10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ქართულ-შვეიცარიულმა სკოლამ „კავკასია“ პირველი სტუდენტების მიღება დაიწყო

spot_img

ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების პროფესიული განათლების მიღებას მსურველები დმანისში შვეიცარიულ აგრარულ სკოლა „კავკასიაში“ შეძლებენ, სადაც პირველი სტუდენტების რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

„კავკასია“ უპრეცედენტო არაკომერციული კერძო ინიციატივაა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში და მისი მიზანია, გახდეს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული განათლების თანამედროვე საგანმანათლებლო ჰაბი, სადაც დაინტერესებული პირები, განვითარებად სასწავლო და სამეწარმეო გარემოში, შეიძენენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.

თეორიულ სწავლებასთან ერთად, მომავალი სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებასაც ადგილზე გაივლიან. ამ მიზნით, კოლეჯის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა. პროფესიონალი მასწავლებლების მეთვალყურეობით სტუდენტები თავად წარმართავენ ფერმის ყოველდღიურ საქმიანობას, დაამზადებენ საკვებს ფერმისთვის, იმუშავებენ ლაბორატორიაში, გადაამუშავებენ რძეს და დაამზადებენ რძის პროდუქტებს, რომელიც სკოლის კუთვნილ მაღაზიაში გაიყიდება. ამასთან, სასწავლებელი სტუდენტებს ასევე სთავაზობს კომფორტულ საერთო საცხოვრებელს. შვეიცარიული სტანდარტის მიხედვით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზებული იქნება მეცხოველეობაში, რძისა და ყველის გადამუშავებაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა კოლეჯი მოინახულა და დამფუძნებელთან, მიხო სვიმონიშვილთან ერთად, სამინისტროსთან თანამშრომლობისა და კოლეჯის განვითარების პერსპექტივები განიხილა.

თამარ ქიტიაშვილი მიიჩნევს, რომ დმანისში აგრარული სკოლის დაარსებითა და პრიორიტეტული მიმართულების პროფესიების შეთავაზებით, მოქალაქეებისთვის დიდი პერსპექტივა და გარანტირებულად დასაქმების შესაძლებლობა გაჩნდა. სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება სასწავლებლის განვითარების პროცესში და სახელმწიფოს მხრიდან კოლეჯს სრული მხარდაჭერა ექნება.

კოლეჯის მთავარი პარტნიორია ერთ-ერთი წამყვანი შვეიცარიული აგრარული სკოლა „პლანტაჰოფი“, ასევე შვეიცარიის ბრაუნ-შვიც ასოციაცია და მეცხოველეობის ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული მწარმოებელი „Swissgenetics“. ასევე, კოლეჯის პარტნიორები არიან შვეიცარიის განვითარების სააგენტო (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები