11 თებერვალი, სამშაბათი, 2025

ფეხბურთის კარუზო

spot_imgspot_img

ქართული ფეხბურთი წარმოუდგენელია ლეგენდარული ტყავის ბურთის ოსტატების გარეშე, არ ეწყინება ქართული ფეხბურთის არც ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, თუკი ბორის პაიჭაძეს ყველაზე მაღლა დავაყენებთ. მან, როგორც განუმეორებელმა ფეხბურთელმა, კარიერაში უნეტარესი წუთები განაცდევინა ქართული ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს. „ვიყოთ გულახდილები – ვისაც ბორის პაიჭაძე უნახავს მწვანე მინდორზე, ვეღარასოდეს დაივიწყებს ამ ფეხბურთელს. ამას საფეხბურთო ნოსტალგია შეიძლება ვუწოდოთ. მისი პიროვნების გაცნობა ძალიან ძნელი საქმეა, მისი ყოველი ნაბიჯი ისტორიის კუთვნილებაა,“ – ამ შეფასებას აკეთებდა არაქართველი გულშემატკივარი, ცნობილი რუსი სპორტული პუბლიცისტი, მწერალი ლევ კასილი, რომელსაც არ სიამოვნებდა ქართველების წარმატებები. ბორის პაიჭაძე რომ დიდი ფეხბურთელი და განუმეორებელი სისპეტაკის მქონე ადამიანი იყო, მისი შეფასებიდანაც ნათლად ჩანს. ბორისი ფეხბურთიდან 1952 წლის გაზაფხულზე წავიდა. როცა მას ჰკითხეს, ნაადრევი ხომ არ იყო ფეხბურთთან დამშვიდობება, ლეგენდამ ასეთი პასუხი გასცა: „ფეხბურთელს დროულად უნდა შეეძლოს წასვლა, ვიდრე ამის საჭიროებას სხვები გაგრძნობინებენო“.

ბორის პაიჭაძე ჩოხატაურის სოფელ ონჭკოეთში დაიბადა; 5 წლის იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად ფოთში დასახლდა, სადაც ფეხბურთი, იმ პერიოდში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ეს პერიოდი, ფეხბურთისადმი დამოკიდებულება, მის ცხოვრებაში გამოკვეთილი და ნათელი იყო, 16 წლის ასაკში იგი ქალაქის ნაკრებში მიიწვიეს. 1934 წელს თავისი საფეხბურთო კარიერის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – დონბასში ჩატარებულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სწორედ იქ შეხვდა თავის სპორტულ მეტოქეს და მეგობარს, ალექსანდრე პონომარიოვს. 1935 წელს ბორის პაიჭაძე, სხვა ფოთელ ფეხბურთელებთან ერთად, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ჩაირიცხა და მყარად დაიმკვიდრა ადგილი გუნდის შემადგენლობაში.

1936 წლის 7 სექტემბერი ქართული ფეხბურთის ისტორიის კუთვნილება გახდა; სწორედ იმ დღეს თბილისის „დინამომ“ თავის ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა, კიეველ თანაკლუბელებს უმასპინძლა. მატჩი 2:2 დამთავრდა – თბილისელთაგან ბურთები ნიკოლოზ სამოევმა და ბორის პაიჭაძემ გაიტანეს. პირველმა მატჩებმა დაადასტურა, რომ ქართველი ფეხბურთელები ყველა მეტოქესათვის ანგარიშგასაწევ გუნდად ჩამოყალიბდა, ხოლო ბორის პაიჭაძეს ცნობილმა მწვრთნელმა, ასირ გალპერინმა „მოხეტიალე ფორვარდი“ შეარქვა. ბორია უმიზნოდ არ დახეტიალობდა, ბევრს მოძრაობდა და თავბრუს ახვევდა მეტოქეებს.

1937 წლის 24 ივლისს, თბილისში, ბასკი ფეხბურთელები სტუმრობდნენ, მიუხედავად 0:2 მარცხისა, ბორის პაიჭაძე ყველაზე გამორჩეული გახლდათ მასპინძელთა შემადგენლობაში. შემდეგ იყო 1944 წლის ოქტომბერში ტურნე ირანში, არანაკლები წარმატებული იყო 1945 წლის ტურნე რუმინეთში, სამი მატჩიდან – სამივე გამარჯვება! სწორედ რუმინეთის პრესამ უწოდა ბორის პაიჭაძეს „ფეხბურთის კარუზო“. საკავშირო ჩემპიონატების ისტორიაში, კალენდარულ მატჩებში 8-ჯერ შეასრულა ჰეთრიკი, 70-იან წლებში ქართული ფეხბურთის პატრიარქი, ანდრო ჟორდანია ამბობდა: „ჩვენ დროში იგი არანაკლებ დიდებას მოიპოვებდა, ვიდრე იმ პერიოდის ცნობილი ფეხბურთის ვარსკვლავები, მაგრამ ჩვენი ქვეყნის გარეთ არავის უნახავს ბორის პაიჭაძის თამაში“. ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა, მარტინ მერჟანოვმა ასე დაახასიათა ბორის პაიჭაძე: „პაიჭაძის ბუნების ადამიანი ისეთივე იშვიათობა გახლდათ, როგორც თვითნაბადი ოქრო“.

საფეხბურთო კარიერის შემდგომი წლებიც გამოირჩეოდა ფეხბურთზე უზომო სიყვარულით, 1966-67 წლებში, მისი ინიციატივით საქართველოში, „ტყავის ბურთის“ გათამაშება დამკვიდრდა, რომელიც შემდგომში საბჭოეთშიც აიტაცეს და ტურნირი ტალანტების სამჭედლოდ აქციეს. 1976-82 წლებში „დინამოს“ სტადიონის დირექტორის თანამდებობა ეკავა. ბორის პაიჭაძეს აღიარება და სიყვარული არ აკლდა ქართველი ხალხისაგან. ძნელი გასახსენებელია, რომელ ფეხბურთელზეა შექმნილი იმდენი ლეგენდა თუ გადმოცემა, ამ ლეგენდებს კვებავდა მადლიერი აუდიტორიის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა, იგი საუკუნეების განმავლობაში დარჩება სწორუპოვარ რაინდად.

მომავალ ფეხბურთელებს, როგორც ეს მიღებული იყო 60-70-იან წლებში, ჩვევად ჰქონდათ დიდი ფეხბურთელების მიბაძვა, მაგრამ აზრადაც არ მოსდიოდათ „პაიჭაძეობა“, ის ამ მეტსახელზე დიდი იყო და უფრო დიდი მოკრძალების გამომწვევი. „ყველა შეგირდის ვალია, კეთილი სიტყვით მოიხსენიოს აღმზრდელები, აქ მარტო მოვალეობის გრძნობა როდი გამოძრავებს, ახლა ასაკოვანი კაცის თვალით შევაფასოთ ჩვენი ბავშვობა, ვხვდები, რა როლს თამაშობენ კარგი მასწავლებლები მოზარდი თაობის აღზრდაში“ – იგონებდა მოგვიანებით საუკუნის ფეხბურთელი.

მკითხველისთვის, რომელსაც არ უნახავს ბორის პაიჭაძე მოედანზე, მებადება სურვილი, რომ მისი თამაში შევადარო რომელიმე ფეხბურთელის თამაშს, ეს ერთობ ძნელი საქმეა, რადგან მისი თამაშის მანერა განუმეორებელი და თვითნაბადი საუნჯე იყო. ბორის პაიჭაძეზე, როგორც ადამიანზე, როგორც ფეხბურთელზე, კიდევ ბევრის თქმა შეიძლება, ერთ საგაზეთო წერილში ეს ვერ მოხერხდება.

„ფეხბურთის კარუზო“ – ბორის პაიჭაძე გარდაიცვალა 1990 წელს. დღეს თბილისის „დინამოს“ ეროვნულ სტადიონს ლეგენდის სახელი აქვს მინიჭებული, მისი სახელობისაა მშობლიურ ჩოხატაურში ქალაქის სტადიონი.

2025 წლის 3 თებერვალს, ბორის პაიჭაძის დაბადებიდან 110 წელი შესრულდა.

ბეჟანი ჩხეიძე

საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები