19 ივლისი, პარასკევი, 2024

ქართველოლოგია ციფრულ ეპოქაში

spot_img

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ქართველოლოგიაში, რომელიც მიეძღვნა ციფრულ ეპოქაში ქართველოლოგიური მეცნიერებების გამოწვევებს, მეთოდებს, ტექნოლოგიებსა და რესურსებს. ლექციები და ვორკშოპები ასახავდა ამ სფეროში დაგროვილ მიღწვებს ქართული ენის ეროვნულ კორპუსს, ქართული ენის მორფოლოგიური სინთეზის პროგრამულ უზრუნველყოფას, „ვეფხისტყაოსნის“ პარალელურ კორპუსს, ბსუ ლინგვოკულტუროლოგიურ არქივს, დიგიტალურ კოდიკოლოგიას, კომპიუტერულ ლექსიკონებს და ქართულ ხელოვნურ ინტელექტს.

პროფესორი რამაზ ხალვაში ამბობს, რომ საზაფხულო სკოლის ფარგლებში გამართულმა სხდომამ, რომელიც დიგიტალური ქართველოლოგიის მეთოდებს, ტექნოლოგიებსა და რესურსებს ეძღვნებოდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა: საინტერესო ლექტორები გვყავდა მოწვეული როგორც ქართველი, ისე უცხოელი. რესურსები, ფაქტობრივად, დაწყებული ქართული ენის სინთეზისა და ანალიზის პროგრამირებით, წელს გაჩნდა ქართულ სივრცეში. დიგიტალური პალეოგრაფიის პროექტების შექმნის, ქართული ეროვნული კორპუსისა და ცალკე არსებული ანალიზისა და სინთეზის პროგრამის ინტეგრირების იდეა იმ დიგიტალური რესურსების სრულყოფას გამოიწვევს, რაც უკვე არსებობს ქართულ ფილოლოგიაში.

სკოლის მსმენელებმა სასერტიფიკატო მოხსენებებში წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, რომლებიც აღნიშნული რესურსების გამოყენებით მომზადდა. სტუდენტების მოხსენებებში დასმული არაერთი საკითხი მომავალ ქართველოლოგიურ კვლევებს დაედება საფუძვლად და ითვალისწინებს დიგიტალური კოდიკოლოგიის ვებგვერდის მომზადებას, ფოლკლორისტულ კვლევებში ციფრული მეთოდების გამოყენებას და ქართული ენის მორფოლოგიური სინთეზის პროგრამის ინტეგრირებას ეროვნულ კორპუსთან.

ორგანიზატორების თქმით, როდესაც სეზონური სკოლის კონცეფციაზე მუშაობას იწყებდნენ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ასეთ მასშტაბურ სახეს მიიღებდა. მაშინ მათი სურვილი იყო, ფრანკფურტის უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება საქართველოში ჩამოეტანათ და, უპირველეს ყოვლისა, კოლეგებისთვის გაეზიარებინათ. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ კვლევის თანამედროვე მეთოდები არა მხოლოდ კოლეგებისთვის მიეწვდინათ, არამედ ახალგაზრდა თაობისთვისაც იმიტომ, რომ ეს 21-ე საუკუნის თაობაა და წარმოუდგენელია დღეს კვლევა დიგიტალური მეთოდების გარეშე. ფიქრობენ, წლევანდელი წელი ყველაზე პროდუქტიული იყო, რადგან ეს იყო პირველი წელი, როდესაც უკვე გამოცდილი ლექტორების გვერდით, იდგნენ ახალგაზრდა ლექტორები, რომლებიც საზაფხულო სკოლაში გაიზარდნენ და ეს იყო ყველაზე დიდი შედეგი, რომელიც სეზონურმა სკოლამ გამოიღო.

საერთაშორისო სეზონური სკოლა 2012 წელს დაარსდა, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე და ფოკუსირდება დიგიტალური ჰუმანიტარიის სხვადასხვა საკითხებზე.

2023 წელს სეზონური სკოლა მეთერთმეტედ ჩატარდა და მიეძღვნა ქართველოლოგიური მეცნიერებების გამოწვევებს ციფრულ ეპოქაში – მეთოდებს, ტექნოლოგიებსა და რესურსებს.

სეზონური სკოლა, თეორიული ნაწილის გარდა, პრაქტიკული აქტივობების განხორციელებასაც მოიცავდა, რომელსაც უძღვებოდნენ გერმანელი და ქართველი მეცნიერები. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

გამოცდები გრძელდება

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები