ხათუნა ბაღაშვილი
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ბავშვის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება. კითხვა ეხმარება მას სამყაროს შეცნობაში. კითხვის უნარი, რომელიც ერთ-ერთი მთავარია, საბაზო უნარებს შორის, მოსწავლეს ჩამოყალიბებული აქვს დაწყებით საფეხურზე – იგი დაუფლებულია კითხვის ტექნიკას და იწყებს კითხვას სწავლისა და გააზრებისათვის. როგორც ცნობილია, წაკითხულის გააზრება არის აზროვნების აქტიური პროცესი. მთავარია, მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ტიპის ტექსტიდან აზრის გამოტანა, საკუთარ გონებაში წარმოდგენების კონსტრუირება და იმის გაცნობიერება, თუ რას ეუბნება ავტორი მკითხველს. გაგება-გააზრება კითხვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე კომპონენტია. იმ მოსწავლეებს, რომელთაც ამ მხრივ სირთულეები აღენიშნებათ, პრობლემები ექმნებათ ყველა საგნის სწავლის პროცესში.
საქართველოს სკოლები აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში. მათი შედეგები არც ისე სახარბიელოა: მოსწავლეთა საშუალო მაჩვენებლით (380 ქულა), საქართველო, PISA 2018-ში მონაწილე 784 ქვეყნიდან, იმ 49 ქვეყანას შორისაა, სადაც მოსწავლეთა მიღწევები მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის 37 წევრი ქვეყნის საშუალოს (487 ქულა). მონაწილე ქვეყნების მიხედვით, საქართველოს რეიტინგული ადგილი (შედეგების ცდომილების გათვალისწინებით) 70-71-ე ადგილებს შორის დიაპაზონშია, ხოლო იმ 70 ქვეყნის მოსწავლეთა შედეგების მიხედვით, რომლებმაც PISA კომპიუტერულ ფორმატში წერეს, საქართველო 63-64-ე ადგილებზეა.
PIRLS-ში საქართველოს მაჩვენებლები, თითოეული საფეხურის მიხედვით, მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო საშუალოს: საქართველოში მცხოვრები მეოთხეკლასელი მოსწავლეების მხოლოდ 2.5%-მა დაძლია PIRLS-ის საერთაშორისო სკალის უმაღლესი საფეხური, მაღალი − 22%-მა, საშუალო − 60%-მა, დაბალი კი − 86%-მა. მოსწავლეთა 14% აღმოჩნდა მიღწევის საერთაშორისო სკალის დაბალი საფეხურის ქვემოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მოსწავლეთა 14%-ს დაბალი საფეხურისთვის განსაზღვრული დავალებების შესრულებაც კი გაუჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლიდან PIRLS-ში საქართველოს მოსწავლეთა საშუალო მიღწევა გაუმჯობესებულია, ის მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო საშუალოს, ხოლო ePIRLS-ის რეიტინგულ სიაში (ამ ტიპის შეფასებაში ქვეყანამ პირველად მიიღო მონაწილეობა) საქართველო ბოლო ადგილზეა. საქართველოში მოსწავლეთა 14% PIRLS-სა და 15% ePIRLS-ში აღმოჩნდა მიღწევის საერთაშორისო სკალის დაბალი საფეხურის ქვემოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეთა ეს ჯგუფი დაბალი საფეხურისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულებასაც ვერ ახერხებს.
საქართველოსთვის გამოწვევას წარმოადგენს მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება როგორც მხატვრულ, ისე საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობის თვალსაზრისით. განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ტექსტის გააზრება-ინტერპრეტაციის, კრიტიკულად შეფასებისა და ცოდნის ინტეგრირების უნარებზე.
სამწუხაროდ, წაკითხული ტექსტების სიმრავლე არ განაპირობებს გაგება-გააზრების გაუმჯობესების ხარისხს. გააზრების უნარ-ჩვევებს გააქტიურება, გამდიდრება და უწყვეტი გადახალისება სჭირდება. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ტიპის ტექსტს გააზრების განსხვავებული სტრატეგიები მიესადაგება. ასე რომ, გაგება-გააზრების ათვისება ხანგრძლივი პროცესია, გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე და დამოკიდებულია წაკითხული ტექსტის ტიპზე, სიღრმესა და დიაპაზონზე.
რით შეიძლება იყოს გამოწვეული დაწყებით საფეხურზე ტექსტის გააზრების სირთულეები? ამის მრავალი მიზეზი არსებობს:
- მწირი ლექსიკური მარაგი;
- გამართული კითხვის დეფიციტი;
- მკითხველისათვის უცნობი საკითხავი თემა;
- ტექსტის სირთულე;
- კითხვის ეფექტური სტრატეგიების არაადეკვატური გამოყენება;
- ინფორმაციის გადამუშავების, დახარისხების, დაჯგუფების, შედარების, მსგავსება-განსხვავების პრობლემები;
- სუსტი ვერბალური მსჯელობა და სხვა.
მასწავლებელმა სხვადასხვა ინსტრუმენტით უნდა მოახდინოს პრობლემის გამომწვევი მიზეზის მოკვლევა, რადგანაც სწორად დასმული „დიაგნოზი“ „მკურნალობის“ საწინდარია. ამისათვის მან შეიძლება გამოიყენოს დიაგნოსტიკური ტესტები, კითხვარები, ანკეტები, მოახდინოს ინტერვიუირება. სრული და სანდო სურათის შესაქმნელად, უმჯობესია, კვლევაში ჩართოს ფართო სასკოლო საზოგადოება – სამიზნე კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, სკოლის ბიბლიოთეკარი და სხვა. ეს პროცესი მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მოსწავლეთა საჭიროებებზე. კითხვარები, ტესტები საკვლევ საკითხთან მიზანმიმართულად უნდა იყოს შედგენილი, რაც მასწავლებლისგან დიდ ძალისხმევასა და შემართებას მოითხოვს. ამიტომ, შესაძლებელია, ამ პროცესების მართვისათვის სხვა მასწავლებელიც დავიხმაროთ.
მას შემდეგ, რაც მასწავლებელი, ყველა ზემოთ ხსენებული მეთოდის გამოყენებით, აღრიცხავს და გააანალიზებს შედეგებს, იწყებს ინტერვენციების დაგეგმვა/განხორციელების პროცესს.
- მინი-ლექცია
მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს ტექსტის სტრუქტურასა და მახასიათებლებზე, ჟანრობრივ თავისებურებებზე. ეს აქტივობა მოსწავლეებს უმაღლებს ცნობიერებას და უღვივებს ინტერესს სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მიმართ;
- სტუმრად ბიბლიოთეკაში
ეწყობა მინი-ექსკურსია ბიბლიოთეკაში, რათა გაიზარდოს მოსწავლეთა მოტივაცია და გამოიკვეთოს მათი საყვარელი თემები. ისინი იწყებენ მოგზაურობას „ჯადოსნურ სამყაროში“;
- წიგნიერი გარემოს შექმნა
საკლასო ოთახში გამოიყოფა საკითხავი კუთხე „საკლასო ბიბლიოთეკა“, რომელიც აღიჭურვა კლასგარეშე წიგნებით. მოსწავლეები ეცნობიან ლიტერატურას. ეს აქტივობა ეხმარება პედაგოგს მოსწავლეთა კლასგარეშე ლიტერატურით დაინტერესებასა და კითხვის პროცესში ჩართულობაში;
- ლექსიკური მარაგის გამდიდრება
მასწავლებლი აწვდის მრავალფეროვან სტრატეგიებს და ეხმარება მოსწავლეებს იმ სიტყვათა ათვისებაში, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად ან საერთოდ არ გვხვდება. გარდა ამისა, ისინი ეცნობიან ე.წ. საკვანძო, საყრდენ ან მნიშვნელოვან სიტყვებს, რომლებიც აუცილებელია ტექსტის დასამუშავებლად და გასააზრებლად. მუშაობენ სინონიმურ და ანტონიმურ წყვილებზე;
- კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება
ეს მეთოდები ეხმარა მოსწავლეებს გამოიმუშაონ კითხვის ტემპის კონტროლის, ინტონაციით კითხვის, სიტყვების ფრაზებად გამთლიანების უნარები;
- გაგება-გააზრების სტრატეგიების სწავლება
მოსწავლეები ადგენენ ტექსტის ჟანრობრივ თავისებურებებს, გამოთქვამენ ვარაუდებს, ამყარებენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, გამოკვეთენ ძირითადი აზრს, გამოაქვთ დასკვნები;
- ტესტირება
მასწავლებელი პირველი და საბოლოო ტესტირების შედეგებს ადარებს, აკეთებს ანალიზს და გამოაქვს დასკვნა, შედეგიანი იყო თუ არა მის მიერ განხორციელებული აქტივობები.
აღნიშნული პროცესი არ არის ხანმოკლე და მარტივი. კვლევის პროცესში, შესაძლებელია, მასწავლებელი შეხვდეს ბევრ გაუთვალისწინებელ დაბრკოლებას და მოუხდეს დაგეგმილი პროცესების მოდიფიცირება. ყოველი განხორციელებული კვლევა უნდა გახდეს საწყისი ახალი საკვლევი საკითხის მიგნებისა. ამიტომაც არის, რომ თითოეული პედაგოგიური კვლევა ინდივიდუალური, განსხვავებული და მრავალფეროვანია ისევე, როგორც თითოეული მოსწავლე.