აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე საქართველოსა და პოლონეთში, ყოველწლიურად, ქართულ-პოლონური კულტურული ფესტივალი იმართება. მიმდინარე წელს, ფესტივალის ფარგლებში, ქ. ვროცლავში, გალერეა „Galeria Miejska”-ში, ქართველ მხატვართა გამოფენა გაიხსნა. სამი თვის განმავლობაში, გამოფენილი იქნება მალხაზ კოჩალიძეს, ლუკა ბესელიას, აკაკი ჯაშის, ირინა ტორონჯაძის, ვლადიმერ შარაშიძის, აკაკი ძნელაძის ნამუშევრები, გამოფენის პარალელურად, ვიზიტორებს საშუალება აქვთ, აჭარის ტურისტული ინფორმაციის შესახებ ვიდეორგოლს უყურონ.
გამოფენის გახსნის დღეს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტებმ – ეთერ ხალვაშმა, ოთარ ნაკაშიძემ, ირაკლი კორიფაძემ, ირმა ჟღენტმა და კონცერტმეისტერმა ნინო ნიშნიანიძემ – კონცერტი გამართეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი ქვედა სილეზიის სავოევოდოს მარშალ კშიშტოფ მაიას შეხვდნენ.
* * *
საქართველოს და პოლონეთის რესპუბლიკას მრავალგანზომილებიანი პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. პოლონეთის მხარის მიერ შემოთავაზებული სტიპენდიების მეშვეობით, არაერთი ქართველი ახალგაზრდა იღებს განათლებას პოლონეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, პოლონეთის დარგობრივი სამინისტროები, პერიოდულად ,ახორციელებენ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ქართველი საჯარო მოხელეებისთვის.
ბოლო წლებში ორი ქვეყნის მრავალ ქალაქსა და რეგიონს შორის ჩამოყალიბდა პარტნიორული ურთიერთობები.
როგორც საქართველოში, ისე პოლონეთში ხშირად იმართება კულტურის დღეები. ორ ქვეყანას მუდმივად სტუმრობენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
საქართველოსა და პოლონეთს შორის გაფორმებულია არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც არეგულირებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონალური განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში.