ზამირა კობიაშვილი
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ოზნის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
ზმნა ქართული ენის ხერხემალია, მის გარეშე აზრს ვერ ჩამოვაყალიბებთ. მაშინაც კი, როცა საუბრისას მას არ ვხმარობთ, ყოველთვის ვგულისხმობთ. მაგ.: – სად მიდიხარ? – სოფელში (სოფელში მივდივარ). ზმნა გამოხატავს მოქმედებას ან მდგომარეობას – მოქმედების გამომხატველი ზმნებია: რეცხავს, დადის, კრეფს, ქსოვს… მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნებია: ზის, წევს, დევს… ზმნა იცვლება პირის, რიცხვის, მწკრივებისა და სერიების მიხედვით, რასაც უღლებას ვეძახით.
ზმნას სამი პირი შეეწყობა: პირველი, მეორე და მესამე. ამ პირებს პირის ნაცვალსახელები გამოხატავენ. პირველი პირის ნაცვალსახელი მხოლობით რიცხვშია მე, მეორისა – შენ, მესამის – ის; მრავლობით რიცხვში, შესაბამისად – ჩვენ, თქვენ და ისინი. მაგ., მე ვწერ, შენ წერ, ის წერს, ჩვენ ვწერთ, თქვენ წერთ, ისინი წერენ.
ქართულში გვაქვს სამი სერია: პირველი, მეორე და მესამე. პირველ სერიაში 6 მწკრივია, მეორეში – 2 და მესამეში – 3. პირველი სერიის მწკრივებია: აწმყო, უწყვეტელი, აწმყოს კავშირებითი, მყოფადი, ხოლმეობითი და მყოფადის კავშირებითი; მეორე სერიის მწკრივებია: წყვეტილი და მეორე კავშირებითი; მესამე სერიის მწკრივებია: პირველი თურმეობითი, მეორე თურმეობითი და მესამე კავშირებითი. მწკრივების „გამოცნობა“ შეგვიძლია კითხვებით – აწმყოს კითხვაა: რას აკეთებს? (წერს); უწყვეტელი: რას აკეთებდა? (წერდა); აწმყოს კავშირებითი: რას აკეთებდეს? (წერდეს); წყვეტილი: რა გააკეთა? (დაწერა); მეორე კავშირებითი: რა უნდა გააკეთოს? (უნდა დაწეროს); პირველი თურმეობითი: რა გაუკეთებია?(დაუწერია); მეორე თურმეობითი: რა უნდა გაეკეთებინა? (უნდა დაეწერა); მესამე კავშირებითი: რა უნდა გაეკეთებინოს? (უნდა დაეწეროს).
ზმნა, როგორც ვთქვით, გამოხატავს მოქმედებას, მაგრამ ვინც ან რაც მოქმედებს, გრამატიკულად ის არის სუბიექტი, ის კი, რაზეც სუბიექტი მოქმედებს, ობიექტია. წინადადებაში – „გრძელი სანთელი დაანთო დევგარეულმა“, ზმნა არის დაანთო, რადგან მოქმედებას გამოხატავს, დევგარეული არის სუბიექტი, რადგან ის არის მოქმედი პირი, ის მოქმედებს. დევგარეული, ანუ სუბიექტი, პირდაპირ მოქმედებს სანთელზე, ამიტომ სანთელი პირდაპირი ობიექტია. ასეთ წინადადებაში: „დევგარეულმა სანთელი დაუნთო შვილს“, შვილს ირიბი ობიექტია, რადგან დევგარეულის მოქმედება ხდება შვილებისთვის, მისი მოქმედება ირიბად ეხება შვილებს. ამ წინადადების მიხედვით, ზმნას პირის ნაცვალსახელები ასე შეეწყობა: დაუნთო მან (დევგარეულმა) მას (შვილს) ის (სანთელი) – დაუნთო მან მას ის.
დაიმახსოვრეთ! პირველი სერიის მწკრივებთან სუბიექტი ყოველთვის სახელობით ბრუნვაშია, ობიექტები კი – მიცემითში. გამონაკლისებია ვიცი და უწყის ზმნები.
აწმყო: უკერავს მკერავ-ი (სუბ.) შვილ-ს (ირ.ობ.) კაბა-ს (პირ.ობ.)
უწყვეტელი: უკერავდა მკერავ-ი შვილ-ს კაბა-ს
მყოფადი: შეუკერავს მკერავ-ი შვილ-ს კაბა-ს
ხოლმეობითი: შეუკერავდა მკერავ-ი შვილ-ს კაბას-ს
დააკვირდით:
1-ელი სერია | სუბიექტი – სახელობითი ბრ. | ირ.ობიექტი- მიცემითი ბრ. | პირ. ობიექტი – მიცემიტი ბრ. |
აწმყო: | მკერავ-ი (სუბ) | შვილ- ს | კაბა-ს |
უწყვეტელი: | მკერავ- ი | შვილ- ს | კაბა-ს |
მყოფადი: | მკერავ- ი | შვილ- ს | კაბა-ს |
ხოლმეობითი: | მკერავ- ი | შვილ- ს | კაბა-ს |
ქვემოთ მოცემულ წინადადებებში შეცდომებია, დიდი ალბათობით, თქვენ ხვდებით სწორ ფორმებს, მაგრამ გამოცდაზე მოგთხოვენ სწორი ფორმების ახსნას – რატომაა თქვენ მიერ დაწერილი ესა თუ ის ფორმა სწორი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ პასუხი უნდა იყოს მოკლე და ლაკონური.
- მოსწავლემ დაწერა წინადადება:
შვილებს წერილს მეზობელს აჩვენებენ.
განუმარტეთ მოსწავლეს, რა უნდა იცოდეს, რომ არ დაუშვას მსგავსი შეცდომა.
ნიმუში: პირველი სერიის (აწმყოს) მწკრივებთან სუბიექტი სახელობით ბრუნვაშია. სწორია: შვილები წერილს მეზობელს აჩვენებენ.
- ენგურზე სვანები ხე-ტყე ამუშავებდნენ.
- თინამ მალე ახალ ტანსაცმელს უყიდის შვილს.
- ზარების თოკები ქარი აფრიალებს.
- სოფომ ფერად ფანქრებს ყიდულობს.
- აბდულა მძლავრად არახუნებს კარები.
- დიაკვანი ელეფთერი განაწყენებული უყურებდა ელიოზი.
- ბალღები გულმოდგინედ ეძებენ მამის ჩიბუხი.
- კონკებში გახვეული ელიოზი ვერ გრძნობდა სიცივე.
- მთვარის სინათლეზე შორიდან მოჩანს კავკასიონის მწვერვალებს.
პასუხი იხილეთ შემდეგ ნომერში