1 თებერვალი, შაბათი, 2025

ქართული ფეხბურთის პატრიარქი

spot_imgspot_img

თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდის დაარსების 1925 წლიდან დაწყებული, გუნდში უამრავ მწვრთნელს უმუშავია, ზოგიერთმა იმას მიაღწია, რაც შეეძლო, ზოგმა იმაზე ნაკლებს –  რისი ნიჭიც ჰქონდათ. „დინამოს“ დამრიგებელთა შორის ანდრო ჟორდანიას დინამოელთა სამწვრთნელო იერარქიაში უმაღლესი ადგილი უჭირავს. ძალიან ცოტა თუ დარჩა ჩვენში სტაჟიანი გულშემატკივარი, რომელსაც ახსოვს გამორჩეული პიროვნების და მწვრთნელის სახელი, დღესაც რომ სამართლიანად ითვლება ქართული ფეხბურთის პატრიარქად; იგი დაიბადა 1904 წლის 29 დეკემბერს, ესტონეთის ქალაქ ტარტუში.

ანდრო ჟორდანიამ 12 წლისამ დაიწყო ფეხბურთის თამაში, მისი პირველი გუნდი უნივერსიტეტის „დურუჯი“ იყო. 1925 წლიდან ახლად ჩამოყალიბებულ თბილისის „დინამოში“ 16 სეზონი ჩაატარა; მართალია, წლების განმავლობაში სხვა გუნდებშიც თამაშობდა, მაგრამ სულით და გულით მუდამ „დინამოს“ ჭირს და სიხარულს იზიარებდა. ქართულ ფეხბურთს არასოდეს ჰყოლია მისი ბადალი გულშემატკივარი და სპეციალისტი, რომელსაც პატივისცემის მაგივრად ხშირად უმადურობა და ტკივილი შეხვედრია, არადა მისი კეთილდღეობისთვის იცხოვრა და იღვაწა, იგი ქართული ფეხბურთის იდეოლოგიის განმსაზღვრელი იყო. გამორჩეულად უყვარდათ ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს; საფეხბურთო კარიერის დროს მას დამკვიდრებული ჰქონდა ტექნიკური, გონიერი, რბილის სტილის მოთამაშის სახელი.

1930-31 წლებში კიევის „დინამომ“ მიიწვია; 1937 წელს ივანოვოს ფეხბურთელთა გუნდის მოთამაშე და უფროსი მწვრთნელი გახდა.

ომის დაწყების პირველივე დღიდან ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. მისი საბრძოლო ღვაწლი მთავრობის ჯილდოებით აღინიშნა. იგი 1945 წელს დაუბრუნდა თბილისს, მაგრამ 1951 წელს იძულებული გახდა, კვლავ ივანოვოში ეძია თავშესაფარი. საოცარი ის იყო, როდესაც თბილისის „დინამოში“ თაობათა ცვლის პროცესი დაიწყებოდა, იმავე წამს მიმართავდნენ არაერთგზის განაწყენებულ ანდრო ჟორდანიას. ასე მოხდა ჯერ 1954 წელს, შემდეგ 1959-61 წლებში, ისიც დაუზარებლად მოძებნიდა ნიჭიერ მოთამაშეებს, უტყუარი ალღოთი იქ მიაგნებდა ნიჭიერ ფეხბურთელებს, სადაც არავინ ელოდა. მის სახელთან არის დაკავშირებული აღიარებული ფეხბურთელების – გოგი ანთაძის, ანდრო ზაზროევის, ნიაზ ძიაპშიპას, ვლადიმერ მარღანიას, ზაურ კალოევის, გიგა ნორაკიძის, გურამ ცხოვრებოვის, ძმები კოტრიკაძეების, კარლო გაგნიძის, შოთა იამანიძის, ვლადიმერ ბარქაიას, მურთაზ ხურცილავას აღმოჩენა.

მისმა სამწვრთნელო საქმიანობამ გაიბრწყინა თბილისის „სპარტაკში“ 1948-51 წლებში, ქუთაისის „ტორპედოში“ – 1957-58 წლებში, ხოლო 1964 წელს ქართული ფეხბურთის ზეიმობის პერიოდში ტაშკენტში მისი ხელმძღვანელობით ქუთაისის ტორპედომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ოთხთა ტურნირის ფინალურ მატჩში 4:2 დაამარცხა გორკის (ახლანდელი ნიჟნი ნოვგოროდის) „ვოლგა“.

განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია მისი საქმიანობა ტყიბულის „მეშახტეში“. ეს იმერული მოკრძალებული გუნდი საკავშირო პირველობის “ბ” კლასის (მეოთხე ზონა) უიმედო აუდსაიდერი იყო, გუნდში ანდრო ჟორდანია რომ მიიწვიეს. სადებიუტო მატჩი სომხური გუნდის ოქტომბერიანის „სევანთან“ 5:1 გაიმარჯვებით დასრულდა. სწორედ აქედან დაიწყო გუნდის აღმავლობა. გუნდმა იმ წელს მესამე ადგილი დაიკავა და გადათამაშების შემდეგ „ა“ კლასში აღზევდა.

1966 წლის 30 ოქტომბერს მსაჯის სასტვენმა მთელი ტყიბული გაახარა. ბევრ ადგილობრივ გულშემატკივარს ახსოვს ანდრო ჟორდანიას ცრემლიანი თვალები და სიტყვები: „მაინც ხომ გადავედით „ა“ კლასში“? ასეთი სასწაულის მოხდენა მხოლოდ დიდ სპეციალისტებს შეეძლოთ.

მწვრთნელის პროფესია ასეთია – გაქვს შედეგი? ქება-დიდებას არ მოგაკლებენ! წარუმატებლობის შემთხვევაში წამსვე კარისკენ მიგითითებენ! მიუხედავად არნახული წარმატებებისა, ანდრო ჟორდანია გაათავისუფლეს გუნდიდან, ვაითუ გაისად უკეთეს შედეგს მიაღწიოსო. მისი ბედი ტრაგიზმით იყო სავსე, რომელიც გამოწვეული იყო უმადურობით, მაშინდელი წარმმართველი ძალის აზროვნების სიბნელით.

ერთხელ საუკუნის მწვრთნელს, ნოდარ ახალკაცს შეეკითხნენ: ვინ არის თქვენთვის ეტალონი მწვრთნელი? პასუხმაც არ დააყოვნა: ეს მარტივი კითხვაა, ასეთი იყო ანდრო ჟორდანია, როგორც თავისი განუმეორებელი კოლორიტით, ისე საფეხბურთო აზროვნებით. სრული ჭეშმარიტებაა, უკეთეს შეფასებას თვით ანდრო ჟორდანიაც ვერ ინატრებდა, მას საკუთარ დამსახურებაზე არ უყვარდა საუბარი და ჟურნალისტებთან საუბარსაც გაურბოდა.

როცა მთელი ქართული საზოგადოება მისი 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადებოდა 1973 წლის 25 აპრილს უხმოდ წავიდა ჩვენგან კაცი, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ქართული ფეხბურთისათვის. წავიდა ისე, რომ კუთვნილი სამადლობელი სიტყვა არ მოუსმენია. ცრემლიანი იყო მისი გამოსათხოვარი სიტყვები, მაგრამ ყოველივე ეს ნაგვიანევი გახლდათ, თაობებმა უნდა იცოდნენ, ვინ იყო ანდრო ჟორდანია. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები სამშობლოში მეტ დაფასებას და სიყვარულს იმსახურებენ.

სახელოვანი მწვრთნელი ელემენტარულ აღიარებას საკმაოდ დიდხანს ელოდა, მხოლოდ 2017 წელს გაიხსნა მისი მემორიალური დაფა, მადლობა მათ, ვინც ამ საშვილიშვილო საქმის შესრულებაში მიიღეს მონაწილეობა. ანდრო ჟორდანიას გამოთქმულ ძარღვიან ფრაზას დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა: ვიზრუნოთ ქართული ფეხბურთის გადასარჩენად და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ მომავალი წარსულის გახსენების გარეშე წარმოუდგენელია!

ქართული ფეხბურთის ნატანჯი და დაუფასებელი პატრიარქის, ანდრო ჟორდანიას დაბადებიდან, 2024 წლის 29 დეკემბერს 120 წელი შესრულდა.

ბეჟან ჩხეიძე

საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები