27 ივლისი, შაბათი, 2024

ქართველ ჭაბუკთა წარმატება ევროპის ჩემპიონატზე  

spot_img

ამ დღეებში ზაგრებმა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა ჭიდაობაში უმცროსი ასაკის ჭაბუკთა – 15-წლამდელთა შორის, სადაც დიდი წარმატებით გამოვიდა ჩვენი 3-ვე ნაკრები. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამჯერად თავი გოგონებმაც გამოიჩინეს. ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ გუჩაშვილმა ხორვატიაში მხოლოდ 2 სპორტსმენი წაიყვანა, თუმცა ორივემ მედალი მოიპოვა – ვერცხლი და ბრინჯაო. მეორეზე მარიამ კაპანაძე გავიდა 50 კილოგრამში, ხოლო ანა გოდელაშვილი მესამე იყო 66-ში. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ დროს უთმობს ქალთა ჭიდაობას და, იმედია, მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება გვექნება.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბიჭებმა 7 მედალი და გუნდური პირველობა მოიპოვეს – 2-2 ოქრო-ვერცხლი და 3 – ბრინჯაო. პირველი ტიტული მოიპოვა სახელოვანი გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ – კონსტანტინე პეტრიაშვილმა, ვინც 68 კილოგრამში გახდა ევროპის ჩემპიონი, მეორე ოქრო კი ლუკა კვატაშიძის (75) ანგარიშზეა. ვერცხლის მედლებს გიორგი წურიაშვილი (38) და დავით პაპუკიშვილი (48) დაეუფლნენ, ბრინჯაოსას – მათე ცინაძე (41), გიორგი მაისურაძე (44) და ანრი გოგუაძე (62). ბრინჯაოს მოპოვება შეეძლოთ ნიკოლოზ ბუხრაშვილს (44) და დიმა გოგიტიძეს (52), თუმცა მათ მედლისთვის გამართული დასკვნითი პაექრობები დათმეს და მეხუთე ადგილზე დარჩნენ. საბოლოოდ გუნდმა 10 წონიდან 7-ში მოიპოვა მედალი და მხოლოდ 3-ში მოეცარა ხელი. არადა, 10-ში ვინარჩუნებდით მედლის მოპოვების შანსს, თუმცა გუნდის გამოსვლა მაინც ჩინებულია.

ხორვატიაში წარმატებით გამოვიდნენ ბერძენ-რომაელებიც, რომელთა წილად 6 მედალია – 3-3 ოქრო და ბრინჯაო. ჩემპიონები ერეკლე თავბერიძე (48), ვახტანგ ლოლუა (52) და გიორგი ალადაშვილი (75) გახდნენ, მესამეზე კი დავით გაბედავა (41), რეზი გუჯაბიძე (48) და ლუკა ფიფია (48) გავიდნენ. თან, ისიც უნდა ითქვას, რომ წინასწარ შეხვედრებში გუჯაბიძე თავბერიძესთან, ხოლო ფიფია ლოლუასთან დამარცხდა.

ხობელი ლოლუა განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ერთ თვეში ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი: 15 წლის ბიჭმა 1 თვის წინ 17-წლიანებში მოიგო ევროპირველობა და რა გასაკვირია, ეხლა თავის ასაკშიც თუ გაიმარჯვა.

ირაკლი თავაძე

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები