ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მაგისტრატურა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით დაამთავრა. მაშინ, მისი არჩევანი ბევრს გაუკვირდა, რადგან სკოლიდანვე უცხოური ენების მიმართ იჩენდა ინტერესს. ამბობს, რომ განსაკუთრებული მიდრეკილების მიუხედავად, პროფესიად უცხო ენები შეგნებულად არ აირჩია, რადგან მათი სწავლა დამოუკიდებლადაც შეეძლო. ასეც მოხდა – ხუთ ენას თავისუფლად ფლობს, მათ შორის, ქართული თავისთავად იგულისხმება. ინგლისურის ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე აუცილებელი იყო, ზოგი ლექცია ინგლისურად ეკითხებოდათ, სომხური მშობლიურია, რუსული სკოლის პერიოდში ისწავლა, თურქულიც – მოგვიანებით… ეს თერეზა ჩივჩიანია, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი 2015 წლიდან.
სკოლა: 65 საჯარო; მოსწავლე: 7120; მასწავლებელი: 1250
🔗პანდემია და სკოლა
ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა რაიმე მოულოდნელობა ან გამოწვევა კი არა, შოკი იყო ჩვენთვისაც. გარდა იმისა, რომ ასეთი გამოცდილება არავის ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში, ტექნიკურადაც არ ვიყავით ამისთვის მზად, ტელეფონების უქონლობა არ იყო პრობლემა, საგაკვეთილო პროცესისთვის მისი გამოყენება უჭირდა ყველას — მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს. ამიტომ, სკოლებში იქმნებოდა ჯგუფები, რომლებიც ვაიბერში, ვოთსაფში უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, უზიარებდნენ მოსაზრებებს. ვინც მალე აუღო ალღო, ასწავლიდა სხვებს და ასე არასრულფასოვნად, მაგრამ მაინც ტარდებოდა გაკვეთილები. შემდეგ, როცა შევძელით დირექტორებისა და პედაგოგების დატრენინგება თიმსის და ზუმის პროგრამებში მუშაობის მიმართულებით, საქმე გაიოლდა, მშობლებიც ჩაერთნენ ტრენინგებში. თუ ინტერნეტის პრობლემა იყო (და ეს არც ისე იშვიათად ხდებოდა) სკოლაში, მოსწავლეებს სპეციალურად აღჭურვილი საკლასო ოთახიდან შეეძლოთ (მასწავლებლებს) გაკვეთილზე ჩართვა. ერთი სიტყვით, სირთულეები გვქონდა, მაგრამ, ყველა მხარის ჩართულობით, ვფიქრობ, თავი გავართვით. მიმდინარე საწავლო წელს ამ მხრივ უკეთ მომზადებული შევხვდით — სკოლებში დროულად განაწილდა სასკოლო სახელმძღვანელოები, პირველკლასელთათვის გადასაცემი პორტაბელური კომპიუტერები და სადეზინფექციო საშუალებები. დღეის მდგომარეობით, სრულ დისტანციურ რეჟიმზე მხოლოდ სამი სკოლაა. იმედი მაქვს, ისინი მალე, ეტაპობრივად, პირისპირ დაიწყებენ სასწავლო პროცესს.
🔗არაქართულენოვანი სკოლების მთავარი გამოწვევა
დაუფიქრებლად შემიძლია გითხრათ, რომ ეს სახელმწიფო ენის არცოდნაა. მაგრამ არა იმიტომ, რომ რომელიმე პედაგოგს ამის სურვილი ან ხელშეწყობა არ აქვს, არა, მიზეზი სხვაა — კომპლექსი, იმის შიში, რაიმე შეცდომით არ გამოთქვან. ენის შესწავლისას გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთან კი, მოსახლეობის თითქმის 80% სომხურენოვანია. სხვადასხვა ტრენინგებით მიღებული თეორიული ცოდნა ერთია და პრაქტიკული გამოყენება — მეორე. აი, ამ უკანასკნელი პირობის ნაკლებობა ართულებს საქმეს, თორემ ენის შემსწავლელი არაერთი კურსი აქვს გავლილი თითოეულ მათგანს და ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატიც აქვთ, მაგრამ გამოწვევა გამოწვევად დარჩა — მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე პროფესიული უნარების ჩაბარებისას, ბევრმა ვერ მიიღო სასურველი შედეგი.
სწორედ იმის გამო, რომ პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას და, შესაბამისად, კარიერულ წინსვლას, სახელმწიფო ენის არცოდნა (ან სათანადოდ არცოდნა) აფერხებს, რეგიონში და კერძოდ, ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთ პროექტს ახორციელებს როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორი. ჟვანიას სკოლის, საჯაროდ სკოლებში ან მასწავლებელთა სახლის მიერ ჩატარებული ტრენინგების შესახებ იციან ჩვენი გაზეთის მკითხველებმა. ახლაც სახელმწიფო ენის მასშტაბურ, გრძელვადიან ტრენინგს ახორციელებს მასწავლებელთა სახლი იმ პედაგოგებისთვის, რომელთაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ. ჩვენი პედაგოგები ჩვეული მონდომებით ჩაერთნენ პროექტში.
ვფიქრობ, თქვენთვის უფრო საინტერესო იქნება იმ პროექტებზე საუბარი, რომლებიც, მიზნობრივად, არაქართულენოვანი სკოლებისთვის ხორციელდება, რადგან ჩვენს რეგიონში, განათლების მიმართულებით, განხორციელებული პროექტებით განებივრებული არ ვართ. გაცილებით კომფორტულია, როცა ადგილზე იღებენ მოქალაქეები, კერძოდ, პედაგოგები ამ მომსახურებას. მაგალითად, ახალქალაქის განვითარების ჯგუფი უფასო ტრენინგებს ატარებს სახელმწიფო ენის და ინგლისურის შესწავლის მსურველთათვის. ბაზრის კვლევით აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტში ბუღალტრებზეა მოთხოვნა და შესაბამისი კურსიც გაიხსნა, სამხატვრო სკოლა მუშაობს ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ყველა ამ სიკეთით, ბუნებრივია, შეუძლია ისარგებლოს ნებისმიერმა პედაგოგმა და ასეც ხდება; რესურსცენტრმა შეარჩია ორი სოფელი, ქალაქიდან დაშორებული — გოგაშენი და ხავეთი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციამ გახსნა თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვილი ნოვაციური ჰაბები, რომელსაც აქტიურად იყენებენ პედაგოგებიც და მოსწავლეებიც, ეს მათი საყვარელი სივრცეებია; მილენიუმს ჰქონდა გრძელვადიანი პროექტი სტემპედაგოგებისთვის, დირექტორებისა და ფასილიტატორებისთვის არაქართულენოვან სკოლებში. არაჩვეულებრივი შედეგი მივიღეთ ენის სწავლების კუთხით, სერტიფიკატებიც აიღეს ჩვენმა პედაგოგებმა, ჩართულობა იყო ძალიან შთამბეჭდავი, განსაკუთრებით სოფლების სკოლებიდან. ჩამოთვლა რომ არ გავაგრძელო და მოკლედ შევაფასო ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევა და შედეგი, თამამად ვიტყვი, რომ საკომუნიკაციო დონეზე, ჩვენს რეგიონში და, კერძოდ, ახალქალაქში ქართულად თითქმის ყველას შეუძლია ლაპარაკი, თუმცა, პრაქტიკის ნაკლებობის გამო, ტესტირებებსა და გამოცდებზე შედეგი ჯერჯერობით დაბალია. დღეის მონაცემებით, ახალქალაქში 3 მენტორი, 701 უფროსი და 24 წამყვანი პედაგოგი გვყავს. სავარაუდოდ, მომავალი წელი კიდევ უფრო დატვირთული იქნება პროფესიული განვითარების კუთხით არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებისთვის. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სახელმწიფო ენის არცოდნა მთავარ გამოწვევად აღარ მიიჩნეოდეს.
🔗 რესურსცენტრი პროფესიული განვითარებისთვის
დებულებით გაწერილი უფლება-მოვალეობები ძალიან მრავალმხრივია, ძირითადად, ეს საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, სკოლების ინფორმირება, პედაგოგების საჭიროებებზე ორიენტირება, ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრაა. დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა რესურსცენტრის მთავარი საზრუნავი უნდა გახდეს ყველა საჭირო რესურსის უზრუნველყოფით. ამ მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღება და მათ აღსრულებაზე რესურსცენტრის პასუხისმგებლობა გაცილებით ეფექტურ შედეგს მოგვცემს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის საშუალება იქნება. ჩვენ ბევრი პროფესიონალი პედაგოგი გვყავს, მათ შორის თქვენი გაზეთის ავტორებიც არიან, სათანადო ხელშეწყობის პირობებში კარგი კონსულტანტები, კარგი ტრენერები, კოლეგებისთვის საკუთარი პროფესიული გამოცდილების გამზიარებლები იქნებიან. ასეთი მაგალითები განა დღეს არ გვაქვს, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი უნდა მიეცეს და ერთმანეთის პროფესიული განვითარებისთვის თავად სკოლებსაც უნდა შეეძლოთ ზრუნვა. როგორც ვხედავ, ცვლილებების მიზანი სწორედ ასეთი მიდგომა იქნება ახლო მომავალში.
გამოწვევებზე საუბრისას, აქცენტი სახელმწიფო ენის შესწავლაზე გავაკეთე. ეს ნამდვილად პრიორიტეტული საკითხია სამცხე-ჯავახეთისთვის. მაგრამ კიდევ ერთ პრობლემას მინდა შევეხო, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი და ოპერატიულად გადასაწყვეტია. ესაა კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ჩვენს მუნიციპალიტეტში. დღეის მდგომარეობით, ახალქალაქის საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნებში (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია) დეფიციტი გვაქვს. ძირითადად, ეს ვითარება პენსიონერი მასწავლებლების, ჯილდოს საფასურად, სკოლიდან ორ ეტაპად წასვლამ შექმნა. საკითხის მოსაგვარებლად აქტიურად ვთანამშრომლობთ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტთან, სადაც, სხვათა შორის, ამ მიმართულებებზე დიდი არჩევანი არ გვაქვს. ვაკანსია გამოვაცხადეთ, რამდენიმე გასაუბრებაც გვქონდა, მაგრამ, ჯერჯერობით, ვაკანტურ ადგილებს სხვა საგნის პედაგოგები ითავსებენ.
🔗 ინფრასტრუქტურული პროექტები
ეს ის თემაა, რომელიც პერმანენტულად აქტუალურია სკოლებისთვის. ვიდრე ბოლო 5 წელში განხორციელებულ პროექტებზე ვისაუბრებ, მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის გამო დაწესებულმა რეგულაციებმა ამ ნაწილშიც შეგვიცვალა გეგმები და პირველი რიგის ამოცანად სველი წერტილების მოწესრიგება იქცა. დღეისათვის, ყველა სოფელში ან ახალია აშენებული ყველა სტანდარტის დაცვით, ან მიერთებულია სკოლის შენობასთან. ასე რომ, ეს პრობლემა ახალქალაქის სკოლებში აღარ გვაქვს.
ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებლები ჩვენთან ეს ორგანიზაციები არიან: ადგილობრივი განვითარების ფონდი, მილენიუმი, კარიტასი და განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების სააგენტო. გარდა ამისა, პატარ-პატარა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას სკოლები საკუთარი ხარჯებითაც ახერხებენ. მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე სტანდარტების ჩუნჩხის საჯარო სკოლა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ახალქალაქის №3 და №4, აზარბეთის, კართიკამის სკოლებს, ახალია ტენის და აფნიის მცირეკონტიგენტიანი (7 მოსწავლე) სკოლები. სოფელ ბავრის საჯარო სკოლას, დამატებით, 6 საკლასო ოთახი მივაშენეთ. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა მოვიხსენიო სოფელ კუმურდოს მკვიდრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და რომელმაც საკუთარი სახსრებით ააშენა სოფელში სკოლა, ხოლო სოფ. არაგვას სკოლის სრული რეაბილიტაცია დააფინანსა — მოწესრიგდა სპორტული დარბაზი, გაკეთდა გათბობა, სველი წერტილები და ა.შ. ასე რომ, ერთიანი ძალისხმევით ბევრი რამ შევძელით, თუმცა ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა გაცილებით მაღალ სტანდარტს გულისხმობს და ამ მხრივ სერიოზული სამუშაო ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა