განათლების რეფორმის ფარგლებში მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ საზოგადოებას, 30 იანვარს გააცნეს.
მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ განათლებაში მაღალი ხარისხის მისაღწევად აუცილებელია მეცნიერების განვითარებისთვის ხელშეწყობა და ამ სფეროში ახალგაზრდების მაქსიმალურად ჩართულობა, უმთავრესი კი — ევროპულ სამეცნიერო წრეებთან ინტეგრაციაა: „უკვე დავიწყეთ მუშაობა და ინტენსიურად მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, საქართველო ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის ნაწილად მოიაზრებოდეს. პირველ რიგში, ეს გულისხმობს სამეცნიერო პროექტების განხორციელებას და ქართველი მეცნიერების ჩართულობას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში. ფაქტობრივად, ნებისმიერი უნივერსიტეტის ქართველი მეცნიერი შეიძლება ჩაერთოს ევროკავშირის ქვეყნის სამეცნიერო კვლევაში. ასეთი ტიპის ინტეგრირება მართლაც წარმოუდგენელ შესაძლებლობებს უხსნის მეცნიერებს და რაც მთავარია, კიდევ მეტ ევროპელ მეცნიერს გააჩენს საქართველოს კვლევით სივრცეში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ქართველ მეცნიერს მივცეთ შესაძლებლობა, ევროპელ მეცნიერებთან ერთად, მეტ წარმატებას მიაღწიონ.“
განათლების მიმართულებით დაწყებული რეფორმის ფარგლებში, განათლების სამინისტრომ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის შედეგად, მეცნიერების მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განსაზღვრა:
* ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, ტექნოლოგიურ და ინოვაციურ კვლევებში სამეცნიერო ეფექტიანობის სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვა, მეცნიერების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავება, მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ინიცირება და განვითარების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაცია.
* ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით, 2019 წელს, საგრანტო კონკურსის ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა. დაგეგმილია სახელობითი სტიპენდიების დაწესება და კვლევითი ვიზიტების დაფინანსების გაზრდა (ERC, DAAD, ფრანგული ინსტიტუტი და სხვ).
* საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად, 2019 წელს, ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში (EURAXESS) საქართველოს გაწევრიანებას გეგმავს. ამ მიზნით შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. EURAXESS-ში ჩართვა ქართველ მკვლევრებს კარიერულ ზრდაში შეუწყობს ხელს, აგრეთვე, საქართველოში უცხოელ სტუდენტებს მოიზიდავს.
დაგეგმილია რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის „საქართველოს მეცნიერების“ (Georgian Science) გამოცემა, რომლის რედკოლეგიის წევრები, ქართველებთან ერთად, უცხოელი მეცნიერებიც იქნებიან. ჟურნალი საქართველოს სამეცნიერო პროდუქტის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში გატანას უზრუნველყოფს.
* სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით, მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული კვლევების საბჭოს — ERC — სტანდარტები, ბლოკჩეინი და 3D ტექნოლოგიები დაინერგება. ასევე, გაძლიერდება უცხოელი ექსპერტების როლი კვლევების შედეგების შეფასების პროცესში; ხელი შეეწყობა კვლევების კომერციალიზაციას და მეცნიერებასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
* სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებისთვის. აქამდე მხოლოდ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები ფინანსდებოდა, წელს პირველად დაფინანსდება კერძო უმაღლესებიც.
იზრდება საგრანტო დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ფონდს რამდენიმე გრანტი აქვს, საუბარია დოქტორანტებზე და პოსტდოქტორანტებზე. რუსთაველის ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია ამბობს, რომ DAAS და ფრანგულ ინსტიტუტთან არსებული ერთობლივი სამეცნიერო გრანტების ოდენობისა და ვადების განსაზღვრა დამოკიდებული იქნება კონკრეტულ საგრანტო პროექტებზე, რომელიც შეიძლება იყოს ერთწლიანი, ორწლიანი და მეტი. იგი მნიშვნელოვან სიახლედ მეცნიერების მიმართულებით პრიორიტეტიზაციის დაწყებას ასახელებს, რაც 90-იანი წლების შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში, არ გაკეთებულა. „ძალიან რთული ამოცანაა და შესაბამისად, არ გვინდა, რომ ინდივიდუალურად მივიღოთ გადაწყვეტილება. ამიტომ, ორშაბათიდან ვიწყებთ უნივერსიტეტების სამეცნიერო წრეებთან შეხვედრებს. ქართველ მეცნიერებთან გვექნება ინტენსიური დისკუსიები. ჩვენი მიზანია, ფუნდამენტური მეცნიერებები ისე განვავითაროთ, რომ მოხდეს მათი გარდაქმნა გამოყენებით კვლევების ნაწილში და საბოლოოდ, კომერციულ ტრანსფერებში.“
ფონდის დირექტორმა იმ ბიუროკრატიულ ბარიერებზეც ისაუბრა, რომელიც, განსაკუთრებით საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით ჩნდება. „პირველ რიგში, საგრანტო განაცხადებში ტექნიკური ხარვეზების დადგენის გამარტივებას ვაპირებთ. მეცნიერებს გარკვეულ ვადას მივცემთ ტექნიკური ხარვეზის გამოსასწორებლად. შესაბამისად, სრული აქცენტირება საგრანტო განაცხადის შინაარსობრივ ნაწილზე გადავა. აქედან გამომდინარე, აღარ დაიბლოკება ისეთი ტიპის პროექტები, რომლებიც მხოლოდ ტექნიკური ხარვეზის გამო ჩერდებოდა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში, ბევრი საგრანტო პროექტი არა შინაარსობრივი ნაწილის, არამედ სწორედ ტექნიკური ნაწილის გამო დაიბლოკა.“
კითხვას, თუ როგორ აპირებს ფონდი კერძო სექტორის მოზიდვას და ჩართვას სამეცნიერო-კვლევით პროცესში, ზვიად გაბისონია პასუხობს, რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა, რადგან „ჩვენ უნდა შევძლოთ, კერძო სექტორის სამეცნიერო პოტენციალითა და მეცნიერებით დაინტერესება. რა თქმა უნდა, ვერ ვაიძულებთ სამეცნიერო კვლევებში ჩართვას, ამიტომ მეცნიერებამ და კერძო სექტორს ისეთი ტიპის პროექტები უნდა შესთავაზოს, რომ ისინი თავად დაინტერესდნენ მათი დაფინანსებით.“
რა ოდენობით განისაზღვრება სახელობითი სტიპენდიები? როგორც ფონდის ხელმძღვანელმა გვითხრა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კონკურსი შვიდივე სამეცნიერო მიმართულებაზე გამოაცხადონ. შესაბამისად, შეარჩიეს სახელობითი სტიპენდიები, რომელსაც გამარჯვებულები წლის განმავლობაში მიიღებენ. „სტიპენდიებს ისეთი ქართველი მეცნიერებისა და მამულიშვილების სახელი დავარქვით, რომ დარწმუნებული ვართ, მთელი ცხოვრება იამაყებენ ამით. ეს, რასაკვირველია, დიდი სტიმულია მათთვის და ჩვენი მეცნიერებისთვის — პოპულარიზაცია. სტიპენდიების გარდა, გვინდა სამეცნიერო წლის ჯილდოს დაწესებაც, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა. წარმატების კოეფიციენტის დადგენა და გაზომვა არა კონკრეტული ადამიანების სამეცნიერო ბიოგრაფიებით, როგორც აქამდე იყო, არამედ იმ სამეცნიერო მიღწევებით, რაც მოცემულ ორი წლის განმავლობაში ექნებათ. წლის განმავლობაში, სტიპენდიებისთვის გათვალისწინებულია, დაახლოებით, 12 ათასი ლარი. შესაბამისად, გამარჯვებულები ათას ლარიან სტიპენდიას მიიღებენ.“ — აღნიშნა ფონდის დირექტორმა.
2019 წელს ჩაფიქრებულია ახალი კონკურსების ჩატარება, რომელთა მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მეტი ჩართულობაა სამეცნიერო კვლევებში. „მეცნიერება უნდა გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტული“ — ითქვა პრეზენტაციაზე.
ირინა აბულაძე: „ძალიან მნიშვნელოვანია სკოლები დაახლოვდნენ უნივერსიტეტებთან და კვლევით ინსტიტუტებთან. უამრავი შესაძლებლობაა, რასაც ადგილზე შეიძლება გაეცნონ ჩვენი მოსწავლეები და დაინტერესდნენ. მეცნიერება ცნობისმოყვარეობით, კვლევის და ძიების უნარებით იწყება, ამიტომ ამ მიმართულებით აუცილებლად ვითანამშრომლებთ.“
დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი: „ყველამ უნდა იცოდეს, რომ მეცნიერება არ არის ფუფუნება, მეცნიერება არის ის, რაზეც დგას თანამედროვე მსოფლიო და პროგრესი. მეცნიერული კვლევა ყველა სფეროში უნდა ხორციელდებოდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელვანია მეცნიერების პოპულარიზაცია, სულ პატარა ასაკიდანვე ამ სფეროში ჩართვა ის იმპულსია, რომელიც განავითარებს დარგს. ოპტიმისტურად ვუყურებ ამ სფეროს განვითარებას, რადგან ჩვენს ქვეყანას კვლევის დიდი პოტენციალი აქვს — ჩვენი ბუნებრივი და ინტელექტუალური მემკვიდრეობა ხშირად მსოფლიო მნიშვნელობის კვლევის ობიექტს წარმოადგენს. პრინციპულია, რომ ჩვენი ქვეყანა კვლევის ძირითადი ცენტრი იყოს, ინტეგრირებული საერთაშორისო პროგრამებში.“
ლალი ჯელაძე