21 სექტემბერი, შაბათი, 2024

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის როლი სკოლაში

spot_img
მაგული ბაუჟაძე
სსიპ ბათუმის №1 და №18 საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი

 

 

„ქართველების ოდენა სხვადასხვაგვარი სათამაშო თითქმის არც ერთს ხალხს არა აქვს და ყოველგვარი სათამაშოც უთუოდ ისეთია, რომელიც ჭკუაგონებასა და სხეულს სწვრთნის, ავარჯიშებს.“

აკაკი წერეთელი

 

 

ტერმინი „ფიზიკური აღზრდა“, პირველად, XIX საუკუნის 90-იან წლებში, ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენეს. ფიზიკური აღზრდა ბავშვსა და მოზარდში ჯანსაღი ორგანიზმის ჩამოყალიბების კანონზომიერი, მიზანდასახული, ორგანიზებული პროცესია, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზებულ გარემოში, აღმზრდელის ხელმძღვანელობით. ფიზიკური აღზრდის მიზანია ჯანსაღი ორგანიზმის მომზადება.

ფიზიკური აღზრდის ამოცანები:

♦ ფიზიკური მოძრაობითი თვისებების ჩამოყალიბება;

♦ მორფოლოგიური და ფუნქციონალური თვისებების განვითარება;

♦ კუნთებისა და ძვლოვანი სისტემის განმტკიცება;

♦ ნერვული სისტემის მუშაობის თვისებრივი გააქტივება და სხვა.

ფიზიკური აღზრდის საშუალებები:

♦ ფიზიკური ვარჯიში;

♦ გარე სამყაროს ბუნებრივი ფაქტორები;

♦ ჰიგიენური პირობები.

ფიზიკური აღზრდა გავლენას ახდენს მოსწავლეთა გონებრივ განვითარებაზე და გარკვეული წვლილი შეაქვს ზნეობრივ აღზრდაში. ზნეობრივი ქცევისა და მტკიცე ნებისყოფის გამოვლენა შეუძლებელია პიროვნების ფიზიკური წრთობისა გარეშე. ფიზიკურ აღზრდას არანაკლები როლი ენიჭება მოსწავლეთა ესთეტიკურ აღზრდაში. ფიზიკური აღზრდა მჭიდროდაა დაკავშირებული შრომით აღზრდასთან, ხელს უწყობს მოზარდებში შრომისუნარიანობის და ნებისყოფის განმტკიცებას.

ბავშვების ფიზიკური აქტიურობის დონე უშუალოდ უკავშირდება მათთვის ფიზიკურ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობებს. ამგვარი შესაძლებლობების შეთავაზების თვალსაზრისით, სკოლა ლიდერობს, ვინაიდან უდიდესი პოტენციალი აქვს, ზემოქმედება მოახდინოს მოსწავლეთა ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ ქცევაზე, სხვადასხვა გზით. ვინაიდან სკოლაში ყოფნის უმეტესი დროის განმავლობაში მოსწავლეები უმოქმედო და მჯდომარე მდგომარეობას ინარჩუნებენ, აუცილებლად უნდა შევთავაზოთ, სასკოლო დღის განმავლობაში, ისეთ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა, რომელიც მოსწავლეთა ფიზიკურ დატვირთვასა და აქტიურობას გულისხმობს.

ფიზიკურ აღზრდის საგნობრივი პროგრამა ხელს უწყობს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებსაც ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე იყენებს.

ფიზიკური აღზრდა არა მარტო ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, არამედ სხვა უპირატესობებსაც გულისხმობს, რაც მას მნიშვნელოვან დისციპლინად აქცევს ინდივიდთა ინტეგრალური განვითარებისათვის, შესაბამისად, იგი საგანმანათლებლო სწავლების აუცილებელ ნაწილად ითვლება. ფიზიკური აღზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობებია:

♦ ებრძვის მჯდომარე ცხოვრების წესს;

♦ ხელს უწყობს აქტიურ ცხოვრებას,

♦ გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვისარგებლოთ თავისუფალი დროით;

♦ აუმჯობესებს თვითშეფასებას;

♦ ასტიმულირებს გუნდურ მუშაობას;

♦ ზრდის კრეატიულობას და ეფექტურ შესაძლებლობებს;

♦ ამცირებს შფოთვას, სტრესს, აგრესიულობას და დეპრესიას.

გარდა ამისა, ის ასწავლის ზოგიერთი ღირებულების განვითარებას, როგორიცაა: ტოლერანტობა, პატივისცემა, სოლიდარობა და პასუხისმგებლობა.

მოსწავლეთა და მშობელთა უდიდეს ნაწილს დღესაც მიაჩნია, რომ სპორტი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანი სასკოლო დისციპლინაა და ყურადღება მხოლოდ მაშინ შეიძლება მიექცეს, თუ მოსწავლემ სპორტის ამა თუ იმ სახეობის ნიჭი და მისდამი ინტერესი გამოამჟღავნა.

გაკვეთილებისგან დამოუკიდებელი ფიზიკური აქტივობა ნებისმიერ ფიზიკურ აქტივობას გულისხმობს, რომლითაც მოსწავლეები დაკავებული არიან სასკოლო დღის განმავლობაში და რომელსაც არ აქვს კავშირი სასკოლო საგნების სწავლებასთან. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს შემდეგი ტიპის ფიზიკურ აქტივობებს:

♦ სკოლაში ფეხით ან ველოსიპედით სიარული, რა მიზნითაც წარმოებს მოსწავლეებისა და მათი მშობლების წახალისება, რათა სკოლაში მოსწავლეებმა იარონ ფეხით ან ველოსიპედით ან სკეიტბორდით, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. შეიძლება გზის ნაწილის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ავტომანქანით დაფარვა და შემდეგ სკოლამდე ფეხით მისვლა.

♦ სკოლის ფარგლებში ან რამდენიმე სკოლის მოსწავლეებისთვის, ერთობლივად, სპორტის რომელიმე სახეობაში სპორტული წრის დაარსება, რომელში მონაწილეობის საშუალებაც მათ გაკვეთილების დასრულების შემდეგ ექნებათ. სკოლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს სპორტული პროგრამები, სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრებები, რომლებიც მოსწავლეების ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობებსა და სპორტში ჩაბმას ემსახურება.

გაკვეთილებთან კომბინირებული ფიზიკური აქტივობა, ძირითადად, გულისხმობს გაკვეთილის მსვლელობისას წარმოებულ მიზნობრივ აქტივობას, რომლის დროსაც მოსწავლეებს საკლასო ოთახში გადაადგილებისა და მოძრაობის შესაძლებლობა ეძლევათ. მაგალითად, დანიურ მოდელში, ამგვარ აქტივობას კონკრეტული სახელწოდებაც კი აქვს – „Power Break“ და ორიენტირებულია სწავლის კონკრეტულ ასპექტზე. აღნიშნული შესაძლებელია მოიცავდეს სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომლებსაც არ აქვს კავშირი გაკვეთილზე მიმდინარე აქტივობებთან. გაკვეთილის დროს მოსწავლეთა მოძრაობა და ფიზიკური აქტივობისთვის განკუთვნილი შესვენება, სასკოლო დღის განმავლობაში, მათ ფიზიკურ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს და, ამასთან, მსგავსი აქტივობა საჭიროებს მინიმალურ დაგეგმვასა და მინიმალურ დროს და არ სჭირდება სპეციალური აღჭურვილობა და რესურსები. მსგავს ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული პრაქტიკული რეკომენდაციები იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე: http://www.coloradoedinitiative.org/wp-content/uploads/2014/08/CEI-Take-a-Break-Teacher-Toolbox.pdf

ფიზიკური აქტივობა გაკვეთილების ფორმატში გულისხმობს აქტივობებს, რომლებიც გაკვეთილის ნაწილს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, მოძრაობა და ფიზიკური აქტივობა სწავლის პროცესთანაა ინტეგრირებული, მასალის უკეთ ათვისებას ემსახურება და აქტიური სწავლის კომპონენტს წარმოადგენს. აღნიშნული აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც კინესთეტიკური სწავლის უნარი გააჩნიათ. მათემატიკის, ენისა და ლიტერატურის, ფიზიკური მომზადების, საბუნებისმეტყველი და სოციალური საგნების გაკვეთილებზე ფიზიკური აქტივობების გამოყენების კონკრეტული მაგალითები იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე: http://www.activeacademics.org/

ფიზიკური აღზრდა ცალკე საგნის ფორმით ისწავლება ყველა ქვეყნის სკოლებში და კონკრეტული სასწავლო გეგმა, მიზნები და აქტივობები გააჩნია. ფიზიკური აღზრდა, როგორც სასკოლო საგანი, ყველა მოსწავლეს სთავაზობს ფიზიკურ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობას და ემსახურება მოსწავლეებში ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესის არჩევისა და შენარჩუნებისათვის საჭირო უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებასა და მოსწავლეებისათვის შესაბამისი ცოდნის გადაცემას. ფიზიკური აქტივობაში ჩართვის სარგებელი მოსწავლეებისათვის გარანტირებულია იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ხარისხიანი ფიზიკური აღზრდის კომპონენტია შემოტანილი. ხარისხიანი ფიზიკური აღზრდა განიმარტება, როგორც „დაგეგმილი, თანამიმდევრული, ინკლუზიური სწავლის გამოცდილება, რომელიც წარმოადგენს სასწავლო გეგმის ნაწილს, დაწყებით, საბაზო და საშუალო განათლებაში. სასწავლო გამოცდილება, რომელსაც სკოლა ბავშვებსა და ახალგაზრდებს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების საშუალებით სთავაზობს, მათი განვითარების დონის შესაბამისი უნდა იყოს და ემსახურებოდეს იმ ფსიქომოტორული და კოგნიტური, ასევე, სოციალური და ემოციური უნარების განვითარებას, რომლებიც მათ ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წარმართვისთვის სჭირდებათ.“

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, სპორტის საგნობრივ პროგრამაში ჩასართავად, საჭიროებენ დამატებით/სპეციალურ მომსახურებას, მათ შორის, მოსწავლის შესაძლებლობებისა და საჭიროებების შეფასებას, ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას, გარემოს ადაპტირებას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას და სხვ.

სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვა სპორტულ აქტივობებსა და ფიზიკური განათლების გაკვეთილებში, მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური თუ სხვა მახასიათებლებისა.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა დგება მასწავლებლის/მასწავლებლების, სპეციალისტთა გუნდისა და მშობლების აქტიური მონაწილეობით, წინასწარი დაკვირვებისა თუ შეფასების საფუძველზე და ითვალისწინებს სრულ ინფორმაციას ბავშვის ქცევითი, კომუნიკაციური ჩვევების, შესაძლებლობებისა და მისთვის საჭირო მომსახურების შესახებ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ სასწავლო აქტივობები, რომლებიც მათ საჭირო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისა და ინდივიდუალური რესურსების გამოვლენის საშუალებას მისცემს. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და ითვალისწინებს მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას, ამ საჭიროების დაკმაყოფილების გზებსა და დამატებით აქტივობებს, რომლებიც აუცილებელია გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების ინტეგრირება სხვადასხვა საგნებთან, როგორიცაა: ისტორია, ფიზიკა, მოქალაქეობა, მუსიკა. მაგ. ინტეგრირებული გაკვეთილი მუსიკასთან, კერძოდ, ფიზიკური აღზრდის ცნება ფიზიკური ცნება/ქვეცნება მძლეოსნობის ელემენტები და მუსიკაში ცნება რითმი ინტეგრირება.

ინტეგრაცია სასწავლო პროცესში სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის ფორმირების, მოვლენებისა და პროცესების არსებითი ურთიერთკავშირის გაგების ხელშემწყობი ხდება. თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანაც ხომ ის არის, რომ ბავშვის აღქმაში გააერთიანოს, დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა, დაეხმაროს მას.

კომპლექსური პრობლემების შესწავლისას, საგანთაშორისი კავშირების დამყარების ყველაზე ეფექტურ გზას, ჩვენს დროში, ინტეგრირებული გაკვეთილი წარმოადგენს. ის იძლევა ცოდნის სინთეზის შესაძლებლობას, გვეხმარება, ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ერთი სფეროდან მეორეში ცოდნის გადატანის უნარი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების და განზოგადების უნარის განვითარებას. ამ გაკვეთილებზე მიიღწევა, ასევე, სინამდვილის მთლიანობითი აღქმა, რაც ბავშვს გარემომცველი სამყაროს შემეცნებაში დიდ დახმარებას უწევს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებზე.

ფიზიკური აღზრდა და სპორტი ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი გადაჭარბება შეუძლებელია. ყველას შეუძლია, სხვისი დახმარების გარეშე, შეისწავლოს და დააფასოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მნიშვნელობა საკუთარ პირად ცხოვრებაში. მაგრამ, ამ ყველაფერთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფიზიკური აღზრდა და სპორტი ეროვნული მნიშვნელობისაა, ეს არის ნამდვილად ერის სიძლიერე და ჯანმრთელობა.

ფიზიკური აღზრდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბებაში. ეს საშუალებას გაძლევთ გააძლიეროთ როგორც სხეულის ჯანმრთელობა, ასევე მზარდი ადამიანის სულიერი თვისებები. ამიტომ, ფიზიკური აღზრდა პედაგოგიკის ერთ-ერთი განყოფილებაა.

ჩემი მოტივაციაა, რომ ფიზიკური აღზრდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტული საგანი და არა – მეორეხარისხოვა­ნი.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

mastsavlebeli.ge

intermedia.ge

წყარო: ფიზიკური აღზრდის ასოციაცია, ანალიტიკური დოკუმენტი და რეკომენდაციები, 2008 წ).

(რეკომენდაციები ეფუძნება დანიურ მოდელს, რომლის ავტორებიც არიან: კლაუს ლოგსტრუპ ოტესენი, ასოცირებული პროფესორი, ანდერს ფლასკაგერი, ასოცირებული პროფესორი და ბურჟ კოჩი, პროფესორი; ფიზიკური აღზრდისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტი, სამხრეთ დანიის საუნივერსიტეტო კოლეჯი და დანიის ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული ცოდნის ცენტრი

ბლოგი

ნუ წა­არ­თ­მევ ბავ­შ­ვო­ბას!

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები