21 დეკემბერი, შაბათი, 2024

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი – სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების სტანდარტების გასაუმჯობესებლად

spot_img

განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020-21 სასწავლო წლისთვის, სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტის გასაუმჯობესებლად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორთან, ამირან გამყრელიძესთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა სკოლებში მაქსიმალურად იყოს დაცული ჰიგიენის ყველა ნორმა. ამისთვის კი, მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სექტორმა უნდა შეიმუშაოს, რათა დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლის დაგეგმვის პროცესში მნიშვნელოვანია როგორც სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა.

შეხვედრაზე იმ მექანიზმის შემუშავებაზეც იმსჯელეს, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვასა და შემდგომ მონიტორინგს, ასევე, სკოლის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას.

მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პანდემიის პირობებში ახალი სასწავლო წლისთვის მზადების საკითხების დეტალური განხილვისთვის, ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები