27 ივლისი, შაბათი, 2024

უნივერსალური დიზაინის მიდგომები მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად

spot_img

ეკატერინე დოლიძე

სსიპ ქუთაისის №26 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

სწავლა უნდა ეფუძნებოდეს სასწავლო მასალასა და გამოცდილებას, რომლის ათვისებისთვისაც მოსწავლე მზადაა. მრავალფეროვან, სახალისო აქტივობებს ერთგვარი შემეცნებითი გატაცება შემოაქვს მოსწავლეთა ცხოვრებაში, ხოლო მოსწავლეებს საკლასო ოთახში შემოაქვთ ემოციები სკოლისგარე ცხოვრებიდან, ამიტომ მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ემოციები წარმოიშობა საკლასო ოთახშიც და ეხება სწავლას. მაგალითად, მიღწევის ემოცია არის წარმატების ან წარუმატებლობის განცდა, რომელიც სასკოლო აქტივობებს უკავშირდება, ამიტომ აუცილებელია გაკვეთილის დაგეგმვისას მასწავლებელმა გაითვალისწინოს, რომ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საკლასო აქტივობებში, არ ეშინოდეთ და გრძნობდნენ აკადემიურ უკუკავშირს, ურთიერთობდნენ მასწავლებელსა და თანატოლებთან.

სწავლების თანამედროვე მიდგომა, რომელიც უნივერსალური დიზაინის პრინციპებს ეფუძნება, ყველა მოსწავლისათვის სწავლის თანაბარ შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ შესაძლოა ყველაზე სასარგებლო იყოს მათთვის, ვინც განსხვავებულად სწავლობს და ფიქრობს. მოსწავლეთა შინაგანი ძალების აღმოჩენასა და გააქტიურებაში კი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა სწორედ სკოლასა და მასწავლებელს ენიჭება. სწავლების უნივერსალურ დიზაინს კლასში მოქნილობა შეაქვს, რადგან თავის თავში მოიაზრებს სასწავლო მიზნებისა და შედეგების განსხვავებულად დანახვასა და შეფასებას. შესაბამისად, თუ მოსწავლე დაინტერესებულია, მისი ქმედებები სწავლის დროს არ საჭიროებს ზედმეტ გარეგან მოტივაციასა და სტიმულაციას, რადგან მოსწავლე განიცდის თვითკმაყოფილებას. ამიტომ წინა პლანზე უნდა წამოიწიოს ის საკითხები, რომლებიც ფარავს მოსწავლეთა ინტერესის სფეროს, რადგან ინტერესს აქვს ტენდენცია, გაზარდოს მოსწავლეთა მოტივაცია და გააფართოოს მისი შემეცნებითი სფერო.

სწავლების უნივერსალური დიზაინის მიდგომები მეხმარება ისეთი მოსწავლეების გააქტიურებაში, რომელთაც უჭირთ საგაკვეთილო პროცესში ჩართვა სიმორცხვის, დაბალი თვითშეფასების, დაბალი აკადემიური  მზაობის გამო. არიან მოსწავლეები, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ მხარდაჭერას. აქტიური და დამოუკიდებელი თაობის აღსაზრდელად კი აუცილებელია სწავლისაკენ ვუბიძგოთ მათ. საამისოდ შევიმუშავე აქტივობის ფორმა, რომელსაც პირობითად ვუწოდე „ამის პატრონმა რა ქნას“. სახელწოდება სახალისო აღმოჩნდა ბავშვებისათვის, რადგან ჩემი აქტივობა მათთვის ნაცნობი თამაშის ინტერპრეტაციას წარმოადგენს. აქტივობის წესები წინასწარ შემუშავებული, გასაგები და მარტივად გამოსაყენებელია თითოეული მოსწავლისათვის და, რაც მთავარია, ცვლის გარემოს კლასში. მოსწავლეები თავად აკონტროლებენ მათ მიერვე შედგენილი ქცევის წესების საფუძველზე არსებულ ატმოსფეროს, მათ არ ეზღუდებათ კლასში გადაადგილება. აქტივობის აღწერილობა ასეთია: ვიყენებ ფერად ბარათებს, რომლებზედაც დატანილია საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა გვარ-სახელები, მნიშვნელოვანი თარიღები, სასკოლო სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული ტექსტების პერსონაჟები (არასაპროგრამო ტექსტების პერსონაჟები, რადგან პატარა საკლასო კლუბიც გვაქვს დაარსებული და ბევრ ტექსტს იცნობენ მოსწავლეები) ბარათებზე მოცემული მინიშნებების გასიტყვება ევალებათ მათ. ბარათებზე გრამატიკული ხასიათის კითხვებიცაა მოცემული, მოკლედ მოსწავლეებს ,ზეპირი პრეზენტაციების გარდა, დაფასთანაც უწევთ სამუშაოს შესრულება. აქტივობა სახალისო აღმოჩნდა მათთვის, იგი ერთგვარი შემაჯამებელი სამუშაოს ფუნქციასაც ასრულებს, რაც ჩემთვის დამატებითი ინსტრუმენტია მათი დინამიკისა და პროგრესის შესაფასებლად. აქტივობიდან აქტივობამდე ორკვირიანი შუალედი გვაქვს აღებული, საამისოდ საგანგებოდ შევადგინეთ კალენდარიც, ყოველი აქტივობა ახალი მასალითაც არის გამდიდრებული და მრავალფეროვანი ხდება, ხოლო პროცესი უფრო და უფრო დახვეწილი და მოქნილი. მოსწავლეები ხალისით ერთვებიან აქტივობაში, რადგან კლასის არატრადიციული გარემო და გამოკითხვის ამგვარი ფორმატი ნაკლებსტრესული აღმოჩნდა მათთვის, ისეთი მოსწავლეც კი, რომელიც არასოდეს გამოხატავდა ინიციატივას საგაკვეთილო პროცესში ჩართვისას, ამ დროს საოცრად აქტიურია.

გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა მოტივაციის ნაკლებობას საკუთარი თავის შეცნობის, თვითცნობიერების დაბალი ხარისხი განაპირობებდა, ამგვარი აქტივობით კი მოსწავლეებმა საკუთარი თავისა უფრო ირწმუნეს, რაც მათ აქტიურობაში გამოიხატა. ამას ხელი შეუწყო, ბუნებრივია, ჩემმა მხარდაჭერამ აქტივობის მიმდინარეობის პროცესში, რაც დაუყოვნებელი, კონკრეტული და კონსტრუქციული უკუკავშირით იყო გამოხატული. აღნიშნულ აქტივობას ვიყენებ მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეებთან.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, აქტივობა ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმის გრძელვადიან მიზნებსა და მეთოდოლოგიურ ორიენტირებს, კერძოდ, მოსწავლეებს უვითარდებათ წაკითხულის ინტერპრეტირების, საკომუნიკაციო ქცევის წარმართვის უნარი სიტუაციის მახასიათებლების გათვალისწინებითა და სათანადო ენობრივი საშუალებების გამოყენებით. იძენენ, აგრეთვე, ზეპირი მსჯელობის, აზრის სწორად ჩამოყალიბების, აუდიტორიის დაინტერესების უნარ-ჩვევებს. რაც მოსწავლეებს ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში, სხვადასხვა სიტუაციაში საკუთარი ემოციების, აზრებისა და ქცევების ეფექტურად რეგულირებაში.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები