მიწიერ ედემად ქცეულ საქართველოს თავისი უდაბნოც ჰქონდა. ბუნების სიუხვით დაჯილდოებულ ივრისა და ალაზნის ნაყოფიერ ჭალებს, სამხრეთით, ცვლის ყარაიზისა და შირაქის უწყლო ველები, უწყლო, მაგრამ ულამაზესი მხარე, რომელიც გვიან შემოდგომით განუმეორებელი ფერებით იხატება. „უდაბნო ესე მდებარეობს თბილისის მაზრაში, თბილისიდან 60 ვერსზე, გარე კახეთში, მთიან ადგილზედ განშორებული ყოვლის მხრით სოფელს, ტყეს, წყალს“.
1975-1977 წლებში მედეა მეზვრიშვილის (რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე) მზრუნველი ხელი დასტაქარივით მოევლინა და ახალი სიცოცხლე შთაბერა დრო-ჟამის ავბედობისაგან სასიკვდილოდ განწირულ მხარეს. ამ ადამიანმა მოგვცა მაგალითი იმისა, თუ როგორი თავდადებით შეიძლება ბრძოლა მშობლიური მიწის აყვავებისთვის, როდესაც ყველას უჭირდა დაჯერება იმისა, რომ ეს მხარე ბაღნარად იქცეოდა.
– გამოვა, ვითომ, ეგ საქმე?
– კი, სახლები შეიძლება აშენდეს, მაგრამ ვინ იცხოვრებს იქ? ხალხი გადარუჯულ უდაბნოში კი არა, გამოღმა სოფლებში აღარ ჩერდება, ქალაქში გარბის.
– გამოვა. – მტკიცე იყო ხმა ქალბატონი მედეასი და ახმაურდა მიწა კეთილი, საუკუნეების მანძილზე საღათას ძილით გათანგული, უჭირისუფლოდ მიტოვებული, უდაბნოდქმნილი. ერმა ნახა და შეიგრძნო, თუ რა შესძლებია ადამიანის მარჯვენას, თუ მის მკერდში მამულის სიყვარულით სავსე გული ძგერს!
1975 წელს უდაბნოს ტერიტორია საგარეჯოს დაუბრუნდა და დაიწყეს დენა უდაბნოსკენ ქართლიდან და კახეთიდან, მესხეთ-ჯავახეთიდან, იმერეთიდან, რაჭიდან, საინგილოდან, გურიიდან, სამეგრელოდან, სვანეთიდან და ფშავ-ხევსურეთიდან და ქართულ ცას შეერწყა უდაბნოს მცხოვრებთა კვამლი, კიდევ ერთი ქართული სოფელი შეემატა საქართველოს.
1977 წლის 5 სექტემბერს გაიხსნა დაწყებითი სკოლა, პირველი პედაგოგები იყვნენ: ლალიკ ემრაშვილი, ნორა თამაზაშვილი, დალი ჭიკაძე; პირველი მოსწავლეები: გოჩა და ხვიჩა ბარიხაშვილები, მზია და ბადრი ემრაშვილები, დათო და თეონა ანდრიაშვილები, ბონდო, გიორგი და ეკა ასლამაზაშვილები, მარინა უსუევი, ბადრიხან და არზმა ჰუსეინოვები, ქაფია და მეიფარ ხეირხაბაროვები.
მზარდმა სოფელმა, ბავშვთა რაოდენობამ მოითხოვა საშუალო სკოლა. სოფელ უდაბნოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა 1984 წელი, როდესაც უდაბნოში საშუალო სკოლა გაიხსნა, თანამედროვე ტიპის შენობა-ნაგებობა, სპორტული დარბაზით. სკოლაში ბევრი კვალიფიციური პედაგოგი ასწავლიდა, ძველ თაობას, მოგვიანებით, ახალი თაობის მასწავლებლები შემოემატნენ და დაწყებული საქმე ღირსეულად გააგრძელეს.
სკოლას რამდენჯერმე შეეცვალა სტატუსი, იყო დაწყებითი საშუალო, ამჟამად მისი სრული სახელწოდებაა – სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლა.
დღეს სკოლაში უკვე 122 მოსწავლეა. გვყავს უამრავი წარმატებული კურსდამთავრებული, მათ შორის, გამორჩეულები არიან: ნიკა ჩახმახაშვილი, პირველი ოქროს მედალოსანი სკოლის ისტორიაში და თამარ ჩართოლანი, პირველი ვერცხლის მედალოსანი. ვამაყობთ „ეტალონის“ ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებული ანა ანანიშვილით და „საგარეჯოს ეტალონი მოსწავლეებით“ – ლევან გუჯეჯიანით და ტატო ჩართოლანით. ჩვენი კურსდამთავრებული ნინო ჩართოლანი უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელია, მარიამ ზედგინიძე – ჟურნალისტი, საბა საბაძე – ქორეოგრაფი, ლაშა საბაშვილი, ასევე ქორეოგრაფი, ირლანდიაში მოღვაწეობს, ლელა უმფრიანი „ორი ნაბიჯის“ გენერალური დირექტორია, დათო ასუმბანი – მოჭიდავე, უჩა მარგიანი – ევროპის ჩემპიონი ჭიდაობაში, ნინო გულბანი – ევროპის ჩემპიონი გოგონათა შორის, წარმატებული ბიზნესმენია ბესო ყოლბაია… დათო კაშეიშვილი, ტატო ჩართოლანი, გიორგი და ნათია ჩართოლანები, ვასიკო გულბანი… ერეკლე გვიდანი სოფლის საკრებულოს გამგებელია… საქართველოს საზღვრებს საიმედოდ იცავენ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები: ბაქარ ჩახმახაშვილი, აკაკი ჩართოლანი, გიორგი რატიანი, თემურ გულბანი… ჩვენი ყოფილი მოსწავლეები პატიოსნად შრომობენ, ამრავლებენ ერს, სასიქადულო ოჯახების პატრონები არიან და, სკოლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სანიმუშო თაობას უზრდიან ქვეყანას.
ეკლესიის მსახურებაში არიან: სქიმ მონაზონი, დედა ანა (ნანა გირგვლიანი) და მღვდელ-მონაზონი, მამა პავლე (ელგუჯა ხაჭვანი).
გვყავს სამაჩაბლოს ომის მონაწილე ვეტერანები: ლაშა გვიდანი, პავლე საბაშვილი, ლაშა და დათო საბაშვილები, ჯაბა გვარამაძე, მამუკა ქანცლიანი, ლომერ ყიფიანი, გია გობეჯიშვილი, სპარტაკ თოდუა, გიორგი მაღრაძე, ირაკლი ანანიაშვილი…
სკოლას, სხვადასხვა დროს, წარმატებით მართავდნენ: გოგი ჯღუთაშვილი (1982-1989), მოადგილე გოგი ანანიშვილი, დიანა ხვიჩია და მოადგილე პეტრე ნანსყანი (1989-1999), ივანე ჯანაშვილი, მოადგილე ვაჟა გულბანი (1999-2007), დალი ჭიკაძე, მოადგილეები – მაია ჩხეტია და ეთერ ანანიაშვილი(2007-2011), ნინო საბაძე, მოადგილე ნინო არევაძე (2011-2012), 2013-2014 წლებში დირექტორი იყო ნინო არევაძე.
2014 წლიდან დღემდე, სკოლას უძღვებიან: დირექტორი მარიამ გელაშვილი, მოადგილე დალი ჭიკაძე, საქმის მწარმოებელი ციცინო კორძაია, ბიბლიოთეკარი ელისო ჩიკვაიძე.
ასე შეემატა კიდევ ერთი ქართული სოფელი საქართველოს, ჭეშმარიტად ფუძედ იქცა ნაფუძარი, სადღაც გადაიკარგა ამაოება ამაოებათა, ასე ერწყმის ქართულ ცას ჟრიამული ყრმათა, თითქოს ამეტყველდნენ ქვებიც, დღეს უდაბნო სამოთხედაა ქცეული, ასე აყვავდა უსიცოცხლო მხარე!
დალი ჭიკაძე
უდაბნოს საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე