„წუხელი სიზმარი ვნახე, ნეტავ, დედავ, რაო?
ალვის ხე რომ წამოიქცა, ნეტავ, დედავ, რაო?“ …
ალბათ ნებისმიერ ჩვენგანს წაუკითხავს ეს ლექსი და დაფიქრებულა, რამ გადააწყვეტინა ხალხურ მთქმელს დაეწერა ასეთი ლექსი?! როგორ შეძლო ქართველმა კაცმა, ჩასწვდომოდა სიზმრის ფენომენს ასე ღრმად და, მეტიც, მხატვრულად გადმოეცა სიზმრით მოგვრილი შთაბეჭდილება! როგორ მოახერხა ავტორმა სიზმრისეულ ხილვებში მოეძებნა მრავალპლანიანი სიუჟეტი, წიაღსვლებითა და ქარაგმებით ისე გადმოეცა მისი შინაარსი, რომ მკითხველი დაეფიქრებინა სიკვდილ-სიცოცხლის მარადიულ საკითხზე სხვაგვარი რაკურსით.
„სიზმარა“ — ეს ზღაპარიც ყველას გვიყვარს და გვახსოვს, როგორი სიმბოლური სიზმარი ნახა პატარა გლეხის ბიჭმა, როგორ აუხდა ეს სიზმარი და რამხელა გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე სიზმრად ნანახმა. სიზმრები, წინათგრძნობა, გამოცხადება, წინასწარმეტყველება — მათი ფუნქცია და მისია მუდმივად იყო და არის კვლევის საგანი როგორც ფოლკლორისტიკაში, ასევე ლიტერატურათმცოდნეობასა თუ ფსიქოლოგიაში. სიზმრისეული სამყაროს ამოცნობას სხვადასხვა სფეროს უთვალავი მეცნიერი ცდილობს დღემდე, თუმცა ლიტერატურულ ტექსტებში გამოყენებული სიზმრების ფუნქცია ნაკლებადაა შესწავლილი. ყველასათვის უდავო ჭეშმარიტებაა, რომ ფოლკლორი, უძველესი დროიდან დღემდე, წარმოადგენს კაცობრიობის მიერ შექმნილი კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ფასეულ მემკვიდრეობას. ისიც ნათელია, ქართული ხალხური ეპოსი მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე ძეგლია უძველეს ცივილიზაციათა შორის. იგი ტოლს არ უდებს უძველეს შუამდინარულ ეპოსს, რომელიც მოგვითხრობს ღმერთებსა და ადამიანებზე, ასევე იმ ქალაქებზე, სადაც დაირწა კაცობრიობის უძველესი აკვანი. ფოლკლორი გვარწმუნებს, რომ მსოფლიოს ხალხები, სხვადასხვა დროსა და ეპოქაში, ფიქრობდნენ ერთსა და იმავე თემებზე, ხშირად ერთგვარად. უძველესი შუმერული ეპოსის — „გილგამეშიანის“ წაკითხვისას შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ მთავარი პერსონაჟების სიზმრებს, რომელთაც ხშირად გადამწყვეტი როლი ენიჭება მოქმედების განვითარებასა თუ პერსონაჟთა სიკვდილ-სიცოცხლის საქმეში. ქართულ ფოლკლორულ ნიმუშებშიც ხშირად გვხვდება სიზმრები. ჩვენი მიზანია, შევადაროთ სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა კულტურული ღირებულების ხალხის მიერ შექმნილ ფოლკლორულ ტექსტებში გამოყენებული სიზმრის პასაჟები ერთმანეთს, დავინახოთ საერთო მათ შორის და გავაკეთოთ დასკვნები, რა დატვირთვა აქვს სიზმრის ჩართვას მხატვრულ ტექსტში, კერძოდ, ხალხურ ეპოსში.
საგულისხმოა, დავაკვირდეთ სიზმრებში ჩართულ ურთიერთის მსგავს ალეგორიებს, მეტაფორებს, ქარაგმებსა თუ სახე-სიმბოლოებს, რომელთაც იყენებდა, ერთი მხრივ, შუმერული, ხოლო მეორე მხრივ – ქართული ცივილიზაცია უძველეს ხანაში. ასეთი ქარაგმებია, მაგალითად, ხის წაქცევა (ზოგადად, ხის ხსენება ხშირია ორივე ეპოსის სიზმრებში), ლურჯი წყალი, ირმის ყვირილი, ქვა, ალი, ცეცხლი, მზისა და მთვარის დასიზმრება და ა.შ. განვიხილოთ რამდენიმე სახე-სიმბოლო.
ქალის მოდელი სიზმრის ახსნისას — პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ „გილგამეშიანის“ მთავარი პერსონაჟები: გილგამეში და ენქიდუ სიუჟეტურად შეკრულ და დასრულებულ სიზმრებს ხედავენ (1). მათი სიზმრები უშუალოდაა დაკავშირებული ნაწარმოების კომპოზიციასთან. გილგამეში, სანამ ენქიდუს გაიცნობს, სამ სიზმარს ხედავს, რომელთაც დედა აუხსნის. ენქიდუს გაცნობის მერეც, როდესაც ისინი ხუმბამბას დასამარცხებლად მიდიან კედრის ტყეში, კვლავ სამ სიზმარს ხედავს, ხოლო თავად ენქიდუ სიკვდილის წინ ხედავს საზარელ სიზმრებს, რომელთაც უყვება მეგობარს, გილგამეშს. ამით იგი საკუთარ სიკვდილს წინასწარ გრძნობს. ცალკე მსჯელობის საგანია შუმერული ღვთაება დუმუზის, იმავე თამუზის, ნაყოფიერების ღმერთის, სიზმარი, რომელსაც იგი დის, გეშითინანას დახმარებით ახსნის. პირველი საერთო, რაც შესაძლოა, დავინახოთ ქართულ ფოლკლორულ სიზმრის ნარატივსა და შუმერულს შორის, ისაა, რომ სიზმრის ეგზეგეზის, ანუ ახსნა-განმარტების მცდელობა, ძირითადად, ქართულ ხალხურ ლექსებშიც აქვთ ქალებს. ქართულ ფოლკლორშიც ან დედას უყვება პერსონაჟი სიზმარს და ცდილობს, მისი დახმარებით ახსნას სიზმრად ნანახი („წუხელის სიზმარი ვნახე, ნეტავ დედავ, რაო?…“), ან დედინაცვალს უყვება (ზღაპარი „სიზმარა“), ან თავად ქალი ჰყვება („ქალმა თქვა: სიზმარი ვნახე“…). ამგვარად, ქალის მოდელი სიზმრის ახსნის დროს წარმმართველ როლს ასრულებს ორივე ხალხის ფოლკლორში.
მიწაზე ჩამოსული ციური მნათობი — მეორე თვალსაჩინო მსგავსება არის ის, რომ ფოლკლორულ ტექსტებში მთავარ პერსონაჟებს სწორედ სიზმრების წყალობით ეცნობებათ ცხოვრების მეგზურთან, ცოლთან, მეგობართან შეხვედრა. გილგამეში თავისი საუკეთესო მეგობრის, განკაცებული ენქიდუს, გაცნობის წინ ხედავს უჩვეულო სიზმრებს, რომელთაგან ერთ-ერთი ასეთია:
„ადგა გილგამეში სიზმრის ასახსნელად, ასე ეუბნება დედას: დედავ, მესიზმრა წუხელ სიზმარი:
ვითა ღვთაებრივი ანუს მხედრობა მომვლენოდნენ ზეცის ვარსკვლავები
ჩემ წინ ეცემოდა ვარსკვლავი ერთი: აწევა ვცადე, სიმძიმემ დამძალა; წაღება ვცადე, ვერ დავძარი.
ურუქის ერი იდგა მის უკან, ერი შეიკრიბა მის წინაშე.
ხალხი აწყდებოდა ირგვლივ, მოყმენი ახლოს ჯგუფდებოდნენ
ჩვილი ბავშვივით ფეხებს უკოცნიდნენ. მე კი მოვეხვიე ვითარცა სასძლოს და შენ წინაშე დავაგდე იგი,
რათა სწორგეყო იგი ჩემ მიმართ.“ (2)
უდავოდ, საინტერესო სიზმარია. ჯერ ერთი, იმ მხრივ, რომ მიწაზე ჩამოსული ვარსკვლავი, რომლის დაძვრას ვერავინ ახერხებს, მის ღვთაებრივ ბუნებაზე მიგვანიშნებს. შეუძლებელია, არ აღინიშნოს ფარნავაზის სიზმარი (3): „მაშინ იხილა ფარნავაზ სიზმარი, როცა იყო იგი სახლსა შინა უკაცურსა და ეგულვებოდა გასვლა და ვერ განვიდა. მაშინ შემოვიდა სარკუმელსა მისსა შუქი მზისა და მოერტყა წელთა მისთა და განიზიდა და განიყვანა სარკუმელსა მას. და ვითარ განვიდა ველად, იხილა მზე ქვე-მდაბლად, მიჰყო ხელი მისი, მოჰხოცა ცუარი პირსა მისასა და იცხო. განიღვიძა ფარნავაზ და განუკვირდა და თქუა: სიზმარი იგი ესე არს, მე წარვალ ასპანსა და მუნ კეთლსა მივეცემი.“ ფარნავაზის სიზმარშიც მზე ჩამოდის ქვეყნად, რათა უკაცურ სახლში გამომწყვდეულ ვაჟს სცხოს ნათელი, ანუ მირონცხების საშუალებით აცნობოს ფარნავაზს უფლის ნება, რომ იგი უნდა გახდეს მომავალი მეფე. აღსანიშნავია, რომ ენქიდუ გილგამეშს სწორედ ღმერთებმა მოუვლინეს, ვითარცა სწორუპოვარი მეგობარი და დამხმარე. სიზმარში ციდან ჩამოვარდნილი ვარსკვლავი, ანუ ენქიდუ მას არაერთხელ დაეხმარება და, საბოლოოდ, მის მაგივრად იღუპება. მეორე მხრივ, საგულისხმოა თავად სიზმრისეული სამყარო: ურუქის ერი, რომელიც მეფედ სცნობს გილგამეშს, ამჯერად თითქოს ზეციდან ჩამოსულ ვარსკვლავს ეთაყვანება — ჩვილივით ფეხებს უკოცნიან, თითქოს ხორციელია იგი. ამით, შესაძლოა, გილგამეშს მიანიშნებს ავტორი, რომ მასზე ძალმოსილი და დიდბუნებოვანი გამოჩნდება ვინმე. მაგრამ გილგამეში სიზმარში მაინც ახერხებს ვარსკვლავის დაუფლებას, ვითარცა სასძლოს, ისე მოეხვევა (4) და დედასთან მიაქვს.
ცნობილ ქართულ ხალხურ ზღაპარში „სიზმარა“ მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა ვაჟი, ხედავს ასეთ სიზმარს: „ძილმა წამიღო, ბურანმა: ცალი ფეხი ბაღდადს მედგა, ცალი — ბაღდადის ბოლოსა; აქეთ მზე მეჯდა, იქით — მთვარე, შუქურვარსკვლავი ხელ-პირს მაბანინებდაო.“ ამ სიზმარშიც მნათობები ციდან ფეხად ჩამოსულან, რათა მთავარ გმირს დაეხმარონ და აპოვნინონ ცხოვრების მთავარი მიზანი. ცნობილია, რომ ამ სიზმრის მიხედვით ვითარდება მთელი ზღაპრის სიუჟეტი და სიზმარა ახერხებს იპოვოს ჯერ მზე — მეუღლე, მერე კი მთვარე და შუქურვარსკვლავი — შვილები.
ტყე, ხე, კედარი, ლერწამი, ალვა, წიფელი — ეს სიმბოლოები/მეტაფორები ხშირად ფიგურირებს ორივე ხალხის ფოლკლორულ ტექსტებში. გილგამეშის სიზმრებში არაერთხელაა ნახსენები კედარი, ტყე, ხე. კერძოდ, გილგამეში, ენქიდუსთან ერთად, სწორედ კედრის ტყეში მიდის ღვთიური ხარის, ხუმბამბას დასამარცხებლად, გზაზე მიმავალნი კი მგზავრულ სიზმრებს ხედავენ. აღსანიშნავია, რომ ენქიდუს გაცნობამდე გილგამეშს ეზმანა ნაჯახი, რომელიც ეგდო ურუქის გალავანში და ხალხი ვერ ეკარებოდა. გილგამეშმა აიღო იგი, დედას მიუტანა. დედამ, ბრძენმა და ყოვლისმცოდნე ფურმა ნინსუნამ ასე აუხსნა შვილს სიზმარი, რომ იპოვიდა სანდო დამხმარეს, ერთგულ მეგობარს და მისი დამხარებით ანუს ლაშქარივით განმტკიცდებოდა. ამ სიზმრიდან საცნაურია, რომ ენქიდუ იქნება მისი მომავალი საყრდენი და ძლიერი დამხმარე კედრის ტყის მბრძანებელ ხუმბამბასთან ბრძოლისას, ზემოთ ნახსენები ნაყოფიერების ღვთაება დუმუზი, იგივე თამუზი, წინასწარმეტყველურ, თან ჯადოსნურ სიზმარს ნახავს, რომელშიც არაერთი სიმბოლო გვენიშნება: თითქოს ლერწმის ტყე აღიმართა, ლაგვინიდან რძე აღარ დიოდა, ხე აღმოიფხვრა, სასმისი სარიდან ისე დავარდა, დაცლა ვერ მოასწრო, კომბალი გაქრა და მისი ვერძი ჩლიქებით მიწას თხრიდა. ამ სიზმარს სასწაულებრივად უხსნის მას და: ლერწმის ტყე მეკობრეებია, მარტოხელა ლერწამი — დედა, ხოლო ორიდან ერთი ლერწმის წაღება ერთ-ერთი ჩვენგანის სიკვდილზე მიუთითებსო. დამ ხის აღმოფხვრა მშობელი მიწიდან მოშორებას დაუკავშირა, ხოლო კომბლის გაქრობა — შემწეს გაქრობას; თხისა და თიკნის გაფანტვა მეკობრის მიერ ჯოგის გაწყვეტად ენიშნა, ხოლო ვერძის მიერ მიწის თხრა — სამარის თხრად.
ახლა გადავხედოთ ქართულ ფოლკლორულ ტექსტებში გამოყენებულ სიზმრებს. ლექსში „სიზმარი“ ხალხური მთქმელი სწორედ ალვის ხის წაქცევას უკავშირებს ადამიანის სიკვდილს, ლექსის ცნობილი დასაწყისი ასეთია:
„— წუხელი სიზმარი ვნახე, ნეტავ, დედავ, რაო?
— ალვის ხე რომ წამოიქცა, ნეტავ, დედავ, რაო?“
დედა ცდილობს ახსნას შვილის სიზმარი, რომ ალვის ხე მისი ტანია, ხოლო ვაზის ფურცლები კი — შვილის ქოჩორი. ტოტებდამტვრეული ხე, რომელსაც ფოთლები სცვივა, ძალზე ხატოვნად არის ქართულ ფოლკლორში გაიგივებული მომაკვდავ ადამიანთან.
„— იმას ტოტები ემტვრევა, ნეტავ, დედავ, რაო?
— შვილო, შენი მკლავებია, ვაჰ, შენს დედასაო!“
ქართული დატირების ეს უძლიერესი ნიმუში შეიძლება მოგვიანებით კიდევ ვახსენოთ, როცა გილგამეში დაიტირებს ენქიდუს და სიზმარშიც ნახავს მას.
საინტერესოა, რომ სიზმარში ალვის ხის მოჭრა/დამტვრევა სხვა ქართულ ხალხურ ლექსშიც გაიგივებულია კაცის სიკვდილთან.
„ქალმა თქვა: ,,ვნახე სიზმარი დამდეგს ენკენის თვისასა,
ცა წითლად, ყვითლად ელავდა, სეტყვას ისროდა ქვისასა;
ბაღში მიმტვრევდა ხეხილსა, დარგულსა ალვის ხისასა;
ხელში მიქრობდა სანთელსა, ჩამოქნილს კელაპტრისასა;
თავზე მაქცევდა ჩარდახსა, დახურულს ყავარისასა,
ვნახე და კიდეც შევესწარ სიკვდილსა თავის ქმრისასა!“
საგულისხმოა ამ ლექსში გადმოცემული სიზმრის სამყარო, სადაც ფიგურირებს მკვეთრი ფერები, ქვის სეტყვა, ქუხილი, გრგვინვა, დამტვრეული ტოტები, ჩამქრალი სანთელი, ჩამოქცეული ჩარდახი… ეს ყოველივე ქმრის სიკვდილს ამცნობს ცოლს. ენქიდუს სიზმარშიც, რომელსაც იგი სიკვდილის წინ ხედავს, ნახსენებია ჩამქრალი შუქი, გრგვინვა, ჭექა-ქუხილი. „მეგობარო, წუხელ სიზმარი ვიხილე:
გრგვინავდა ზეცა, მიწა ბანს აძლევდა, ვიდექი მარტო ამ ხმაურში…“ (5)
ამგვარად, ხის წაქცევა, ტოტების დამტვრევა, ტყის გაჩეხა ორივე ხალხის ფოლკლორული ტექსტების სიზმრის პასაჟებში გამოყენებულია, როგორც სიკვდილის მომასწავებელი და უბედურების მიმანიშნებელი. ასევე შეიძლება ითქვას, რომ წინათგრძნობისა და წინასწარმეტყველების შემცველი სიზმრები ორივე ეპოსში ფიგურირებს.
სიზმრად ნანახი სულეთი, საიქიო, შავეთი — ქართულ ფოლკლორში არის ასეთი ლექსი „სიზმარში ძახილ მამესმა“, რომელშიც მთქმელი თითქოს მამის სიზმარს ჰყვება, რომელსაც დაეღუპა შვილი და ის საიქიოდან სთხოვს მამას მოძებნას.
„სიზმარში ძახილ მამესმა,
ხმა ვიცან ლევანისაო:
— რად არ ასდგები, დასძებნი
თავის დაკარგულ შვილსაო.
რა გვიჭირს მეშავეთეთა,
მარტო შუქ გვაკლავ მზისაო.
მზის შუქის მაგიერადა,
შუქი გვაქ სანთლებისაო,
საჭმელად სეფისკვერი გვაქ,
სამზეოთ მოგვიდისაო,
სასმელად ცივი წყაროი,
კანკარით გადმოდისაო.
წყალს უწყვავ ოქროს მილები,
ქალ-რძალ დაიბანს პირსაო,
დაიწვა ჩემი ცოდვითა
კარები შავეთისაო,
რო დაუმარხავ გაგწირე
მამავ, სამოცი წლისაო.“
ამ ლექსის მიხედვით, ლევანი დაიღუპა და წიფლის ხის ძირასაა მისი ცხედარი, თოვლით დაფარულ ადგილას და 60 წლის მამას სიზმრის დახმარებით სთხოვს, რომ მოძებნოს მისი ნეშტი. საკუთარ თავს იგი მეშავეთეს უწოდებს, რადგან მზის შუქს მოკლებულია შავეთის კარი, მხოლოდ სააქაოში დარჩენილთა მიერ მათი სულებისათვის დანთებული სანთლების შუქი უნათებს მათ, საჭმელად სეფისკვერი აქვთ, ხოლო ანკარა წყარო ოქროს მილებით მოედინება. აღნიშნულ სიზმარში აღწერილი სამყარო გვაფიქრებინებს, რომ ფოლკლორისტიკა აღიარებს მიცვალებულთა სიზმრებს ან უკეთ რომ ვთქვათ, ასტრალური სულის მიერ ცოცხალთათვის მოგვრილ სიზმრებს, როგორც ამას მრავალი მეცნიერი ასკვნის.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი მეცნიერის, იაკი რაიზიზუნის მოსაზრებით, სიზმრების კლასიფიცირება შესაძლებელია 4 მიმართულებით: ფიზიკური სტიმულებით გამოწვეული, ტელეპათიური, ასტრალური სხეულის მიერ მოწოდებული ან ქვეცნობიერი მეხსიერების მიერ აღდგენილი სიზმრები. სხეულის ასტრალური გამოცდილება კარნახობს ადამიანის სულს რიგ სიზმრებს, რომლის დროსაც ეგო ხედავს შორეულ ღირსშესანიშნაობებს, ხილვებს, რომლებიც ფაქტობრივად არ არსებობს ფიზიკურ სიბრტყეზე, მაგალითად, სიზმარში შესაძლებელია, ასტრალური სხეულის დახმარებით, მკვდართან ურთიერთობა, დაკარგული ან მოპარული ქონების აღდგენა; გარკვეული მოვლენების წინაპირობების გამოცნობა, მაგალითად, საფრთხის მიახლოება ან სიკვდილი. ამავე მკვლევრის აზრით, ხშირია ე.წ. მკვდრის სიზმრები, როცა იგი თავის ადგილსამყოფელზე მიგვანიშნებს ან საკუთარ ასტრალურ გამოსახულებას გვიგზავნის. ქართულ ხალხურ ლექსში უდავოდ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
ქართულ ხალხურ ლექსში აღწერილი სულეთის მსგავსი სამყაროა მოცემული ენქიდუს სიზმარშიც, რომელსაც იგი სასიკვდილო სარეცელზე მყოფი ხედავს. იმ განსხვავებით, რომ მის სიზმარში შავეთის კარს მტვრის სახლი ჰქვია.
„წევს სარეცელზე სნეული ენქიდუ, წევს სარეცელზე სრულიად მარტო
ბნელსახიანი გამოჩნდა კაცი, პირისახით ანზუს მსგავსი იყო,
ხელები მისი-თათები ლომისა, ტანთ ესხა ფრთები არწივისა,
ფრჩხილებად არწივისვე კლანჭები.
თმებში ჩამეჭიდა, დამძლია,
სამოსი ჩემი ტანს შემომაძარცვა და ასე შიშვლად ჩამძირა უფსკრულს.
თვისი სხეულის ორეულად მაქცია, მხრები დამიფარა ფრინველის ნაკრტენით,
შემიპყრო, შავეთს ჩამიყვანა, წყვდიადის სახლში, ირქალას ბინად,
სახლში, სად შემსვლელი უკან ვერ ბრუნდება, სახლში, სად მკვიდრთა შუქი წართმევიათ,
მტვერი აქვთ სასმელად, საჭმელად — თიხა, მოსავთ ფრთოსანთა ნაკრტენის სამოსი
და ნათელს ვერ ჭვრეტენ წყვდიადის მკვიდრნი. მტვერი აფენია კარებს და ურდულებს
და მტვრის სახლში, სადაც მე შევედი, დამხვდნენ მეფენი გვირგვინმოხდილნი,
გვირგვინოსანნი, ვინაც განაგებდნენ ცოცხალთა ქვეყნებს გარდასულ დღეებში,
ვინაც ანუს და ენლილის წინაშე შემწვარი ხორცით აწყობდნენ სუფრას,
სამსხვერპლო პურებით ტაბლას ამკობდნენ და მსხვერპლად ანკარა წყალს უღვრიდნენ.
და მტვერის სახლში, სადაც მე შევედი, მკვიდრობს ქურუმი და მგალობელი,
მკვიდრობს ქადაგი და შემლოცველი, მკვიდრობენ საღმრთო ჭურჭელზე მზრუნველნი.
მკვიდრობს ეთანა, მკვიდრობს სუმუკანი, მკვიდრობს ქვესკნელის დედოფალი ერეშქგაკლი,
და ბელით-ცერის, ქვესკნელის მწერალს, მუხლი მოუყრია დედოფლის წინაშე
ხელთ უპყრავ დაფა და აღმოიკითხავს. თავი რა აღაპყრო და მე დამინახა, მზერა მომაპყრო,
მზერა სიკვდილისა: ბედს მოუგვრია ეს კაცი ჩემთან…
აჰა, ძმობილო, სიზმარი ჩემი“.
მოცემულ სიზმარში ნანახი სამყარო საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი: სულეთში ყველაფერი მტვერს დაუფარავს (სხვა ეპიზოდში ფერფლი, ნაცარი და წყვდიადი ფიგურირებს), იქაურ ბინადრებს სასმელად მტვერი აქვთ, ხოლო საჭმელად — თიხა, ხაზგასმულია იქაურ ბინადართა გარეგნობა/ჩაცმულობა — ტანისამოსი შემოძარცვული აქვთ, ფრინველთა ბუმბულის სამოსით არიან დაფარულები (ნაწილობრივი ასოციაცია ქრისტიანულ რელიგიასა და უსხეულო, ფრთიან ანგელოზებთან გვიჩნდება), სიკვდილის მეტაფორად მთქმელს არწივისფრთიანი, ლომისთათებიანი, ბნელსახიანი კაცი ჰყავს წარმოდგენილი. სრულიად გამაოგნებელია თავად სულეთის საუფლოში გადასვლის ხილვა — როგორ შემოეძარცვა ენქიდუს ხორცი, როგორც სამოსი, როგორ გაშიშვლდა მისი სული, როგორ შეიმოსა ფრინველის მსგავსი ნაკრტენით და მიღმიერი სამყაროს ხმაურში ჩაიძირა. ქართული ხალხური ლექსის მსგავსად, ენქიდუს სიზმრისეულ ჩვენებაშიც საიქიოში საკმაოდ ხალხმრავლობაა — იქ დახვდნენ მას ქურუმნი და მგალობელნი, ქადაგნი და შემლოცველნი, ყოფილი გვირგვინოსნები (ქართულ ეპოსში სიზმარში ნახსენები იყვნენ ქალ-რძალნი, ბალღები და იქაც ჟრიამულია). იქაც და ქართულ ფოლკლორულ ტექსტშიც ნახსენებია პური (სეფისკვერი), ტაბლა, ანკარა წყარო… სულეთში ენქიდუს დახვდა ქვესკნელის ქალღმერთიც და მისი საიქიოში გადასახლება ქვესკნელის მწერალმაც კი ჩაინიშნა დაფაზე.
ამგვარად, სულეთის წარმოდგენა ორივე ხალხის ფოლკლორში, განსაკუთრებით სიზმარეულ ჩვენებებში, გამოირჩევა ბევრი საერთო მინიშნებითა და სიმბოლოთი. საინტერესოა თავად შუმერული ეპოსის ენა, ორიგინალურადაა თარგმნილი ბატონი ზურაბ კიკნაძის მიერ ძილ-ღვიძილის გამომხატველი ფრაზა: „სწრაფად გადიქროლა გრილმა ნიავქარმა და გილგამეში ძილად მიაწვინა, ხორბლის თავთავივით თავი დაუმძიმა. ნიკაპით დაეყრდნო მუხლის თავებზე და ღამის ღვარი-ძილი ჩაეღვარა “. ზუსტადაც ღამის ღვარია ძილი, რომელიც ლურჯ ნიაღვრად მოედინება ადამიანის ქვეცნობიერში და განაპირობებს ტვინის იმ ხვეულების გააქტიურებას, რომელთაც ღვიძილის დროს სძინავთ. სწორედ ეს ფიქრთა ნაკადი, სულის მოგზაურობა თუ წინასწარხედვის შეუცნობელი უნარები გარდაიქმნება, ადამიანის ენით რომ ვთქვათ, სიზმრად, ეს პროცესი ქართველ მთქმელსაც ორიგინალურად აქვს გადმოცემული: „— ლურჯი წყალი მოდიოდა, ნეტავ, დედავ, რაო?“ ანდა „— ზღვასა სარტყელი მოჰქონდა, ნეტავ, დედავ, რაო?“.
საბრძოლო სიზმრები — სიმამაცისა და გმირობის ქება ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი მიზანი და მთავარი მოტივია, შესაბამისად, არცაა გასაოცარი, რომ ქართულ ეპოსში მრავლად გვხვდება საგმირო-საფალავნო ბალადა. ამჯერად დავინტერესდით ხალხურ ეპოსში გამოყენებულ სიზმრებში რამდენად ჩანს საბრძოლო მოტივი. „გილგამეშიანის“ ეპოსში ჩართულ არაერთ სიზმარს შორის გამორჩეულია გილგამეშის სიზმრები, რომელთაც იგი კედრის ტყის მბრძანებელ ხუმბაბასთან შებრძოლების წინ ხედავს.
„შუაღამისას გაუტყდათ ძილი. ადგა გილგამეში სიზმრის ასახსნელად
და ასე ეტყვის მეგობარს, ენქიდუს:
ადექ, გახედე, მთათა მწვერვალებს! ღვთისმიერი ძილი განმეშორა, ძმობილო ჩემო,
ვიხილე სიზმარი, რაოდენ უცხო, მძიმე, საშინელი! ვებუღრავებოდი ხარებს,
ხმელეთს არყევდა მათ ღმუილი, ბუღი მიწიდან ცამდე ადიოდა,
ერთის წინაშე მუხლებზე ჩავიჩოქე, შემიპყრო, მკლავში ჩამეჭიდა და ღონემიხდილი მიწად დავეცი.
მერმე მოვიდა ვიღაც, აღმადგინა, წყალი შემასვა თავის მათარიდან“.
დავაკვირდეთ, როგორ არის ნაჩვენები პერსონაჟის სიზმრისეული განცდა, გილგამეში შემზარავად ახასიათებს სიზმრად ნანახ ბრძოლას, ეპითეტები: უცხო, მძიმე, საშინელი… შთაბეჭდილებასა და წარმოსახვას ამძაფრებს. გილგამეში გარეულ ხარებს ებრძვის სიზმრად, ბუღი ცამდე ადის, იგი უმწეოა თითქოს მათთან, ის-ის არის, უნდა დამარცხდეს, აი, დაიჩოქა კიდეც, ღონემიხდილია, მაგრამ… შვება მოულოდნელად ეწვევა, შემწე, რომელიც მათარიდან წყალს მიაწვდის, სხვა ვინ შეიძლება იყოს, თუ არა ღვთაება, ჩვენს ენაზე ღმერთი. ხართან ორთაბრძოლა სიზმრად სხვა თანამედროვე ქართულ ნაწარმოებშიც გვხვდება, ოთარ ჭილაძის რომან „გოდორში“ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, ელიზბარს, სიზმარში პირსისხლიანი რაჟდენ კაშელი, კლასობრივი და პირადი მტერი, მეტოქე, ვერაგი მძახალი, ხარის სახით ევლინება. ელიზბარი ეპაექრება და საბოლოოდ კლავს კიდეც მას, რისთვისაც მაყურებლების ოვაციებს დაიმსახურებს. სისხლიანი კორიდა იქაც მიანიშნებს პერსონაჟის სულიერ ტრავმაზე, რომ იგი ცხადში ვერ ახერხებს მძახალთან შებრძოლებას და სიზმარში ეს კოშმარი სტანჯავს. გილგამეშის სიზმარს ენქიდუ ახსნის იმგვარად, რომ ეს ხარი სინამდვილეში მისი მცველი შამაშია, რომელიც დაეხმარება მათ ხუმბამბასთან ბრძოლისას და მათარიდან წყლის დალევაც სწორედ ამის მანიშნებელია. საგულისხმოა, რომ გილგამეში ამ სიზმრებს ღვთისმიერს უწოდებს და ხვდება, რომ მათ დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვთ. მიაჩნია, რომ ამით ღვთაება თავის ნებას უცხადებს მოკვდავებს. ამიტომ სთხოვს მათ ახსნას, ხან დედას — ფურ ნინსუნას, ხანაც ერთგულ მრჩეველსა და მეგობარს — ენქიდუს. გილგამეშის მეორე სიზმარიც საბრძოლო ხასიათისაა:
„შუაღამისას გაუტყდა ძილი და ამგვარ სიზმარს უამბობს ენქიდუს:
ხომ არ მაღვიძებდი? რატომ გამეღვიძა? ენქიდუ, მეგობარო, ვიხილე სიზმარი.
პირველ სიზმარზე უფრო შემზარავია მეორედ ზმანებული.
სიზმრად, ძმობილო, მთა მომიახლოვდა, ძირს დამცა, ფერხნი გამიკავა.
იმძლავრა შუქმა შემზარავმა და მოყმე ვინმე თვალწინ მომევლინა,
მოყმე ამქვეყნად უმშვენიერესი, გორაკის ძირთან მიმიყვანა,
წყალი მასვა და გულზე მომეშვა, მიწას დამადგინა ჩემივე ტერფებით“.
მეორე ზმანებას, როგორც თავად გილგამეში უწოდებს მას, უფრო მეტი ემოცია ახლავს თან, რადგან თავად მთა დაიძრა მასთან საბრძოლველად და გილგამეში მოძრაობას ვეღარ ახერხებს, ფეხები წაერთვა. ამ სასოწარკვეთის ჟამსაც მფარველად შუქთან ერთად მოვლენილი უმშვენიერესი მოყმე აღმოჩნდება, რომელიც უკვდავების წყალს შეასმევს. ენქიდუ კვლავაც ამშვიდებს მეგობარს, რომ მის მიერ ხილული მთა სიზმარში სწორედ მტერი ხუმბამბაა და იმ მოყმის, ანუ მათი მფარველი ღვთაება შამაშის, დახმარებით ისინი შეძლებენ მის დამარცხებას, შეპყრობას, მისი გვამის ველად გადაგდებას. წყალი/წვიმა ყველა სიზმარში ფიგურირებს, რაც, რა თქმა უნდა, არაა შემთხვევითი. წყალი ყველა რელიგიურ თუ ფოლკლორულ ტექსტში განწმენდასთან, შემწობასა და ნათელთან მიახლებასთან ასოცირდება. როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, ასეა ქართულ ფოლკლორშიც (6) (შდრ. „ზღვასა სარტყელი მოჰქონდა, ნეტავ, დედავ, რაო? შვილო, შენი სული არი, ვაჰ, შენს დედასაო!“).
აქვე უნდა აღინიშნოს ქართული ხალხური ლექსი „დათვმა სთქვა“, რომელშიც ხაზგასმულადაა ნაჩვენები ტყის ველური ბინადრის წარსულის რეტროსპექტივა, რაც თავს გადახდენია, ან იქნებ ოცნება და რეპრესირებული სურვილი, როგორ აპირებდა იგი მორეოდა მონადირეებს, დაემარცხებინა სოფელი და ძაღლები.
„დათვმა სთქვა: „ვნახე სიზმარი,
რაც რომ თავს გადამხდებოდა;
სოფლის თავს გადმოვიარე,
სოფელი ჩოჩქოლდებოდა;
ჯაჭვით დაბმული მყეფრები
სულ მაღლა-მაღლა ხტებოდა;
ვაჟაი ქალისპირაი
გორს უკან მემალებოდა;
ვაჟაი სვილისფერაი
ხმალდახმალ მეტანებოდა.
ხმალ დამკრა საქოჩრეშია,
გონი და გული მხდებოდა;
ტოტი მეც დავკარ ბუჩამა;
ფეხზე ვერც ისი დგებოდა“.
ქართული ზეპირსიტყვიერების ამ ნიმუშით საცნაურია, რომ ცხოველის სიზმარშიც კი ფიგურირებს საბრძოლო მოტივი, მთქმელი ხოტბას ასხამს დათვის სიმამაცესა და შეუპოვრობას, მთქმელი ხატოვნად აღწერს სიზმარეულ ხილვას: დათვი წარმოიდგენს, რომ სოფელს თავს ესხმის, ჩოჩქოლია, ძაღლები მას ვერაფერს აკლებენ, ქალისპირა, ანუ მშიშარა ვაჟი იმალება მისი გამოჩენისთანავე, სვილისფერი, ანუ მგლისფერი, მამაცი ვაჟკაცი კი ხმალდახმალ ებრძვის მას. დათვი განიცდის, რომ სიზმარში გონება დაკარგა, მაგრამ მაინც ცდილობს ბოლომდე მედგრად იდგეს, თათს დაჰკრავს ვაჟს და წააქცევს. გაპიროვნების გამოყენება დათვის თავგანწირვის გადმოსაცემად ავტორის ოსტატობაზე მეტყველებს.
ცეცხლი, ალი, ნაცარი, ფერფლი — გილგამეშის მესამე საბრძოლო სიზმარი ყველაზე შემზარავია, იგი ნანახით შეძრწუნებული და გაოგნებული იღვიძებს, კვლავ მეგობარს შესთხოვს დახმარებას:
„ხომ არ მიხმობდი? რატომ გამეღვიძა? არ მომკარებიხარ, რაღატომ შევკრთი?
ღმერთს არ ჩაუვლია? რაღამ გამაშეშა? ძმობილო, ვიხილე მესამე სიზმარი,
სიზმარი იგი, რომელიც ვიხილე, თავიდან ბოლომდე შემზარავია;
გრგვინავდა ზეცა, მიწა გუგუნებდა, დღე იღრუბლებოდა, წყვდიადი დგებოდა,
ელავდა ელვა, ალი ენთებოდა, ზრქელი ღრუბელი სიკვდილს აწვიმებდა.
ელვა რა გაქრა, ხანძარიც ჩაქრა და რაც ეცემოდა, ნაცრად იქცეოდა.
გავიდეთ ველად, აზრი მოვიკრიბოთ“.
თითქოს მთელი სამყაროს ძალები აღდგნენ მეომრების წინააღმდეგ და ხელს უშლიან წამოწყებული საქმის განხორციელებაში (მათი მიზანია საგმირო საქმის ჩადენა, კერძოდ, ღვთიური ხარის ხუმბამბას დამარცხება); ზეცა გრგვინავს, წყვდიადი მეფობს, ელავს, ღრუბელი სიკვდილს აწვიმებს, ირგვლივ ყველაფერი ნაცარ-ფერფლად ქცეულა… სიზმარი მიანიშნებს გილგამეშს, რომ მათი ჩანაფიქრი არ დასრულდება სასიკეთოდ (მართლაც, საბოლოოდ ენქიდუ იღუპება სწორედ ამ ხარის მოკვდინების გამო განრისხებული ღვთაებების ბრძანებით), მაგრამ გმირების შეუპოვრობა გასაოცარია. ენქიდუ მაინც კეთილ ნიშანს ხედავს ამ სიზმარშიც, ასე აუხსნა ენქიდუმ სიზმარი:
„კეთილად ახდება შენი სიზმარი, ნიშანი მისი კეთილად მოსჩანს:
დავამხობთ ხუმბამბას, გავჩეხავთ კედარს და ბოროტს აღმოვფხვრით მიწის პირისგან“.
დავუბრუნდეთ ზემოთ ნახსენებ ქართულ ხალხურ ლექსს „სიზმარი“, სადაც მომაკვდავი ვაჟი დედას სწორედ გახურებულ თონესა და ცეცხლის ალზე ესაუბრება სიზმრად.
„— თონე ხურს და ალი ბრუნავს, ნეტავ, დედავ, რაო?
— შვილო, შენი გვამი არი, ვაჰ, შენს დედასაო!“
საგულისხმოა, რომ ამ ლექსში არ ჩანს, რისგან იღუპება გმირი, მაგრამ სავარაუდოდ, ის მონადირეა ან მეომარი, რადგან სიზმარში ნახსენები კალმუხის ქუდი, ჩექმები, ირემი და ტყე მიგვანიშნებს, რომ ის უბრალოდ სახლში, საკუთარ ლოგინში მწოლიარე, სასიკვდილო სარეცელზე არ დაღუპულა. საიქიოში მასაც ელვა, ცეცხლი, გახურებული თონის მდუღარება ეგებება, თუმცა იქვე წყალი და ზღვაც ფიგურირებს.
სიზმარში განცდილი კათარზისი, გარდაქმნა, ტრანსფორმაცია — როდესაც სიზმრით მოგვრილ სულიერ გარდასახვაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ მოყმის დედის სიზმარი („ლექსი ვეფხისა და მოყმისა“). ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მოყმის დედა მოგვიანებით გამოჩნდა ამ ლექსში, რათა მოყმის გმირობისა და სიმამაცის გვერდით დედამისის საოცარი დიდსულოვნება და მიმტევებლობაც შეექო ქართველ ხალხს. სწორედ მოყმის დედა გვარწმუნებს, რომ მტრის შებრალებაც გმირობაა და, შესაძლოა, უფრო მეტი გმირობაც, ვიდრე მისი მოკვლა. მოყმის დედა ამ დასკვნამდე სწორედ სიზმრის წყალობით მიდის:
„ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი
ელანდებოდა მძინარსა,
ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს
ტანზეით აყრის რკინასა,
ხან კიდენ იმისი შვილი
ვეფხვს გადაავლევს ყირასა.
აი, ამ სიზმრებს ხედავდის,
გამაეღვიძის მტირალსა.
ხან იფიქრებდა, უდედოდ
გაზრდა ვინა თქვა შვილისა,
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა.
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!“
დედა აანალიზებს, რომ ვეფხვის დედასაც ისეთივე ტკივილი და განცდა ექნება შვილის დაღუპვის გამო, როგორც თავად და მიდის ვეფხვის დედასთან სამძიმრის სათქმელად. ამაზე მეტი ტოლერანტობა, მიმტევებლობა და კეთილშობილება ალბათ წარმოუდგენელია! სამაგალითოა არა მარტო დედის საქციელი, არამედ მისი განცდა, გულწრფელი თანაგრძნობისა და სინანულის უნარი.
შუმერულ ეპოსშიც მთავარი გმირები სიზმრებში აანალიზებენ საკუთარ საქციელს, ენქიდუ სიზმრის მერე ნანობს ხარის მოკვლას, ხოლო გილგამეში — საკუთარ სიჯიუტეს, ხუმბამბასთან ბრძოლის დროს რომ გამოიჩინა. იგი სიზმრების მერე აცნობიერებს, მიუხედავად იმისა, რომ ნახევრადღმერთია, მასაც სჭირდება შემწე, ქომაგი და დამხმარე. მისი ბუნება არ არის ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული, იგი გარდაქმნებს განიცდის სწორედ სიზმრების შედეგად. სხვაა გილგამეში ენქიდუსთან დამეგობრებამდე და სხვაა ენქიდუსთან დამეგობრების შემდეგ. ენქიდუ თავისი გამოჩენით აღვიძებს მასში ზნეობრივ, ხოლო თავისი სიკვდილით — მოაზროვნე პიროვნებას. მეგობრის სიკვდილის შემდეგ კვლავ ხედავს იგი ღვთიურ სიზმრებს, ფიქრდება სიკვდილ-სიცოცხლის მარადიულ საიდუმლოზე და არ უშინდება შორეულ გზას უთანაფიშთისკენ. რაც შეეხება ენქიდუს, მისი სიზმრებითაც საცნაურია, რომ ნახევრადველური მდგომარეობიდან იგი მოაზროვნე არსებად გადაიქცევა, რომელსაც შეუძლია სინანული, მეგობრის ერთგულება, მისი თანადგომა, მისთვის თავგანწირვა.
ასეთია შუმერულ და ქართულ ფოლკლორულ ნიმუშებში გამოყენებული სიზმარეული ხილვების შედარების შედეგად მიკვლეული მცირე დასკვნები. რასაკვირველია, ქართული ხალხური ლექსების რაოდენობა, რომლებშიც სიზმრები გვხვდება, გაცილებით მეტია, ამ საგაზეთო სტატიაში შემოვიფარგლეთ მხოლოდ რამდენიმეს მიმოხილვით.
ქეთევან ქათამაძე
ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორანტი
- „გილგამეშიანის“ მოკლე შინაარსი ასეთია: ურუქის მეფე გილგამეში, ღმერთკაცი, და ენქიდუ, ნახევრად ცხოველი და ნაწილობრივ ადამიანი, დამეგობრდებიან და ტყის მცველის, ხუმბამბას მოსაკლავად მიდიან კედრის ტყეში. ხუმბამბასა და სამოთხის ხარის მოკვლის გამო განრისხდება ცის ღმერთი ანუ და დასჯის გმირებს, ენქიდუ მეგობრის მაგივრად იღუპება. დამწუხრებული გილგამეში გლოვობს ძმობილს და მიდის უკვდავების საპოვნელად, თუმცა რწმუნდება, რომ ბედისწერის წინააღმდეგ ბრძოლა ამაოა და ბრუნდება ურუქში.
- ყველგან თარგმანი ზურაბ კიკნაძისა.
- იხ. ქართლის ცხოვრება,1955: 21
- ეს ერთგვარი ალუზიაა ქართულ ლიტერატურაში არაერთგზის გახმიანებული ფრაზისა: სძალი ქრისტესი, სადაც სძალი წმინდანია, მსხვერპლად რომ სწირავს საკუთარ თავს სიძეს, ანუ ქრისტეს და ასე ემზადება ზეციური ქორწინებისათვის. ენქიდუც, რომელიც სწორედ ამ სიზმრების მერე მოევლინება გილგამეშს, საბოლოოდ გილგამეშის მაგივრად იღუპება და ჩადის სულეთში. ამგვარად, შუმერულ ეპოსში გამოყენებული ეს შედარება — გმირისა სძალთან — ქართული ლიტერატურისათვისაც არაა უცხო.
- ენქიდუს ეს სიზმარი ქვემოთ განხილულია ვრცლად.
- იხ. ზემოთ ქართული ლექსები: „სიზმარი“, „სიზმარში ძახილ მამესმა“.
გამოყენებული ლიტერატურა:
♦ ქართული პოეზია, ტომი XVII;
♦ ზურაბ კიკნაძე — ფარნავაზის სიზმარი; გილგამეშიანი — ძველი შუამდინარული ეპოსი, 2009წ;
♦ Yacki Raizizun — The secret of dreams;
♦ DOUGLAS MATUS – The Role of Dreams in „Epic of Gilgamesh“;
ჰასან ნოზადიანის მიერ შესრულებული „გილგამეშიანის“ ილუსტრაციები