27 ივლისი, შაბათი, 2024

უკრაინელ მასწავლებლებთან შეხვედრა – თბილისში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება

spot_img

მალე თბილისში უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნება. შესაბამისი საორგანიზაციო სამუშაოები, 2 კვირის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და უკვე დასასრულს უახლოვდება.

საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შერჩეულია მასწავლებლები ყველა საგნისთვის. მათ შორის არიან, როგორც უკრაინიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული, ისე ადგილობრივი უკრაინულენოვანი სპეციალისტები. აღნიშნული მასწავლებლებისთვის ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივი დატვირთვის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მოინახულა სკოლა და უკრაინულენოვანი სექტორის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა.

 

მიხეილ ჩხენკელი: „თბილისში დაფუძნდება უკრაინული სექტორი, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ისწავლონ მშობლიურ, უკრაინულ ენაზე. დღეს შეხვედრა მქონდა მომავალი უკრაინული სექტორის მასწავლებლებთან, სადაც გავიარეთ სასწავლო პროცესის დეტალები. ჩვენი სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინულმა სექტორმა უახლოეს მომავალში დაიწყოს მუშაობა.“

ელენა კუხარევსკაია, მასწავლებელი კიევიდან: „უკრაინაში 300-ზე მეტი სკოლა დაზიანდა და 100-ზე მეტი სკოლა სრულად განადგურდა. აქ არიან ბავშვები მარიუპოლიდან და ხარკოვიდან, რომლებსაც აღარ აქვთ სკოლები, აღარ აქვთ სახლები. ამიტომ, ის, რასაც ახლა ქართული მხარე აკეთებს, კერძოდ კი საქართველოს განათლების სამინისტრო, უკრაინელებისთვის, ძალიან ადამიანური, ჰუმანიტარული ნაბიჯია. ყოველთვის ვიცოდით, რომ საქართველოს ვუყვარდით, მაგრამ ახლა ამ წარმოუდგენელმა დამოკიდებულებამ ჩვენ მიმართ და ჩვენი ბავშვების მიმართ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ამაში.“

ოქსანა შიანი: „მე უნივერსიტეტის ლექტორი ვარ, კიევიდან, სოციალურ მეცნიერებათა კანდიდატი. სიამოვნებით დავუთმობ ყურადღებას უფროსკლასელებს, რომლებიც უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადებიან. იმედი მაქვს, ისინი უკრაინულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ და წარმატებით ისწავლიან. დღეს კი, დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ასეთი დახვედრისთვის და უკრაინელების მიმართ თბილი დამოკიდებულებისთვის. იმედი მაქვს, ის, რაც ჩვენს სამშობლოში ხდება, მალე დასრულდება და მშვიდობიანად დავბრუნდებით ჩვენს ქალაქებში და თან გავიყოლებთ უზომო მადლიერების გრძნობას.“

 

უკრაინელი ბავშვებისთვის საკლასო ოთახები უკვე მოწყობილია, გაწერილია საგაკვეთილო ბადეც. თუ ბავშვები კიდევ ჩამოვლენ, მათთვისაც მოიძებნება ადგილი. შესაძლოა, უკრაინელმა მოსწავლეებმა მომავალი სასწავლო წელი, პირველ სექტემბერს, თბილისში დაიწყონ.

უკრაინელ პედაგოგებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი ესწრებოდა. უკრაინელმა პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები