14 დეკემბერი, შაბათი, 2024

ტექნიკურ უნივერესიტეტში ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდა

spot_img

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთობლივი, ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საფრანგეთის რენ1 უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით დაარსებული ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში ამოქმედდა.

უნივერსიტეტში პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავიდ ტერტიე.

2020-2021 სასწავლო წელს, პირველად, სტუ-ს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ქართულ-ფრანგულ ერთობლივ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა 12-მა სტუდენტმა აირჩია, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ ორმაგ – ქართულ-ფრანგულ დიპლომს მიიღებენ. პროგრამაზე სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, რომელსაც ფრანგ კოლეგებთან ერთად, ქართველი პროფესორ-მასწავლებლები წარმართავენ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პროგრამის წარდგინებისას აღნიშნა, რომ: „ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის ამოქმედება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სტუდენტებს ორმაგი ხარისხის პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი ქართულ უნივერსიტეტებში შევთავაზოთ, რაც საქართველოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის განუყოფელ ნაწილად აქცევს“.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სტუ-ს რექტორმა, დავით გურგენიძემ მინისტრს, ელჩსა და მიწვეულ სტუმრებს ფაკულტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი, სურსათის უვნებლობის, მიკრობიოლოგიისა და ბიოლოგიის უახლესი ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერებინა, სადაც ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.

2018 წლიდან, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ფრანგულ მონპელიე „სუპაგროსთან“. თანამშრომლობა ორდიპლომიანი სამაგისტრო პროგრამის – „მეღვინეობა და მევენახეობა“ დანერგვას ითვალისწინებს. უახლოეს მომავალში სტუ-ში სამაგისტრო პროგრამა – „მევენახეობა და მეღვინეობა“ ევროპული ანალოგიური სამაგისტრო პროგრამის – Europeam Master of Science of Viticulture and Enology –კონსორციუმის წევრი გახდება.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები