საერთოდ მგონია, რომ მკითხველი დედის მუცლიდანვე იზრდება. მეც მუცელში ვუკითხავდი ჩემს გოგოებს, ვასმენინებდი მუსიკას, ვუყურებდი ანიმაციებს, ველაპარაკებოდი და თითქოს ისინიც მპასუხობდნენ.
ასე იყო დედაჩემიც, უბრალოდ ფილმების და ანიმაციების გამოკლებით, რადგან მაშინ შუქი არ იყო. თუმცა, თურმე ძალიან ბევრს მელაპარაკებოდა. მიზიარებდა ყველაფერს, რაც იცოდა და, რაც არ იცოდა, იმასაც კი.
ჰოდა, ამ წერილით მეც გაგიზიარებთ ინფორმაციას იმ წიგნების შესახებ, რომლებმაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა.
დავიწყოთ!
ყველა ბავშვს, ვიდრე კითხვას თავად ისწავლიან, დედა უკითხავს ან ბებია, ალბათ, მამაც, თუმცა მამის წაკითხული მე არ ვიცი როგორია, რადგან მამასთან ურთიერთობა თვრამეტი წლის ასაკში დავიწყე. ეს სხვა ისტორიაა.
„ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო“ (ცოტა – ჩემიც)
როცა დასაწყისში ვთქვი, დედა მიყვებოდა ამბებს-მეთქი, მითიურ გმირებზე მიყვებოდა, რომელთაც ზებუნებრივი ძალები ჰქონდათ. ალბათ ამ ლეგენდებით ცდილობდა მუდამ უჭმელი, სუსტი, ფერმკრთალი და ხშირად მოავადე ჩემში რწმენა გაემყარებინა, რომ თუ მთელი გულით ვისურვებდი რამეს, აუცილებლად ამისრულდებოდა; მარწმუნებდა, რომ მე ღვთისშვილი ვიყავი და ბუქნაი ბაადურივით, კვირიასავით, იახსარივით, ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, სიყვარული უნდა მეგროვებინა და სიკეთე მეთესა, სწორედ ასე გავუმკლავდებოდი უამრავ წინააღმდეგობას, რომლებიც გზაზე შემომხვდებოდა; ან დევებს, ჭინკებს, ქაჯებს შევებმებოდი და იქაც გავიმარჯვებდი, რადგან ჩემი განზრახვა სიმართლეს და გულწრფელობას ემსახურებოდა.
მითიური გმირები ვახსენე და, აქვე ქართულ ხალხურ ზღაპრებს გვერდს ვერ ავუვლი. საერთოდ მგონია, რომ ყველა ბავშვის პირველი წიგნი ზღაპრების წიგნია. ზღაპრების ფაბულა ყველგან ერთია; არსებობს ბოროტება, რომელსაც კეთილმან უნდა სძლიოს. თუმცა, გარდა ამისა, რას ვსწავლობთ ჩვენ ზღაპრებისგან? – მეგობრობას, თანადგომას, მიზნის დასახვას და ბოლომდე ბრძოლას, ვიდრე ამ დასახულ მიზანს არ მივაღწევთ. ცხადია, პატარა ასაკში ამ ყველაფერს სიღრმისეულად ვერ ვიაზრებთ, თუმცა ზღაპრები და მათი კითხვა წარმოსახვის უნარს ერთმნიშვნელოვნად ავითარებს.
„დედაბრის ქისა“ – ჩემი აზრით, მურმან ლებანიძის შედევრი!
ამ წერილში ზღაპრებს ბევრჯერ შევეხები. აუცილებლად წასაკითხთა შორის არის მურმან ლებანიძის მიერ ლექსად გარდაქმნილი ზღაპრები. ჩემი საყვარელი ლექსია „დედაბრის ქისა“. მურმან ლებანიძე ჩემთვის ძალიან დიდი პოეტია, მისი ლექსადქმნილი ზღაპრები კი სრულიად გაოცებულს დაგტოვებთ – როგორ აამუსიკა, როგორ აახმოვანა ისე, რომ ამბად მოყოლილზე მეტად შთამბეჭდავია და უფრო მეტი სიმძაფრით ამბობს სათქმელს. „დედაბრის ქისაში“ გადმოცემული სიბრძნე ეხება იმას, თუ როგორ შეიძლება დარჩეს ხახამშრალი მომხვეჭელი და გაუმაძღარი ადამიანი.
ნახეთ როგორ გადმოსცემს პოეტი ამ აზრს:
„ქალაქს ხალხმრავალს,
დიდებულ და მშვენიერ ქალაქს
ზოგჯერ უღირსი
მოქალაქის სიგლახე ბღალავს“…
აქვე დავიწყებული საბავშვო ავტორი, ნინო ბეზარაშვილი უნდა გავიხსენო. სიმართლე გითხრათ, მისი განახლებული გამოცემა არც შემხვედრია. ბავშვობაში არც მე ვიცოდი მის შესახებ; უკვე მაგისტრატურის სტუდენტი ვიყავი, როცა მისი ზღაპრების წიგნი ჩამივარდა ხელში, „ერთი ბიჭის ზღაპარი“ – ასე ჰქვია ამ წიგნს და თუ გინდათ პატარებმა ნამდვილ, ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურონ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წააკითხოთ.
გამარჯობა, ბატონო გურამ!
მეც პატარა ქალაქში დავიბადე. იმ ქალაქში და იმ დროს, სადაც და როცა შუქი არ იყო და სანთლის შუქზე „ვითხრიდი“ თვალებს.
გურამ პეტრიაშვილის „პატარა ქალაქის ზღაპრებით“ გავიზარდე. ამ წიგნით ვარსებობდი, ვსუნთავდი, ყველაფერში ამ წიგნის გმირებს ვხედავდი.
თუ ვინმე მკითხავს, როგორია ჯადოქარი, მეზღაპრე, სასწაულმოქმედი – დღემდე ასეთი წარმომიდგენია: პუტკუნა, თმა და-წვერგაბურძგნილი, ღრმა თვალებით, რომლებშიც უძირო სევდა იმალება, თამამი ოცნებებით კაშკაშებს და ფერადი იმედებით გავსებს.
თუ ადამიანებს გათენება უხარიათ, მე დაღამება მიხაროდა, რადგან ღამით ჩემს ჯადოქარს ვხვდებოდი. მასთან ერთად ვიძინებდი. გულის სიღრმეში მინდოდა, მამაჩემი ყოფილიყო, რომელიც ერთ დღესაც მომაკითხავდა სკოლაში და ნაცრისფერი კედლებიდან, ყვითელი დაჯღაბნილი მერხებიდან ფერადი ბუშტები, პეპლები და ყვავილები ჩამოცვივდებოდა, რომლებსაც ყველა კლასელს გავუნაწილებდი. მაგრამ ასე არ მოხდა. სამაგიეროდ, მამაჩემი ახლა ჩემს შვილს აკითხავს კანფეტებით ხელში.
გურამის ზღაპრები კიდევ ალბათ იმიტომ მიყვარს, რომ იქ ყველა ბავშვს უხდება ოცნებები. მისმა ზღაპრის გმირებმა ზუსტად იციან, რა სურთ პატარებს.
როცა ვამბობთ „ზღაპარი“, ფიქრებით მაშინვე პატარებთან მივდივართ. თითქოს შაბლონია, რომ თუკი ზღაპარზე ვსაუბრობთ, ის აუცილებლად პატარებისთვისაა განკუთვნილი. რეალურად კი ზღაპარი ბევრად, ბევრად მეტია და მნიშვნელოვანი დიდებისთვის, რადგან სწორედ რომ დიდები, ჩვენ – მშობლები, ვუკითხავთ ზღაპრებს ჩვენს შვილებს და მათთან ერთად ჩვენც ვსწავლობთ; ვსწავლობთ სიყვარულს, ურთიერთობას, ვსწავლობთ ოცნებას, აღვიქვამთ ფერებს, უკეთ ვიწყებთ ჩვენი პატარების გაგებას. მე ეს ვისწავლე პეტრიაშვილის ზღაპრებიდან, და აუცილებლად გირჩევთ თქვენც სცადოთ. დაივიწყეთ აკადემიურობა და ხმის ტემბრის ცვლებით, გაპრანჭულად წაუკითხეთ ეს ზღაპრები პატარებს.
„პატარა უფლისწული“ – დიდი წიგნი!
ვერ წარმომიდგენია ბავშვი, რომელსაც „პატარა უფლისწული“ არ უყვარდეს; ბავშვი კი არა, ზრდასრული, ჩემი ასაკის, დედაჩემის, ან ბებია-ბაბუის ასაკის. როგორც ხელნაწერები არ იწვიან, ისე არასოდეს მიეცემა ეს დიადი ნაწარმოები დავიწყებას. ეს არის უდიდესი მეგობრობის წიგნი, რომელსაც ბადალი არ ჰყავს დედამიწაზე.
მე ვიპოვი შენს დაბადების დღეს!
რაკი მეგობრობა ვახსენე, ჩემი ბავშვობის დიდ სიყვარულს გადავწვდები. დონალდ ბისეტი ინგლისელი მწერალია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ მსოფლიოში. ის პროფესიით მსახიობი იყო, თუმცა საბავშვო ნაწარმოებების წერით მოიპოვა აღიარება. მისი წიგნი „დაკარგული დაბადების დღე“ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემი ინგლისურის მასწავლებლის, ჩემი დედობილის, ანჟელა ბუაძის ერთ-ერთ ლამაზ წიგნების თაროზე. წიგნი ინგლისურ ენაზე იყო, მაშინ ამდენი ინგლისური არ ვიცოდი, მაგრამ მაინც გამოვართვი ეს წიგნი და თარგმნას შევეჭიდე. არ იყო მარტივი ამბავი, თუმცა რაკი ზღაპრები სულ პატარას შემაყვარა დედამ, ვერაფრით გავცდი. ასე ვთარგმნე ეს პაწია წიგნი ქართულ ენაზე, სამტრედიაში რამდენიმე ეგზემპლარად დაიბეჭდა და ადგილობრივი პატარები გაახარა.
დონალდ ბისეტის ზღაპრებში იშვიათად ნახავთ ბოროტისა და კეთილის ჭიდილს. იქ უბრალოდ ლამაზი, ფერადი და სახალისო ამბებია მოყოლილი. განსაკუთრებით ვურჩევდი მის ზღაპრებს იმ პატარებს, რომელთაც დიდი ტექსტების კითხვა არ უყვართ. ჩემი საყვარელი ზღაპარია „დაკარგული დაბადების დღე“: თუ ვინმეს დაავიწყდა დაბადების დღის მილოცვა, ან თუ ვინმემ დაკარგა დაბადების დღე, ამ წიგნში ნახავთ, როგორ იპოვოთ ის.
ამბის თხრობა და ოსკარ უაილდის „ბედნიერი უფლისწული“
ოსკარ უაილდი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე საბავშვო მწერალი. ის ნამდვილი ფილოსოფოსია, თანაც ისეთი, ადამიანის ფსიქოლოგია უმაღლეს დონეზე რომ იცის. მისი ზღაპრები, ვფიქრობ, უფრო მოზარდებისთვისაა დაწერილი. აი, იმ ასაკისთვის, როცა არც პატარა ხარ და არც დიდი, როცა გაორებული, ან გაათებული ხარ, როცა უამრავი კითხვა გაქვს და სწორ პასუხებს ეძებ.
ოსკარ უაილდის ზღაპრები ხშირად დადებითი კონტექსტით არ სრულდება; პირიქით, ვარდისფერ სათვალეს გხსნის და რეალობას გაჩვენებს. გაჩვენებს ცხოვრებას ისეთს, როგორიც არის. „ბედნიერი უფლისწული“ ზუსტად ასეთი ზღაპარია – გაჩვენოს, როგორია ცხოვრება, გაჩვენოს, რომ თუკი ვიღაცები დალხენილად ცხოვრობენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას ულხინს. ეს ზღაპარი გაჩვენებს, რომ შენ ირგვლივ ბევრი გაჭირვებული ადამიანია. ზოგს რა ენატრება და ზოგს რა, მაგრამ როცა შენ კარგად ხარ, სხვების გასაჭირს ვერ ხედავ, ან არ ხედავ.
ასეთი იყო ბედნიერი უფლისწული, რომელიც ბედნიერი იყო მანამ, სანამ გარდაიცვლებოდა და მის ქანდაკებას ქალაქის შუაგულში, მაღალ პიედესტალზე არ დადგამდნენ. და აი, აქ იწყება რეალური ამბავი. რას ხედავს უფლისწული სიმაღლიდან? ხედავს, როგორ უჭირს საკუთარ ხალხს, როგორ იყინებიან წვიმაში და ქარში უსახლკაროები და როგორ მოუნდება მათი დახმარება.
ეს ზღაპარი ერთგულების და მეგობრის, უანგარო თავდადების სიმბოლოა ჩემთვის. ეს თავდადება კი ერთ პატარა, უსუსურ მერცხალს შეუძლია, რომელიც თბილი ქვეყნებისკენ მიფრინავს, მაგრამ უფლისწული მას დახმარებას და დარჩენას სთხოვს. მერცხალი ვერ უღალატებს, აუსრულებს უფლისწულს თხოვნას, შემოაცალოს მის ქანდაკებას ოქროს ფირფიტები და ძვირფასი ქვები და ღარიბ-ღატაკებს დაურიგოს. ბოლო თხოვნის შესრულებისას მამაცი პატარა მერცხალი კვდება და უფლისწულის ქანდაკების ფერხთით ეცემა. იმავდროულად უფლისწულის ქანდაკება შუაზე იპობა და ქვადქცეული გულიც იქვე დაგორდება.
ამ დროს ქალაქის თავი ჩამოივლის და ნაგავში გადაყრის გაყინულ მერცხალს, უფლისწულის გულს და ქანდაკებას. ქალაქის თავებს სჩვევიათ ძვირფასი რამეების ნაგავში მოსროლა.
„მომიტანე ორი უძვირფასესი რამ მთელი ქალაქიდან – ეტყვის ღმერთი ანგელოზს. ანგელოზი მას გაყინულ მერცხალს და უფლისწულის გულს მიართმევს“.
ნინო ლომიძე – „უშბა და მეგობრები“
ხომ არ დაგასევდიანეთ? თუ დაგაფიქრეთ? თუ ორივე ერთად, მაშინ გახსოვდეთ, რომ „ხვალ მზე ამობრწყინდება და ახალი დღე დაიწყება“ – ეს მიძღვნა უსაყვარლესი წიგნის „უშბა და მეგობრები“ პირველ გვერდზეა დატანილი.
მინდა რომ ქართველ თანამედროვე ავტორებსაც შევეხო.
უშბა საყვარელი ცუგაა, დაცქვეტილი ყურებით, საოცრად ცნობისმოყვარე და მხიარული ძაღლია. უყვარს თავისი მეგობარი მიუსაფარი ძაღლები და ნარინჯისფერი ნაგვის მანქანის გადევნება. დიახ, ეს წიგნი ძაღლზეა, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, ტექსტში აღმოაჩენთ პატარა ბავშვებისთვის დამახასიათებელ ქცევებს. მაგალითად, როგორ იბუტებიან, თუ მათ კუთვნილ სათამაშოს სხვა პატარა გამოართმევს და მერე უკან არ დაუბრუნებს, ან როცა პატარას სხვისი ნივთის აღება უნდა, მაგრამ არ ითხოვს, ან პირიქით, ითხოვს და მერე ერთად იწყებენ თამაშს. ასე ხომ უფრო სახალისოა?! მარტო თამაში ხომ მოსაწყენია?!
წიგნში პატარები ნახავენ, რომ ზოგი ძაღლი ქუჩაში ცხოვრობს, ზოგი სახლში და ზოგიც ეზოში, თუმცა მათზე ზრუნვა ყველას შეუძლია და ეს არის ის, რაც მათ მიუსაფარი ცხოველების მიმართ თანაგრძნობით აღავსებთ, მშობლებს კი მზა დიალოგებს მისცემს, როგორ შეიძლება უპასუხონ პატარების შეკითხვებს.
სოფიო კუბლაშვილი – „მარცვალას ოინები“
გოგოების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ყოველთვის მინდოდა მეტიჩარა, პრანჭია და ონავარი, პეპისავით დამოუკიდებელი გოგო მყოლოდა, მაგრამ დიდხანს არ მყავდა, თუმცა მიხვდებით ამ წერილიდანაც, რომ ყოველთვის მჯეროდა ჯადოსნური ამბების. ჰოდა, ახლა ორი გოგოს დედიკო ვარ. მარცვალა გოგო ძალიან ჰგავს ჩემს უფროს ქალიშვილს, რომელიც ესაუბრება ადამიანებს, ცხოველებს, მწერებს და ნივთებსაც კი, და ალბათ, ამიტომაც შემიყვარდა ეს წიგნი ასე ძალიან.
მარცვალა გოგო დიდად ცნობისმოყვარე ვინმეა, სულ დადის და ეძებს, უნდა ახლოს გაიცნოს სამყარო და ამ სამყაროს ბინადრები. ის უმეგობრდება თხუნელების ოჯახს, ზღარბს, ხვეულა ჭიას, მას აქვს ნატვრები და ათასგვარ ოინს აწყობს. თავის მეგობრებთან ერთად უამრავ თავგადასავალში ეხვევა. ზოგჯერ მისი არ სჯერათ, რადგან არ იციან უფროსებმა, რომ ფანტაზიით განამდვილებული ამბები ყველაზე უტყუარი სიმართლეა დედამიწაზე.
„ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნა“
ვფიქრობ, დარწმუნდით რამდენად მიყვარს ზღაპრები, რადგან ამ ზღაპრებით ყველაზე ნამდვილ ამბებს ჰყვები.
ჩემი საკუთარი ზღაპრების კრებული „ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნა“ ასეთ ნამდვილ ამბებს ჰყვება. ოღონდ დოკუმენტური პროზა არ გეგონოთ — ფანტაზიითაა გამდიდრებული. ჰოდა, დედიკოებო, ვისაც უჭმელი შვილი გყავთ, ჩემი ზღაპრები გიკარნახებენ, როგორ დააწყებინოთ პატარას ჭამა.
ამ კრებულს ერთი თავისებურება აქვს – მშვენიერი სახელმძღვანელოა თუ როგორ ააგოთ პატარასთან დიალოგები; როგორ აუხსნათ, რომ ბოდიშის მოხდა აუცილებელია, როცა დამნაშავე ხარ და რომ ბოდიში ჯადოსნური სიტყვაა, თუკი ის გულწრფელია; ასწავლის პატარებს, როგორ მიიღონ განსხვავებული და როგორ იურთიერთონ მასთან.
„ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნა“ 18 დამოუკიდებელი ზღაპრისგან შედგება და განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც უნდა რომ ერთი ჩვეულებრივი ღამე ჯადოსნურ თავგადასავლად აქციოს. იმ ღამეს დაიწყოს და იმავე ღამეს დაასრულოს ამბავი.
ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენთვის საგულდაგულოდ შერჩეული წიგნების მაგიურ სამყაროში!
ლილი ალფაიძე