9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ფუნქციური წერა – დანიშნულებითი ტიპის ტექსტები ორგანიზაციის მიმართ

spot_img
მარიკა მოწონელიძე
სსიპ თბილისის №218 საჯარო სკოლის უცხო ენების მასწავლებელი

 

 

ფუნქციური წერა ჩვენი, პედაგოგების, პროფესიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გასულ სასწავლო წელს ფუნქციური წერა მასწავლებელთა საგამოცდო საკითხების ნუსხაში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ ნაწილად იყო აღიარებული, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის ტექსტების შექმნას მხოლოდ საგამოცდო დანიშნულება არ აქვს.

წარმოგიდგენთ ზოგად და კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებიც მოწონებულია ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტის მიერ.

ზოგადი რეკომენდაციები:

  • ნებისმიერი წერილობითი ტექსტი უნდა იყოს ენობრივად გამართული.
  • სალიტერატურო ნორმების დაცვა მეტყველებს თქვენს განათლებასა და პროფესიულ დონეზე. ეცადეთ, არ გახვიდეთ პროფესიული „ჩარჩოებიდან“, არ მოიხმოთ ემოციური ლექსიკა და მხატვრული ხერხებით ნუ დახუნძლავთ ტექსტს.
  • წერეთ მარტივი და გასაგები, არაორაზროვანი წინადადებებით.
  • თქვენ მიერ გადმოცემული აზრი მკაფიოდ და კონკრეტულად ჩამოყალიბებული უნდა იყოს.
  • თავი აარიდეთ ბუნდოვან, რომანტიზებულ, სენტიმენტურ, ზედმეტად ემოციურ, ორაზროვან და არაფრისმთქმელ ფრაზებს, რათა თქვენი გზავნილი ადრესატმა სათანადოდ და ადეკვატურად აღიქვას.

ტექსტის ძირითადი სათქმელი, როგორც წესი, კონცენტრირებულია თეზისში. თეზისი, ანუ ძირითადი დებულება, არის ორ ან მეტწინადადებიანი მონაკვეთი, რომელშიც გამოთქმულია ავტორის მთავარი სათქმელი. იმდენად, რამდენადაც შემდგომი მსჯელობა სწორედ თეზისის მიხედვით აიგება, ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი დებულების მკაფიოდ და კარგად ჩამოყალიბება, შემდგომში კი მისი დასაბუთება.

არგუმენტირება – საკითხის დასმის შემდეგ აუცილებელია მისი განვრცობა და სათანადო არგუმენტებით დასაბუთება. არგუმენტაციის გარეშე ნებისმიერი დებულება კარგავს ფასს. საქმიან დოკუმენტაციაში არგუმენტად გამოიყენება სტატისტიკა, ფაქტები, არსებული ვითარება, საერთაშორისო გამოცდილება, ავტორიტეტთა მოსაზრებები და ა.შ.

დასკვნა – ზოგიერთი ტიპის საქმიან წერილობით ტექსტში აუცილებელია სათქმელის შეჯამება და დასკვნის წარმოდგენა, რათა ადრესატისთვის უფრო დამაჯერებელი, კონკრეტიზებული და მოცულობითი იყოს სათქმელი. ზოგიერთ საქმიან დოკუმენტში კი დასკვნა არის სწორედ ძირითადი მოთხოვნა/თხოვნა.

როდესაც თხოვნით/მოთხოვნით მიმართავთ რომელიმე ორგანიზაციას/ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ჯერ კარგად ახსენით არსებული ვითარება, ჩამოაყალიბეთ თქვენი სათქმელი, თხოვნის შინაარსი, რათა ადრესატისათვის ნათელი და გასაგები იყოს თქვენი კონკრეტული მოთხოვნის არსი. შემდეგ მოიყვანეთ სათანადო არგუმენტები, რომელთა საშუალებითაც დაარწმუნებთ მას, რომ თქვენი მოთხოვნა მნიშვნელოვანი და საფუძვლიანია. ბოლოს, დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ, კონკრეტულად შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი თხოვნა და შეაჯამოთ სათქმელი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფუნქციური წერის დროს, რომელიც რასაკვირველია დანიშნულებითი, ფუნქციური ხასიათისაა, დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:

  1. საკვანძო საკითხის წამოჭრა;
  2. საკითხის ჩაშლა;
  3. საკითხის შესახებ დასკვნის გამოტანა, მისი დასაბუთება.

ნებისმიერი წერილობითი ტიპის ტექსტს ადამიანი იყენებს სხვადასხვა მიზნით ყოველდღიურ ცხოვრებაში და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ინფორმაციული ტიპის ტექსტთან გვაქვს საქმე. მაგალითად:

სამოტივაციო წერილი

განცხადება

ახსნა-განმარტებითი ბარათი

მოხსენებითი ბარათი

უმნიშვნელოვანესია, ნაწერი მკითხველისთვის მარტივად აღსაქმელი იყოს, არართული და დამაბნეველი, არაა საჭირო რთული კონსტრუქციების გამოყენება, რომ ნაწერი უფრო მასშტაბური გამოჩნდეს. აზრები ლოგიკურ თანხვედრაში უნდა იყოს და თანმიმდევრულად მიყვებოდეს ავტორის სათქმელს.

პირველ რიგში, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ საკითხზე, რაც საკვანძოა, ძირითადი, რათა შემდეგ მოხდეს მისი გაფართოება სიღრმისეულად, არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე და ეს არგუმენტები უნდა გამყარდეს მაგალითებით რეალური ცხოვრებიდან. წერილის ავტორმა, დასასრულს, სათქმელი უნდა შეაჯამოს და დასკვნის სახით წარუდგინოს ადრესატს.

დასკვნით ნაწილს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის განსაზღვრავს  მკითხველის დამოკიდებულებას ავტორისადმი, რის საფუძველზეც ადრესატს ექმნება მკაფიო წარმოდგენა და შთაბეჭდილება, თუ რამდენად ღირებულია და ფასეული ის თხოვნა/მოთხოვნა, რომელიც თავდაპირველად დააყენა ავტორმა საკითხის დასმის დროს.

 

ადგილობრივი ბიზნესის ხელმძღვანელ პირებს!

პრობლემის ზოგადი აღწერა, მოთხოვნის ჩამოყალიბება

მოგეხსენებათ, ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც თანავარსებობთ სხვადასხვა ეთნიკურად დასახლებული ერების წარმომადგენლებთან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებით, მათ პატივი სცენ სხვა ადამიანის რწმენას და აღმსარებლობას, მის კულტურულ მემკვიდრეობას, იყვნენ ტოლერანტები მათ მიმართ და აღიქვან ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად.

სწორედ ამ მიზნით ჩვენ, სსიპ თბილისის N *****  და  N რაიონის სკოლის მასწავლებლები ******* ჩართული ვართ  პროექტში სახელწოდებით „ჩვენ ყველა ერთნი ვართ“. აღნიშნული პროექტის მიზანია მოსწავლეთა დაახლოება და დამეგობრება ორი სკოლის საფუძველზე, რათა ქართველმა და არაქართველმა მოსწავლეებმა უფრო ახლოს გაიცნონ ერთმანეთის კულტურული მემკვიდრეობა, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მათ თანაცხოვრებას ერთ სახელმწიფოში. პროექტის განხორციელების მიზნით გვესაჭიროება თანხა, რისი შესაძლებლობაც სკოლას არ გააჩნია.

ფინალური ნაწილი (მოკლე შეჯამება მეორე სეგმენტში წარმოდგენილი არგუმენტირებისა) – დასკვნა, ადრესანტი და თარიღი (აქვე უთითებთ, ფიქტიურად, ვთქვათ, დანართების ან სხვა ტიპის დოკუმენტების რაოდენობასა თუ მისამართებს).

იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული საკითხი თქვენთვის მნიშვნელოვანია, ყურადსაღები და გაგვიწევთ ფინანსურ თანადგომას, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ყველა მოსწავლის აქტიური ჩართვა.

 

პატივისცემით, სახელი, გვარი

პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი:

რიცხვი, თვე, წელი

 

ასევე, მსგავსი წერილებით მივმართავთ სხვადასხვა პირსა თუ ორგანიზაციას, მაგალითად: 

ადგილობრივ თვითმმართველობას სოციალურ, ეკოლოგიურ და საგანმანათლებლო პროექტებში მხარდაჭერისთვის
ადგილობრივ რესურსცენტრს სოციალურ, ეკოლოგიურ და საგანმანათლებლო პროექტებში მხარდაჭერისთვის, კონფერენციების ორგანიზებისთვის
ადგილობრივ ბიზნესს სოციალურ, ეკოლოგიურ და საგანმანათლებლო პროექტებში მხარდაჭერისთვის
მსხვილ ბიზნესს სოციალურ, ეკოლოგიურ და საგანმანათლებლო პროექტებში მხარდაჭერისთვის
საგამომცემლო ბიზნესს საგანმანათლებლო პროექტებში მხარდაჭერისთვის
პროფკავშირულ ორგანიზაციას სოციალურ, ეკოლოგიურ და საგანმანათლებლო პროექტებში მხარდაჭერისთვის, კონფერენციების ორგანიზებისთვის
სკოლის ადმინისტრაციას სოციალურ, ეკოლოგიურ და საგანმანათლებლო პროექტებში მხარდაჭერისთვის, კონფერენციების ორგანიზებისთვის
საერთაშორისო ორგანიზაციებს სოციალურ, ეკოლოგიურ და საგანმანათლებლო პროექტებში მხარდაჭერისთვის, კონფერენციების ორგანიზებისთვის
სოციალურ ჯგუფებს სოციალურ, ეკოლოგიურ და საგანმანათლებლო პროექტებში მხარდაჭერისთვის, კონფერენციების ორგანიზებისთვის

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები