12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

უნივერსიტეტისთვის უპირატესი სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი რეალობის შექმნა უნდა იყოს

spot_img

გვანცა გათენაძე

შვედეთის ლინშოპინგის უნივერსიტეტის სტუდენტი

 

 

⇒ რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში სკოლაში გატარებულ წლებს, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?

მე-7 კლასიდან ვსწავლობდი დემირელის კერძო კოლეჯში, რომელიც წარმოადგენდა ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის ერთ-ერთ დაწესებულებას საქართველოში. სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო, სკოლა დღეს აღარ არსებობს – დაიხურა.

სკოლის პერიოდი ყოველთვის ძალიან კარგად მახსენდება. ხშირად ვფიქრობ, რომ ჩემს შემდგომ გადაწყვეტილებებს, გამოცდილებებს და შესაძლებლობებს სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი. ძალიან მადლიერი ვარ მშობლების, რომ იმ პერიოდისთვის ამხელა პრივილეგია მომცეს და მასწავლეს კერძო სკოლაში, რაც ფინანსურად არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. დემირელში უმეტეს საგნებს ინგლისურად ვსწავლობდით, რამაც ძალიან გამიადვილა სხვადასხვა სამუშაო თუ საგანმანათლებლო გამოცდილებებში ჩართვა. მე-11 კლასში ასევე მოვიპოვე ამერიკული საბჭოების გაცვლითი პროგრამის, FLEX-ის ფინალისტის სტატუსი და სკოლის ბოლო წელი ამერიკის საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. გარდა სწავლის მაღალი ხარისხისა, დემირელის კოლეჯმა მომცა ფასდაუდებელი სოციალური გამოცდილებები, როგორიცაა საქართველოში არადომინანტი ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების გაცნობა, რაც იმ დროისთვის (2006-2011 წლები) ბევრად დახურული თემა იყო, ვიდრე ახლაა. სკოლის დახმარებით, არაერთხელ ვიყავი გაცვლითი პროგრამით თურქეთში, სადაც ვცხოვრობდი მასპინძელ ოჯახებთან და მქონდა შესაძლებლობა, თურქული ენის უნარები განმევითარებინა. ამ ყველაფერმა მომიყვანა იქ, სადაც დღეს ვარ და იმ თემატიკამდე, რასაც ახლა ვსწავლობ.

⇒ რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი, რომელ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდი საქართველოში?

⇓  საქართველოში ორი უნივერსიტეტი დავამთავრე. ბაკალავრის ფარგლებში – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხი კი ილიას უნივერსიტეტში დავიცავი, სოციოლოგიის განხრით. ბაკალავრის არჩევისას, ალბათ როგორც ბევრი სხვა 18 წლის ადამიანის შემთხვევაში ხდება, დიდი ზემოქმედება იქონია ე.წ. „პერსპექტიულმა პროფესიებმა“. ამ ასაკში არც გამოცდილება მქონდა და არც შესაძლებლობები, რომ გააზრებული გადაწყვეტილება მიმეღო. თუმცა, ვფიქრობ, ის, რაც ვისწავლე, იყო არაჩვეულებრივი გამოცდილება და ბაზისი ზოგადი უნარებისა და ცოდნის.

მაგისტრის ხარისხი ბევრად გააზრებულად დავიცავი. ბაკალავრის შემდგომ რამდენიმეწლიანი პაუზა ავიღე და ვმუშაობდი. ჩემმა სამუშაო გამოცდილებამ მაჩვენა, რომ მაინტერესებს ხალხი, ჯგუფები და მათი შესწავლა. შესაბამისად, სოციოლოგიის განხრით ჩავაბარე და ალბათ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც კარიერული თვალსაზრისით მიმიღია.

 ⇒ რატომ გადაწყვიტე სწავლის გაგრძელება უცხოეთში, რა პროგრამით გაემგზავრე, რომელ უნივერსიტეტში სწავლობ და რა პროფესიას ეუფლები?

მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ მალევე დაიწყო პანდემია, გადავედით სახლიდან მუშაობაზე და სულ მალე მივხვდი, რომ მჭირდებოდა ცვლილება. საქართველოში ეთნიკური უმცირესობების თემებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან ვმუშაობდი. მინდოდა, დამატებით შემესწავლა ეს საკითხები, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რთულია მსგავსი აკადემიური პროგრამების პოვნა. შესაბამისად, ქვეყნის გარეთ დავიწყე შესაძლებლობების მოძიება.

 2021 წელს მოვიპოვე შვედეთის ინსტიტუტის (Swedish Institute) სრული დაფინანსება და ამჟამად ვსწავლობ ლინშოპინგის უნივერსიტეტში (Linköping University), ეთნიკურობისა და მიგრაციის კვლევებზე. ყოველ წელს შვედეთის ინსტიტუტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 350-მდე სტიპენდიანტს აფინანსებს. შარშან 10-ზე მეტი ქართველი დაფინანსდა გლობალური პროფესიონალების სტიპენდიის ფარგლებში (Swedish Institute Scholarship for Global Professionals).

 ლინშოპინგის უნივერსიტეტი 1970-იან წლებშია დაარსებული და ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი უნივერსიტეტია შვედეთში, აკადემიური პროგრამების თვალსაზრისით. კონკრეტულად ჩემი სამაგისტრო პროგრამა დაფუძნებულია REMESO-ს კვლევების ცენტრზე. სწორედ ეს იყო ჩემს არჩევანში გადამწყვეტი ნიუანსი. ჩემი ყველა ლექტორი აქტიური მკვლევარი და მწერალია. მათგან რამდენიმეს ნაშრომებს საქართველოში სწავლის პერიოდში ვკითხულობდი, ახლა კი უშუალოდ შემიძლია მათგან ვისწავლო. ეთნიკურობისა და მიგრაციის კვლევების პროგრამა საკმაოდ თეორიული პროგრამაა, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, თვითონ აირჩიონ შემდგომი კარიერული ნაბიჯები. პროგრამის ფარგლებში, ვმუშაობთ როგორც კვლევების ჩატარების უნარებზე, ასევე შედარებით პრაქტიკულ გამოცდილებებზეც, როგორიცაა გადაწყვეტილებებისა და განაწესების ანალიზი. ჩემთვის თეორიული ნაწილი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ საშუალება მაქვს ამას დრო დავუთმოთ.

⇒ აკადემიური მიღწევები – რა წესით გამოიყოფა სტიპენდიები და გრანტები უცხოელი სტუდენტებისთვის, რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტები?

შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდია გათვალისწინებულია ნებისმიერი ასაკის სტუდენტისთვის, ვისაც აქვს სურვილი, ისწავლოს შვედეთში და ვინც შეძლებს, რომ ჩაირიცხოს შესაბამის უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე. სტიპენდია განკუთვნილია კონკრეტული პროგრამებისთვის. შესაბამისი სია ყოველწლიურად ქვეყნდება. ეს სია, ფაქტობრივად, ყველა დარგს მოიცავს, იქნება ეს სამეცნიერო, სოციალური მეცნიერებები, ხელოვნება თუ სხვ. მნიშვნელოვანია, რომ მსურველმა აპლიკანტმა კონკრეტულად ამ პროგრამებზე და უნივერსიტეტებში შეიტანოს განაცხადი, რათა შემდგომ სტიპენდიის აპლიკაცია განიხილონ.

ვინაიდან მე მხოლოდ სტიპენდიანტი ვარ და არა წარმომადგენელი, ალბათ, რთულია განზოგადებულად ვისაუბრო. ჩემი გამოცდილებით და დაკვირვებით, მნიშვნელოვანია როგორც აკადემიური მოსწრება, ე.წ. GPA, ასევე სამუშაო და სხვა გამოცდილებები (მოხალისეობა, სოციალური ჩართულობა და ა.შ.). ამჟამად ბევრი სტიპენდიანტი ცდილობს საკუთარი მიზნები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (Sustainable Development Goals) დაუკავშიროს და ამ შემთხვევაში, არც შვედეთის ინსტიტუტია გამონაკლისი. შესაბამისად, აპლიკანტს დაეხმარება ამ სფეროში გათვითცნობიერებასა და თავისი გამოცდილების შესაბამის მიზნებთან დაკავშირებში.

სტიპენდია გულისხმობს სწავლებისა და ცხოვრების სრულ დაფინანსებას, რაც იმას ნიშნავს, რომ შვედეთის ინსტიტუტი ფარავს უნივერსიტეტში სწავლის გადასახადს და ასევე უზრუნველყოფს აპლიკანტს ყოველთვიური მცირე სტიპენდიით. სტიპენდია შეესაბამება ცხოვრების მინიმალურ სტანდარტს ქვეყანაში და სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ერთმა ადამიანმა, თვიდან თვემდე, თავი შეინახოს. ეს გამოცდილება ალბათ განსხვავებულია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც შედარებით დიდ ქალაქებში ცხოვრობენ და, შესაძლოა, მეტი ხარჯი ჰქონდეთ საჯარო ტრანსპორტზე.

შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდიის გარდა, შვედეთის არაერთ უნივერსიტეტს აქვს მხოლოდ აკადემიურ მოსწრებაზე დაფუძნებული შეღავათები და დაფინანსებები. უმეტესად, ეს გათვალისწინებულია მხოლოდ უნივერსიტეტის გადასახადისთვის და 50%-იდან 100%-მდე მერყეობს.

 ⇒ რა მსგავსება-განსხვავებაა უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებსა და ქართულს შორის?

⇓ ქართულ და შვედურ განათლების სისტემებს შორის ორი დიდი განსხვავებაა: პირველი – უშუალობა სტუდენტსა და ლექტორს შორის; მეორე – ჩართულობა აკადემიაში. როგორც აღვნიშნე, ამჟამად ვსწავლობ სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც კვლევითი ცენტრის ბაზაზეა შექმნილი. ჩემი ყველა ლექტორი აქტიური მკვლევარია და სტუდენტებს ხშირად გვაქვს მოწვეულ მკვლევრებთან საუბრის, მათი მოსმენისა და კვლევის პრეზენტაციებზე დასწრების შესაძლებლობა. გამოცდილების, ცოდნისა და განათლების მიუხედავად, ყველა ლექტორი სრულიად ჰორიზონტალური პრინციპით ატარებს ლექციებს. აბსოლუტურად ყველა ასაკის სტუდენტს თანასწორად გვიყურებენ და ყველა მოსაზრებასა თუ კრიტიკას სრულად უსმენენ. საქართველოში სწავლისას მყავდა რამდენიმე არაჩვეულებრივი ლექტორი, რომლებმაც შემაყვარეს კვლევა და თეორიული მუშაობა. ამის მიუხედავად, საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტებთან ურთიერთობის კულტურა ხშირად მტკიცედ ვერტიკალური და იერარქიულია. სტუდენტისთვის რთულია გააზიაროს კრიტიკა ან მოსაზრება, ლექტორისთვის კი რთულია ამის მოსმენა. შვედური რეალობა ბევრად უფრო მოქნილი და სტუდენტზე ორიენტირებულია, რაც გიქმნის შეგრძნებას, რომ ფაკულტეტისთვის შენი განათლება პრიორიტეტია.

შვედეთში დოქტორანტურის სტუდენტები აღიქმებიან, როგორც დასაქმებული ადამიანები, იღებენ ადეკვატურ ხელფასს, შესაბამისად, არ სჭირდებათ დამატებითი სამსახურის ძებნა. ეს რეალობა ბევრად განსხვავდება საქართველოს მოცემულობისგან, სადაც მკვლევრები და სტუდენტები, ხშირად, სურვილის მიუხედავად, იძულებულებული არიან, დამატებითი სამსახური ჰქონდეთ. მხოლოდ აკადემიასა და კვლევაზე ფოკუსირება ძალიან ბევრს მატებს ქვეყნის ინტელექტს და უზრუნველყოფს შედეგების ობიექტურობას.

⇒ რომელია შენთვის ყველაზე საინტერესო სივრცე და რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, როცა უნივერსიტეტში პირველად მიხვედი?

უნივერსიტეტში პირველად მისვლისას ყველაზე დიდი ზემოქმედება იქონია იმ ფაქტმა, თუ როგორაა მთელი კამპუსი სტუდენტების საჭიროებებზე აწყობილი – იქნება ეს აუდიტორიები, გარე სივრცეები, სასადილო, ბიბლიოთეკა, თუ სხვა. უნივერსიტეტში უამრავი ადგილია, სადაც შეგიძლია დაჯდე, ჯგუფურ სამუშაოზე კონცენტრირდე, უბრალოდ, დრო გაიყვანო ლექციებს შორის და ა.შ.

ჩემთვის ყველაზე კომფორტული და საყვარელი სივრცე ბიბლიოთეკაა. საქართველოში სწავლების პერიოდში ბიბლიოთეკას ასე აქტიურად არ ვსტუმრობდი. რა თქმა უნდა, იყო პერიოდები, როცა მიწევდა იქ მუშაობა, მაგრამ ეს არასდროს წარმოადგენდა კომფორტის სივრცეს. აქ ერთი კვირა არ გავა ისე, რომ ბიბლიოთეკაში არ ვიმეცადინო. გამოცდების პერიოდში, ფაქტობრივად, ეს სივრცეა ჩემი და ჩემი მეგობრების მეორე სახლი. ბიბლიოთეკას რამდენიმე სივრცე აქვს, ხმაურიანი და სრულიად მყუდრო. შეგიძლია აირჩიო, რომელიც გინდა. რაც მთავარია, ყველა პატივს სცემს და ემორჩილება ამ განაწილებას.

რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ტრადიციული ნაბეჭდი წიგნების დიდი რაოდენობაა. ადგილზე არსებული წიგნების გარდა, უნივერსიტეტის სხვა კამპუსებში შენახული წიგნების მოთხოვნაც შეგვიძლია. ასევე გვაქვს უფლება, ვითხოვოთ წიგნები შვედეთის ნებისმიერი სხვა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან ან ვთხოვოთ ბიბლიოთეკას შეუკვეთოს წიგნი, რომელიც არც ერთ საცავში არ მოიძებნება. ჩემთვის ეს დიდი პრივილეგიაა და უკვე რამდენიმე ქართველი მკვლევრის წიგნი დავამატებინე ბიბლიოთეკას.

⇒ პანდემიის პერიოდში, დღის წესრიგში დადგა ონლაინ სწავლების აუცილებლობა. თუმცა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი უპირატესობას პირისპირ სწავლებას ანიჭებს. შენთვის რომელია მისაღები?

მაგისტრის ხარისხი საქართველოში ონლაინ დავიცავი, 2020 წელს. პანდემიის დაწყება დაემთხვა სამაგისტრო თეზისის სემესტრს, რაც იმას ნიშნავდა, რომ თემაც და დაგეგმილი სამუშაოც მთლიანად უნდა შემეცვალა. ამის მიუხედავად და ჩემი არაჩვეულებრივი ხელმძღვანელის წყალობით, თეზისზე მუშაობა წარმატებით დავასრულე, არაჩვეულებრივი გამოცდილება მივიღე და ბევრი რამ ვისწავლე.

ამ გამოცდილებით, მგონია, რომ განათლების მიღება თანაბრად შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ სწავლების დროს. მჯერა, რომ კოვიდის შემთხვევის კლებასთან ერთად, ეტაპობრივად, ყველა სასწავლო დაწესებულება დაუბრუნდება პირისპირ სწავლებას, ვინაიდან დღემდე მიიჩნევა, რომ ეს ოპტიმალური ვარიანტია. მაგრამ ეს უნდა მოხდეს სტუდენტების შესაძლებლობების და საჭიროებების გათვალისწინებით. ამ პროცესში სწორედ სტუდენტი და მოსწავლე უნდა იყოს პრიორიტეტი და ყველა დაწესებულებისთვის უპირატესი უნდა იყოს მათთვის ხელმისაწვდომი რეალობის შექმნა. მაგალითად, ის, რასაც სახელმწიფო უნივერსიტეტი სთხოვდა საკუთარ სტუდენტებს, ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო. ვიმედოვნებ, სამინისტროს გადაწყვეტილება შედეგს გამოიღებს.

მსოფლიოში არაერთი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც მხოლოდ ონლაინ მიმდინარეობს. მაგალითად, ჩემს უნივერსიტეტს სამაგისტრო პროგრამა აქვს გენდერის სწავლებაში, რომელიც მხოლოდ დისტანციურადაა. ეს პროგრამები ზუსტად იმავე რაოდენობის კრედიტებს გასცემენ, როგორსაც პირისპირ მომუშავეები. მთავარია, არსებობდეს შეფასების და რისკების მენეჯმენტის სწორი გზები.

⇒ საერთაშორისო განათლების სამყაროში შესასვლელად სწორი არჩევანის გაკეთება, საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე ძნელია. რას ურჩევ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ?

საზღვარგარეთ სწავლა ბევრი ახალგაზრდისთვისაა მიზანი და, ალბათ, ამას თავისი არგუმენტებიც აქვს. პირადად ჩემთვის, ის არასდროს წარმოადგენდა აუცილებლობას. ამჟამინდელ პროგრამაზე და სტიპენდიაზე მხოლოდ მას შემდგომ შევიტანე განაცხადი, რაც გავერკვიე ზუსტად რა მაინტერესებდა და იყო თუ არა მისი შესწავლის შესაძლებლობა საქართველოში.

ამჟამინდელ სტუდენტებს ბევრად მეტი გზა აქვთ ქვეყნის გარეთ სწავლებისთვის, ვიდრე 10-15 წლის წინ იყო. ეს, ერთდროულად, კარგიცაა და დამაბნეველიც. გადაწყვეტილების მიღებისას, პირველ რიგში, აუცილებელია დაფიქრდნენ რატომ უნდათ ქვეყნის გარეთ სწავლა და რას ელიან ამ გამოცდილებისგან. მე ვერ ვურჩევ ვერავის, რომ ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთონ, რომ პოტენციურ დამსაქმებელს მოეწონოს. ეს არის ინვესტიცია საკუთარი თავისთვის, შესაბამისად, ზუსტად უნდა იცოდეს სტუდენტმა რას ელის, რა სურს ისწავლოს და რატომ სწორედ ეს პროგრამა, როგორ გამოიყენებს ამ გამოცდილებას შემდეგში და ა.შ. საზღვარგარეთ სწავლა ბევრ ცვლილებას გულისხმობს. პირველ რიგში, შორდები ყველაფერ ნაცნობს, იქნება ეს ადამიანები, ადგილები, საკვები, ცხოვრების რიტმი და წესი, თუ სხვა. უცხოეთში ყოფნა რამდენადაც არაჩვეულებრივი გამოცდილებაა და საკუთარი თავის გაცნობის საშუალება, იმდენად რთულია ეს ყველაფერი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სტუდენტმა ზუსტად იცოდეს რას უნდა ელოდოს.

დაფინანსება და სტიპენდია მრავალნაირი არსებობს. მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, ვალდებულები ვართ, გადავიხადოთ სწავლის საფასური, რაც, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის ასე არაა. შესაბამისად, გასათვალისწინებელია, რომ დაფინანსება მოიცავდეს სწავლის საფასურსაც, ისევე როგორც ცხოვრების ხარჯების სტიპენდიას; გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა პროგრამაზე გაიცემა დაფინანსება. არსებობს დამოუკიდებელი სტიპენდიები, რომლებიც სრულად ფარავს სწავლას (შვედეთის ინსტიტუტი მაგალითად) და არსებობს ე.წ. გაცვლითი სემესტრის ან წლის სტიპენდიები (ერასმუს +, მაგალითად). იმ დაფინანსებების შემთხვევაში, რომლებიც გაიცემა მთლიანი პროგრამისთვის/ხარისხისთვის, როგორც წესი, კრედიტების აღიარება სადარდებელი არაა, ვინაიდან უნივერსიტეტი პირდაპირ ანიჭებს სტუდენტს ხარისხს. ვითარება განსხვავებულია მოკლევადიანი სტიპენდიების შემთხვევაში, როცა მხოლოდ ერთი ან ორი სემესტრით ფინანსდება სწავლა. იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა უნივერსიტეტს ხელშეკრულება მასპინძელ უნივერსიტეტთან, აუცილებელია, სტუდენტმა დამოუკიდებლად გადაამოწმოს კრედიტების აღიარების საკითხი და შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება.

⇒ როგორ ცხოვრობენ შვედეთში ახალგაზრდები, რა არის მათთვის პრიორიტეტული, როგორია შვედური სტუდენტური ცხოვრება და როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

შვედეთის სტუდენტური ცხოვრება მუდმივი ბალანსის ძიებაა დასვენებასა და სწავლას შორის. ე.წ. სტუდენტურ ცხოვრებაში უნივერსიტეტიცაა ჩართული: იმართება წვეულებები, არსებობს არაერთი სტუდენტური ორგანიზაცია და ასოციაცია, რომელიც ეხმარება წევრებს გაიცნონ ერთმანეთი, გვაქვს სტუდენტური კაფე, სადაც შესაძლებელია როგორც დასაქმება, ასევე უბრალოდ მოხალისეობა. აქ აქტივობები სეზონებთან ერთად იცვლება. შვედეთის ზამთარი ცივი და გრძელია, შესაბამისად, ამ პერიოდში, დროის დიდ ნაწილს მეგობრებთან სახლში, დახურულ სივრცეებში ვატარებდი. ვცდილობ სპორტით დავკავდე. ზამთარში მეგობრებმა აღმოვაჩინეთ ცოცვის დარბაზი და ხშირად იქ დავდიოდით. რაც გამოზაფხულდა და დათბა, უმეტესად, სიმწვანეში ვატარებთ დროს. დავდივართ პიკნიკებზე, ვსეირნობთ პარკში, სალაშქროდ გავდივართ ქალაქგარეთ, ტბაზე და ა.შ. იშვიათ შემთხვევაში, ვცდილობთ, ვიმოგზაუროთ კიდეც. ბილეთის ფასებმა ყველგან იმატა, მაგრამ სტუდენტური ფასდაკლებისა და დაბალფასიანი კომპანიების წყალობით, მაინც ვახერხებთ, პერიოდულად, ქალაქიდან გასვლას. მე და ჩემს მეგობრებს ძალიან გვინდა ჩრდილოეთ შვედეთში ვიზიტი და იმედი გვაქვს, ამ ზამთარს მოვახერხებთ.

⇒ რა შეგიძლია გვიამბო ქვეყნის იმ წეს-ჩვეულებებზე, რამაც შენი აღფრთოვანება, გამოიწვია..

⇓ ჩემი და შვედეთის სიყვარულის საფუძველი დღესასწაულების აღნიშვნაა. ჩემი ქალაქი გრანდიოზულად აღნიშნავს აბსოლუტურად ყველა დღეს, იქნება ეს ზაფხულის ბუნიაობა თუ შობა. ქალაქის ცენტრი და შემოგარენი ქუჩები ყოველთვის შესაბამისადაა მორთული და ეს ძალიან დიდ ხალისს მატებს ყოველდღიურ ცხოვრებას. მაგალითად, გრძელი და ცივი ზამთრის სიბნელე, ფაქტობრივად, არ მიგრძნია, ვინაიდან ქალაქში, ნოემბრიდან იანვრის ბოლომდე, გვქონდა სინათლის ფესტივალი. მთელი ქალაქის მასშტაბით, დადგმული იყო არაერთი ინსტალაცია, რაც ნათელს მატებდა შუადღის 3 საათზე ჩამომდგარ სიბნელეს.

ერთადერთი ყოველდღიური ნიუანსი, რასაც დღემდე ვეჩვევი, არის სოციალური დისტანცია. შვედებს არ ახასიათებთ ე.წ. „ამინდზე საუბარი“; გამარჯობა სრულიად საკმარისია და როგორც წესი, საუბარი ამის იქით არ გრძელდება. ჩემთვის შედარებით მოულოდნელი იყო ეს რეალობა, თუმცა ამასაც თავისი დადებითი მხარე აქვს – როცა სწავლისგან დაღლილი ბრუნდები სახლში და საუბრის თავი არც შენ გაქვს. რა თქმა უნდა, ეს შედარებით განზოგადებული დამოკიდებულებაა. ჩემს შვედ მეგობრებთან პრობლემა არ მაქვს, ეს მხოლოდ უცნობებს შორის ხდება.

⇒ როგორ გესახება მომავალი, სად აპირებ დამკვიდრებას, რა მოლოდინები გაქვს?

⇓  ამჟამად სწავლის პირველ წელს ვასრულებ და კიდევ ერთი წელი მრჩება. ჯერ ცოტა ნაადრევია დამკვიდრებაზე საუბარი, თუმცა ამ პერიოდში მივხვდი, რომ ძალიან მაინტერესებს კვლევა და აკადემია და ამ მხრივ მუშაობის გაგრძელებას ვისურვებდი. შესაძლებლობებს ალბათ ორივე ქვეყანაში მოვძებნი და მსურს, საქართველოში შევძლო კარიერის გაგრძელება. ვფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებულ განათლებას გარკვეული უპირატესობა აქვს, თუმცა ეს არაა გადამწყვეტი პირობა, უფრო სწორად, ვისურვებდი, რომ არ იყოს. იმედი მაქვს, დამსაქმებელი მხოლოდ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის გამო არ მიანიჭებს ადამიანს უპირატესობას. არჩეული უნივერსიტეტი და პროგრამა ბევრს ნიშნავს და სწორედ ეს უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი.

⇒ დაბოლოს, როცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეტს ფიქრობს სამშობლოზე. შორიდან როგორია ჩვენი ქვეყანა?

ჩვენი ქვეყანა ჩემთვის ყოველთვის ძალიან ეკლექტურია. ერთი მხრივ, ძალიან მიყვარს და მენატრება, მეორე მხრივ, გული მტკივა და ვცდილობ, მოვერიო ფრუსტრაციებს იმ გადაწყვეტილებებზე, რასაც ბოლო პერიოდში მთავრობა იღებს. ძალიან რთულია მიგრაციაში ყოფნა და ქვეყნის სოციალურ პროცესებში ვერ ჩართულობა. ჩემთვის საქართველოს ორი სახე აქვს: ერთია ჩემი ოჯახი, ახლობლები, სამუშაო წრე, ბევრი კარგი და კეთილი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად შრომობს უკეთესი მომავლისთვის; მეორე მხრივ, არის ხიდჩატეხილობა სხვადასხვა ჯგუფებს შორის, ქსენოფობია, ნაციონალიზმი და, ფაქტობრივად, უუნარო პოლიტიკა, რომელიც დიდი ხანია ხალხისთვის აღარ იღვწის.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები