიყვარულზე, თავდადებაზე, პატრიოტობაზე, სინდის-ნამუსზე, გულუხვობაზე ისეთი გაკვეთილი ჩაგვიტარა, ყველამ ჩვენი სკოლისკენ, „რუსთველის სკოლისკენ“, გამოიხედა. ამ სულმნათმა ანგარიშგასაწევ ერად გვაქცია. მას მერე არაერთმა არწივმა შემოჰკრა ხელოვნების ჯადოსნური ფრთები. დავით გურამიშვილმა შორეულ სანახებში გულში შეინახა ქართული ენა და შორეულ სტეპებში მყოფმა არ დაივიწყა. ამ ენით სამშობლოს სიყვარული შემოგვითვალა, ურთიერთშუღლის შედეგების მწარე გაკვეთილი ჩაგვიტარა და სწავლის მნიშვნელობაზე თხოვნა-შეგონების ბრწყინვალე უსტარიც გვიბოძა. სიბრიყვე თავს რომ დაგაკარგვინებს და საკუთარი გადაწყვეტილებით თავს წააწყვეტინებ ცრუ მოძღვრებს, „თავტაფიანები“ რომ მრავლდებიან ქვეყანაზე და ღირსება და მორალი სანთლით არის საძებნელი, ეს სულხან-საბას დახმარებით ვისწავლეთ…
მერე იყო გლეჯა და წეწვა ჩვენი ქვეყნისა. გადარჩენა-არგადარჩენის ზღვარზე მყოფი ერი მაინც ახერხებდა შემოქმედებითად თავის გამოჩენას. მეფის რუსეთმა „ნათრევ ლომსავით“ აქცია „უთვალავის ფერით“ მორთული ჩვენი ქვეყანა, ჩინ-მედლებითა და მათრახით იმდროინდელ ქართველებს საკუთარივე ხელით აკმევინა იმპერიის სადიდებელი გუნდრუკი და იმ დროს, „როცა საქართველოში ბნელოდა, გაუვალი წყვდიადი იდგა, მყარად არაბუნებრივი, მაგრამ უკვე ძვალ-რბილში გამჯდარი“, ჯერ ისევ პატარა ტატომ, „ბედნიერმა ტანჯულმა“, გალახული თაობა მერანზე# შემოსვა და, ებრაელთა უდაბნოში ხეტიალის დარად, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაატარა, გაბეჩავებული ერი საქართველოს მამას ჩააბარა საპატრონოდ, სადიაგნოზოდ, სამკურნალოდ… აი, იმან კი უმკურნალა და მოუარა… ანამნეზი ერისა ძალიან არასახარბიელო იყო: „ყველა ცრუი, ყველა ყრუი“… „გარეთ მხდალი, შინ ძლიერი“… სწავლის მიმართ ლუარსაბულად განწყობილი, მოკოტრიალე, არხეინი, თვითკმაყოფილი, „უვიცობის ფსკერზე“ მყოფი. ილიამ, როგორც ერის მამამ, საღათას ძილით დაძინებულ ქართველობას ანდერძივით დაუტოვა: მოძრაობა და მარტო მოძრაობა გადაგარჩენს, საკუთარი ადგილის დამკვიდრება შეძელი და „პადპარუჩიკებს“ და „იამშჩიკებს“ ნუ გამოადღვებინებ გულ-მუცელსა და გონებასო. ილიამ განათლების ტაძარში ჩამქრალი ცეცხლი გააღვივა და ოლიმპიელივით ესტაფეტა ვაჟას გადაულოცა. მაშინ იყო, რომ ქართულად ამოიდგეს ენა ყვავილებმა, მთებმა, ქვებმა, მდინარეებმა, ფრინველებმა თუ ცხოველებმა და აქამდე დაგროვილი ყველა საიდუმლო ერთიანად გაცხადდა. მითში, ზღაპარში, ლექსში, პოეზიაში ხეტიალმა ენაში ენა დაბადა, გააცოცხლა; აკაკიმ საყვარლის საფლავის ძებნაში პოეზია ისე გაამდიდრა, ყველა ჩვენ შემოგვნატროდა, მგოსნის ტიტული და გვირგვინიც მოიხდინა და სამშობლოს ცა ფირუზსა და ხმელეთ ზურმუხტს პოეზიის ხელთუქმნი ძეგლი დაუდგა.
ჩემო დაფრთიანებულო სამოთხის ჩიტებო, ილია გულით გიყვარდეთ და არა სიტყვით; ვაჟასთან ერთად გაიტრუნეთ და ყური მიუგდეთ მშობლიურ მთებსა და ლელიანს, ყვავილებთან ერთად შეიყვარეთ სამყარო და დაფიქრდით, რა უკეთესია, ბალახი იყოთ თუ ცელი, ცხვარი თუ მგელი?! არ დაგავიწყდეთ: „რაც არ იწვის, არ ანათებს“. ადამიანისთვის დანთებულ სანთელს თვალი ააყოლეთ ზემოთ და მთიდან ყაზბეგის ხმა შეგახსენებთ მარადიულ შეგონებას: „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ…“.
მერე მიღმიერი სამყაროდან მოფრინდნენ მოლაღურები, ჯადოსნური ფასკუნჯები, სამოთხის ჩიტები, რომელთაც ახალი, უცნაური ამბების მოყოლა დაიწყეს პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, გოგლა ლეონიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ნიკო სამადაშვილის ენით… მერე უცნაური ფერის თოვლმა დაიწყო ციდან ფენა, ქარი ამოვარდა და ღრუბლებიდან თვით შოთა რუსთაველის ხელით შექმნილ პოეტთა სამეფო ტახტზე დაბრძანებული გალაკტიონ ტაბიძე მიწაზე მეფურად დაეშვა. თქვენებურ სიზმრებს ვერ ვხედავო, ანკი როგორ დაინახავდა?… ვარდისფერი გზით გაეშურა სიკვდილის ბილიკებისკენ; გალაკტიონი, ლოცვად გრაალს დამსგავსებული, ამ სასტიკ სამყაროში სილაში ვარდად მოგვევლინა, ჩვენდა სანუგეშოდ და საბედნიეროდ, თუმცა თვითონ ტატოსავით მარტო იყო, სულ, სულ მარტო…
როცა ცხოვრების ორომტრიალისაგან დაიღლებით, გალაკტიონს მიმართეთ, ის დაგეხმარებათ — ფრთებს შეგასხამთ და გამოგზაურებთ იისფერი თოვლის ქალწულებრივ ლიცლიცში. მიენდეთ… მას ხომ მკერდს ქნარი ისე აქვს მიდებული, როგორც უნდა…
წინაპრებიც ამას ჰქვია: დავით კლდიაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ რჩეულიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ჯემალ ქარჩხაძე, თამაზ და ოთარ ჭილაძეები… მათი თითოეული გენიალური ფრაზა ცხოვრებაში წამოჭრილ კითხვებზე პასუხს გაგცემთ. ჯავახიშვილი ყოველთვის შეგახსენებთ, რომ საკუთარ საქმეს თავად უნდა მიხედოთ, თქვენი ღირსება არავის უნდა გაათელინოთ. ქართველობა შენი უბედურების მიზეზად არანაირად არ შეიძლება მიიჩნიო. შენი მარგო (საქართველო) სიცოცხლის ფასად უნდა დაიცვა და ჯაყოსნაირ ყეყეჩებს ფეხქვეშ არ უნდა გაათელინო. თეიმურაზ ხევისთავივით ლეშივით აკიდებულ შერცხვენილ სიცოცხლეს საკუთარ თავში რწმენის უქონლობა იწვევს. ქართული კალმით, რომელიც გოლგოთის გზის მსგავსია, ჯავახიშვილმა ნაკაცრობის უარყოფა წარმოგვიჩინა ისევე, როგორც ილიამ „არაფრობის უარყოფა“ გააკრიტიკა ლუარსაბის სახის შექმნისას. გამსახურდია? თვალებში ჩაგხედავთ და საკუთარ ნამუსში ჩაგახედებთ; „ბედნიერი ერის“ წარმომადგენლებს გვახსენებს, რომ „თუ მთელმა ერმა არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის“ იმ ერის სიბეჩავესა და მონობას. „ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს“, არჩეულ საქმეზე გულის სისხლის გაღება გვიჭირს და გვეზარმაცება. არ დაგვავიწყდეს ჩვენი სენი: „დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები…“; ეს როგორმე გამოასწორეთო, დაგვიბარა ანდერძივით. თუ დაუჯერებთ, საკუთარ თავში სვეტიცხოველივით ძლიერ, მარადიულ, ბოროტების გამანეიტრალებელ ტაძარს აგაგებინებთ. ჭაბუა, ერთი კაცის მაგალითზე, ცხოვრებას გასწავლით და ისე დაგმოძღვრავთ, რომ ამ ცოდნას ვერაფერი შეეხება, საიმედოდ გაიდგამს ფესვებს. რჩეულიშვილი თავისი განუმეორებელი, ექსცენტრიკული, არაორდინარული წერის მანერითა თუ სათქმელით დაგიმეგობრებთ და თავგანწირვის სიკეთეზე დაგელაპარაკებათ. „სამოსელი პირველით“ შეიმოსებით, როცა დოჩანაშვილის სამყაროში შეაბიჯებთ და ნამდვილ, მარადიულ ფასეულობებზე დაფიქრდებით. დედამიწას რომ სიყვარული ატრიალებს, ადამიანი ადამიანისთვის დღე რომ არის, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კაცი, რომელსაც ლიტერატურა ასე ძლიერ უყვარს. ქარჩხაძე ადამიანად ყოფნის თავგანწირვაზე მოგიყვებათ, დაგამშვიდებთ და დაგაიმედებთ, რომ წელში გასწორებისას ტკივილი დროებითია, ფიქრი — ადამიანის დანიშნულებაზე — მთავარი; ოთარ ჭილაძე? ის სამყაროს სხვა თვალით შეგახედებთ, ფიქრის უნარს გასწავლით, მის სამყაროში თუ იმოგზაურებთ, მესამე თვალი აგეხილებათ, ცხოვრების სწავლის გაკვეთილები ეგ იქნება, თუ იქნება. მას „მთელი ქვეყანა, ბალახის ფესვიდან ვარსკვლავამდე, წიგნივით ედო წინ“; გვითხრა, რომ თავად არის „ადამიანი ყველაფერში დამნაშავე, თავად არის საკუთარი თავის მტერი, იმიტომ, რომ მთელი სიცოცხლე გაორებულია, გაორებული კი არ არის, ყველაფერი ორი აქვს მომადლებული ბუნებისაგან, არა მარტო ხელი, ფეხი, თვალი თუ ყური — ფიქრიც, მიზანიც, თვალსაზრისიც, სურვილიც…“ დარიგებაც ამას ჰქვია: „არასოდეს არ მიითვისო, რისი მითვისებაც არ შეიძლება — სხვისი აკვანი, ანდა სხვისი საფლავი, სხვისი წუხილი, ანდა სხვისი საგოდებელი“… „სიცოცხლეც ისევე ძნელია, როგორც სიკვდილი; ერთი რაღაცის ამოხსნას გავალდებულებს, მეორე კი, რაღაცის დაძლევას. ერთიცა და მეორეც ძნელია, მაგრამ მაინც უნდა შესძლო ერთიცა და მეორეც…“ ქაიხოსრო მაკაბელივით სიკვდილდასუნთქმულმა შენს ეგოიზმს არ უნდა გადააყოლო სამყარო. ადამიანი ისე უნდა შეიყვარო, რომ ოთახში შენს სასიცოცხლოდ არსებულ ჰაერზე მეტი იყოს…
ცხოვრებაში როცა გაგიჭირდებათ, ლიტერატურას შეაფარეთ თავი, ის გადაგარჩენთ! „ღამენათევი და ნამთვრალევი“ თუკი ცხოვრებისაგან იმედგაცრუებული დარჩებით, გახსოვდეთ, ეს მარტო თქვენ არ დაგმართნიათ. თქვენ უკან უამრავი პერსონაჟია; მათ ეს პრობლემა ავად თუ კარგად გადაწყვიტეს. ისინი შეგეშველებიან, დაგაკვალიანებენ. თითქმის თქვენხელა ტატო მერანს შეგაშველებთ, სევდის მდინარიდან გამოგიყვანთ.
გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას და შინაარსიან, სისხლსავსე, საინტერესო თავგადასავლებით აღსავსე მომავალს გისურვებთ თქვენი მონა-მორჩილი მაია მენთეშაშვილი.