3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

„ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენცია

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენცია გახსნა, რომლის მთავარი თემაა „ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა“ (Health, as a Global Challenge). მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სიმსივნის მკურნალობასა და ამ მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმი „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი‘‘ (GGSB) ხელს უწყობს ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, ქართველი და გერმანელი სტუდენტებისა და მეცნიერების მიერ ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების გზით.

მიხეილ ჩხენკელი: ქართულგერმანული სამეცნიერო ხიდის რიგით მე-9 კონფერენციის მთავარი თემაა ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა. ამ მხრივ ერთერთ უდიდეს პრობლემას სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლა წარმოადგენს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიეროკვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიეროკვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.

ვამაყობ, რომ მომავალში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ადრონული თერაპიის ცენტრი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიმსივნური დაავადებების განკურნებაში და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.“

კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა * პლატფორმა უნივერსიტეტის სამომავლო განვითარების მიმართულებებისა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტების განსახილველად.

„ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და გერმანიის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები, მათ შორის: დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის, იულიხის მეცნიერებების ცენტრის, GSI დარმშდატის მძიმე იონების კვლევის ცენტრის, აახენის, იენისა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელები და პროფესორები.

2022 წლის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ კონფერენციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 12-14 სექტემბერს მასპინძლობს. კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები საჯარო ლექციებს ჩაატარებენ ნეირომეცნიერების, სიმსივნის მკურნალობის, პროტონული თერაპიის, რადიოლოგიისა და ბიოსამედიცინო იმიჯინგის მიმართულებებით. მათ შორის, აღსანიშნავია ევროპის ონკოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარის, პროფესორ რობერტო ორეკიას საჯარო ლექცია, რომელიც ადრონული თერაპიისა და ზუსტი ონკოლოგიის პერსპექტივებს შეეხება.

„ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენციის პარალელურად, დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის ჩატარება, სადაც განხილული იქნება უნივერსიტეტის მიერ 2 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები. შეხვედრაზე იგეგმება უნივერსიტეტის განვითარების მიმართულებებსა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტებზე მსჯელობა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები