6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

ქართველი ინოვატორების წარმატებები აშშ-სა და ევროპაში გამართულ STEM საზაფხულო სკოლებში

spot_img

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებულმა ოცმა მონაწილემ, 2023 წლის ზაფხულის პერიოდში, ამერიკისა და ევროპის საზაფხულო STEM საბუნებისმეტყველო და ინოვაციების ბანაკებში მიიღეს მონაწილეობა და ახალი უნარებითა და მიღწევებით საქართველოში დაბრუნდნენ.

2022 წლის კონკურსში გამარჯვებული გუნდი „LIGGA“-ს ხუთმა წევრმა აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა გაიარა, გუნდი “Firelink“-ის წევრები სტენფორდის უნივერსიტეტში, iD Tech ბანაკში იმყოფებოდნენ, გუნდმა „Mad Scientist”-ის წევრებმა ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი (CERN) მოინახულეს შვეიცარიაში, ხოლო გუნდი „Atemporal“-ის წევრები პოლონეთში, EPAM-ის სასწავლო პროგრამას „Garage“ დაესწრნენ.

„აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ყოველ წელს საშუალებას აძლევს საქართველოდან ახალგაზრდებს, მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს წამყვან STEM საზაფხულო სკოლებში, ბანაკებსა და პროგრამებში. წელს 20 გამარჯვებულს საქართველოდან მიეცა ეს უნიკალური შესაძლებლობა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ვიზიტები, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს ჩვენ მომავალ თაობას, რომ მათი საქმიანობა და კარიერა საბუნებისმეტყველო-საინჟინრო დარგებს და ტექნოლოგიებს დაუკავშირონ, რადგან სწორედ ამ დარგებში სჭირდება დღეს საქართველოს ნიჭიერი, მონდომებული და პროფესიონალი ადამიანური კაპიტალი“, –  აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

ერთი კვირის განმავლობაში, ჰიუსტონის ჯონსონის კოსმოსური ცენტრის ოფიციალურ ვიზიტორთა ცენტრში, ახალგაზრდა გამომგონებლები გაეცნენ NASA-ს საქმიანობას და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ინოვაციების და პროტოტიპების შექმნაში. გუნდის წევრებმა ასევე დაათვალიერეს ასტრონავტების გადამზადების და კრისტოფერ კრაფტის მისიის საკონტროლო ცენტრები. მონაწილეებმა გამოსცადეს წყალქვეშა ყვინთვის სპეციალური პროგრამა, რომელსაც ასტრონავტები გადიან, უწონადობის სიმულაციიის მიზნით. მონაწილეები ასევე შეხვდნენ NASA-ს ასტრონავტს ბილ მაკარტურს (Bill McArthur), რომელსაც კოსმოსში ოთხი მოგზაურობა და ჯამში, 224 დღე აქვს გატარებული.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, გუნდის Firelink წევრები აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ტექნოლოგიების Id Tech ბანაკში იმყოფებოდნენ, სადაც 3D პროგრამის გამოყენების ძირითადი საფუძვლები შეისწავლეს. პროგრამის ბოლოს, სტუდენტებმა დაამუშავეს პროექტი და საკუთარი დიზაინით სხვადასხვა პროტოტიპი შექმნეს.

ლიბერთი ბანკის დაფინანსებით, გუნდის Mad Scientist წევრებმა შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN) მოინახულეს და შეხვდნენ უცხოელ და ქართველ მეცნიერებს, რომლებმაც გააცნეს ცერნში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევები, მათ შორის CMS ექსპერიმენტი, LHC ამაჩქარებელი (კოლაიდერი) და Atlas ექსპერიმენტი. მონაწილეები დაესწრნენ წამყვანი ფიზიკოსების ლექციებს, დაათვალიერეს ჟენევის უნივერსიტეტის და შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის კამპუსი და ლაბორატორიები. ვიზიტის ბოლოს, მონაწილეები ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას ეწვივნენ.

კომპანია EPAM Georgia-ს მხარდაჭერით, გუნდის Atemporal წევრები პოლონეთში იმყოფებოდნენ, სადაც „EPAM Garage“ სასწავლო პროგრამა (ვორკშოპი) გაიარეს. მონაწილეები გაეცნენ ტექნოლოგიური კომპანიების მუშაობის სპეციფიკას და სხვადასხვა უახლეს ტექნოლოგიებს, ძალები მოსინჯეს კოდის წერაში, იმოგზაურეს VR სამყაროში და თავიანთი ინოვაციური პროექტების სამომავლო განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები შეიძინეს.

„ათასწლეულის ინოვაციების კონკურსი უდიდეს გამოცდილებას შეგძენთ, კონკურსში მონაწილეობის პროცესში თქვენ ბევრ ისეთ უნარ-ჩვევებს შეიძენთ, რაც ცხოვრებაში გამოგადგებათ. გარდა საგნობრივი ცოდნისა, ისწავლით გუნდურ მუშაობას, კომუნიკაციას, პრეზენტაციის უნარებს და სხვა. კონკურსში გამარჯვება არ არის მთავარი, მთავარია მონაწილეობის მიღება და ამ მონაწილეობის შედეგად მიღებული გამოცდილება“ – ამბობს გიორგი ტყებუჩავა, გუნდი LIGGA-ს წევრი, სენაკის წმ. შუშანიას სკოლა-გიმნაზიის მოსწავლე.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს ინიცირებით, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციის ხელშეწყობით. კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში, ისეთი მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება. კონკურსში დღეისათვის 3,000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული. კონკურსის შესახებ ვრცლად, იხ.: www.millennium.org.ge

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები