4 დეკემბერი, კვირა, 2022

ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება ბავშვთა სიღარიბის მზარდი მაჩვენებელი

spot_img

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ომბუდსმენის გვერდზე ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ხაზგასმით წერს, რომ პირველ ივნისს  განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ბავშვის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში.

ნინო ლომჯარია: „ამ დღეს, აუცილებელია, ვისაუბროთ ქვეყანაში ბავშვთა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თითოეული ჩვენგანის როლზე. არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ იმაზე, რომ არც ერთ ბავშვს არ უნდა უწევდეს ომის სავალალო შედეგების საკუთარ თავზე გამოცდა. უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ასობით ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ძალიან ბევრი დაშავდა, დაკარგა მშობლები, მოუხდა საცხოვრებელი ადგილის მიტოვება და სამ თვეზე მეტია ომის ტრავმასთან უწევს გამკლავება. შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოში მყოფი უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული და იძულებით ადგილნაცვალი ბავშვების მხარდაჭერის, კეთილსაიმედო გარემოთი უზრუნველყოფისა და მათი ოჯახების გაძლიერების მიზნით.

თავის მხრივ, საქართველოში უკვე წლებია მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, სარეაბილიტაციო, მხარდამჭერი სერვისების სიმცირისა და ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობის პრობლემები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ძირეულ ცვლილებებსა და კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვს.

ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება ბავშვთა სიღარიბის მზარდი მაჩვენებელი. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ჩარიცხული ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა და პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნების რიცხვმა 235 252 მიაღწია. თუმცა, ქვეყანაში არსებული პროგრამები კვლავ ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და მათი სოციალური ფუნქციის ამაღლებას. სახელმწიფოში კი ამ დრომდე არ არსებობს ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა შრომის შემცირების ეფექტიანი სტრატეგია და მექანიზმი.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზომის რეზიდენტულ დაწესებულებებში ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის განხორციელება არსებითად ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს და დამანგრეველ გავლენას ახდენს მოზარდზე, ქვეყანაში ასეთი სამი დაწესებულება ფუნქციონირებს და ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული მათი დეინსტიტუციონალიზაციის კონკრეტული გეგმა.

ბავშვთა დაცვის კუთხით არსებული ამ და სხვა არაერთი გამოწვევის აღმოსაფხვრელად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთი მხრივ, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და მეორე მხრივ, სახელმწიფო უწყებების დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული, ინდივიდუალური მიდგომით, უზრუნველყოფს სხვადასხვა საჭიროებების მქონე, მათ შორის, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერებას.

შესაბამისად, ქვეყანაში ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია:

♦ ბავშვთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული მხარდამჭერი პროგრამებისა და სერვისების ეფექტიანობის გაზრდა, დამატებითი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

♦ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დროული და ეფექტიანი წარმართვა, რომლის ფარგლებშიც თითოეული ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იქნება ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული და უსაფრთხო გარემო.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები