27 ივლისი, შაბათი, 2024

უსაფრთხო სასწავლო გარემო

spot_img
ნათია წიკლაური
სსიპ დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი

 

 

უსაფრთხო სასწავლო გარემო სკოლის წარმატებული და ნაყოფიერი ფუნქციონირების საფუძველია!

რას გულისხმობს უსაფრთხო სკოლა? უპირველესად, მოსწავლის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ თუ ემოციურ უსაფრთხოებას. აუცილებელია, სკოლაში ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული, ძალადობა (მისი ნებისმიერი ფორმით გამოვლინება) – აღმოფხვრილი, სკოლაში გარეშე პირთა შემოსვლის პროცესი – გაკონტროლებული; ასევე აუცილებელია, მოსწავლეთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, წინასწარ იყოს შემუშავებული სათანადო გეგმა.

დამეთანხმებით, რომ უსაფრთხო სასწავლო გარემო სწავლის მაღალი ხარისხის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. შეიძლება ითქვას, რომ მის გარეშე სწავლის დონეც დაბალია და მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელიც.

„საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“ ნათლად განსაზღვრავს იმ უფლებებს, შეზღუდვებს, თავისუფლებებსა და წესებს, რომლებსაც უნდა დაემორჩილოს როგორც მასწავლებელი, ასევე მოსწავლე და მისი მშობლები.

დასახელებულ კანონში ვკითხულობთ, რომ ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად შეიძინოს ის ცოდნა და განავითაროს უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის.

კანონი ადგენს იმასაც, რომ მოსწავლეს უფლება აქვს, დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისგან.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შესაქმნელად, კანონი ავალდებულებს სკოლას, შექმნას ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე, სკოლის ან მის მიმდიბარე ტერიტორიაზე.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოება არა მხოლოდ მოზარდის ფიზიკურ დაცვას გულისხმობს, არამედ, სასწავლო პროცესის დროს, მის გონებრივ და ემოციურ სტაბილურობასაც. აქედან გამომდინარე, სკოლა ვალდებულია, თითოეულ მოსწავლეს შეუქმნას მასზე მორგებული გარემო, რომელიც დაეხმარება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში და ხელს შეუწყობს მის გონებრივ განვითარებას.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლი გულისხმობს გასაჩივრების უფლებას. მისი პირველი პუნქტი უფლებას აძლევს მოსწავლეს, გაასაჩივროს ის არაკანონიერი ქმედება, რომელიც მის მიმართ განხორციელდა. კერძოდ, კანონში ვკითხულობთ, რომ „მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ, თავისი უფლების დასაცავად, გაასაჩივრონ მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება“.

ბავშვი სკოლის ასაკიდან იწყებს ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებას და ეს არის ეტაპი, როდესაც მოსწავლეს, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობით, უნდა ჩამოუყალიბდეს მყარი ფსიქოლოგია, რაც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე დაეხმარება სხვადასხვა პრობლემებთან გამკლავებაში. შესაბამისად, დაუშვებელია, სკოლაში ბულინგი, დაცინვა, შეურაცხყოფის მიყენება, დასჯა, დაშინება და ა.შ., რაც ზიანს აყენებს ბავშვის სოციალიზაციის პროცესს და საფრთხეს უქმნის მის ფსიქოლოგიურ მდგრადობას. გარდა ამისა, აღნიშნული მიზეზებით, ბავშვს გული უცრუვდება სწავლაზე, რაც, შესაბამისად, განაპირობებს სკოლის მიტოვებას, სიზარმაცეს, აგრესიულობას სხვა მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და, ზოგადად, საზოგადოების მიმართ.

ალბერტ ბანდურას სოციალურ-კოგნიტური თეორიის თანახმად, ბავშვი ქცევას მოდელირების მეშვეობით სწავლობს, რაც გულისხმობს სხვათა მიბაძვას. აქედან გამომდინარე, სწავლა- აღზრდის პროცესში, მშობელსა და პედაგოგს უდიდესი როლი აკისრია.

უაღრესად მნიშვნელოვანია დისკრიმინაციის თემაც, რომელიც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხო სასკოლო გარემოსთან. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი სწორედ „ნეიტრალურობასა და არადისკრიმინაციულობას“ ეხება. ამ მუხლის მეოთხე პუნქტი სკოლას უკრძალავს საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენებას, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის, აგრეთვე, მათი გაერთიანებების რაიმე დისკრიმინაცია. ამის გაუთვალისწინებლობა სერიოზულ ზიანს აყენებს მოზარდის თვითშეფასებას, რადგან ამ დროს ხდება მისი აზრის, შეხედულების დაცინვა, არასწორად და ნეგატიური კონტექსტით წარმოჩენა.

უსაფრთხო სასწავლო გარემო, ასევე, გულისხმობს გამოხატვის თავისუფლებას. მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლება კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია. ის დაბადებიდან მიენიჭება ადამიანს და სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, უზრუნველყოს თითოული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება. დასახელებული კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტში სწორედ ამ საკითხზეა ყურადღება გამახვილებული. კანონი უფლებას აძლევს მოსწავლეს, გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა. დაუშვებელია, იდეალური სკოლის მოდელში, ბავშვს ეშინოდეს საკუთარი აზრის გამოთქმისა.

კანონის მე-20 მუხლი უშუალოდ ძალადობასა და უსაფრთხო გარემოს ეხება: „დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდენლობით დადგენილი წესით“.

უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა ძალიან ბევრ ასპექტთანაა დაკავშირებული. სკოლა ის ადგილია, სადაც ადამიანი იწყებს სოციალიზაციის პროცესს, ეცნობა და სწავლობს მისთვის აქამდე უცნობ მოვლენებსა და საგნებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ადამიანის ცხოვრების პირველი გარდამავალი ეტაპი, როდესაც მას სჭირდება ისეთი გარემო, სადაც არ დაითრგუნება და მაქსიმალურად შეძლებს საკუთარი უნარ-ჩვევების გამოვლენა-გაუმჯობესებას. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, სკოლის თითოეული წარმომადგენელი უნდა იყოს ჩართული. სწორედ მასწავლებლის ვალდებულებაა, არა მხოლოდ ასწავლოს, არამედ მოსწავლეს შეუქმნას ყველა ის პირობა, რომელიც სწავლის პროცესს მისთვის სასიამოვნოს გახდის. ტენდენცია, როდესაც მოსწავლეს ეშინოდა მასწავლებლის, დიდი ხანია, წარსულში დარჩა.

იმისთვის, რომ სახელმწიფოში არსებობდეს უსაფრთხო სასწავლო პროცესის იდეალური მოდელი, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, მასწავლებლების გადამზადების სისტემა, მანდატურის სისტემა, სკოლის შენობის ვიდეოკამერებით კონტროლი და ა.შ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა მასწავლებელს შემუშავებული ჰქონდეს საკუთარი გეგმა, რომლითაც იხელმძღვანელებს მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში. მთავარია, აღნიშნული გეგმა არა მხოლოდ ერთეულებზე, არამედ ყველა მოსწავლეზე იყოს გათვლილი, რათა მათ თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ იმ გარემოში, სადაც 12 წელი უნდა გაატარონ.

სკოლა, სადაც არ არის პოზიტიური, უსაფრთხო და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, ვერანაირად ვერ იქნება დაცული რისკისგან, რომ ზიანი არ მიადგება მოსწავლის ფიზიკურ და მორალურ ჯანმრთელობას, რაც, თავის მხრივ, უარყოფით ასახვას ჰპოვებს როგორც სწავლის პროცესზე, ასევე მოსწავლის განწყობაზე და ხელს უშლის მის სრულფასოვან სოციალურ ფუნქციონირებას.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები