„ქართული ხელნაწერის“ სამეცნიერო საგანმანათლებლო სივრცეში აქტუალიზაცია – საზაფხულო საერთაშორისო სკოლა

232

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ტრადიციული ქართველოლოგიის VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა – „ქართული ხელნაწერი“ – მიმდინარეობს, რომლის მთავარი მიზანი ქართული ხელნაწერის პოპულარიზება და სამეცნიერო საგანმანათლებლო სივრცეში აქტუალიზაციაა. ვინ არიან სკოლის მსმენელები და რას მოიცავს სასწავლო კურსი, რომელმაც ისინი ქართული ხელნაწერის სახელით გააერთიანა – ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვაცნობს სკოლის კოორდინატორი ირინა გოგონაია.

– ქალბატონო ირინა, როდის იწყება საზაფხულო სკოლის ისტორია და ვინ შემოიკრიბა გარშემო „ქართულმა ხელნაწერმა“ – ვინ არიან თქვენი მსმენელები?

– უკვე ათი წელია, რაც ცენტრი პროექტს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მიღებული გრანტების საფუძველზე ახორციელებს. თავიდან სკოლას „ქართული დამწერლობა“ ერქვა, ოთხი წლის შემდეგ კი, პროგრამის მოდიფიცირება მოვახდინეთ, რაც მის სახელწოდებაზეც აისახა და მეექვსე წელია, სეზონური სკოლა „ქართული ხელნაწერის“ სახელით ფუნქციონირებს. ზოგადად, რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა, ქართველოლოგიის მეცნიერებების პოპულარიზებისა და ხელშეწყობის მიზნით, პირველად, 2009 წელს გამოაცხადა კონკურსი, რომელიც, ასევე, ითვალისწინებდა ქართველი მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ჩართვას. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ამ პროცესებში 2011 წლიდან ჩაერთო – დავიწყეთ საზაფხულო სკოლის იდეაზე მუშაობა და თავიდანვე აქცენტი აღებული გვქონდა ქართულ დამწერლობასა და ქართულ ხელნაწერ მემკვიდრეობაზე. არც არის გასაკვირი, რადგან ეს ჩვენი ნიშაა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ხელნაწერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი საცავია. რაც მთავარია, აქ არიან მეცნიერები, რომლებიც ათეული წლებია, ხელნაწერებს – ხელნაწერ წიგნებს, ისტორიულ დოკუმენტებს, ძველნაბეჭდ წიგნებს – სხვადასხვა ასპექტით სწავლობენ. შესაბამისად, ეს სკოლა არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევრებისთვის აკუმულირებული ცოდნის გადასაცემად, თან არამხოლოდ კოლექციების შესახებ. მათ კვლევის მეთოდოლოგიის გაცნობის  შესაძლებლობაც ეძლევათ სამი თაობის მეცნიერებისგან, რომლებიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოღვაწეობენ.

რაც შეეხება ჩვენს მსმენელს, რადგან სკოლა გათვალისწინებულია მეცნიერებისთვის (მაგისტრანტები და დოქტორანტები, ახალგაზრდა მეცნიერები), რომელთა ინტერესთა სფერო შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო მიმართულებებს (ქართული და კლასიკური ფილოლოგია, ისტორია, წყაროთმცოდნეობა, ხელოვნების ისტორია და ა.შ. სულ ქართული ხელნაწერის ირგვლივ ვტრიალებთ), თავისთავად, ჩვენი მსმენელიც ეს კატეგორიაა. თუმცა, სკოლა საერთაშორისოა და, ბუნებრივია, ჩვენ მხოლოდ ქართველი მსმენელი არ გვყავს, მეტიც, აქცენტს უფრო უცხოელებზე ვაკეთებთ. საერთოდ, თავიდან, უცხოელ მსმენელებზე ვიყავით კონცენტრირებულები, მაგრამ შემდეგ ვნახეთ, რომ ინტეგრირებული ჯგუფები უფრო საინტერესოა, ყველა თვალსაზრისით და თან, ქართველი მსმენელისთვისაც სკოლის თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოდან სკოლის მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობას რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ვანიჭებთ.

 

– როგორია ინტერესი და რამდენი მსმენელის მიღება შეუძლია სკოლას თითო სეზონზე?

– ინტერესი ნამდვილად დიდია და, რაც მთავარია, ფართოვდება ჩვენი მსმენელების გეოგრაფიული არეალი. მაგალითად, პირველ წელს, 45 აპლიკაცია შემოგვივიდა (10 წლის წინ) და აპლიკანტთა ნაწილი უკრაინიდან, რუსეთიდან – პოსტსაბჭოთა სივრციდან იყო. პირველ სკოლას ინტელექტუალური ტურიზმის ერთგვარი ელემენტები ახლდა, აინტერესებდათ ქვეყანაში ჩამოსვლა, დათვალიერება. პრინციპში, ესეც მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რომელიც გავიარეთ. ახლა უკვე, სტაბილურად, 80-მდე აპლიკაცია შემოგვდის და, რაც ყველაზე მეტად სასიხარულოა, აპლიკანტები პროფესიული განვითარებით  დაინტერესებული სტუდენტები, ახალგაზრდა მეცნიერები არიან, ძირითადად,  ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები – ოქსფორდი, კემბრიჯი, სორბონა, ვენის, ათენის, ვარშავის და ა.შ., სადაც ქართველოლოგიური კერები ფუნქციონირებს და ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლის ტრადიცია არსებობს.

წელს, უკვე მეორედ, ვატარებთ სკოლას ლუვენის (ბელგიის) კათოლიკურ უნივერსიტეტთან ერთად – ძალიან ცნობილ უნივერსიტეტთან, სადაც 50-60-იან წლებში ჩამოყალიბდა ქართველოლოგიური კვლევების ცენტრი და რომელთანაც წლებია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი თანამშრომლობს (ცენტრის თანამშრომლები სტუმრობდნენ ლუვენის უნივერსიტეტს და ერთობლივად არაერთი ბიზანტიელი ავტორის ძველქართულად ნათარგმნი ტექსტები აქვთ გამოცემული იქ არსებულ ტექსტების პუბლიკაციის საერთაშორისო სერიაში Corpus Scriptorum Christianorum Orientalium.).

რაც შეეხება მსმენელთა რაოდენობას, როდესაც სკოლაში მხოლოდ ფიზიკური დასწრება იყო, ეს ძალიან ზღუდავდა მათ რაოდენობას, თუნდაც, ფინანსური თვალსაზრისით. ამიტომ 10-12, მაქსიმუმ, 16 მონაწილე გვყავდა, მაგრამ ჰიბრიდულმა ფორმატმა მოგვცა საშუალება, ზუმის აპლიკაციის საშუალებით, მეტი მსმენელი ჩაერთოს. აქვე გეტყვით, რომ სკოლა ყოველთვის პირდაპირ ფორმატში ტარდებოდა, ფიზიკურად ჩამოდიოდნენ მსმენელები და, ათი დღის განმავლობაში, ჩვენთან იყვნენ. თუმცა, არც ახლა ტარდება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, ჰიბრიდულ ფორმატზე გადავედით – მსმენელების ნაწილი ჩამოსულია, მაგალითად, თურქი მონაწილე გვყავს,  ჩვენი უცხოელი მოწვეული ლექტორი ჩამოვიდა ბერლინიდან და ასევე – მსმენელები ქუთაისის უნივერსიტეტიდან; მსმენელთა ნაწილი კი, ძირითადად უცხოელები, ზუმით გვიერთდებიან – კვიპროსის, სორბონის, ლუვენის უნივერსიტეტებიდან.

– სკოლაში მოხვედრის მსურველებისთვის დაწესებულია თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა?

– რასაკვირველია, აქცენტს ახალგაზრდა მეცნიერებზე ვაკეთებთ, ამ შემთხვევაში, რუსთაველის ფონდი გვაძლევს გარკვეულ ლუფტს, ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით. იცით, რუსთაველის ფონდს ახალგაზრდა მეცნიერის როგორი განმარტება აქვს? მეცნიერი, რომელსაც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აქვს დაცული სადისერტაციო ნაშრომი, თუმცა, მნიშვნელობა არ აქვს ის 50 წლის იქნება, 65-ის თუ 35-ის. პირობითად, თუ თქვენ ხართ 60 წლის და ახლა მუშაობთ დისერტაციაზე, თქვენ ახალგაზრდა მეცნიერად ითვლებით.

– საინტერესოა, ასევე, მოკლედ მოგვიყვეთ სასწავლო პროგრამების შესახებ

– პროგრამის კურსი ათი დღისგან შედგება. 5 სასწავლო მოდულის მიხედვით, შემუშავებული გვაქვს ძალიან მკაფიოდ სტრუქტურირებული პროგრამა. თითოეული მოდული ითვალისწინებს როგორც ლექციებს, მათ შორის, გასვლითს სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეში (მაგალითად, ეროვნული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონდი, ბოლნისის სიონი და სხვ.), ისე  ვორკშოფებს, ინტერაქტიურ პროგრამებს, გამოფენებს და ა.შ. სკოლა დახუნძლული და მრავალფეროვანია ორგანიზაციული თვალსაზრისითაც. შემიძლია დაგისახელოთ კონკრეტული მოდულები, რომლისგანაც შედგება ჩვენი სასწავლო კურსი, ეს არის: ქართული დამწერლობა, ქართული ხელნაწერი, ქართული ისტორიული დოკუმენტი, ძველნაბეჭდი წიგნი, თვითონ მასპინძელი ორგანიზაცია – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. მაგალითად, სკოლის პროგრამა ითვალისწინებს რესტავრაციისა და ქაღალდის გაკეთების ვორკშოფებს, მონაწილე თავად ასრულებს დაზიანებული ფურცლის რესტავრაციას, ამზადებს და საწერად ამუშავებს ქაღალდს; ვაცნობთ დიგიტალიზაციის ლაბორატორიას იმიტომ, რომ ეს ცენტრის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი თანამედროვე მიმართულებაა.

ჩვენი პროგრამა მონაწილეების პრეზენტაციების მომზადებასაც ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ცალმხრივი არ არის – მსმენელისგან ვიღებთ უკუკავშირს. გვაინტერესებს თვითონ რას აკეთებენ სამეცნიერო კუთხით, რას იკვლევენ. თავისთავად, სასურველია, მათი მიმართულება ჩვენს თემატიკასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ აქაც საკმაოდ მრავალფეროვანია პრეზენტაციების თემტიკა. როგორც გითხარით, სკოლის მსმენელები წარადგენენ ნამუშევარს/პრეზენტაციას და ჩვენ, საბოლოოდ, მათ იმის დამადასტურებელ სერტიფიკატს ვაძლევთ, რომ ჩვენი სკოლის კურსი წარმატებით გაიარეს.

 

– რა სიახლეებს ელოდონ სკოლით დაინტერესებულები, როგორია თქვენი მომავალი გეგმები?

– სიახლეებს ვგეგმავთ, გვინდა შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, მსმენელებს გარკვეული მიმართულებით საკითხების უფრო გაღრმავებული შესწავლა შევთავაზოთ. ეს, რელურად, თავად მსმენელმა განაპირობა – პროფესიონალურად დაინტერესებული მონაწილეები ჩამოდიან, ამიტომ შემდეგ ეტაპზე გადასვლა აუცილებელია. ასევე, ვფიქრობთ, სკოლას კიდევ ერთი განშტოება დავამატოთ, რომლის შინაარსიც შეიძლება მასწავლებლებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს. არა მხოლოდ ქართულის ან ისტორიის მასწავლებლებისთვის, არამედ ხელოვნების, საბუნებისმეტყველო საგნების, მაგალითად,  ქიმიის მასწავლებლებისთვის. მაგალითად, ქართული ხელნაწერების ჭედურ ყდებზე ხშირადაა გამოყენებული ძვირფასი თვლები, მეტალთა შენადნობი, რომელიც საინტერესო შესასწავლია მეცნიერული თვალსაზრისით; ასევე, ძალიან საინტერესოა პალიმფსესტების შესწავლა ულტრაიისფერ დასხივებაზე დაფუძნებული აპარატურის მეშვეობით, ანუ პროგრამაში მულტიდისციპლინური კვლევების შედეგები აისახება. ამიტომაც ვიფიქრეთ, რომ შეიძლება მასწავლებლების დაინტერესება გამოიწვიოს როგორც საბაზო, ისე საშუალო საფეხურის.

– ქალბატონო ირინა, ხომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა სკოლის მსმენელი ცენტრის თანამშრომელი გამხდარა?

– ცენტრის თანამშრომელი, ჯერჯერობით, ჩვენი მსმენელი არ გამხდარა, მაგრამ ჩვენი სკოლის ლექტორი გახდა 2016 წლის კურსდამთავრებული ემილიო ბონფილიო, ფილოლოგიის დოქტორი, რომელსაც, მისი თქმით, ჩვენს სკოლაში მონაწილეობამ ხელი შეუწყო,  ვენის უნივერსიტეტში მოეპოვებინა ლექტორის პოზიცია, იქ კითხულობდა ქართველოლოგია-არმენოლოგიის კურსს, შემდეგ, 2019 წელს, ჩვენც მოვიწვიეთ და წელსაც ჩვენი ლექტორია. ამის გარდა, ჩვენი სამეცნიერო კომიტეტის წევრია და კრებულის რედაქტირებაში მონაწილეობს – ცენტრი მალე საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ სალექციო კურსს გამოსცემს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი საშუალებით გავახმოვანო სიახლე – თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, ვქმნით საგანმანათლებლო ელექტრონულ პორტალს, სადაც ყველა ლექციის ჩანაწერი განთავსდება და ეს, რეალურად, ძალიან კარგი ელექტრონული სასწავლო რესურსი იქნება. ამ საგანმანათლებლო პორტალზე წვდომა რეგისტრაციის ფორმატით იქნება შესაძლებელი. იმედია, ეს პროდუქტი მართლა არაჩვეულებრივი რესურსი გახდება ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.

 

 

♦ ♦ ♦

გთავაზობთ  წლევანდელი მსმენელის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტიკის მაგისტრის, თამარ ასათიანის შთაბეჭდილებას საზაფხულო სკოლის შესახებ:

„საზაფხულო სკოლა 2021 ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და შესაძლებლობა იყო. მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ორგანიზატორებისა და თითოეული ლექტორის მიმართ, რადგან ყველა ლექცია და „ვორქშოფი“ კარგად შერჩეული და გათვლილი იყო მსმენელთა კომპეტენციასა და ინტერესის სფეროზე.

სკოლა მკაფიოდ აჩვენებს, თუ რამდენად გადაჯაჭვულია მომიჯნავე დისციპლინები და რამდენად მნიშვნელოვანია კომპლექსური მუშაობა ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ.

კიდევ ერთი უპირატესობა, რასაც სკოლა მსმენელებს აძლევს, არის ის კონტაქტები, რომლებიც ამ ათი დღის მანძილზე ყალიბდება ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ლექტორებს შორის, რაც შემდგომში თანამშრომლობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების რეალურ შესაძლებლობას იძლევა.

პირადად მე სკოლიდან უამრავი ახალი და საინტერესო ინფორმაცია მივიღე. დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ კონტაქტს და თანამშრომლობას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძალიან საინტერესო და პროფესიონალ გუნდთან. ჩემთვის დიდი პატივია ამ ადამიანებთან ურთიერთობა.

კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი ყველა ორგანიზატორსა და მონაწილეს!“

ლალი ჯელაძე

 

 

დატოვეთ კომენტარი