უცხოური ენების გამოცდაში 214-მა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა მიიღო – უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე პირველად შედეგებს აფასებს

1600
აბიტურიენტების რამდენმა პროცენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხოურ ენებში? 
სხვადასხვა ენასა და ვარიანტში იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, განსხვავდება. საშუალოდ ეს არის 91 -93%, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ჩვენს საგანში არის ძალიან დაბალი – მხოლოდ 20%.
როგორ შეაფასებდით მიღებულ შედეგებს? 
ტესტის სირთულის დონე თითქმის იგივეა, რაც იყო გასულ წლებში, მაგრამ შედეგები წელს უფრო მაღალია. 2021 წლის  უცხოური ენების გამოცდაში 214-მა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა მიიღო, მეორე მხრივ, დიდია ასევე იმ აბიტურიენტების რაოდენობაც, რომლებმაც საშუალოზე დაბალი ქულა მიიღეს, ან მხოლოდ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს.
რა ტიპის შეცდომები ჰქონდათ აბიტურიენტებს ყველაზე ხშირად დაშვებული?
შეცდომები ყველაზე კარგად ჩანს ღია ტიპის დავალებებში, როგორებიცაა თემა და წერილი. ეს დავალებები აბიტურიენტებისაგან სხვადასხვა სახის ცოდნისა და ენობრივი უნარების ფლობას ითხოვს.  მომავალმა აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საკუთარი აზრი სწორად და ნათლად ჩამოაყალიბონ, რასაც მათგან დავალების პირობა ითხოვს. ხშირია შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტები მეტად განაზოგადებენ საკითხს, რის გამოც გამსწორებელს უჭირს გარკვევა, თუ  კონკრეტულად რის შესახებ წერს აბიტურიენტი.
 
უცხოური ენის გამოცდიდან გრამატიკული დავალება ამოღებული იყო, რამდენად გამოჩნდა ტექსტებში აბიტურიენტთა გრამატიკული ცოდნა და როგორ ფიქრობთ, გაამართლა თუ არა ამ ცვლილებებმა?
ეს ცვლილება ჩვენს  ტესტებში გასულ წელს შევიდა და მან ნამდვილად გაამართლა. არ არის საჭირო გრამატიკის ცოდნის იზოლირებულად შემოწმება მაშინ, როდესაც იმავეს წარმატებით ამოწმებს წერითი დავალებაც. წერის დავალების შეფასების სქემაში ცალკე გვაქვს გამოყოფილი გრამატიკული საკითხების ცოდნის შემოწმების კრიტერიუმი. ეს კი  სრულად ცვლის ტესტიდან ამოღებულ იმ დავალებას, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა.

დატოვეთ კომენტარი