27 ივლისი, შაბათი, 2024

ქართველოლოგიის პროგრამა ბერნის უნივერსიტეტში

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით იმყოფება შვეიცარიის კონფედერაციაში. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ბერნის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო, დაესწრო პროფესორ მანუელა შტუდერ-კარლენის ლექციას თემაზე – „შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება და ხუროთმოძღვრება“.

 

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით მიმართა აუდიტორიას და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბერნის უნივერსიტეტში საქართველოს მდიდარი ისტორიის, მრავალფეროვანი, გამორჩეული კულტურისა და ხელოვნების შესახებ სასწავლო კურსის განხორციელების მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ კითხულობენ როგორც ქართველი, ასევე შვეიცარიელი, გერმანელი და ამერიკელი პროფესორები.

„ძალიან საინტერესო ლექციას დავესწარი ბერნის უნივერსიტეტში, ქართულ არქიტექტურასთან დაკავშირებით. მოხარული ვარ, რომ ქართველოლოგიის პროგრამა აქტიურად მუშაობს როგორც სამეცნიერო-კვლევითი თვალსაზრისით, ასევე უაღრესად საინტერესო ლექსიების კურსის მიმართულებით. ჩვენი სამინისტრო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბერნის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამას, სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური მიმართულებებით,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. პროექტის განხორციელებისთვის მან მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოსა და ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტებს.

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე ამბობს, რომ გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ბერნის უნივერსიტეტში, საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით ფრიბურგის უნივერსიტეტთან, ქართველური სწავლების აბსოლუტურად უნიკალური კურსი იმართება. „ვფიქრობ, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ამ ერთობლივ წამოწყებას და უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირადად ბატონ მინისტრს, რომელიც დღეს დაესწრო ამ ციკლის ერთ-ერთ ლექციას, მხარდაჭერისთვის და იმ მოტივაციისთვის, რაც აუცილებლად მოგვცემს შესაძლებლობას, ხვალ კიდევ უფრო გავაფართოოთ ეს პროექტი“.

 

ლექციას „შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება და ხუროთმოძღვრება“ პროფესორი მანუელა შტუდერ-კარლენი კითხულობდა. „დღეს მქონდა პატივი, წამეკითხა ლექცია ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ. ეს ლექცია გახლავთ ქართველოლოგიის შესახებ სალექციო კურსის ნაწილი, რომელიც ხორციელდება ბერნის უნივერსიტეტში. ეს არის ინტერდისციპლინური სალექციო კურსი ქართულ დამწერლობაზე, ხუროთმოძრვრებასა და მხატვრობაზე. ჩვენ ბევრს ვსწავლობთ საქართველოს ისტორიის შესახებ,“ – განაცხადა მანუელა შტუდერ-კარლენმა.

ქართველოლოგიის პროგრამის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა მინისტრმა ბერნის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ქრისტიან ლოიმანთან  შეხვედრისას, რომელიც ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ბერნის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მისთვის საამაყოა, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტი საქართველოს ისტორიისა და მდიდარი კულტურის შესახებ სწავლებას რომ ახორციელებს.

შეხვედრას ესწრებოდა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე.

ბერნის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების მხარდაჭერით ხორციელდება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები