ფონდი „სოხუმი“ გენდერული სტერეოტიპებისა და  ძალადობის წინააღმდეგ

202

22 და 27 იანვარს, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის „სოხუმი“ ინიციატივით http://fsokhumi.ge/index.php/ka/archive-ka/publicatia/7189-2020-11-05-16-22-28, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ონლაინ შეხვედრა გაიმართა, თემაზე – მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაშითანამშრომლობა გენდერული სტერეოტიპებისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში“.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მშობლები, მოსწავლეები, პედაგოგები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რეგიონებიდან (გურია, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი).

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს წარედგინათ ფონდის მიერ მომზადებული პუბლიკაცია – სკოლები გენდერული თანასწორობის, გენდერული სტერეოტიპების და ოჯახში ძალადობის გამოწვევების პირისპირ, სადაც ყურადღება გამახვილდა თემებზე:

რა საფრთხეებს უქმნის მოზარდებს გარემო, რომელშიც ჯერ კიდევ ვხვდებით გენდერული დისკრიმინაციის მაგალითებს;

როგორია მშობლების და პედაგოგების თანამშრომლობის მნიშვნელობა აღსაზრდელების ჯანსაღი ფსიქოლოგიური გარემოს შექმნის, განსაკუთრებით, ძალადობის სხვადასხვა ფორმებისგან დაცვის, ძალადობის პრევენციის მიმართულებით;

რა გამოწვევები შექმნა კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგებმა.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 წლის ოფიციალური შედეგების მიხედვით, გოგონებმა, ბიჭებთან შედარებით, გაცილებით კარგი შედეგები აჩვენეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო კარგად სწავლობენ გოგონები, თუმცა ითვლება, რომ ნიჭიერები ბიჭები არიან. აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა, დაახლოებით, ნახევარი მიიჩნევს, რომ ბიჭებს უკეთესი სასწავლო უნარები აქვთ და უფრო ნიჭიერები არიან.

საქსტატის მონაცემებით, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 63 780 მასწავლებელი იყო, მათ შორის 55 376 ქალი. საჯარო სკოლებში ეს მონაცემები, შესაბამისად, 55 946 და 48 513-ია. მასწავლებელთა საერთო რაოდენობაში ქალების წილი 86.8%-ია.

კვლევებიდან იკვეთება, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ პედაგოგიკა უფრო ქალების პროფესიაა და თუ მამაკაცია მასწავლებელი, ძირითადად, ფიზკულტურის ან მათემატიკის პედაგოგი იქნება. „მნიშვნელოვანია, მოსწავლე თანაბრად ხედავდეს როგორც ქალ, ასევე მამაკაც პედაგოგს. ეს მის სწორ ფორმირებას უწყობს ხელს“ – ამბობს ერთ-ერთი კვლევის მონაწილე პედაგოგი.

შეხვედრის მონაწილე მოსწავლეები და სტუდენტები თანხმდებიან, რომ სკოლებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აცხადებენ, რომ ფონდი „სოხუმის“ ტრენინგებით ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებენ და ის, რომ დღეს ახალგაზრდები ჯანსაღად აზროვნებენ, სწორედ ამ ტრენინგების დამსახურებაცაა.  სტერეტიპების მსხვრევა განათლების გარეშე შეუძლებელია. ამის დასაძლევად კი, არაფორმალური განათლება, რასაც მხოლოდ NGO სექტორი იძლევა, სავსებით შედეგიანია“ – ამბობს მარიამ ჩხაიძე (ოზურგეთი, მოსწავლე).

შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთ გამოსვლებში ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირეს, რომ ძალადობის პრევენციის კუთხით აუცილებელია სამივე კომპონენტის – სკოლის, ოჯახის, საზოგადოების ერთობლივი მუშაობა. მშობლებსა და პედაგოგებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბულინგის, კონფლიქტების შემცირებას, რაც ნამდვილად შექმნის კარგ ნიადგს სრულფასოვანი საზოგადოების შესაქმნელად აცხადებს მაია ქამუშაძე (მშობელი, ქუთაისი).

მოამზად მაკა ყიფიანმა

მომზადებულია ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე

დატოვეთ კომენტარი