26 სექტემბერი, ორშაბათი, 2022

ქუთაისში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა მიმდინარეობს

spot_img

14-დან 22 აგვისტოს ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რიგით მე-15, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAA) ტარდება. 2022 წელს ტურნირში 46 ქვეყნის 250-მდე წარჩინებული მოსწავლე მონაწილეობს. ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ოლიმპიადის საქართველოს ნაკრები გუნდი ფიზიკის ოლიმპიადებზე მოასპარეზე წარმატებული მოსწავლეებისგანაა დაკომპლექტებული. პირველ ეტაპზე ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატებმა შესარჩევი ტური გაიარეს, რომლის შედეგების საფუძველზეც, საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე შეირჩა.

ოლიმპიადის ფარგლებში მოსწავლეები, 10 დღის განმავლობაში, განსაზღვრულ დროსა და პირობებში როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფურად იმუშავებენ თეორიულ ამოცანებზე და ჩართული იქნებიან დაკვირვებით სამუშაოებში. ყველა დავალება და ამოცანა, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივი ორგანიზატორების მიერაა შემუშავებული და დამოწმებულია თითოეული ქვეყნის გუნდის ლიდერების მხრიდან.

საერთაშორისო ოლიმპიადის დასასრულს გამოვლინდებიან გამარჯვებული მოსწავლეები, რომელთაც მედლები და სხვადასხვა ჯილდო გადაეცემათ.

ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის (IOAA) გახსნის საზეიმო ცერემონიალში, რომელიც ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართა, მონაწილეობდნენ მიიღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, ოლიმპიადის პრეზიდენტი გრეგ სტახოვსკი, ქალაქ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებია და მონაწილე გუნდები.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღონისძიების მონაწილეებს დისტანციურ რეჟიმში მიესალმა. მან მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს და მოსწავლეებს ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა. ასევე საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიადის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია, რომელსაც წელს განათლებისა და მეცნიერების რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს.

მოხარული ვარ, რომ დღეს 46 ქვეყნის 250-მდე მოსწავლეს სწორედ ამ ჭეშმარიტად ევროპულ, საერთაშორისო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტში ვმასპინძლობთ, სადაც ოლიმპიადის მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კომფორტულ და მეგობრულ გარემოში გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები.

დარწმუნებული ვარ, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ოლიმპიადა თქვენნაირი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი განსაკუთრებული ინტერესი აქვთ, ძალიან დიდი ასპარეზი იქნება.

მსურს, მადლობა გადავუხადო ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ორგანიზატორებს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ახალგაზრდებს, ასეთი მასშტაბური ტურნირის ფარგლებში, აქვთ შესაძლებლობა, გაიღრმაონ ცოდნა ასტროფიზიკის მიმართულებით და გაიუმჯობესონ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარები, რაც თანამედროვე სამყაროში მიმდინარე სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მსურს, კიდევ ერთხელ მივმართო ახალგაზრდებს, თქვენი თაობა ნამდვილად უნიკალურია და მჯერა, თითოეული თქვენგანი გამორჩეულ მომავალს შექმნის. წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გელით საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეჯიბრებებსა და ტურნირებზე. დარწმუნებული ვარ, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებთ. წარმატებებს გისურვებთ!“

ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა 2007 წლიდან ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში და მასში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები  მონაწილეობენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გლობალური პანდემიის შემდეგ ოლიმპიადა ჩვეულ ფორმატში პირველად საქართველოში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმართება. 2020-2021 წლებში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა, რთული ეპიდვითარების გამო, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები