9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ფრანკოფონია 2023-ის ფარგლებში ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდა

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და საფრანგეთისა და შვეიცარიის საელჩოების მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მარტში, ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება.

ფრანკოფონიის თვის ოფიციალური გახსნის ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის მოადგილემ ურს ბეერმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიაც. ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელს, კახაბერ ფარცვანიას ერგო, რომელსაც საპატიო ჯილდო – საუკეთესო მასწავლებლის სამკერდე ნიშანი, შესაბამისი სერტიფიკატი და პლანშეტი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, გამარჯვებული პედაგოგი ორკვირიან პედაგოგიურ სტაჟირებას გაივლის საფრანგეთში.

ფრანკოფონიის თვის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა ნუნუ მიცკევიჩმა, გამარჯვებულ პედაგოგს წარმატება უსურვა და საფრანგეთისა და შვეიცარიის კონფედერაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი თანამშრომლობისთვისა და მხარდაჭერისთვის: მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საფრანგეთისა და შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობებს განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მხარდაჭერისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის.

მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ ტრადიციას და, ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, ფრანკოფონიის თვეს უკვე 20 წელზე მეტია აღვნიშნავთ, რითაც ქართველ ფრანკოფონებს და არა მხოლოდ მათ, ყოველ წელს ეძლევათ საშუალება, ხელახლა აღმოაჩინონ ფრანკოფონია და ფრანგულენოვანი კულტურა. განსაკუთრებით საინტერესოა წლევანდელი წლის ფრანკოფონიის თვის ღონისძიებების ორი ძირითადი თემა: სპორტი და გენდერული თანასწორობა. ვფიქრობ, რომ ქალთა და გოგონათა ჩართულობის მაჩვენებლის ზრდა სპორტის ნებისმიერ სახეობაში და ფიზიკურ აქტივობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სიმბოლურია, რომ დღეს, ფრანკოფონიის თვის გახსნაზე, ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი, ბატონი კახაბერ ფარცვანია დავაჯილდოვეთ. მსურს, გულითადად მივულოცო ბატონ კახაბერს გამარჯვება და ვუსურვო წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ ფრანკოფონია 2023-ის ფარგლებში, ფრანგულ ინსტიტუტში, ფრანგულენოვანი კულტურისა და ფრანგული ენის უკეთ გასაცნობად, ღია კარის დღე გაიმართება, სადაც მოეწყობა ფრანგულენოვანი ფილმების ჩვენება, გაიცემა გერონტი ქიქოძის სახელობის ლიტერატურული პრემია ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის, შედგება ქართულ ენაზე ნათარგმნი ფრანგულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოებების პრეზენტაცია, ჩატარდება სპორტული და საგანმანათლებლო სასკოლო აქტივობები და სხვა. აგრეთვე, ფრანკოფონიის თვესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, გაიმართება კონკურსები მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის.

ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაული მთელ მსოფლიოში, ტრადიციულად, ყოველი წლის 20 მარტს აღინიშნება. საქართველო ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში 2004 წლიდან დამკვირვებელი წევრის სტატუსითაა გაწევრიანებული.

ფრანკოფონია 2023-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ვებგვერდზე www.ifg.ge.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები