ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა KIU-ს სტუდენტებს და წაუკითხა საჯარო ლექცია თემაზე – „განვითარებული ინფრასტრუქტურა და ძლიერი რეგიონები – საქართველოს გზა ევროპისკენ“.
მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, ქვეყნის თანაბარზომიერ და მდგრადი განვითარების პოლიტიკაზე, საქართველოს რეგიონული როლის გაძლიერებისათვის საერთაშორისო მაგისტრალური გზებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, იმ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგებსა და გეგმებზე, რომლებიც აუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს და ქმნის ინვესტიციების მოზიდვის მეტ შესაძლებლობას.
ვიზიტისას მინისტრმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, KIU-ს რექტორ, პროფესორ ალექსანდრე თევზაძესთან, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორ მიხეილ ჩხენკელთან, უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად, საუნივერსიტეტო ქალაქის ახალი სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსების მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ.“ უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. უნივერსიტეტი 2020 წელს გაიხსნა და დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი ჰყავს, რომლებიც სწავლობენ კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და მენეჯმენტის ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.: www.kiu.edu.ge).