27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი ეწვია

spot_img

28 მარტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაცია გაეცნო უნივერსიტეტის საქმიანობას, დაათვალიერა საუნივერსიტეტო ქალაქი, შეხვდა სტუდენტებს, უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე თევზაძეს, კანცლერს მაგდა მაღრაძეს, მენეჯმენტის სკოლის ხელძღვანელს ნათია ზედგინიძეს და მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ხელმძღვანელს რამაზ ბოჭორიშვილს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, გრანტის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს – „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ი.ს.ტ., ICT) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs)“. პროექტში ჩართულმა სტუდენტებმა დელეგაციის წევრებს პროექტის პირველი შედეგები გააცნეს.

„დღეს უნივერსიტეტს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დელეგაცია. ჩვენი უნივერსიტეტისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობა. უნივერსიტეტმა მოიპოვა აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პირველი გრანტი და სწორედ ამ პროექტის მიმდინარეობის და ჩვენი უნივერსიტეტის გასაცნობად გვეწვია USAID-ის მისიის ხელმძღვანელი. პროექტი, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა,  მიზნად ისახავს კერძო სექტორის გაძლიერებას და საინფორმაციო ტექნოლოგიებში მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. KIU-ს პრიორიტეტი გახლავთ კერძო სექტორთან თანამშრომლობა, რეგიონული განვითარების ჭრილში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა და ეს პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

„ეს ინიციატივა გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობას მაღალი ღირებულების დასაქმების შესაძლებლობებისა და აგრეთვე საშუალო, მცირე და მიკრო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდით. USAID მოხარულია, რომ მხარს უჭერს საქართველოს კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას. თანამშრომლობის მიზანია სტუდენტების უნარ-ჩვევების პროფესიონალურ დონეზე განვითარება, რაც შესაბამისი იქნება საქართველოს ბიზნესის საჭიროებებისთვის. – აღნიშნა პიტერ ვიბლერმა, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა.

პროექტის – „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ი.ს.ტ.) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა სფეროში მოქმედი ბიზნესების ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდას  ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ცოდნითა და უნარებით აღჭურვის გზით. ასევე, შესთავაზოს ბიზნესებს ელექტრონული ვაჭრობის ისეთი ინოვაციური გადაწყვეტები და მიდგომები, რაც პირდაპირ მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წელს მიიღო. უნივერსიტეტის მიზანია ეტაპობრივად გახდეს განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ჰაბი რეგიონში. შედეგად, საქართველო დაიკავებს წამყვან ადგილს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

KIU ამჟამად ახორციელებს ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს. უნივერსიტეტი სამომავლოდ გეგმავს პროფესიული, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამატებას.

KIU თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH და TUM). ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი.

საქართველოში USAID-ის შესახებ: უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის მეშვეობით 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. USAID-ის პროექტები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის პრინციპების დანერგვაში. USAID-ი ახორციელებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://georgia.usaid.gov.

USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ: 5 წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ.  პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ. https://www.facebook.com/EconSecProgram

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები